საუკეთესო მეგობარი

გააზიარე:

მეგობრების შეძენა ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მეგობრული კავშირები მას სძენს საჭირო ცხოვრებისეულ უნარებს – ასწავლის ეფექტურ კომუნიკაციას, დათმობას, კონფლიქტების მოგვარებას და საკუთარი აზრებისა და გრძნობების კონსტრუქციული გზით გამოხატვას. მეგობრებთან ურთიერთობით ბავშვს თვითშეფასებაც უმაღლდება და მეტად თავდაჯერებული ხდება. მეგობრების წრე ეხმარება მას სტრესული სიტუაციებისთვის თავის გართმევაში და დადებითად მოქმედებს მის მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ვინ არის საუკეთესო მეგობარი

საუკეთესო მეგობარი ის ადამიანია, ვინც ნებისმიერ ასაკში ძვირფასია შენთვის. საუკეთესო მეგობარი ნიშნავს თანადგომას და მტკიცე საყრდენს, რაც ასე სჭირდება ემოციურად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ბავშვს. საუკეთესო მეგობართან ურთიერთობა გასაღებია სხვა, არცთუ ისე ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაციისა.

ზოგი ბავშვი პატარაობიდანვე ერთ თანატოლს უახლოვდება სხვებზე მეტად. ზოგიერთ მშობელს აწუხებს ის ფაქტი, რომ მათი შვილი მხოლოდ ერთთან მეგობრობს, თუმცა ისეთი მშობლებიც არსებობენ, რომლებმაც იციან, რა ბედნიერებაა საუკეთესო მეგობრის ყოლა და გულით უხარიათ,  რომ მათ შვილსაც ჰყავს ასეთი გამორჩეული მეგობარი.

რითია კარგი საუკეთესო მეგობრის ყოლა, აქვს თუ არა მას უარყოფითი მხარეები და როგორ მოვიქცეთ მშობლები, რომ შვილს სხვა ბავშვებთან ურთიერთობა გავუადვილოთ?

მოდი, ვიმეგობროთ

კვლევის თანახმად, ზრდასრულ ადამიანებს დაახლოებით 50 საათი სჭირდებათ, რათა უბრალო ნაცნობებიდან კარგ ნაცნობებად იქცნენ, 90 საათი – რათა ერთმანეთი ნამდვილ მეგობრებად მიიჩნიონ და 200 საათზე მეტი – რათა ემოციური კავშირის მქონე ახლო მეგობრები გახდნენ. ბავშვებს კი შეუძლიათ, სულ ორიოდე საათი გაატარონ ერთად და საუკეთესო მეგობრებად დაშორდნენ ერთმანეთს.

მეგობრული კავშირები გადამწყვეტ როლს ასრულებს ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევის პროცესში. ბავშვები, რომლებსაც მეგობრები ჰყავთ, ნაკლებად განიცდიან მარტოობას, ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ და უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ.

ბავშვებს, რომლებიც რთულ, პრობლემურ ოჯახებში იზრდებიან, ახლო მეგობრების ყოლა სტრესის დაძლევას უადვილებს. ბავშვები, რომლებსაც მტკიცე მეგობრული ურთიერთობები აქვთ, ფსიქოლოგიურად გაცილებით მდგრადები არიან და ოჯახურ პრობლემებთან გამკლავების უკეთესი უნარით გამოირჩევიან.

რომელი ჯობია

მეგობრების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, მისი სოციალური უნარების ჩამოყალიბებისთვის. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მეგობარი ერთი იქნება თუ ბევრი.

თანატოლების, ისევე როგორც მასზე უფროსებისა და მასზე უმცროსების ფართო წრესთან ურთიერთობა აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიური ადაპტაციისთვის, მისი მენტალური კეთილდღეობისთვის, თუმცა მხოლოდ ერთი ან ორი საუკეთესო მეგობრის ყოლაც არანაკლებ სასარგებლოა.

ბავშვს აუცილებლად სჭირდება მონათესავე სული, რომელიც ყველაზე უკეთ გაუგებს და ჭირსა და ლხინში მის გვერდით იქნება, მაგრამ განსხვავებული ინტერესებისა და ასაკის ბავშვებთან ურთიერთობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

საუკეთესო მეგობრის ყოლას მოაქვს უნიკალური სიახლოვის განცდა, იმის რწმენა, რომ ვიღაცას სჭირდები, ხოლო მეგობრების ფართო და მრავალფეროვანი წრე საშუალებას აძლევს ბავშვს, განივითაროს გუნდური მუშაობის უნარები, ემპათია სხვადასხვა ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების ადამიანების მიმართ, თუ ჯგუფში ყველაზე უფროსია – ისწავლოს უმცროსებზე ზრუნვა, პასუხისმგებლობის აღება და ლიდერობა.

ერთი, მაგრამ ძალიან ახლო მეგობრის ყოლას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, როცა მეგობრობა სრულდება, ბავშვს განსაკუთრებით უჭირს მოზღვავებულ გრძნობებთან გამკლავება. მას ერთდროულად უტევს ბრაზი, მარტოობა, ღალატის სიმწარე, თავს უარყოფილად და მიტოვებულად გრძნობს. დანაკარგის შეგრძნება ამ შემთხვევაში გაცილებით ძლიერია, ვიდრე მაშინ, როცა ბავშვს ჰყავს სხვა მეგობრებიც, რომლებსაც შეუძლია თავისი გრძნობები გაუზიაროს.

მშობლის როლი

ზოგი ბავშვი ადვილად იძენს მეგობრებს, ზოგი კი ძნელად. ასეთებს უნდა ავუხსნათ, რომ მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყაროს, რადგან საუკეთესო მეგობრის პოვნა არასოდეს არის გვიანი.

თუ ხედავთ, რომ თქვენს შვილს შეუძლია სხვა ბავშვებთან დამეგობრება, პოზიტიური სოციალიზაცია, არ არის საკუთარ თავში ჩაკეტილი და მარტოსული, არ შეზღუდოთ, მიეცით საშუალება, რაც შეიძლება მეტი მეგობარი შეიძინოს.

თუ თქვენს შვილსა და მის საუკეთესო მეგობარს შორის ურთიერთობა გაწყდა და ხედავთ, რომ ბავშვი ამას განიცდის, მისი ყოფილი მეგობარი არ გალანძღოთ; ფრთხილად ჩამოუგდეთ სიტყვა შვილს მომხდარის შესახებ და, რაც მთავარია, ყურადღებით მოუსმინეთ. ის ნებით თუ უნებლიეთ თვითონვე გიკარნახებთ, რა სახის დახმარება სურს თქვენგან – რჩევა თუ მხოლოდ ჩახუტება. გამოიჩინეთ ტაქტი, რადგან საუკეთესო მეგობართან ურთიერთობის გაწყვეტა დიდი სტრესია ბავშვისთვის – ის ხომ ჯერ არ არის მიჩვეული ერთ დროს ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის დასრულებას.

თუ ხედავთ, რომ ბავშვს უჭირს ახალი ურთიერთობების დამყარება და თავს გარიყულად გრძნობს, ეცადეთ, დაეხმაროთ სოციალური უნარების ჩამოყალიბებაში, თუნდაც როლური თამაშების საშუალებით; ერთად მოძებნეთ ბავშვების წრე, სადაც თქვენი შვილი თავს თავისუფლად იგრძნობს; აპოვნინეთ ჰობი, რომელიც სიამოვნებას მოჰგვრის და მსგავსი ინტერესების მქონე თანატოლებთანაც  დააკავშირებს.

ოღონდ, ამ ყველაფერთან ერთად, ეცადეთ, ზედმეტად არ ჩაერიოთ ბავშვის სოციალურ ცხოვრებაში. დაუტოვეთ პირადი სივრცე, სადაც ის ისწავლის თანასწორ ურთიერთობას, შეიძენს საკუთარი თავის რწმენას და ფსიქოლოგიურად მოემზადება ზრდასრული, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: