ყელი და მისი პრობლემები

გააზიარე:

ყელი ერთდროულად ორ სისტემას ეკუთვნის – სასუნთქს და საჭმლის მომნელებელს. ის პირისა და ცხვირის უკანა ნაწილში არსებული კუნთოვანი მილია, რომელშიც გაივლის როგორც ჰაერი, ისე საკვები და სითხე. ყელი მონაწილეობს მეტყველებაშიც.

ადვილი მისახვედრია, რომ ყელში მომხდარი ცვლილებები ორგანიზმის არაერთ ფუნქციაზე ახდენს გავლენას.

მთავარი სტრუქტურები

ყელში რამდენიმე სახის სტრუქტურაა. მათგან აღსანიშნავია:

* ტონზილები და ადენოიდები. ეს ჯირკვლები ლიმფური ქსოვილისგან შედგება. ტონზილები განლაგებულია პირის უკან, ადენოიდები – ცხვირის უკან. ორივე ინფექციებთან ბრძოლაში გვეხმარება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათი მოცილება არ ამცირებს ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარს, რადგან ამ ფუნქციას არაერთი სხვა ქსოვილიც ასრულებს.

* ხახა – ეს არის კუნთებით ამოფენილი ღრუ, რომელიც ცხვირის ღრუსა და პირის ღრუს ხორხსა და საყლაპავთან აკავშირებს.

* ხორხი – ხრტილების, კუნთებისა და რბილი ქსოვილებისგან შემდგარი ცილინდრია, რომელშიც მოთავსებულია სახმო ანუ მბგერავი ნაოჭები. ხორხი სასუნთქი მილის (ტრაქეის) ზედა შესასვლელია.

* ხორხსარქველი – რბილი ქსოვილისა და ხრტილისგან შემდგარი წარმონაქმნია, რომელიც სახმო ნაოჭების ზემოთ მდებარეობს და ხურავს ხორხის შესავალს ყლაპვის დროს, რათა ფილტვებში საკვებისა და სხვა ნივთიერებების მოხვედრისგან დაგვიცვას.

* ხორხქვეშა მიდამო – ეს არის უშუალოდ სახმო ნაოჭების ქვემოთ მდებარე სივრცე, ზედა სასუნთქი გზების ყველაზე ვიწრო ნაწილი.

ამ სტრუქტურებში მომხდარმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ყურის ტკივილი, მაღალი სიცხე, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, ხმის ჩახლეჩა.

როგორ იკვლევენ

ყელის დათვალიერებას ექიმი მასში ჩახედვით იწყებს. საჭიროებისამებრ, შესაძლოა დაინიშნოს:

  • სისხლის ანალიზი;
  • ბიოფსია – უჯრედების, ქსოვილების ან სითხის ამოღება შესწავლის მიზნით, იმის დასადგენად, რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე;
  • ლარინგოსკოპია – ლარინგოსკოპით (ნათურით, ლინზებითა და ვიდეოკამერებით აღჭურვილი წვრილი მილით) ხორხის შესწავლა. ზოგიერთი ლარინგოსკოპით შესაძლებელია მცირე პროცედურების ჩატარებაც;
  • ვიდეოსტრობოსკოპია – გრძელი, წვრილი, კამერით აღჭურვილი მილით სახმო ნაოჭების შემოწმება მათი ვიბრაციის დროს. ამავე ხელსაწყოთი აკვირდებიან ყლაპვის პროცესს;
  • ყელის ნაცხის კულტურა – ყელის ნაცხის გამოკვლევა იმის დასადგენად, არის თუ არა ყელში ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. პასუხის მისაღებად საჭიროა 2-7 დღე;
  • გამოსახვითი გამოკვლევები – კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET).

როგორ მოვუაროთ

პრობლემების რისკს შეამცირებთ, თუ:

* თავს დაანებებთ თამბაქოს წევას და არც მეორეულ კვამლს ჩაისუნთქავთ;

* კარგად დაიბანთ ხელებს და მოერიდებით ავადმყოფებს – ეს ინფექციისგან დაგიცავთ;

* დალევთ ბევრ წყალს, რაც ყელის დატენიანებას უზრუნველყოფს;

* არ დაძაბავთ ხმას;

* მოერიდებით იმ ქიმიკატებსა და წამლებს, რომლებსაც სახმო ნაოჭების გამოშრობა შეუძლია (მაგალითად, გაციებისა და ალერგიის სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტს).

***

ყელის ტკივილი

ყელის ტკივილი ყველას გამოუცდია. მას უმთავრესად ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები იწვევს, თუმცა შესაძლოა, მის განვითარებაში თავისი წვლილი ალერგიამაც შეიტანოს.

ყელის ტკივილის მიზეზებია:

* ვირუსული ინფექციები – გრიპი, გაციება (რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ვირუსით, მათ შორის – რინოვირუსით, პარაგრიპის ვირუსით, სეზონური კორონავირუსით), წითელა, ჩუტყვავილა, კრუპი, ინფექციური მონონუკლეოზი და სხვა. მონონუკლეოზის დროს ყელის ტკივილი და ძლიერი სისუსტე შესაძლოა რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს, დაერთოს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, კისრის, იღლიისა და საზარდულის ლიმფური კვანძების შეშუპება, ზოგჯერ – სუნთქვის გაძნელებაც;

* ბაქტერიული ინფექციები, ყველაზე ხშირად – სტრეპტოკოკული ინფექცია. სტრეპტოკოკმა, გარდა ყელის ტკივილისა, შესაძლოა გამოიწვიოს ქუნთრუშა, ტონზილიტი, პნევმონია, სინუსიტი, ყურის ინფექციური ანთება. სტრეპტოკოკით გამოწვეულ ყელის ტკივილს ხშირად თან ახლავს მაღალი (>38.3°C) სიცხე, ტონზილებზე ჩნდება თეთრი ნადები, კისრის ლიმფური კვანძები შუპდება, ბავშვები შესაძლოა თავისა და მუცლის ტკივილსაც უჩიოდნენ. ბაქტერიული დაავადებაა ყივანახველაც, რომელსაც ბაქტერია Bordetella pertussis-ი იწვევს. ყივანახველას ახასიათებს ძლიერი, შეუკავებელი ხველა და სუნთქვის გაძნელება, რის გამოც ავადმყოფი ყივილის მსგავს ხმას გამოსცემს. ყივანახველა შესაძლოა დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე, ფატალურიც კი აღმოჩნდეს წლამდე ასაკის ბავშვებთან;

* ეპიგლოტიტი – ხორხსარქვლის მძიმე ბაქტერიული ინფექცია. საკმაოდ საშიშია, რადგან იწვევს ხორხსარქვლის შეშუპებას და სასუნთქი გზების დახშობას. ის ყველა ასაკში ვითარდება, განსაკუთრებით ხშირად კი ბავშვებთან აღირიცხება ბაქტერია Haemophilus influenzae type b (Hib)-ით ინფიცირებისას. საბედნიეროდ, Hib-ის ვაქცინაციამ ბავშვებთან ეპიგლოტიტის შემთხვევები შეამცირა, მაგრამ დაავადება გახშირდა მოზრდილებთან პნევმოკოკური, სტრეპტოკოკული, A, B, C, ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების ფონზე. ეპიგლოტიტის თაობაზე ეჭვს ბადებს ძალიან მტკივნეული ყლაპვა, გაძიერებული ნერწყვდენა, ხმის დახშობა და სუნთქვის გაძნელება. ყელში ჩახედვისას ეპიგლოტიტი ყოველთვის არ ჩანს. მასზე ეჭვის არსებობისას, უპირველეს ყოვლისა, ხსნიან სასუნთქ გზებს. ხახას იკვლევენ სპეციალური მოქნილი ოპტიკური ხელსაწყოთი, შესაძლოა, დაინიშნოს კისრის რენტგენოლოგიური გამოკვლევაც. მკურნალობენ ანტიბიოტიკებით;

* ალერგია მტვრის, ობის, ცხოველების ქერტლის, სახლის მტვრის მიმართ;

* გაღიზიანება, რომელსაც იწვევს მშრალი სიცხე, გაუწყლოება, ქრონიკულად გაჭედილი ცხვირი, პოლუტანტები (გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები), მანქანის გამონაბოლქვი, ქიმიკატები, ხმის დაძაბვა;

* რეფლუქსი – კუჭის შიგთავსის უკან ამოსვლა. ზოგჯერ ის ყელამდე ამოდის (ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი) და უმეტესად დილაობით, გაღვიძებისას არის შესამჩნევი;

* ხახის, ენის, ხორხის სიმსივნეები – ისინი იწვევენ ყელის ტკივილს, რომელიც ყურისკენ გადაეცემა. მათი სხვა სიმპტომებია ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, გამობერილობა, წონის აუხსნელი კლება, ნერწყვსა და ნახველში სისხლის არსებობა.

ფრთხილად, საშიშია!

როდესაც ყელის ტკივილი ძალიან ძლიერია, ხუთ-ათ დღეზე მეტია გრძელდება და ვერ უკავშირებთ ალერგიას ან რაიმე ნივთიერებით გაღიზიანებას, ექიმს უნდა მიმართოთ.

ექიმთან მისვლა ასევე აუცილებელია, თუ:

* გიჭირთ სუნთქვა, ყლაპვა ან პირის გაღება;

* შეგიშუპდათ სახე ან კისერი;

* გტკივათ სახსრები;

* გტკივათ ყური;

* გამოგაყარათ;

* გაქვთ სიცხე – 38,30ჩ და მეტი;

* ნერწყვში ან ნახველში სისხლი შეამჩნიეთ;

* ყელი ხშირად გტკივათ;

* ყელის ხელით მოსინჯვისას შეიგრძნობთ სიმსივნეს;

* ხმა ჩაგეხლიჩათ და ორ კვირაზე მეტია, არ უბრუნდება ნორმას.

მკურნალობა

გაციებით ან გრიპით გამოწვეულ ზომიერ ყელის ტკივილს ამსუბუქებს ბევრი სითხის მიღება, თბილი ჩაი, ინჰალატორის ან ჰაერის დამატენიანებლის გამოყენება, დღეში რამდენჯერმე ყელში თბილი მარილიანი წყლის გამოვლება (1`4 ჩ`კ მარილი 1„2 ჭიქა წყალზე), პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიღება.

უფრო ძლიერი ყელის ტკივილის დროს ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ყელის ნაცხის გამოკვლევა. ბაქტერიული ინფექციის დადასტურების შემთხვევაში კი გამოგიწეროთ შესაბამისი ანტიბიოტიკი. 

ყელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად:

* ერიდეთ მოწევას და მეორეულ კვამლს. თამბაქოს კვამლი, პირველადიც და მეორეულიც, შეიცავს ასეულობით ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას, რომლებსაც ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეუძლია.

* თუ უჩივით სეზონურ ალერგიას ან მუდმივ ალერგიულ რეაქციებს მტვერზე, ობზე, შინაური ცხოველების ქერტლზე, ყელის ტკივილის ალბათობაც უფრო დიდი გექნებათ. ალერგიის მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს რისკი.

* თავი მოარიდეთ ქიმიურ გამღიზიანებლებს. საწვავის წვის შედეგად ჰაერში გამოფრქვეულ ნაწილაკებს, ისევე როგორც საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს, ყელის გაღიზიანება შეუძლია. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია შესაბამის გარემოში ნიღბის ტარებით.

* თუ ხშირად გაქვთ სინუსური ინფექცია ან ქრონიკული ნაწვეთი ცხვირის უკან, ცხვირიდან ან სინუსებიდან გამონადენმა შესაძლოა ყელიც გააღიზიანოს. მარილიანი წყლით ცხვირის გამორეცხვა გამონადენის შემცირებაში დაგეხმარებათ.

* თუ ცხოვრობთ ან მუშაობთ საბავშვო ბაღთან, სკოლასთან, საერთო საცხოვრებელთან, ციხესთან, სამხედრო დაწესებულებასთან ახლოს, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები უფრო ხშირად შეგხვდებათ – მიკრობები ადვილად ვრცელდება გარემოში, სადაც ადამიანების სიმჭიდროვე მაღალია. რისკის შესამცირებლად შეძლებისდაგვარად ერიდეთ ავადმყოფებთან კონტაქტს და ხშირად იბანეთ ხელები.

* ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენის წესები. არ გამოიყენოთ ხელსახოცი, პირსახოცი და ჭურჭელი, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი იყენებს. რეგულარულად იბანეთ ხელები საპნით ან იწმინდეთ სადეზინფექციო გელით, სულ მცირე, 10-15 წამის განმავლობაში.

* გაითვალისწინეთ: თუ დაქვეითებული გაქვთ იმუნიტეტი (მაგალითად, აივ-ის, დიაბეტის, სტეროიდებით მკურნალობის, ქიმიოთერაპიის, არასწორი კვების ან ძლიერი გადაღლილობის გამო), შესაძლოა, ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარე იყოთ.

***

ტონზილები და ადენოიდები

ტონზილები და ადენოიდები ჯირკვლოვანი წარმონაქმნებია. ისინი ლიმფური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ და ორგანიზმის იმუნურ დაცვაში მონაწილეობენ. ტონზილები, წყვილი ნუშურა ჯირკვალი, მდებარეობს ყელის უკან, აქეთ-იქით, ადენოიდები – ზემოთ, ცხვირის უკან. პირსა და ცხვირში სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე ჩახედვისას ადენოიდები არ ჩანს.

ტონზილები და ადენოიდები პირსა და ცხვირში მოხვედრილ ბაქტერიებსა და ვირუსებს აკავებენ და ანადგურებენ, მაგრამ ზოგჯერ ამ მიკრობებით თვითონაც ინფიცირდებიან. სქესობრივი მომწიფების შემდეგ მათი იმუნური ფუნქცია მცირდება.

ტონზილიტი ტონზილების ანთებაა. ვლინდება ტონზილების შეშუპებით, გაწითლებით, მათზე თეთრი ან ყვითელი ნადების გაჩენით, ხმის შეცვლით. ზოგჯერ თან ახლავს ყურის ტკივილი. ყლაპვა ამ დროს უსიამოვნო ან მტკივნეულია. გადიდებულია კისრის ლიმფური კვანძები, იმატებს სხეულის ტემპერატურა, პირიდან ამოდის ცუდი სუნი.

ტონზილიტს უმეტესად ჩვეულებრივი ვირუსები იწვევს, მაგრამ შესაძლოა, ბაქტერიებმაც გამოიწვიოს. მისი გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა შტრეპტოცოცცუს პყოგენეს (A ჯგუფის სტრეპტოკოკი).

გადიდებულმა ტონზილებმა და ადენოიდებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ცხვირით სუნთქვას, გამოიწვიოს ძილის დარღვევა.

ადენოიდებისა და ნუშურების გადიდების სხვა ნიშნებია:

  • უმეტესად ცხვირის ნაცვლად პირით სუნთქვა;
  • დუდღუნით ლაპარაკი;
  • ცხვირიდან ქრონიკული გამონადენი;
  • ყურის მორეციდივე ინფექციები;
  • ხმაურიანი სუნთქვა დღისით;
  • ხვრინვა ღამით;
  • მოუსვენარი ძილი ან ძილის დროს რამდენიმე წამით სუნთქვის შეჩერება (ეს შესაძლოა ძილის აპნოეზე ან ძილის სხვა დარღვევაზე მიუთითებდეს).

პერიტონზილური აბსცესი არის ჩირქის დაგროვება ერთ-ერთი ტონზილის გვერდით მდებარე რბილ ქსოვილებში. წესისამებრ, ის ტონზილიტის გართულებაა. აბსცესი შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული, გააძნელოს პირის გაღება, გამოიწვიოს შეშუპება, გადაკეტოს ყელი და ხელი შეგვიშალოს ყლაპვაში, ლაპარაკში და ზოგჯერ სუნთქვაშიც კი.

ბავშვს ან ზრდასრულს ტონზილიტის, პერიტონზილური აბსცესის, გადიდებული ტონზილებისა და ადენოიდების სიმპტომები აქვს, ოტორინოლარინგოლოგს უნდა მიმართოს.

ტონზილების ქვები, საცობები ბევრს უჩნდება, განსაკუთრებით მათ, ვისაც დიდი ზომის ნუშურები აქვს. ასეთ ნუშურებზე ჩნდება ღრმულები, რომლებშიც საჭმლის ნარჩენები, ბაქტერიები და ნერწყვი გროვდება და მოყვითალო-მოთეთრო საცობებს წარმოქმნის. ნუშურების ზედაპირზე ისინი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგრამ ნუშურების სიღრმეში არსებულ საცობებს ვერ ვხედავთ. ისინი იწვევენ ნუშურების სიწითლეს და გაღიზიანებას, ხშირად – პირიდან უსიამოვნო სუნს, ზოგჯერ – ქრონიკულ ტონზილიტსაც. მათი სამუდამოდ მოშორების საუკეთესო გზა ტონზილების ამოკვეთაა, მაგრამ თუ ნუშურების ძლიერი ტკივილი ან სხვა სიმპტომი არ გაწუხებთ, ოპერაცია აუცილებელი არ არის, საცობები ჯანმრთელობას საშიშროებას არ უქადის. მათი ამოღება შესაძლებელია ბამბის ტამპონის ან კბილის ჯაგრისის ზურგის ნუშურაზე ნაზად დაჭერით, ირიგატორის წყლის ნაზი ჭავლით. საცობების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად კი რეკომენდებულია პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვა: კბილების გამოხეხვა ჭამის შემდეგ, ძილის წინ და დილით. ფრთხილად გაიხეხეთ ენაც. ფლოსით ყოველდღე გაიწმინდეთ კბილთაშუა არეები. ჭამის შემდეგ ყელში გამოივლეთ მარილიანი წყალი ან უალკოჰოლო სავლები.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ტონზილებისა და ადენოიდების მდგომარეობის შესაფასებლად შესაძლოა დაინიშნოს ლარინგოსკოპია – მოქნილი ოპტიკური ხელსაწყოთი ცხვირისა და პირის ღრუების დათვალიერება, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ყელის ნაცხის გამოკვლევა, სისხლის ანალიზი ინფექციური მონონუკლეოზის გამოსავლენად, ძილზე დაკვირვება ძილის აპნოეს დიაგნოსტიკისთვის.

ტონზილების ბაქტერიულ ინფექციას, განსაკუთრებით – სტრეპტოკოკით გამოწვეულს, თავდაპირველად ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. თუ პაციენტს ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგაც კი ხშირად ემართება ტონზილების ინფექცია ან გადიდებული ტონზილების ან ადენოიდების გამო უჭირს სუნთქვა, შესაძლოა, ექიმმა მათი ამოკვეთა მიჩნიოს საჭიროდ. ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთას ტონზილექტომია ეწოდება, ადენოიდების ამოკვეთას – ადენოიდექტომია.

ადენოიდების ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ყურ-ხახის დამაკავშირებელი ევსტაქის მილის ანთება, რაც, თავის მხრივ, შუა ყურის განმეორებად ანთებამდე და მასში სითხის დაგროვებამდე მიგვიყვანს. შედეგად მოსალოდნელია სმენის დროებითი დაქვეითება. ადენოიდების ამოკვეთამ შესაძლოა შვება მოუტანოს ეფუზიური ოტიტის (ახასიათებს შუა ყურში არაინფექციური სითხის ჩადგომა) მქონე ბავშვებს, თუ სითხე დისკომფორტს ან ყურის ქრონიკულ ტკივილს იწვევს.

ზრდასრულებთან ტონზილებისა და ადენოიდების ამოკვეთის კიდევ ერთი ჩვენებაა მათი სიმსივნე.

სტეროიდებით მკურნალობა შესაძლოა დაინიშნოს ძლიერ გადიდებული ტონზილებისა და ადენოიდების დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტებს ინფექციური მონონუკლეოზი აქვს და გადიდებული ჯირკვლები სასუნთქ გზებს ავიწროებს.

როგორ ტარდება

ტონზილექტომიის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ტრადიციული, რომლის დროსაც ორივე ჯირკვალს მთლიანად ამოკვეთენ და ინტრაკაფსულარული – როდესაც ამოკვეთენ მხოლოდ დაზიანებულ ქსოვილს, მაგრამ ტოზილების ქვეშ მდებარე კუნთების დასაცავად ტოვებენ ჯირკვლის ქსოვილის მცირე ფენას. ამ შემთხვევაში არსებობს მცირე შანსი, დარჩენილი ქსოვილი ხელახლა გაიზარდოს ან დაინფიცირდეს და საჭირო გახდეს ხელმეორე ოპერაცია.

ოპერაციაც სხვადასხვა ტექნოლოგიით შეიძლება ჩატარდეს: ბლაგვი წესით, ელექტროკაუტერიზაციით, რადიოტალღებით, ლაზერით, კობლაციით.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს აწუხებს ტკივილი და დისკომფორტი, რაც ართულებას ჭამას და სმას, ამან კი შესაძლოა დეჰიდრატაციამდე მიგვიყვანოს. პაციენტს უნდა მივაღებინოთ ბევრი სითხე და რბილი საკვები.

ოპერაციის საშიში გართულებაა სისხლდენა. მისი შემჩნევისთანავე დაუკავშირდით ექიმს.

***

დისფაგია – ყლაპვის გაძნელება

დისფაგია ყლაპვის გაძნელებაა. ის სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, უმეტესად დროებითია და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. იშვიათად (უმეტესად – ხანდაზმულებთან) ყლაპვის გაძნელება სიმსივნეს ან ნერვული სისტემის დარღვევებს უკავშირდება. თუ ყლაპვა რეგულარულად გიჭირთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს.

როგორ ვყლაპავთ

საკვების, სითხის, ნერწყვის, ლორწოს ჩასაყლაპავად ადამიანი დღეში დაახლოებით ას ყლაპვით მოძრაობას ასრულებს. ყლაპვის აქტი ოთხი ეტაპისგან შედგება:

* პირველ, მოსამზადებელ ეტაპზე საკვები ან სითხე ჩასაყლაპავად მზადდება პირის ღრუში: იღეჭება, ერთმანეთს ერევა.

* მეორე, პირის ღრუს ეტაპზე ენა საკვებს ან სითხეს პირის ღრუს უკანა ნაწილისკენ უბიძგებს, რასაც ყლაპვის რეაქციის დაწყება მოჰყვება.

* მესამე, ფარინგეალურ ეტაპზე პირის ღრუში დამუშავებული საკვები ხახაში და საყლაპავში გადადის.

* მეოთხე, საყლაპავის ეტაპზე საკვები ან სითხე საყლაპავის გავლით ხვდება კუჭში.

ყლაპვის პროცესის მესამე და მეოთხე ეტაპები ავტომატურად, ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება.

მიზეზები

დისფაგია შეიძლება ერთმა ან ერთდროულად რამენიმე მიზეზმა გამოიწვიოს. ეს მიზეზებია:

* მჟავა რეფლუქსი;

* ყელის ინფექციები;

* ყლაპვაში მონაწილე კუნთების ასაკობრივი სისუსტე;

* საკვების ან სხვა უცხო სხეულის ყელში გაჭედვა (უმთავრესად – ხანდაზმულ პაციენტებთან);

* საყლაპავის სისუსტე ან ნაწიბური მასზე;

* სახმო ნაოჭების დამბლა ან სისუსტე;

* მედიკამენტების თანმხლები ეფექტი;

* სიმსივნე (ყელის, ფილტვის, საყლაპავის კიბო);

* ხანგრძლივი ავადმყოფობა, რომელიც საავადმყოფოში ხანგრძლივ წოლას მოითხოვს;

* კისრის, ზურგის ან გულმკერდის არეზე გადატანილი ოპერაცია ან დასხივება;

* ნერვული დაავადებები: პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, ინსულტი. 

სიმპტომები

ყლაპვის დარღვევის სიმპტომებია ნერწყვდენა, ლუკმის საყლაპავზე მიწებების შეგრძნება, ხველა ან ხრჩობა (სულის ხუთვა) საკვების, სითხის, ნერწყვის ასპირაციის, სასუნთქ გზებში გადაცდენის გამო, ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება, წონის კლება, ფილტვების ანთება, ხმის შეცვლა, სისხლიანი ხველა. 

დიაგნოსტიკა

დისფაგიის ზუსტი დიაგნოზის დასასმელად და ეფექტური მკურნალობის დასაგეგმავად ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს შესაძლოა დასჭირდეს სხვა დარგის სპეციალისტთან: გასტროენტეროლოგთან, ნევროლოგთან, მეტყველების თერაპევტთან – ერთად მუშაობა.

პირის დათვალიერებასა და ყელში ჩახედვასთან ერთად, დეტალურად ათვალიერებენ ცხვირის ღრუს, ხახასა და ხორხს. დათვალიერება ტარდება ლარინგოსკოპით – კამერით აღჭურვილი წვრილი, მოქნილი მილით, რომელიც ცხვირიდან შეჰყავთ. გამოკვლევის პროცესში შეიძლება, პაციენტს მისცენ საკვები ან სითხე და ყლაპვის პროცესს დააკვირდნენ.

დამატებით შეიძლება ჩატარდეს რენტგენოსკოპია ბარიუმის კონტრასტით, ტრანსნაზალური ეზოფაგოსკოპია (საყლაპავის ენდოსკოპიური გამოკვლევა ცხვირის გავლით). ზოგჯერ იზომება საყლაპავის კუნთების მიერ შექმნილი წნევაც.

ყლაპვის პრობლემის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ საკვები ნივთიერებების დეფიციტი, დეჰიდრატაცია და პნევმონია.

 ***

დაბერება და ყლაპვის გაძნელება

ყლაპვა საკმაოდ რთული პროცესია. ასაკთან ერთად ცვლილებებს განიცდის ამ პროცესში მონაწილე ორგანოები: ენა, ხახა, მბგერავი ნაოჭები, ხორხი, საყლაპავი, – რამაც შესაძლოა ყლაპვის გაძნელება გამოიწვიოს.

დისფაგია 50 წელს გადაცილებული ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს და მეტს აღენიშნება. ის შესაძლოა გამოიხატოს ჩამოთვლილიდან ერთი ან მეტი სიმპტომით:

* ადამიანს უჭირს ღეჭვა;

* პირიდან ხახაში საკვებისა და სითხეების გადასატანად მეტი ძალისხმევა სჭირდება;

* ხახიდან საყლაპავისკენ გადაადგილებაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს ან წინააღმდეგობას აწყდება;

* საკვები ყელში იჭედება;

* იჭედება აბებიც;

* გადაყლაპვისთანავე ან ცოტა მოგვიანებით ხდება ლუკმის რეგურგიტაცია – უკან ამოსვლა;

* ჭამის ან სმის დროს იწყება ხველა ან ხრჩობა;

* ვითარდება ფილტვების მორეციდივე ინფექციები;

* კვების უკმარისობის გამო იკლებს წონა.

რა იწვევს

ასაკის მატებასთან ერთად ყლაპვის გაძნელების უფრო და უფრო მეტი მიზეზი იჩენს თავს: იკლებს კბილების რაოდენობა, ვითარდება პირისა და ყელის სიმშრალე,  მცირდება ენის ზომა და ძალა, ხახის ძალა, სახმო ნაოჭებისა და ხორხის ზომა და ძალა, გრძელდება და ფართოვდება ხახა, ვიწროვდება საყლაპავის შესასვლელი, მცირდება საყლაპავის მიერ საკვების კუჭში გადატანის უნარი, იმატებს გადაყლაპვისთვის საჭირო დრო, ქვეითდება ხახისა და ხორხის მგრძნობელობა.

მკურნალობა

თუ დისფაგია გამოწვეულია სპეციფიკური დარღვევით, მკურნალობაც ამ დარღვევის შესაბამისად დაინიშნება, მაგრამ როდესაც არსებობს ეჭვი, რომ დისფაგიის მიზეზი მხოლოდ ასაკობრივი ცვლილებებია, პაციენტს ეძლევა შემდეგი რეკომენდაციები:

* პირველი ნაბიჯია კბილების კარგად მოვლა და პირის ღრუს კარგი ჰიგიენა.

* თავად ყლაპვის პროცესს აადვილებს მცირე ლუკმების ჩადება და კარგად დაღეჭვა, ბოლომდე დაქუცმაცება.

* სასურველია, მშრალ საკვებს (პურს, კრეკერებს) მივაყოლოთ წყალი;

* მინიმუმამდე დავიყვანოთ იმ მედიკამენტებისა და სასმელების მიღება, რომლებიც აშრობს პირს (ყავა და სხვა კოფეინიანი სასმელები).

ზოგჯერ პაციენტთან მუშაობს მეტყველების თერაპევტი, რომელიც მას კვების სტრატეგიებს და ყელის კუნთების გამაძლიერებელ ვარჯიშებს ასწავლის.

***

ასპირაცია – საკვების გადაცდენა

ასპირაცია საკვების სასულეში გადაცდენაა. ამ დროს ლუკმა საყლაპავში მოხვედრის ნაცვლად სახმო ნაოჭებს გაივლის და სასუნთქ გზებში აღმოჩნდება. უკვე ტრაქეაში გადასული მასა ფილტვებში რომ არ მოხვდეს, ორგანიზმი თავს ძლიერი რეფლექსური ხველით იცავს – ხველა ამ მასას უკან ამოტყორცნის. ხველის მიზეზი ხორხისა და ტრაქეის გაღიზიანებაა.

როცა გაძნელებულია ყლაპვა ან დაქვეითებულია ხორხის მგრძნობელობა, ხველის რეფლექსი სათანადოდ არ მუშაობს და ყველაფერი, რაც პირში ხვდება, შეიძლება მოხვდეს ფილტვებშიც, მათ შორის – ნერწყვიც, რომელიც ბაქტერიებით არის სავსე, ამიტომ ასპირაცია ზრდის პნევმონიის, ფილტვების ანთების, განვითარების რისკს.

ასპირაციის თანმხლები მოვლენებია:

* ძლიერი ხველა;

* ხრჩობა ჭამის დროს;

* ყლაპვის გაძნელება;

* სტრესი ჭამის დროს;

* წონის კლება.

პაციენტს იკვლევს ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტი – ოტორინოლარინგოლოგი. თუ ადამიანი ხშირად ახველებს ჭამის ან სმის დროს, არის ალბათობა, ყლაპვის პრობლემა ჰქონდეს. მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან პნევმონიის რისკის გამო ასპირაციის დროულად აღმოჩენა აუცილებელია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ყლაპვის პრობლემების გამოსავლენად ცხვირში მოთავსებული პატარა კამერით აკვირდებიან ყლაპვის პროცესს, ხორხიდან საყლაპავში საკვების გადასვლას. შეიძლება, ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმით, რომელიც აჩვენებს საკვების მთელ გზას ტუჩებიდან საყლაპავამდე. ამ გზით ადგენენ, ყლაპვის პროცესში რამე არასწორად ხომ არ ხდება და პაციენტს უსაფრთხოდ ჭამასა და სმას ასწავლიან.

ასპირაციის თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ საკმარისია კვების წესების მარტივი ცვლილება. ზოგჯერ საჭიროა სპეციალური ვარჯიშების შესრულება ყლაპვაში მონაწილე კუნთების გასაძლიერებლად და მათი კოორდინაციისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაციაა საჭირო. თუ ყლაპვა იმდენად გართულებული ან საფრთხის შემცველია, რომ ადამიანი ვერ იღებს საჭმელს და სასმელს, ყლაპვის ფუნქციის აღდგენამდე მას კუჭში გარედან, მუცლის კედლიდან ჩადგმული მილიდან კვებავენ.

***

ხმის ჩახლეჩა

ტერმინი "დისფონია" ხმის ხარისხის შეცვლას – ჩახრინწვას, ჩახლეჩას, დაძაბვას, დასუსტებას, დაღლას გულისხმობს. შესაძლოა, ხმამ შეიცვალოს ტონალობა, გახდეს უფრო მაღალი ან დაბალი. დისფონია ხშირად ართულებს ლაპარაკს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ზოგიერთი პროფესიის ადამიანებისთვის: მომღერლებისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვ.

ხმის ცვლილება უმთავრესად გამოწვეულია ხორხში არსებული მბგერავი (სახმო) ნაოჭების პრობლემებით. სახმო ნაოჭები – წყვილი, ერთმანეთის პირისპირ განლაგებული მემბრანა, რომლებიც კუნთოვანი ქსოვილისა და ლორწოვანი გარსისგან შედგება – სუნთქვის დროს დაშორიშორებულია ერთმანეთს, ხმის გამოცემისას კი ერთდება და ფილტვებიდან გამოსული ჰაერის ზეწოლის შედეგად ვიბრირებს. ყველაფერი, რაც ცვლის სახმო ნაოჭების ვიბრაციას ან ხელს უშლის მათ დახურვას, იწვევს ხმის შეცვლას.

ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან მისვლის აუცილებლობაზე მიანიშნებს:

* ხმის ჩახლეჩა, რომელიც ოთხ კვირაზე მეტია გრძელდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მწეველი ხართ;

* ხმის მკაფიოდ გამოხატული ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე დღეა გრძელდება;

* დაძაბული, სუნთქვაშეკრული, სუსტი, მაღალი ან დაბალი ტონალობის, წყვეტილი, დაღლილი ან მოკანკალე ხმა;

* სუნთქვის გაძნელება;

* ტკივილი ლაპარაკის დროს.

მიზეზები

* მწვავე ლარინგიტი – ეს ხმის ჩახლეჩის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. გაციებამ, სასუნთქი გზების ვირუსულმა ინფექციამ ან ხმის დაძაბვამ შესაძლოა გამოიწვიოს სახმო ნაოჭების შეშუპება. ასეთ დროს ლაპარაკმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს სახმო ნაოჭები;

* სახმო ნაოჭის არასიმსივნური წარმონაქმნები: კვანძები, პოლიპები და ცისტები. წესისამებრ, ისინი ვითარდება სახმო ნაოჭების გახანგრძლივებული ტრავმის შედეგად, რაც, თავის მხრივ, ბევრი, ხმამაღალი ან არასწორი ტექნიკით ლაპარაკის შედეგია;

* სიმსივნის წინარე და სიმსივნური დაზიანებები;

* ნევროლოგიური დაავადებები: პარკინსონის დაავადება, ინსულტი, სპაზმური დისფონია, მბგერავი ნაოჭების დამბლა;

* სახმო ნაოჭის ატროფია – ასაკის მატებასთან ერთად სახმო ნაოჭები თხელდება და ეშვება;

* სახმო ნაოჭში სისხლჩაქცევა – ყვირილის ან სხვა ძლიერი ვოკალური აქტივობის შედეგად შესაძლოა სისხლძარღვი გასკდეს და სახმო ნაოჭში სისხლი ჩაიქცეს;

* რეფლუქსი – ამ დროს კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის. რეფლუქსი უმეტესად გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გერდ) სიმპტომია. თუ კუჭის მჟავე შიგთავსი საყლაპავში ამოვიდა და ხორხში მოხვდა, – ამ მოვლენას ლარინგოფარინგეალურ რეფლუქსს უწოდებენ, – მოსალოდნელია ხმის შეცვლა;

* მოწევა – თამბაქოს კვამლმა შესაძლოა დააზიანოს სახმო ნაოჭები, გამოიწვიოს მათი შეშუპება. შედეგად ხმა დაბლდება და მძიმე შემთხვევებში სასუნთქი გზების დახშობაც კი არ არის გამორიცხული. ხმის ჩახლეჩის შემთხვევაში მწეველებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

ხმის ჩახლეჩის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებია ალერგია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ხორხის ტრავმა და ზოგჯერ მენსტრუაციაც კი.

მკურნალობა

ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტი ხორხს ლარინგოსკოპით იკვლევს. მკურნალობა ხმის ჩახლეჩის მიზეზზეა დამოკიდებული.

მწვავე ლარინგიტის დროს რეკომენდებულია ხმის დასვენება. მგერავი ნაოჭების არასიმსივნური დაზიანებების მკურნალობა მოიცავს ხმის გამოცემის სწორი ტექნიკის შესწავლას, ადეკვატურ დატენიანებას და ზოგჯერ ოპერაციას. კიბოსწინარე და სიმსივნური დაზიანებების დროს მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას ან ქიმიოთერაპიას. ნევროლოგიური დაავადებების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს სახმო ნაოჭების აუგმენტაცია (გადიდება). პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებისთვის არსებობს ხმის სპეციალური ტექნიკები. დიზართრია –სიტყვების, მარცვლებისა და ბგერების გამოთქმის გაძნელება, რასაც ინსულტი ან დეგენერაციული ნევროლოგიური აშლილობა იწვევს, შესაძლოა აღმოიფხვრას ლოგოპედთან მუშაობით. ზოგიერთი დაზიანების მკურნალობა შესაძლებელია სახმო ნაოჭში ბოტოქსის ინექციებით. სახმო ნაოჭის ატროფიის მკურნალობა მოიცავს ხმის თერაპიას, ზოგჯერ – სახმო ნაოჭში ფილერის შეყვანას, მაგრამ შესაძლოა, პაციენტმა მკურნალობა არც კი მიიჩნიოს საჭიროდ მას შემდეგ, რაც ექიმი დაადგენს, რომ ხმის ჩახლეჩა ატროფიით არის გამოწვეული და არა კიბოთი. სახმო ნაოჭში სისხლჩაქცევის მკურნალობაა ხმის დასვენება და სისხლის გამათხელებლებისთვის თავის არიდება. ოპერაცია იშვიათად არის საჭირო.

ზოგადი რჩევები ხმის ჯანმრთელობისთვის

  • ერიდეთ ხმამაღალ ლაპარაკს.
  • აკონტროლეთ, რამდენს და რამდენად ხმამაღლა ლაპარაკობთ.
  • გამოიყენეთ მიკროფონი ან ხმის სხვა გამაძლიერებელი, თუ თქვენი სამუშაო ბევრ ლაპარაკს მოითხოვს.
  • სვით ბევრი წყალი, დაახლოებით 1,5-2 ლიტრი დღეში.
  • ერიდეთ დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებას.
  • შეწყვიტეთ მოწევა და ერიდეთ მეორეულ კვამლს. 

***

სპაზმური დისფონია

სპაზმური დისფონია არის დარღვევა, რომლის დროსაც მბგერავი ნაოჭების უნებლიე შეკუმშვა ხელს უშლის მათ ნორმალურ ვიბრაციას და იწვევს ხმის გაწყვეტას მეტყველებისას. ხმა შეიძლება იყოს ჩახლეჩილი, დაძაბული, ამოსუნთქვაზე დამოკიდებული.

არსებობს სპაზმური დისფონიის ორი ყველაზე გავრცელებული ტიპი:

* ადუქტორული (ADSD), მომზიდველი – განსაზღვრული ბგერების წარმოთქმისას სახმო ნაოჭები მეტისმეტად ახლოს მიდის ერთმანეთთან და ნაპრალი ანუ ყია მჭიდროდ იკეტება;

* აბდუქტორული (ABSD), განმზიდველი – განსაზღვრული ბგერების წარმოთქმისას სახმო ნაოჭები ერთმანეთს შორდება და ნაპრალი იხსნება.

სპაზმური დისფონია შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე განვითარდეს, თუმცა უფრო ხშირად 30–დან 50 წლამდე და ქალებთან გვხვდება. ის, წესისამებრ, ნელა, აშკარა მიზეზის გარეშე იწყება. შესაძლოა, სპაზმური დისფონია თან ახლდეს დისტონიის სხვა ფორმებს, რომლებიც სხეულის სხვა ნაწილების: თვალების, სახის, ყბის, ტუჩების, კისრის, ფეხების, ხელების, – განმეორებად სპაზმებს განაპირობებს.

მიიჩნევენ, რომ სპაზმური დისფონია გამოწვეულია თავის ტვინის განსაზღვრული უბნის ან უბნების (ბაზალური განგლია, ნათხემი, ქერქი) პათოლოგიური ფუნქციობით.

გვხვდება სპაზმური დისფონიის ოჯახური შემთხვევებიც.

როგორ ვლინდება

სპაზმური დისფონიის სიმპტომები სხვადასხვა სიმძიმისაა და მოიცავს:

* მეტყველების თანდათანობით ან უეცარ გაძნელებას;

* საუბრის დროს ხმის გაწყვეტას (ზოგიერთ პაციენტთან – რამდენიმე წინადადების შემდეგ, ზოგიერთთან კი ყოველ სიტყვაზე, რაც ძალიან ართულებს ნათქვამის გაგებას);

* მეტყველებისას უფრო მეტი ძალისხმევის საჭიროებას.

როცა ადამიანი არ ლაპარაკობს, – მაგალითად, მღერის ან იცინის, ნორმალური ხმა აქვს.

სპაზმური დისფონიის მქონე ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ვოკალური ტრემორი – ხმის კანკალი.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

სპაზმური დისფონიის დიაგნოსტიკა შესაძლოა გართულდეს, რადგან მისი სიმპტომები ხშირად ხმის სხვა დარღვევების სიმპტომებს ჰგავს. პაციენტს იკვლევენ ოტორინოლარინგოლოგი, მეტყველების პათოლოგი, ნევროლოგი. ლარინგოსკოპით ათვალიერებენ ყელს, პაციენტს აკითხებენ რამდენიმე ფრაზას და აკვირდებიან კითხვის პროცესში ხმის ცვლილებებს (შესვენებები, სიუხეშე, დაძაბულობა).

სპაზმური დისფონია არ იკურნება. მისი მკურნალობის მიზანია სპაზმების შემცირება ან სიმპტომების კონტროლის შემსუბუქება. შესაძლოა, გამოიყენონ:

* ბოტულინის ტოქსინის ინექციები – ტოქსინი შეჰყავთ ხორხის იმ კუნთებში, რომლებიც სახმო ნაოჭების გაღებას და დახურვას განაგებს. შედეგი დროებითია, საშუალოდ სამიდან ოთხ თვემდე გრძელდება. ეს არის ყველაზე საიმედო მკურნალობა;

* ხმის თერაპია – მეტყველების სპეციალისტის დახმარებით პაციენტები სწავლობენ სუნთქვის, ფონაციის, რეზონანსისა და არტიკულაციის კონტროლს.

ქირურგიული მკურნალობა საკამათო თემად რჩება.

 ***

სახმო ნაოჭების დამბლა

მეტყველების დროს ადეკვატური ხმა რომ გამოვცეთ, ჩვენი მბგერავი ნაოჭები მთლიანად უნდა შეერთდეს. მათ შორის არსებული ნაპრალი, ყია, კარგად უნდა დაიხუროს. ამას უზრუნველყოფს კუნთების შეკუმშვა, რომლებიც ტვინიდან განსაზღვრული ნერვებით კონტროლდება. თუ ამ ნერვების ფუნქცია მოიშალა, შესაძლოა, განვითარდეს სახმო ნაოჭების დამბლა და პარეზი.

დამბლა სახმო ნაოჭების სრული უმოძრაობაა, პარეზი – მოძრაობის შესუსტება.

ხორხის შებრუნებული ნერვი პასუხისმგებელია სახმო ნაოჭების გახსნაზე, დახურვაზე, დაჭიმულობაზე. ამ ნერვის ჯანსაღი ფუნქციობა აუცილებელია სუნთქვისთვის, ლაპარაკისთვის, ხველებისა და ყლაპვისთვის. ხორხის შებრუნებული ნერვი გულმკერდის ღრუში გაივლის და ზემოთ ამოდის, ამიტომ მასზე ზეწოლა შესაძლოა კისრის ან გულმკერდის სიმსივნემ გამოიწვიოს. ის შესაძლოა კისერზე ან გულმკერდზე ოპერაციის შედეგადაც დაზიანდეს.

ხორხის ზედა ნერვი არეგულირებს სახმო ნაოჭის დაჭიმულობას სხვადასხვა ტონალობის მისაღებად. ამ ნერვის დაზიანებისას ადამიანმა შესაძლოა მაღალი ტონები ვეღარ აიღოს.

ხმის პროფესიული გამოყენების საჭიროების მიხედვით, სახმო ნაოჭების დამბლა და პარეზი სხვადასხვა სიმძიმის პრობლემებს წარმოშობს. პროფესიონალ მომღერალს მსუბუქმა პარეზმაც კი შეიძლება დაასრულებინოს კარიერა, პროგრამისტს კი მხოლოდ მცირე დისკომფორტი შეუქმნას.

რა იწვევს

სახმო ნაოჭების დამბლა შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს სხვადასხვა მიზეზით. შემთხვევათა ნახევარი იდიოპათიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, გაციების ვირუსები ხორხის ნერვების ანთებას იწვევს.

ცნობილი მიზეზებია:

* ნერვების შემთხვევითი დაზიანება ფარისებრი ჯირკვლის, საძილე არტერიის, კისრის მალების, ფილტვების, საყლაპავის, გულის, მსხვილი სისხლძარღვების ოპერაციის დროს;

* ინტუბაცია – ხელოვნური სუნთქვა მილით დიდი ხნის განმავლობაში (ამ მიზეზით გამოწვეული დამბლა იშვიათია);

* თავის ქალას ფუძის, კისრისა და გულმკერდის სიმსივნეები;

* ვირუსული ინფექციები – ანთებამ შესაძლოა დააზიანოს ცთომილი ნერვი (ვაგუსი) ან ხორხში გამავალი მისი ტოტები;

* ავტოიმუნური დაავადებები;

* ინსულტი და სხვა ნევროლოგიური დაავადებები.

სიმპტომები

სახმო ნაოჭების დამბლისა და პარეზის სიმპტომებია:

* ხმის შეცვლა – ხმის ჩახლეჩა, ხმის დასუსტება, ქოშინი ლაპარაკის შემდეგ;

* სასუნთქი გზების პრობლემები – ქოშინი ძალის დატანებით, ხმაურიანი სუნთქვა, ხველა ნახველის გარეშე;

* ყლაპვის პრობლემები – ხრჩობა ან ხველა საჭმლის, სასმლის ან ნერწყვის ყლაპვის დროს და საკვების ყელში გაჭედვა.

სიმპტომები სხვადასხვა სიმძიმისაა – ეს დამბლის ხარისხსა და სახმო აპარატის ადაპტაციის უნარზეა დამოკიდებული. მიზეზის მიხედვით, ისინი გრძელდება ან დროთა განმავლობაში ალაგდება. 

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაგნოზის დასასმელად მიმართავენ ლარინგოსკოპიას, თავის, კისრის, გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სისხლის ანალიზებს ავტოიმუნური დაავადებების გამოსავლენად, ხორხის ელექტრომიოგრაფიას.

იმის მიხედვით, რამდენად მძიმეა დამბლა ან რა გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ექიმი მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტს შემოგთავაზებთ. ერთ-ერთი მეთოდია ხმის თერაპია: პაციენტს ასწავლიან სახმო ნაოჭების ჯანსაღად გამოყენებას, აძლიერებენ სახმო ნაოჭებს, ხსნიან მათ დაჭიმულობას, ასწავლიან სუნთქვის სწორ ტექნიკას.

ჩატარდება თუ არა ქირურგიული ოპერაცია, დამოკიდებულია სიმპტომების ხარისხზე, ხმის საჭიროებაზე, გამოჯანმრთელების პერსპექტივაზე, პრობლემის მიზეზზე და სხვა.

არსებობს ქირურგიული პროცედურების ორი ძირითადი ტიპი: სახმო ნაოჭების ინექცია – მათში შემავსებელი მასალის შეყვანა ყიის დასახურავად და ლარინგოპლასტიკა – სახმო აპარტში ნერგავენ იმპლანტს, რათა პარალიზებული ნაოჭი ჯანსაღთან ახლოს მიიტანონ.

სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიები

ადამიანს აქვს სამი წყვილი დიდი: ენისქვეშა, ყბისქვეშა და ყბაყურა, – და ბევრი პატარა სანერწყვე ჯირკვალი ტუჩების გასწვრივ, ლოყების შიგნითა ზედაპირზე, პირის ღრუსა და ხახაში. ამ ჯირკვლების მიერ წარმოქმნილი ნერწყვი ატენიანებს პირის ღრუს, იწყებს საჭმლის მონელების პროცესს და იცავს კბილებს გაფუჭებისგან, ამიტომ საჭიროა ბევრი სითხის სმა, რათა სათანადო რაოდენობის ნერწყვი გამომუშავდეს.

სანერწყვე ჯირკვლების დაზიანება და ფუნქციის მოშლა იწვევს:

* ნერწყვის ნაკადის დაბლოკვას;

* ჭამის გაძნელებას;

* სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებას;

* ჯირკვლების ტკივილს;

* მათ განმეორებით ინფექციებს;

* ლიმფური კვანძების გადიდებას – წარმონაქმნებს სანერწყვე ჯირკვლების შიგნით ან ყელზე.

მიზეზები

პრობლემების მიზეზად შესაძლოა იქცეს სანერწყვე ჯირკვლის დახშობა, ობსტრუქცია სანერწყვე ჯირკვლებში ან მათ სადინარებში კენჭების გაჩენის ან სადინარების შევიწროების გამო. ობსტრუქციამ შესაძლოა გამოიწვიოს სანერწყვე ჯირკვლის ტკივილი და შეშუპება. წესისამებრ, ჭამის დაწყებისას ჯირკვლები რამდენიმე წუთის განმავლობაში შესივებულია, მერე თანდათან ცხრება, მოგვიანებით კი კვლავ დიდდება. თუ ჯირკვალი დიდი ხანია დაბლოკილია და დაგროვილ ნერწყვს ვერ გამოყოფს, შესაძლოა განვითარეს მტკივნეული ინფექცია, შეშუპება, აბსცესი.

შესაძლოა შეშუპდეს და გადიდდეს ახლომდებარე ლიმფური კვანძები. ზოგიერთი მათანი განლაგებულია ყბაყურა ჯირკვლებზე (ან მათ სიღრმეში) ან ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლებთან ახლოს.

კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები უმეტესად უმტკივნეულოა. სიმსივნე იშვიათად მოიცავს ერთზე მეტ ჯირკვალს.

დიდი სანერწყვე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე შესაძლოა სწრაფად გაიზარდოს, მტკივნეული გახდეს და სახის დაზიანებულ მხარეს მოძრაობის უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა გამოიწვიოს.

სანერწყვე ჯირკვლების გადიდება ან ანთება შესაძლოა გამოიწვიოს ავტოიმუნურმა დაავადებებმა (აივ, შეგრენის სინდრომი), რომელთა დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა სანერწყვე ჯირკვლებს უტევს. შეგრენის სინდრომს პირის ან თვალების სიმშრალე ახასიათებს. ის შეიძლება განვითარდეს სხვა სისტემური დაავადებების დროსაც (რევმატოიდული ართრიტი), შაქრიანმა დიაბეტმა კი შესაძლოა სანერწყვე ჯირკვლების, უმთავრესად – ყბაყურას, უმტკივნეულო გადიდება გამოიწვიოს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თუ ექიმი სანერწყვე ჯირკვლის დახშობას ეჭვობს, შესაძლოა, საჭიროდ მიიჩნიოს სადინარის გაფართოება, რათა კენჭის გავლა გაადვილდეს. კალციფიცირებული კენჭების დანახვა შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს.

თუ სანერწყვე ჯირკვალში გარკვეული მასა ჩანს, ტარდება CT ან MRI, საჭიროებისამებრ – ასპირაციული ბიოფსია წვრილი ნემსით, იშვიათად – რენტგენი ყბაყურა ჯირკვლის სადინარში საღებავის შეყვანით (სიალოგრამა). როგორც ალტერნატივა, სანერწყვე სადინარების დასათვალიერებლად, კენჭებით ან სტენოზით გამოწვეული ობსტრუქციის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება მცირე ზომის ენდოსკოპები – სიალენდოსკოპები.

მცირე სანერწყვე ჯირკვლების შესასწავლად, მაგალითად, შეგრენის სინდრომის გამოსავლენად, შესაძლოა საჭირო გახდეს ტუჩის ბიოფსია.

მკურნალობა პრობლემის ბუნებაზეა დამოკიდებული. თუ ის გამოწვეულია დაავადებით ან დარღვევით, რომელიც მოიცავს მთელ სხეულს და არა ერთ იზოლირებულ უბანს, მაშინ ძირითადი პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუ დარღვევა დაკავშირებულია სანერწყვე ჯირკვლის ობსტრუქციასთან ან ინფექციასთან, შესაძლოა დაინიშნოს ანტიბიოტიკები და პაციენტს მეტი სითხის მიღება ურჩიონ.

თუ სანერწყვე ჯირკვალში წარმონაქმნი განვითარდა, შესაძლოა, მისი ამოკვეთა ჯობდეს. ყბაყურა ჯირკვლის სიმსივნეთა უმეტესობა კეთილთვისებიანია. თუ წარმონაქმნი ავთვისებიანი აღმოჩნდა, ზოგჯერ შესაძლებელია მისი ისე ამოკვეთა, რომ პირის ღრუსა და თვალის კუნთების მამოძრავებელი სახის ნერვის უმეტესი ნაწილი შენარჩუნდეს. ზოგჯერ ოპერაციის შემდეგ 4–6 კვირაში რეკომენდებულია სხივური თერაპიის ჩატარება. იგივე პრინციპები ვრცელდება ყბისქვეშა ან მცირე სანერწყვე ჯირკვლებში არსებულ წარმონაქმნებზე.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: