ზღვაზე დასვენება
გააზიარე:
ზაფხულია, ცხელა, ცხელა...
პატარა ონავრებისთვის ზაფხული არდადეგებისა და, რაღა თქმა უნდა, თავაწყვეტილი გართობის დროა. ვაშაა!.. ივლისში – აგარაკზე, აგვისტოში – ზღვაზე! ერთი სიტყვით, თავგადასავლების სეზონი იწყება!
მშობლებს ისღა დარჩენიათ, ხელი დაავლონ პატარებს და მათთან ერთად გაუყვნენ მხიარულების სამყაროსკენ მიმავალ გზას.
მკურნალი ტალღები და ქვიშის კოშკები
არსებობს მოსაზრება, რომ მცირე ასაკის ბავშვის ზღვაზე წაყვანა მიზანშეწონილი არ არის. ეს აზრი სიმართლეს მაინცდამაინც არ შეესაბამება. თოთო პაწიასთან ერთად პლაჟზე ნებივრობა მართლაც ძნელია, მაგრამ თუ დედიკო მოინდომებს (და, რა თქმა უნდა, მამიკოც ხელს შეუწყობს), პაწაწუნაც ისიამოვნებს ალერსიანი ტალღების შეხებით.
ნუ იტყვით და ზღვის წყალი საუკეთესო მკურნალი ყოფილა. ასე რომ არ იყოს, არავინ გამოიგონებდა მკურნალობის ისეთ მოდურ მეთოდს, როგორიც თალასოთერაპია ანუ ზღვით მკურნალობაა.
მაინც რა შეუძლია ზღვას?
. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლასა და ენდოკრინული სისტემის მუშაობას.
ზღვის წყალი მდიდარია სამკურნალო მაკრო- და მიკროელემენტებით (იოდით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, გოგირდით და ა.შ.), რომელთა ნაერთებიც ასტიმულირებენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ამდენად, ზღვაში ბანაობა ორგანიზმის მოძლიერებასა და გაკაჟებას უწყობს ხელს.
. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და ინტელექტზე.
ზღვის მარილში შემავალი ბრომი და მაგნიუმი ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ძილს. ზღვაში ერთკვირიანი ჭყუმპალაობა კმარა, რომ მომატებული ქალასშიდა წნევა, რომელიც ბავშვებში ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა, უკვალოდ ქრება, ხოლო იოდი, რომლითაც გაჯერებულია ზღვაც და მისი მისი ანაორთქლი ჰაერიც, აუცილებელი ელემენტია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისთვის. თავის მხრივ, თირეოიდული ჰორმონები გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე. ამიტომაც არის, რომ ბავშვი, რომელსაც იოდის უკმარისობა აღენიშნება, ზრდითაც ჩამორჩება და გონებრივი განვითარებითაც.
. ზრდის ჰემოგლობინის დონეს.
ზღვის მარილი აუმჯობესებს ძვლის ტვინის ფუნქციას. ამის კვალობაზე, ჰემოგენეზიც (სისხლის წარმოქმნა) აქტიურად მიმდინარეობს და ერითროციტებიც (ჰემოგლობინის შემცველი სისხლის უჯრედები) სათანადო რაოდენობით წარმოიქმნება. ამდენად, ზღვაზე დასვენება პაწიასთვის ანემიის (სისხლნაკლებობის) პროფილაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
. ახდენს ბრონქებისა და ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკას. ეგებ შეგიმჩნევიათ კიდეც, რომ ზღვისპირეთში შვებით სუნთქავთ. ეს იმიტომ, რომ ზღვის ჰაერი მეტისმეტად სუფთაა და, რაც მთავარია, გაჯერებულია ზღვის მარილის თვალით უხილავი ნაწილაკებით, რომლებიც სასუნთქ გზებს მალამოდ ედება. დღის განმავლობაში ბავშვი 10 მილიონამდე ასეთ ნაწილაკს ჩაისუნთქავს. ამგვარი “ინჰალაცია“ პაწიას ორგანიზმს უთუოდ წაადგება.
ქვიშაში თამაში პლაჟზე გამოფენილი პატარებისთვის საუკეთესო თავშესაქცევია. გარდა ამისა, ქვიშა საკმაოდ ძლიერ სამკურნალო ეფექტს ავლენს – მისი თითოეული ნაწილაკი ზღვის მარილის აპკით არის დაფარული. ერთი სიტყვით, რაღა ზღვაში უჭყუმპალავია ონავარს და რაღა პლაჟის ბარხანებში უნებივრია! ოღონდ თვალი ადევნეთ, რომ ღრმად არ ჩაეფლოს, რადგან ქვიშის ქვედა ფენა ცივი და ნოტიოა. უმჯობესია, ბავშვს თბილი ქვიშა ფეხებსა და მუცელზე დააყაროთ, ხოლო თავი, ხელები და გულმკერდი თავისუფალი დაუტოვოთ და ასე გააჩერეთ 5-7 წუთი. ამგვარი თერაპია პაწიას კანს, სახსრებსა და კუნთებს დაამშვიდებს, მოადუნებს და გაათბობს.
და კიდევ: რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ზღვის წყლის მარგებლობაზე, მისი გადაყლაპვა არამც და არამც არ შეიძლება. ყველაზე კამკამა წყალიც კი სავსეა ნაწლავური ინფექციისა და A ჰეპატიტის (ბოტკინის დაავადების) გამომწვევი მიკროორგანიზმებით. თუკი ბავშვს ზღვის მარილის ინჰალაცია ან სავლები დაუნიშნეს, ხსნარი შინ მოამზადეთ: აფთიაქში შეიძინეთ ზღვის მარილი, დაასხით ჭიქა მდუღარე და გამოავლეთ ან ასუნთქეთ პატარას.
სასარგებლო სხივები
მზის სხივებს, ისევე როგორც ზღვის წყალს, უამრავი სამკურნალო თვისება აქვს: აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მხედველობაზე, ახდენს რაქიტის პროფილაქტიკას. თუმცა მოდით, ამ უკანასკნელზე საგანგებოდ შევჩერდეთ.
ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით კანში D ვიტამინი წარმოიქმნება, რომელიც, თავის მხრივ, ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს, კალციუმი კი აუცილებელი ელემენტია ძვლებისა და კბილებისთვის, გარდა ამისა, მონაწილეობს სისხლის შედედებაში და სხვადასხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფერმენტის შემადგენლობაშიც შედის. ასე რომ, D ვიტამინი პაწიას ჰაერივით სჭირდება. შესაბამისად, სჭირდება მზის სხივებიც.
სამ წლამდე
ამრიგად, ზღვაზე დასვენება ბავშვისთვის მეტად სასარგებლოა, თუმცა წლამდე ასაკის პაწიებისთვის დიდად სასურველი მაინც არ გახლავთ. თუკი მაინც გადაწყვეტთ, თვეების პატარა აზვირთებული ტალღების მშვენიერებას აზიაროთ, გარკვეული უსაფრთხოების წესებიც უნდა დაიცვათ. პირველ რიგში, შევთანხმდეთ, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება მავნეა. მზის საჭირო დოზას ის ჩრდილშიც შესანიშნავად მიიღებს.
პაწიას კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე და სათუთია: მასში ცოტაა მელანოციტი – უჯრედი, რომელიც პიგმენტ მელანინს შეიცავს. რაც მეტია ასეთი უჯრედი (და, შესაბამისად, მელანინი) კანში, მით უფრო ინტენსიურია ნარუჯი. მცირე ასაკის ბავშვს (ისევე, როგორც ქერებსა და წითურებს) კი გარუჯვისთვის პიგმენტი არ ჰყოფნის, კანს ვეღარაფერი იცავს მზის სხივებისგან. მის დაზიანებას ისიც უწყობს ხელს, რომ პაწიებს კანის ზედაპირული შრე მოზრდილებთან შედარებით ორჯერ თხელი აქვთ. ასე რომ, მცირე ასაკის ბავშვის კანს მეტად სათუთი მოვლა სჭირდება:
. თუკი პატარა ჯერ წლისაც არ არის, შეუხსენით საფენი და ქოლგის ქვეშ წამოაკოტრიალეთ, კანის ნაკეცებზე კი პუდრი მიაყარეთ. აჯობებს, პაწია გაუნძრევლად კი არ იწვეს ერთ ადგილას, არამედ ითამაშოს, იხოხოს, წამოჯდეს... ასე მზის სხივები კანზე უფრო ეფექტურად იმოქმედებენ.
. ბავშვმა, ისევე, როგორც მოზრდილმა, მზეზე თავდაპირველად ძალიან ცოტა დრო უნდა გაატაროს. პაწიას ორგანიზმი მზის სხივებს (თუნდაც მოჩრდილულსა და გაბნეულს) რომ შეაჩვიოთ, ჯერ 20 წუთით (თუ შავგრემანია, ნახევარი საათითაც) გააჩერეთ პლაჟზე, შემდეგ კი უფრო და უფრო მეტხანს.
. წლის შემდეგ სასურველია, ბავშვს კანზე გარუჯვის საწინააღმდეგო სპეციალური საბავშვო კრემი გადაუსვათ, რომლის დამცავი ინდექსი 20-30-ს მაინც უტოლდება. დამცავი კრემის წასმა სასურველია ყოველი ბანაობის შემდეგ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს არამც და არამც არ გამოადგება მოზრდილებისთვის განკუთვნილი კანის მოსავლელი საშუალებები. შეუფერებელი კოსმეტიკა პაწიას კანს გაუღიზიანებს და შეიძლება, ალერგიაც დამართოს.
. პლაჟიდან დაბრუნდებით თუ არა, ბავშვს კანზე გარუჯვის შემდგომ სახმარი კრემი გადაუსვით. უმჯობესია, იგი E ვიტამინს შეიცავდეს.
საზღვაო ეკიპირება
მზის აგრესიისგან დამცავი კრემების გარდა ბავშვს უთუოდ დასჭირდება თხელი ქუდი (პანამა), უმჯობესია, თეთრი (ეს ფერი უკეთესად ირეკლავს მზის სხივებს). ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია სათვალეც. ურომლისოდაც ბავშვს შეიძლება მხედველობა დაუზიანდეს: მზის სხივები აგრესიულ ზემოქმედებას ახდენს თვალის ბროლზე და მის შემღვრევას – კატარაქტას – იწვევს, რაც, თავის მხრივ, მხედველობას საგრძნობლად აქვეითებს. ასეც რომ არ იყოს, მზის კაშკაშა სინათლე თვალებს გვარიან დისკომფორტს უქმნის: ჭრის, ატკივებს, აწითლებს და ცრემლს ადენს.
ბავშვისთვის მზის სათვალის შერჩევისას უპირატესობა ყვითელმინებიანს მიანიჭეთ. ნაკლებად ეფექტურია ყავისფერი, დაბურულმინებიანი და მწვანე ფილტრის მქონე სათვალე. აი, ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი და იისფერი ლინზები კი სრულებით გამოუსადეგარია. ისინი არამცთუ არ ფილტრავენ მავნე ულტრაიისფერ სხივებს, მათ კონცენტრირებასაც კი ახდენენ.
დაბოლოს, დაიხსომეთ: მზის აბაზანების მიღება არ შეიძლება ზღვიდან ამოსვლისთანავე, უშუალოდ კვების შემდეგ და არც მაშინ, როცა პაწიას შია, ხოლო თუკი ბავშვი ზღვაზე წაყვანამდე ცოტა ხნით ადრე ავად იყო, სანამ პლაჟზე გაიყვანთ, სასურველია, ნებართვისა და კონსულტაციისთვის პედიატრს დაუკავშირდეთ.
ყველანი წყალში!
სადაც არ უნდა ჭყუმპალაობდეს ბავშვი – ზღვის ტალღებში თუ კამკამა აუზში, ყველგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. პირველ რიგში – იმისთვის, რომ არ დაიხრჩოს, მაგრამ ამ შემთხვევაში კანის დაცვა გვაქვს მხედველობაში.
გაითვალისწინეთ:
. პატარას მზის აგრესია ცურვის დროსაც ემუქრება. წყალში გაგრილებულ ბავშვს ექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი დაცულია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, ამიტომ თავს უზრუნველად გრძნობს, რაც მეტ საშიშროებას უქმნის მის მგრძნობიარე კანს.
თუკი პატარა ონავარი წყლიდან ვერ ამოგყავთ, ეცადეთ, წყალმედეგი დამცავი საცხი შეურჩიოთ. ასეთ კრემს წარწერა “ჭატერპროოფ“ ამშვენებს. იგი ბავშვს ულტრაიისფერი სხივებისგან წყალშიც დაიცავს.
. ბანაობის შემდეგ, დააპირებთ თუ არა შინ წასვლას, ბავშვს ტანი გულდასმით შეუმშრალეთ (ოღონდ ნუ დაზელთ) და კანზე გარუჯვის შემდგომ სახმარი კრემი ან საბავშვო კოსმეტიკური რძე გადაუსვით.
***
ზაფხულობით ბავშვის სათუთი კანი იოლად ღიზიანდება და შრება, ამიტომ წლის ამ დროს მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, თანაც არა მარტო პლაჟზე ნებივრობისას, არამედ მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით – საღამოს აბაზანის დროს.
. ბავშვის დასაბანად უთუოდ სააბაზანო ქაფი გამოიყენეთ. ის სხეულზე წარმოქმნის დამცავ ფენას, რომელიც კანს შემდგომი გამოშრობისგან იცავს.
. ბავშვი ყოველ საღამოს აბანავეთ, თუმცა ძალზე სასარგებლოა შუადღის აბაზანაც. წყლის ტემპერატურა წლამდე პატარასთვის – 36-37 გრადუსი, ხოლო შედარებით მოზრდილებისთვის 25-27 გრადუსი უნდა იყოს.