გადაწყვეტილება, სახელად „არა“

გააზიარე:

რატომ უნდა შეგვეძლოს და ბავშვებსაც ვასწავლოთ უარის თქმა

მთელი სიცოცხლის განმავლობაში უამრავი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ზოგჯერ ნების გამოსახატავად მხოლოდ დასტური ან უარიც საკმარისია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უარის თქმა ეძნელებათ და ეს ხშირად მათვე აზარალებს.

რატომ უნდა შეგვეძლოს "არას" თქმა, როგორ ვისწავლოთ და ვასწავლოთ ბავშვებსაც მტკიცე უარი, ამის შესახებ პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრ IDC-ს მმართველი პარტნიორი, ფსიქოთერაპევტი მამუკა ბადრიძე გვესაუბრა:

– ყველა ადამიანი ბედნიერებისთვის არის დაბადებული, ბედნიერება კი წარმოუდგენელია საკუთარ თავთან ჰარმონიის გარეშე. უნდა ვეცადოთ, ყოველთვის თანხმობაში ვიყოთ საკუთარ თავთან, ვიცხოვროთ ისე, როგორც მოგვწონს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა სხვისი ცხოვრებისა თუ თავისუფლების ხელყოფის ხარჯზე. როცა ადამიანი, გარკვეული საკითხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ვერ ამბობს "არას", ის საკუთარ თავს ომს უცხადებს, შინაგანი კონფლიქტი ეწყება და თუ კარგისა და ცუდის შესახებ თავისივე წარმოდგენების წინააღმდეგ წავიდა, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას დაკარგავს.

"არას" უთქმელობის საზღაური

– საჭირო დროს "არას" უთქმელობა არასასურველ მდგომარეობაში გვაყენებს: გვიწევს იმის კეთება, რაც არ გვინდა, ვასრულებთ სამუშაოს, რომელიც არ მოგვწონს, კვერს ვუკრავთ იმას, ვისაც არ ვეთანხმებით.

ადამიანები, რომლებმაც "არას" თქმა არ იციან, არცთუ იშვიათად მანიპულაციის ობიექტები ხდებიან.

ზოგი მსხვერპლად, სიტუაციის მძევლად გრძნობს თავს, მაგრამ "არას" უთქმელობა საქებარ თვისებად მიაჩნია. მისი ტანჯვა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა მიხვდება, რომ უარის თქმის სრული უფლება აქვს და ეს სამარცხვინო და საძრახისი არ არის.

– როგორ აისახება "არას" თქმის უუნარობა სხვებთან ურთიერთობაზე?

– როცა ადამიანს უარის თქმა არ შეუძლია, ის უარყოფით განწყობებს საკუთარ თავში ახშობს. "არას" უთქმელობით გამოწვეული უარყოფითი მუხტი არსად იკარგება. მსგავსი სიტუაციის ხშირი გამეორება მის ჯანმრთელობასაც ემუქრება და ბოღმის, წყენისა თუ უსამართლო ბრალდების სახით მის ახლობლებზეც ვრცელდება.

მიზეზები

– რატომ უჭირთ ადამიანებს უარის თქმა?

– ამას არაერთი მიზეზი აქვს. მაგალითად:

* ადამიანს არ გააჩნია მკაფიო წარმოდგენა იმაზე, რა სურს სინამდვილეში;

* ჰგონია, რომ "არას" თქმით თავად მთხოვნელსაც უარყოფს;

* აქვს დაბალი თვითშეფასება;

* ერიდება კონფლიქტს, მაგალითად, პარტნიორთან ან უფროსთან;

* ეშინია, რომ თუ მომავალში თვითონ დასჭირდა რამე მთხოვნელისგან, უარს მიიღებს;

* ემორჩილება მოძველებულ სტერეოტიპს, რომლის თანახმადაც, საზოგადოებაში უარყოფითი გრძნობების გამოხატვა დაუშვებელია;

* არ გააჩნია მტკიცე პირადი საზღვრები, რაც ხელს უშლის პრიორიტეტების განსაზღვრასა და იმის გარკვევაში, როდის უნდა თქვას "არა" და როდის – "კი";

* აღზრდილია ავტორიტეტული მშობლების მიერ, რომლებიც მის აზრს არ ითვალისწინებდნენ და არ აქვს გამომუშავებული თავისი პოზიციის დაცვის უნარი.

როგორ მივხვდეთ

– როგორ მივხვდეთ, რომ "არას" უთქმელობა პრობლემად გვექცა?

– თუ "კის" თქმის დროს თავს ცუდად გრძნობთ, რადგან ეს "კი" თქვენს შეხედულებებს ეწინააღმდეგება და მაინც ვერ ამბობთ "არას", ეს იმაზე მიანიშნებს, რომ უარის თქმა არ შეგიძლიათ.

დააკვირდით თქვენს შეგრძნებებსაც. თუ თხოვნაზე დადებითი პასუხის გაცემის დროს კუნთები დაძაბული გაქვთ და მუცლის მიდამოში დისკომფორტს განიცდით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ "არა" უნდა გეთქვათ.

როცა ზეწოლას გრძნობთ, ნუ დანებდებით. დაფიქრდით და მშვიდად გაიაზრეთ, რის თქმა გსურთ სინამდვილეში – "კის" თუ "არასი". როგორც კი პასუხის გაცემამდე პაუზის გაკეთებას ისწავლით, იგრძნობთ, რომ სიტუაციას აკონტროლებთ, რაც შემდგომში თავდაჯერებას შეგმატებთ.

"არას" შემდეგ

– "არას" თქმასა და უთქმელობას სხვადასხვა შედეგი მოსდევს: როცა იმას აკეთებთ, რასაც მიზანშეწონილად მიიჩნევთ და ამის გამო ვინმე ნაწყენი რჩება, ეს მისი პრობლემაა, ხოლო თუ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც არ გინდოდათ, მაშინ, თქვენთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების გამო, საკუთარ თავზეც გაბრაზდებით და იმ ადამიანზეც, ვინც ამის გაკეთება გაიძულათ.

წყენის ან აშკარა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ზოგი ადამიანი მისთვის არასასურველ თხოვნაზე პასუხის გაცემას აჭიანურებს, იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში თხოვნა თავისთავად დაკარგავს აქტუალობას. მაგალითად: "მოვიფიქრებ", "ხვალ დამირეკე", "ამ დღეებში შემეხმიანე"... თუმცა, დაუკონკრეტებელი პასუხის შემთხვევაში მთხოვნელს ჰგონია, რომ დადებით პასუხს ახლა თუ არა, მოგვიანებით მაინც მიიღებს და კიდევ და კიდევ მოგმართავთ იმავე თხოვნით, ამიტომ ბუნდოვან პასუხს ყოველთვის სჯობია, ადამიანს პირდაპირ, თუნდაც რბილად, ვუთხრათ უარი.

პოზიტიური უარი

– როგორ მოვახერხოთ უარის თქმა ისე, რომ ადამიანი არ გავანაწყენოთ?

– არსებობს პოზიტიური უარის რამდენიმე ტექნიკა:

* პირველი ნაბიჯი საკუთარი თვალსაზრისის შეცვლაა. უარის თქმა უხეშობის გარეშე უფრო მეტ პატივისცემას იწვევს, ვიდრე მუდმივი „დიახ“.

* გამოხატეთ დახმარების სურვილი და გამოიყენეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: “მე ნამდვილად მინდა შენი დახმარება”, “ამ პრობლემას მშვენივრად ვიცნობ”, “ამ საკითხზე სიამოვნებით ვიმუშავებდი”.

* თქვენი უარის მიზეზი ახსენით უბრალო სიტყვებით: "დღეს ისეთი დავალება მივიღე, რომ ვეღარ დაგეხმარე" ან "სასწრაფოდ მომიწია სხვაგან წასვლა". იმსჯელეთ მხოლოდ ფაქტებით, იყავით გულწრფელი და ნუ მოძებნით ისეთ თავის გასამართლებელ მიზეზს, როგორიცაა, მაგალითად, მოუცლელობა.

* შესთავაზეთ დახმარების სხვა ვარიანტი ან კომპრომისული გადაწყვეტილება. მაგალითად: "შენს ამბავს იქნებ ორშაბათს დავუბრუნდეთ, ამ დროისთვის შენი დახმარების დრო მექნება" ან "იქნებ ჩვენი საუბარი სახვალიოდ გადაგვედო, უფრო მეტ დროს გამოვნახავდი შენთვის".

ვისწავლოთ „არას“ თქმა

– სურვილის შემთხვევაში ადამიანს საკუთარი ქცევის შეცვლა ხელეწიფება.

უარი მხოლოდ თავდაჯერებულად კი არა, სწორადაც უნდა ვთქვათ – თავაზიანად, ტაქტიანად, აგრესიის გარეშე, მაგრამ მტკიცედ. გამოვხატოთ წუხილი და უარის მიზეზი მივუთითოთ. "არას" თქმის სწავლაში ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ოჯახი ან მეგობართა წრე, ისეთი ადამიანების გარემოცვა, რომლებიც მისგან უარსაც კეთილგანწყობით მიიღებენ.

პრაქტიკული რჩევები

* გაითვალისწინეთ, რომ თხოვნაზე უარის თქმა გაცილებით იოლია, როცა უარი წინასწარ გაქვთ დაგეგმილი.

* დაიწყეთ ელემენტარული სიტუაციებით, მაგალითად, უთხარით "არა" გამყიდველს, რომელიც ისეთ ნივთს გთავაზობთ, რომლის ყიდვაც არ გქონდათ დაგეგმილი. "არას" ხშირი გამეორებით ისწავლით უარის თქმას მაშინ, როდესაც დათანხმება თქვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ვასწავლოთ ბავშვებს

– დარწმუნებული ვარ, ყველა მშობელს უნდა, რომ როდესაც მის შვილს შესთავაზებენ პირველ სიგარეტს, ალკოჰოლს, ნარკოტიკს, მას უყოყმანოდ შეეძლოს უარის თქმა.

ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა იცოდეს, რომ კარგია, თუ ყოველთვის იტყვის თავის სათქმელს, არ მოექცევა ვისიმე ზეგავლენის ქვეშ, არ წავა ზნეობრივ კომპრომისზე, არ იქნება დამოკიდებული სხვის აზრზე და რაც არ მოსწონს, იმაზე არ დათანხმდება, მშობლებმა კი პატივი უნდა სცენ შვილის არჩევანს.

ყველაზე მეგობრული და უსაფრთხო გარემო, სადაც შეგვიძლია, შვილებს "არას" თქმა ვასწავლოთ, სწორედ ოჯახია. თუ ჩვენი შვილები ჩვენ ვერ გვეუბნებიან უარს, ისინი უარს ვერ ეტყვიან ვერავის.

თუ ბავშვს "არას“ თქმის რეალური მიზეზი აქვს, მშობლებმა ის აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მათ პატარაობიდანვე უნდა სცენ პატივი შვილის სურვილებს და თავს არ მოახვიონ საკუთარი აზრი. მშობლები მზად უნდა იყვნენ, რომ შესაძლოა, ბავშვმა უარყოს ან გააკრიტიკოს მათი პოზიცია, არ გაიზიაროს მშობლების წარმოდგენა მის მეგობრებზე, უარი თქვას მათთვის სასურველ სპორტულ თუ სახელოვნებო კლუბში სიარულზე. ეს ნორმალურია, ამის მიღებით პატივს ვცემთ ბავშვის პიროვნულ თავისუფლებას. ასეთი დამოკიდებულების შედეგად ის გაიზრდება პიროვნებად, რომელსაც არ გაუჭირდება "არას" თქმა და თავს არავის დააჩაგვრინებს.

მტკიცე უარი

– ბავშვს უარის თქმის არ უნდა ეშინოდეს. მან უნდა იცოდეს, რომ უარის გამეორება საჭიროა მანამდე, სანამ საბოლოოდ არ გაუგებენ. სასურველია, სიტყვიერი "არა" განამტკიცოს სხეულის ენით, ინტონაციით, მზერით. თუ მაინც ვერ გაუგეს, სრული უფლება აქვს, იმოქმედოს საკუთარი ნებისამებრ და არ დაელოდოს, მიიღებენ თუ არა მის უარს. "არა" მხოლოდ სიტყვა კი არა, თავისუფალი არჩევანის გამოხატვის ფორმაა. "არა" – ეს არის ადამიანის პრინციპი, მისი პოზიცია და უფლება.

ამასთან, ბავშვს მარტივად, გასაგებად უნდა ავუხსნათ, რომ საკუთარი სხეულის ბატონ-პატრონი თვითონ არის, ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ კონტაქტთან (სხეულზე შეხება, ჩახუტება, კოცნა, კონტაქტური თამაში), უფლება აქვს, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს უთხრას "არა", მასწავლებელი იქნება ის, ნათესავი, პოლიციელი თუ მშობელი.

ის, ვისაც "არას" თქმა შეუძლია, უწინარესად პირად უსაფრთხოებაზე ზრუნავს. "არა" სიმხდალე კი არა, სიფრთხილე და წინდახედულობაა. "არას" თქმას ხანდახან იმაზე მეტი გამბედაობა სჭირდება, ვიდრე უმრავლესობასთან დათანხმებას, რადგან გუნდთან ან ავტორიტეტთან დაპირისპირება გაცილებით ძნელია, ვიდრე აყოლა.

"არა" მძლავრი იარაღია ბავშვის ხელში, ვინაიდან ვისაც "არას" დროულად თქმა შეუძლია, ის ყოველთვის შეძლებს საკუთარი სიტყვებისა თუ ქმედებების კონტროლს, რაც დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას, სხვების პატივისცემას მოუპოვებს.

ხანდახან ბავშვებს ჰგონიათ, რომ ვინმესთვის თხოვნაზე უარის თქმა ამ ადამიანის, მისი მეგობრობისა თუ კარგი დამოკიდებულების უგულებელყოფას ნიშნავს. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ასე არ არის. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს, რომ თხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში მიატოვებენ ან უარყოფენ. მან უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას მხარს დაუჭერენ.

– როგორ დავიცვათ ოქროს შუალედი, რომ ბავშვმა ყველაფერზე "არა" არ იძახოს?

– თუ ბავშვი იგრძნობს, რომ მშობლები მის არჩევანს, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, პატივისცემით ეკიდებიან, მას აღარ გაუჩნდება პროტესტის გრძნობა და მის "არასა" და "კის" შორის ყოველთვის იქნება ბალანსი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "არას" თქმის უნარის გამომუშავება იმავდროულად "კის" თქმის უნარის შეძენაცაა.

კარგი იქნება, მშობლებმა ეს ყველაფერი საკუთარ მაგალითზე აუხსნან, უამბონ, როგორ ისწავლეს მათ ასაკში "არას" თქმა და რა ძნელი, მაგრამ აუცილებელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა.

იმ ადამიანისგან, რომელიც საკუთარ პოზიციას მტკიცედ გამოხატავს, საზოგადოებას უარი არ სწყინს. პირიქით, მის აზრს ანგარიშს უწევს და პატივს სცემს. როგორც მათე მახარებელი ამბობს, ჩვენი "ჰო" უნდა ნიშნავდეს "ჰოს" და "არა" უნდა ნიშნავდეს "არას".

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: