წითელი ქარი

გააზიარე:

წითელი ქარი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც კანის ზედაპირულ შრეს მოიცავს და ზედაპირულ ლიმფურ ძარღვებში ვრცელდება. შუა საუკუნეებში მას წმინდა ანტონის ცეცხლს უწოდებდნენ, იმ წმინდანის პატივსაცემად, რომელსაც ავადმყოფები განკურნებას ევედრებოდნენ.

მეოცე საუკუნის შუა წლებში წითელი ქარის შემთხვევებმა იკლო, რაც ანტიბიოტიკების განვითარებისა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების დამსახურებაა.

რა არის

წითელი ქარი იწყება კანის დაზიანებით, რასაც ბაქტერიების გამრავლება მოჰყვება. კანზე ჩნდება მკვეთრი წითელი ფერის მკვრივი მგრძნობიარე უბანი მკაფიოდ შემოსაზღვრული კიდეებით. ისტორიულად, წითელი ქარი სახეზე იყო ლოკალიზებული, თუმცა დროთა განმავლობაში ქვედა კიდურებზე გადაინაცვლა. ამჟამად ავადმყოფობა 10-დან 8 შემთხვევაში სწორედ ფეხებს აზიანებს.

რა იწვევს

წითელი ქარის  მთავარი გამომწვევია სტრეპტოკოკი. სახის ინფექციათა უმეტესობა A ჯგუფის სტრეპტოკოკით არის გამოწვეული, მაშინ როდესაც ქვედა კიდურების ინფექციათა უდიდესი ნაწილი არა-A ჯგუფის სტრეპტოკოკებს უკავშირდება. მაგალითად, ახალშობილებსა და  ახალნამშობიარევ ქალებთან დაავადებას B ჯგუფის სტრეპტოკოკი იწვევს.

ინფექციისთვის დამახასიათებელ აქტიურ ანთებაში ბრალი მიუძღვის სტრეპტოკოკულ ტოქსინებს.

ინფიცირებულ უბანზე სტრეპტოკოკებთან შესაძლოა სხვა ბაქტერიებიც თანაარსებობდნენ. ჯერ კიდევ საკამათოა ტიპური წითელი ქარის განვითარებაში ოქროსფერი სტაფილოკოკის როლი.

ვის შეიძლება დაემართოს

წითელი ქარის საწყისი ეტაპია კანის დაზიანებულ უბანზე ბაქტერიების გამრავლება. ინფექციის კარიბჭედ შესაძლოა იქცეს ტრავმა, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ჭრილობა, წყლული, ანთებითი დერმატოზი, დერმატოფიტია. სახის წითელი ქარის დროს ბაქტერიების წყარო თვით ავადმყოფის ცხვირ-ხახაა, მაგალითად, პაციენტების მესამედს წითელი ქარის განვითარებამდე მცირე ხნით ადრე გადააქვს სტრეპტოკოკული ფარინგიტი.

წითელი ქარი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უფრო ხშირია ქალებსა და ახალგაზრდა მამაკაცებთან, რასაც განაპირობებს კანის დაზიანებათა მაღალი სიხშირე ამ ასაკში, ასევე – ჩვილებთან, მცირეწლოვან ბავშვებსა და ხანდაზმულებთან 60-დან 80 წლამდე. დაავადების განვითარების ალბათობა განსაკუთრებით დიდია, როდესაც პაციენტს დარღვეული აქვს ლიმფის მიმოქცევა, მაგალითად, სარძევე ჯირკვლის ან მცირე მენჯის ღრუს ოპერაციის შემდეგ. წითელი ქარის ძლიერი რისკფაქტორია წარსულში გადატანილი ლიმფის შეგუბება, ქვედა კიდურების ვენების სტენტირება, მდგომარეობები, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებს (შაქრიანი დიაბეტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირება, ალკოჰოლდამოკიდებულება), ასევე – კიდურების დამბლა, ნეფროზული სინდრომი, მოხეტიალე ცხოვრების წესი.

როგორ ვლინდება

თავდაპირველად წარმოიქმნება მცირე ზომის მოწითალო ბალთა, რომელიც თანდათან კარგად შემოსაზღვრულ ცეცხლივით წითელ, მკვრივ, დაჭიმულ უბნად იქცევა. კანის დაზიანებამდე 48 საათით ადრე, წესისამებრ, თავს იჩენს სისუსტე, შემცივნება, ცხელება, მერე კი – ადგილობრივი ანთების ნიშნები: ქავილი, წვა და სიმხურვალე, მომატებული მგრძნობელობა, შეშუპება. სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებთან ეს ნიშნები შესაძლოა არც გამოიხატოს. სხვა სიმპტომებია კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინება.

წითელი ქარის დროს ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფურ ძარღვებში, კანი ჭრელდება, რეგიონული ლიმფური კვანძები შუპდება და უფრო მგრძნობიარ ხდება. დაავადების გამომწვევის წინააღმდეგ ადამიანს იმუნიტეტი არ უვითარდება.

მკაფიო საზღვარი, რომელიც დაზიანებულ უბანს ჯანმრთელისგან გამოყოფს, წითელ ქარს ცელულიტისგან განასხვავებს. ეს უკანასკნელი კანის ღრმა დაზიანებაა, რომლის დროსაც ანთებით პროცესში ლიმფური კომპონენტი ჩართული არ არის.

მძიმე ფორმის დროს კანზე წარმოიქმნება ბუშტუკები, პეტექიები, იწყება დანეკროზება.

დიაგნოზი

კლასიკური წითელი ქარის დიაგნოზი დათვალიერებისას მიღებულ მონაცემებს ეფუძნება. ლაბორატორიული გამოკვლევა, წესისამებრ, არ ტარდება. თუ ჩატარდა, გამოავლენს ლეიკოციტების, ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედსი), C რეაქტიული ცილის მატებას. გამომსახველობითი კვლევები – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ძვლების სცინტიგრაფია – დამხმარე როლს ასრულებს ადრეულ ძვალსახსროვან ჩართულობაზე ეჭვის დროს. ბაქტერიულ კულტურას იკვლევენ, თუ დიაგნოზი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ან ეჭვია სისხლში ბაქტერიების გავრცელებაზე, აგრეთვე – იმ პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ გულის ხელოვნური სარქვლები, სხვა სისხლძარღვშიდა მოწყობილობები, ხელოვნური სახსრები, დაავადების მძიმე ფორმა.

მკურნალობა

ინფექციის პოტენციურად სწრაფი გავრცელების გამო წითელი ქარის სათანადო და დროული მკურნალობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ვინაიდან შემთხვევათა უმეტესობა სტრეპტოკოკით არის გამოწვეული, პირველი რიგის სამკურნალო საშუალებაა პენიცილინი. წითელი ქარის კლასიკურ შემთხვევათა უმრავლესობაში ის ინიშნება 5 დღით. თუ ინფექცია არ აღმოიფხვრა, კურსი ხანგრძლივდება.

თუ პაციენტს პენიცილინის მიმართ ალერგია აქვს, გამოიყენება პირველი თაობის ცეფალოსპორინები. ცეფალოსპორინებს შესაძლოა ჰქონდეთ ჯვარედინი რეაქტიულობა პენიცილინთან, ამიტომ მათ სიფრთხილით უნიშნავენ პენიცილინზე მწვავე ალერგიის მქონე პირებს. არჩევის პრეპარატია კლინდამიცინიც.

ანტიბიოტიკებით თერაპიასთან ერთად ტარდება სიმპტომური მკურნალობა ტკივილისა და ცხელების მოსახსნელად. საჭიროა საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება, ცივი კომპრესები, დაზიანებული კიდურის მოსვენება და აწევა, რათა შეშუპება და ტკივილი დაცხრეს. ინფექციის მძიმე ფორმის დროს, როდესაც აღინიშნება ნეკროზი ან განგრენა, ხდება ქირურგიული დამუშავება. მძიმე ფორმის დროს რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია.

წითელი ქარი კარგი პროგნოზით გამოირჩევა. წესისამებრ, არც ინფექციის გართულებებია სიცოცხლისთვის საშიში. შემთხვევათა უმრავლესობა ეფექტურად ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობას.

გართულებები

მიუხედავად კარგი პროგნოზისა, დაავადება შეიძლება გართულდეს. წითელი ქარი განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვილებთან, მცირე ასაკის ბავშვებთან, ასაკოვან და იმუნოკომპრომეტირებულ პირებთან.

გართულებათაგან შედარებით ხშირია აბსცესი, განგრენა და თრომბოფლებიტი. 1%-ზე ნაკლებია მწვავე გლომერულონეფრიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი. იშვიათია ძვალსახსროვანი გართულებები. შემთხვევათა 20%-ში წითელი ქარს აქვს მორეციდივე მიმდინარეობა, რაც ლიმფედემის ჩამოყალიბებას იწვევს, განმეორებითი ინფექციის გამო ლიმფური დრენაჟის დარღვევა ქრონიკულ შეშუპებას  განაპირობებს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: