DIY – ნიღბები - რელაქსაცია სახისთვის

გააზიარე:

კანი დაჭიმული და გამომშრალი გაქვთ? დიდი ხანია, ჯანსაღი იერიც დაკარგა? ნუ იდარდებთ, მაცივარი გამოაღეთ და მის შიგთავსს თვალი გადაავლეთ – აუცილებლად იპოვით რამე ისეთს, რაც თქვენს კანს მოუხდება. "Do it yourself" ნიღბების რეცეპტებს კი ჩვენ შემოგთავაზებთ.

გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით კანი შრება და უსიცოცხლო იერი ედება, ყველაზე მძიმე გამოცდა კი ზაფხულში ელის – მაღალი ტემპერატურა, ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივება, რუჯი, კონდიცირება, ქლორიანი წყალი...

კანის დასამშვიდებლად, ბუნებრივი ბალანსის აღსადგენად და გამოსაცოცხლებლად საუკეთესო საშუალება ნიღაბია. ჰოდა, აიღეთ რამდენიმეწუთიანი ტაიმ-აუტი ყოველდღიური ორომტრიალიდან, მოეშვით, დაისვენეთ და კანს მოუარეთ.

ვარჩევთ ინგრედიენტებს

ინგრედიენტები აუცილებლად კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. რაც გვიყვარს, შესაძლოა, ჩვენს კანს სულაც არ უხდებოდეს. მაგალითად, ცხიმიანი და ფერიმჭამელებისკენ მიდრეკილი კანისთვის ცხიმიანი ნიღაბი მიუღებელია, მას ვიტამინებით მდიდარი მჟავაშემცველი ინგრედიენტები – ლიმონი, პომიდორი, მაწონი – უხდება, მშრალი და გამოფიტული კანისთვის კი სწორედ ცხიმიანი ნიღბებია საუკეთესო: ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ნუში. ხარისხსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. ეცადეთ, პროდუქტი ახალი იყოს, არ შეიცავდეს კონსერვანტებს და სხვა ქიმიურ დანამატებს.

ნიღბებს ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს, ამიტომ ნურც საკუთარი ხელით დამზადებულისგან და ნურც კოსმეტიკურ მაღაზიაში შეძენილისგან სასწაულს ნუ უნდა დაელოდებით –  ვერც ნაოჭებს გაასწორებს და ვერც ფერიმჭამელებს გააქრობს, მაგრამ კარგად ატენიანებს, აცოცხლებს, ამშვიდებს კანს. საკუთარი კანის საუკეთესო ექსპერტი კი თვითონვე ხართ, ყველაზე უკეთ თქვენ იცით, რა სჭირდება მას: გაწმენდა, დამშვიდება, გამოცოცხლება თუ დანოტივება.

ვამზადებთ კანს

ნიღბის გაკეთებამდე პირი კარგად დაიბანეთ, რომ ჭუჭყმა და ცხიმმა ხელი არ შეუშალოს ნიღაბში შემავალი ნივთიერებების ათვისებას. მისი მოქმედება კიდევ უფრო გაძლიერდება, თუ მანამდე სახეზე პილინგს გაიკეთებთ: ის მკვდარ უჯრედებს მოაშორებს, ფორებს გახსნის და კიდევ უფრო ღრმად გაწმენდს კანს მაკიაჟის ნარჩენებისგან. ამის შემდეგ ნიღაბი მთელი სისრულით წარმოაჩენს თავის სასარგებლო თვისებებს.

სწორად წაისვით

ნიღაბი, უმჯობესია, კოსმეტიკური ფუნჯით ან კოსმეტიკური შტაპელით წაისვათ. ნუ წაისვამთ თვალების გარშემო. წაისვით სახის შუა ნაწილიდან კიდეებისკენ. ნურც ყელსა და დეკოლტეს დაივიწყებთ. უკეთესი ეფექტის მისაღებად ნიღბის ჩამობანამდე ნუ დაიწყებთ სახლის ლაგებას, ჭურჭლის რეცხვას ან საჭმლის კეთებას. უმჯობესია, დაჯდეთ ან დაწვეთ, ფეხები მაღლა შემოაწყოთ და მოეშვათ.

ნიღბის ეფექტის გასაძლიერებლად პატარ-პატარა ხრიკებიც არსებობს. მაგალითად, თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბს პირის დაბანისთანავე ნუ წაისვამთ, რამდენიმე წუთი მოიცადეთ. თუ მაშინვე წაისვამთ, კანიდან წყლის მოლეკულების აორთქლება ნიღბის მოქმედებას საგრძნობლად შეასუსტებს.

დაღლილი და დასტრესილი კანი კი უმჯობესია ჯერ ნაზი გამწმენდი რძით გაიწმინდოთ, რძის ნარჩენი რბილი ნაჭრით შეიშროთ და ნიღაბი მერეღა წაისვათ.

პროცედურის შემდეგ

ნიღაბი კანზე უნდა შეგაშრეთ, მერე კარგად ჩამოიბანოთ ნელთბილი წყლით და ცოტაოდენი მსუბუქი დღის კრემი გადაისვათ.

მზად ხართ, თქვენი სააბაზანო ან სამზარეულო სილამაზის სალონად აქციოთ?

მშრალი კანისთვის

მშრალი კანისთვის საუკეთესოა ავოკადოს საფუძველზე დამზადებული ნიღბები. ის კანს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, A, B და E ვიტამინებს აწვდის, რაც ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის აღდგენას და უჯრედების რეგენერაციას.

ნახევარი ავოკადოსგან პიურე გააკეთეთ. შეათქვიფეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ერთი კვერცხის ცილა. წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე და 15 წუთი გაიჩერეთ.

კაკაოს ნიღაბი

კაკაო ანტიოქსიდანტური საშუალებაა და ხელს უწყობს ფორების გახსნას, ავოკადო საუკეთესოდ ატენიანებს კანს, ხოლო თაფლს ანტიბაქტერიული და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

მეოთხედი ავოკადო კარგად ჩაჭყლიტეთ, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი და ერთ ჩაის კოვზი თაფლი, წაისვით სახეზე და 10 წუთი გაიჩერეთ.

ალოე ვერას ნიღაბი რუჯის შემდეგ

თუ მზეზე დიდხანს მოგიწიათ ყოფნა და ცოტა შეიბრაწეთ კიდეც, ალოე ვერას ნიღაბი კანს დაგიმშვიდებთ და კარგად დაგინოტივებთ.

დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი ალოე ვერას გელი (ან ნედლი ალოე), 100 გ მაწონი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და ერთგვაროვან მასად აქციეთ. უხვად წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ სახლში ალოე არ აღმოგაჩნდათ, აიღეთ არაჟანი (30%-იანი ცხიმიანობისა), შეურიეთ 2-3 წვეთი ზეითუნის ზეთი და წაისვით სახეზე.

ყავისფერი შაქრის პილინგ-ნიღაბი

შაქრის კრისტალები კანს ასუფთავებს და მკვდარ, გაუხეშებულ უჯრედებს აცილებს, ქოქოსის ზეთი კი კარგად ატენიანებს.

2 ჩაის კოვზ ყავისფერ შაქარს შეურიეთ ორი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი, ნაზი, წრიული მოძრაობით შეიზილეთ სახეზე და 1-2 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ჩაის ხის ზეთის ნიღაბი

ზაფხულში ხშირია გამონაყარი. ეს ნიღაბი ებრძვის პატარ-პატარა ანთებით კერებს.

დაგჭირდებათ 3-4 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 1 კვერცხის ცილა 2 ჩაის კოვზი ლიმონი. კვერცხის ცილა აქაფებამდე თქვიფეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და ჩაის ხის ზეთი. წაისვით სახეზე და 15 წუთი გაიჩერეთ.

თუ მუწუკები გამოგივიდათ

ანტისეპტიკური თვისებების გამო თაფლი საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა გამონაყარის დროს, გოგრასა და რძეში არეული, ის კარგად ასუფთავებს ფორებს.

ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი მოხარშული გოგრა (უმჯობესია, ჰოკაიდო) და 1 სუფრის კოვზი რძე კარგად აურიეთ ერთმანეთში. წაისვით სახეზე და 15 წუთი გაიჩერეთ.

საუზმის ნიღაბი

შესაძლოა, გაგეღიმოთ, მაგრამ ეს ნიღაბი ძალიან უხდება ცხიმიან და გამონაყარისკენ მიდრეკილ კანს.

ერთმანეთში აურიეთ 60 გ შვრიის ფანტელი, ერთი კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. სახეზე წაისვით და 15-20 წუთი გაიჩერეთ.

ფორების შესავიწროებლად

კვერცხის ცილა ნაზად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს ცხიმის გამომუშავების რეგულირებას, ფორთოხლის წვენი და კურკუმა კი ჯანსაღ იერს სძენს კანს.

ერთმანეთში აურიეთ 1 კვერცხის ცილა, ერთი ჩაის კოვზი ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა. წაისვით სახეზე. თუ ისრიალებს, ზემოდან თხელი ნაჭერი დაიფინეთ. ნიღაბი 15 წუთი გაიჩერეთ.

ცხიმიანი კანისთვის

თაფლი ებრძვის ბაქტერიებს, დარიჩინს ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, ხოლო ლიმონის წვენი ხელს უწყობს ფორების შეკუმშვას.

ორი სუფრის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში, უხვად წაისვით სახეზე და 15-20 წუთი გაიჩერეთ.

 ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: