ჰეპატიტები
გააზიარე:
ქრონიკული ჰეპატიტის გართულებები
***
ღვიძლის ანთების მიზეზები
ღვიძლი ყველაზე დიდი შინაგანი ორგანოა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მრავალ პროცესში მონაწილეობს: ფილტრავს ნაწლავებიდან შეწოვილ სისხლს, შლის მავნე ნივთიერებებს, ჩართულია საკვები ნივთიერებების გადამუშავებაში, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გვიცავს ინფექციისგან. ის დიაფრაგმის ქვეშ, მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს მდებარეობს კუჭის, მარჯვენა თირკმლისა და ნაწლავების ზემოთ. ზრდასრული ადამიანის ღვიძლი დაახლოებით 1,5 კგ-ს იწონის. ნებისმიერ მომენტში ამ ორგანოში კონცენტრირებულია სხეულში არსებული სისხლის დაახლოებით 13%.
ღვიძლი ორი ძირითადი წილისგან შედგება, თითოეული წილი – რვა სეგმენტისგან, თითოეული სეგმენტი – ათასამდე წილაკისგან. წილაკებიდან გამოდის პატარა სადინარები, რომლებიც უფრო დიდ სადინარებად ერთიანდება და საბოლოოდ ღვიძლის საერთო სადინარს ქმნის. მასში ნაღველი გადმოედინება, ნაღვლის ბუშტში გროვდება და თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება.
ფუნქციები
ღვიძლი 500-ზე მეტ სასიცოცხლო ფუნქციაში მონაწილეობს, ამიტომაც არის ესოდენ მნიშვნელოვანი მისი გამართული მუშაობა.
ღვიძლი:
- გამოიმუშავებს ნაღველს. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სხეულიდან ნარჩენი პროდუქტების გატანას, მონაწილეობს საჭმლის მონელებაში – წვრილ ნაწლავში ცხიმების დაშლასა და საკვები ნივთიერებების ათვისებაში. მაგალითად, ცხიმში ხსნად A, D, E და K ვიტამინებს სჭირდებათ ნაღველი, რათა ორგანიზმმა ისინი შეიწოვოს.
- აწარმოებს ალბუმინს, რომელიც სისხლში სითხეს აკავებს და ქსოვილებში გაჟონვისგან იცავს. ალბუმინს ასევე გადააქვს ჰორმონები, ვიტამინები და ფერმენტები.
- აწარმოებს ქოლესტეროლს და ცილებს, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების ორგანიზმიდან გამოტანას.
- ერთი მხრივ, ნახშირწყლებს გარდაქმნის გლუკოზად, რათა სხეულს მეყსეულად მიაწოდოს ენერგია, მეორე მხრივ კი ჭარბ გლუკოზას გარდაქმნის გლიკოგენად – გლუკოზის განსაკუთრებულ ფორმად, რომელიც მარაგად ინახება, ხოლო სისხლში შაქრის დონის დაქვეითებისას კვლავ გლუკოზად გარდაიქმნება.
- არეგულირებს სისხლში ამინმჟავების – ცილების ერთგვარი სამშენებლო ბლოკების დონეს.
- ტოქსიკურ ამიაკს გარდაქმნის შარდოვანად, რომელიც ცილის მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტია და ორგანიზმიდან შარდით გამოიყოფა.
- არეგულირებს სისხლის შედედებას.
- ებრძვის ინფექციებს იმუნური ფაქტორების წარმოქმნით და სისხლის მიმოქცევიდან ბაქტერიების გაფილტვრით.
- ინახავს A, D, E, K და B12 ვიტამინებს, მინერალებს, მათ შორის – რკინას და სპილენძს.
- წმენდს სხეულს ბილირუბინისგან, რომლის დაგროვების შემთხვევაში კანი და თვალები ყვითლდება.
- წმენდს სისხლს წამლებისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებებისგან.
რა ემუქრება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ჰეპატიტმა (ღვიძლის ანთებამ), ღვიძლის არაალკოჰოლურმა ცხიმოვანმა დაავადებამ (ცხიმოვანი ღვიძლი), ღვიძლის ალკოჰოლურმა დაავადებამ, მედიკამენტებმა, ავტოიმუნურმა პროცესებმა, მემკვიდრეობითმა დარღვევებმა.
ჰეპატიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ვირუსული ინფექციაა. გამომწვევის მიხედვით, განასხვავებენ A, B, C, D, E ჰეპატიტებს. ვარაუდობენ სხვა ვირუსების არსებობასაც. იშვიათად ჰეპატიტს მონონუკლეოზი და ციტომეგალოვირუსიც იწვევს.
A და E ჰეპატიტი ვრცელდება უმთავრესად ინფიცირებულის განავლით დაბინძურებული საკვებითა და წყლით. E ვირუსით დასნებოვნება ცუდად მოხარშული ღორის, ირმის, მოლუსკების საშუალებითაც შესაძლებელია.
B, C და D ჰეპატიტები ამ დაავადების მქონე ადამიანის სისხლთან კონტაქტით ვრცელდება. ამასთან, B და D ჰეპატიტები შესაძლოა სხეულის სხვა სითხეების საშუალებითაც გავრცელდეს (ნარკოტიკის ნემსის გაზიარება, დაუცველი სექსი).
გართულებები
ვირუსული ჰეპატიტები მწვავედ ან ქრონიკულად მიმდინარეობს. მწვავე ფორმები უმეტესად რამდენიმე კვირა გრძელდება და თავისთავად, უწამლოდ გაივლის. ქრონიკული ფორმები ხშირად ფარულად არსებობს და ზოგჯერ, დაწყებიდან ათეულობით წლის შემდეგ, პირდაპირ საშიში გართულებით – ციროზით, ღვიძლის უკმარისობით, ღვიძლის კიბოთი გამოვლინდება.
***
A ჰეპატიტის ვირუსი (HAV) ხანმოკლე მწვავე ინფექციურ პროცესს იწვევს. ადამიანი რამდენიმე კვირაში მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდება. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, აშშ–ში) ტარდება A ჰეპატიტის მასობრივი ვაქცინაცია, რის შედეგადაც მისმა შემთხვევებმა შესამჩნევად იკლო. საქართველოში ის სავალდებულო აცრების ჩამონათვალში არ შედის. A ჰეპატიტი ყველაზე მეტად გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში, სადაც ცუდი სანიტარული პირობებია, ხოლო სუფთა წყალი ცოტაა და ყველასათვის არ არის ხელმისაწვდომი. ასეთებია აფრიკის, აზიის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები.
როგორ ვრცელდება
A ჰეპატიტის ვირუსი ძალიან გადამდებია. მისი წყაროა ინფიცირებულის განავალი. გადაცემა შესაძლებელია, თუ ადამიანმა:
* ჭამა საჭმელი, რომელიც A ჰეპატიტით დაავადებულმა ისე მოამზადა, რომ ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ხელები წკარგად არ დაიბანა;
* დალია დაბინძურებული წყალი ან ჭამა ასეთ წყალში გარეცხილი ხილი ან ბოსტნეული;
* დაამყარა მჭიდრო ფიზიკური (სქესობრივი) კონტაქტი დაავადებულთან;
* პირში ჩაიდო დაბინძურებული ნივთი ან თითი, რომლითაც მანამდე დაბინძურებულ ზედაპირს შეეხო.
ზრდასრული ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე ორი კვირა და გამოვლენის შემდეგ სამი კვირა, ბავშვები და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები – ზოგჯერ ექვს თვემდეც. გადამდებია უსიმპტომო ავადმყოფიც.
ვირუსს ავრცელებს თავად ინფიცირებული, როდესაც კარგად არ იბანს ხელებს ტუალეტით სარგებლობის შემდეგ; მშობელი – ინფიცირებული ბავშვისთვის საფენის გამოცვლის შემდეგ; მომვლელი – კუჭის მოქმედების შემთხვევაში ინფიცირებულის გასუფთავების შემდეგ.
სხვადასხვა ზედაპირზე ვირუსი რამდენიმე თვე ცოცხლობს. ის არ გადაედება ცემინებით, ხველებით, გვერდით ჯდომით, ჩახუტებით, ძუძუს წოვებით.
რისკი
მათთვის, ვისაც A ჰეპატიტით ინფიცირება სხვებზე მეტად ემუქრება, რეკომენდებულია ვაქცინაცია. ინფექცია ნებისმიერს შეიძლება შეხვდეს, მაგრამ რისკი იმატებს, თუ ადამიანი:
* მოგზაურობს განვითარებად ქვეყნებში;
* იყენებს არალეგალურ ნარკოტიკებს;
* უსახლკაროა;
* ამყარებს სქესობრივ კონტაქტს A ჰეპატიტით დაავადებულთან;
* ცხოვრობს A ჰეპატიტით დაავდებულთან ან უვლის მას;
* მუშაობს ლაბორატორიაში, სადაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს A ჰეპატიტის ვირუსთან;
* აქვს ღვიძლის ქრონიკული დაავადება, მაგალითად, B ან C ჰეპატიტი.
სიმპტომები
A ჰეპატიტი კლინიკურად ყოველთვის არ ვლინდება. სიმპტომები ზრდასრულებს და მოზრდილ ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ გამოხატული, ვიდრე პატარებს. მაგალითად, 6 წლამდე ასაკის ათი ინფიცირებული ბავშვიდან სიყვითლე მხოლოდ ერთს უვითარდება.
სიმპტომები უმეტესად თავს იჩენს ინფიცირებიდან 2-4 კვირის შემდეგ. ესენია:
- მუქი ყვითელი შარდი;
- დიარეა;
- დაღლილობა;
- ცხელება;
- ნაცრისფერი ან თეთრი თიხისფერი განავალი;
- სახსრების ტკივილი;
- უმადობა;
- გულისრევა, ღებინება;
- მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით – მარჯევენა მხარეს;
- სკლერებისა და კანის სიყვითლე.
A ჰეპატიტი არ არის ისეთი მძიმე დაავადება, როგორც B და C ჰეპატიტები და არ გადაიზრდება ქრონიკულ ჰეპატიტში ან ციროზში. მისი სიმპტომები ორ თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება, თუმცა ზოგიერთს შესაძლოა ექვს თვემდეც გაჰყვეს. ხანდაზმულებთან უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ფატალურ შედეგსაც უფრო ხშირად იწვევს. სრულ განკურნებამდე ზოგჯერ რეციდივიც ახასიათებს.
თუ ადამიანს აქვს შიდსი, B ჰეპატიტი ან C ჰეპატიტი, მეტი შანსია, A ჰეპატიტი მასთან უფრო მძიმედ წარიმართოს. იშვიათად, ღვიძლის სხვა დაავადებების ფონზე, განსაკუთრებით – 50 წელს გადაცილებულებთან, A ჰეპატიტმა შესაძლოა ღვიძლის უკმარისობა გამოიწვიოს.
A ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ადამიანს სამუდამო იმუნიტეტი უყალიბდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადება ხელმეორედ აღარ შეხვდება.
დიაგნოზი
A ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის პაციენტს გამოკითხავენ, გასინჯავენ, ჩაუტარებენ სისხლის ანალიზებს, მათ შორის – ვირუსული ჰეპატიტის ტესტებს. სისხლში A ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების – M იმუნოგლობულინების (IgM) არსებობა მწვავე A ჰეპატიტზე მიუთითებს. ასევე შესაძლებელია ვირუსის რნმ-ს აღმოჩენა პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქციით.
მკურნალობა
A ჰეპატიტს სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. გამოჯანმრთელების საუკეთესო საშუალებაა დასვენება, ბევრი სითხის სმა (ღებინებისა და დიარეის შედეგად დაკარგული მარაგის აღსადგენად) და ჯანსაღი, დაბალანსებული კვება. შესაძლოა, ექიმმა პაციენტს სიმპტომების შესამსუბუქებლად მედიკამენტები შესთავაზოს. უფრო მძიმე შემთხვევებში, მაგალითად, დეჰიდრატაციის, ძლიერი ტკივილის, ცნობიერების არევის, სისხლდენის დროს, შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიონ ჰოსპიტალიზაცია.
მკურნალობის პერიოდში ადამიანი უნდა ერიდოს ალკოჰოლს და ნებისმიერ წამალს, გარდა იმისა, რომელიც ექიმმა გამოუწერა – მათ შეუძლიათ, დამატებითი ზიანი მიაყენონ ღვიძლს. ეს მითითება ეხება ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებსაც და პარაცეტამოლსაც კი.
პრევენცია
A ჰეპატიტის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა სანიტარული პირობების გაუმჯობესება, სურსათის უვნებლობის პრინციპების დაცვა და იმუნიზაცია. ვაქცინაცია ერთი წლიდან ტარდება. ვაქცინა ოთხ კვირაში იწყებს მოქმედებას. ხანგრძლივი ეფექტისთვის საჭიროა ბუსტერული დოზა, რომელიც კეთდება პირველი აცრიდან ექვსი თვის შემდეგ. შეიძლება მისი გაკეთება B ჰეპატიტის ვაქცინასთან ერთად. ვაქცინაცია უტარდებათ მაღალი რისკის მქონე პირებს.
თუ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა A ჰეპატიტის ვირუსთან, შესაძლოა, A ჰეპატიტის იმუნოგლობულინის გაკეთებამ ინფექციის განვითარებისგან დაიცვას.
პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენა: ხელების რეგულარული ბანა საპნითა და თბილი წყლით, განსაკუთრებით – ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, ჭამის წინ და საკვების მომზადებამდე.
***
E ჰეპატიტის გამომწვევ ვირუსს (HEV) რამდენიმე გენოტიპი აქვს. 1 და 2 მხოლოდ ადამიანებთან გვხვდება, 3 და 4 ღორებს, ირმებსა და სხვა ცხოველებს შორის ცირკულირებს.
ვირუსი გამოიყოფა ინფიცირებულის განავალთან ერთად და მეორე ადამიანის ორგანიზმში ნაწლავიდან ხვდება. გადაეცემა უმთავრესად დაბინძურებული სასმელი წყლის და არასათანადოდ დამუშავებული ინფიცირებული ცხოველის ხორცის საშუალებით. დაავადება უმეტესად 2-6 კვირაში გაივლის. იშვიათია ფულმინანტური ჰეპატიტი – ამ დროს ელვისებურად ვითარდება ღვიძლის მწვავე უკმარისობა, რომელიც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.
დაავადება მთელ მსოფლიოში გვხვდება, თუმცა უფრო მეტად გავრცელებულია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც ცუდია სანიტარული პირობები, დაბალია წყლისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, პირადი ჰიგიენის დაცვის კულტურა.
საინკუბაციო პერიოდი 2-დან 10 კვირამდე მერყეობს, საშუალოდ კი 5-6 კვირა გრძელდება. ვირუსის გამოყოფა იწყება დაავადების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე და გრძელდება გამოვლენის შემდეგ 3-4 კვირა.
ბავშვები ხშირად რჩებიან დიაგნოზის გარეშე, რადგან მათ, როგორც წესი, არ აქვთ სიმპტომები ან უვითარდებათ დაავადების მსუბუქი ფორმა სიყვითლის გარეშე.
E ჰეპატიტის სიმპტომები 1-დან 6 კვირამდე გრძელდება. ესენია:
- მსუბუქი ცხელება, უმადობა, გულისრევა და ღებინება (დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღე);
- მუცლის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი, სახსრების ტკივილი;
- სიყვითლე, მუქი შარდი და ბაცი განავალი;
- ოდნავ გადიდებული, შეხებისას მტკივნეული ღვიძლი;
- E ჰეპატიტით დაავადებული ორსულებისთვის, განსაკუთრებით – მეორე და მესამე ტრიმესტრში, იმატებს ღვიძლის მწვავე უკმარისობის, ნაყოფის დაკარგვისა და სიკვდილიანობის რისკი.
ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც იმუნური სისტემა დათრგუნული აქვთ, აღრიცხულია ქრონიკული E ჰეპატიტის შემთხვევები.
დიაგნოსტიკა
E ჰეპატიტი კლინიკურად არ განსხვავდება მწვავე ვირუსული ჰეპატიტის სხვა ტიპებისგან. მისი საბოლოო დიაგნოზი ეფუძნება ადამიანის სისხლში E ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტისხეულების გამოვლენას. დამატებით შეიძლება სხვა ტესტების ჩატარებაც სისხლსა და განავალში E ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ს გამოსავლენად.
მკურნალობა
ვინაიდან დაავადება თვითგანკურნებადია, ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტმა არ მიიღოს წამლები, რომლებიც მოცემულ ვითარებაში უსარგებლოა და რაც შეიძლება იშვიათად ან საერთოდ არ გამოიყენოს პარაცეტამოლი და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ ფულმინანტური ჰეპატიტის მქონე პირებს, ზოგჯერ – ორსულებსაც.
პრევენცია
E ჰეპატიტის გავრცელებას შეამცირებს საზოგადოებრივი წყალმომარაგების ხარისხის სტანდარტების დაცვა, ადამიანის განავლის სათანადო განადგურების სისტემის ჩამოყალიბება, ინდივიდუალურ დონეზე – ჰიგიენის წესების დაცვა, გაურკვეველი სისუფთავის წყლისა და ყინულის მოხმარების თავიდან აცილება.
***
B ჰეპატიტი B ჰეპატიტის ვირუსით (HBV) გამოწვეული ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადებაა. მწვავე B ჰეპატიტი უმეტესად უსაფრთხოა და, წესისამებრ, თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაივლის, ქრონიკული კი საშიშია, რადგან ხელს უწყობს მომაკვდინებელი დაავადებების – ციროზისა და ღვიძლის კიბოს განვითარებას. საბედნიეროდ, ვაქცინაციამ, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, B ჰეპატიტის გავრცელება მთელ მსოფლიოში შეამცირა. დღეს ის უმთავრესად აფრიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში გვხვდება.
რისკი
B ჰეპატიტის ვირუსი დაავადებულის სისხლის, სპერმისა და სხეულის სხვა სითხეების საშუალებით ვრცელდება. ადამიანის სხეულის გარეთ B ჰეპატიტის ვირუსი, სულ ცოტა, შვიდი დღე ცოცხლობს და თუ ამ ხნის განმავლობაში აუცრელის ორგანიზმში მოხვდა, დაავადების გამოწვევა შეუძლია. ვირუსი არ ვრცელდება დაბინძურებული საკვებითა და წყლით, არც სამუშაო ადგილებიდან.
იმ ქვეყნებში, სადაც B ჰეპატიტი ძალიან გავრცელებულია, ადამიანები ან დაბადების დროსვე ინფიცირდებიან დედისგან, ან ადრეულ ბავშვობაში სხვა დაავადებული ადამიანისგან. იქ, სადაც დაავადება შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული, ის უმთავრესად გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით და დასნებოვნებული ნემსით, განსაკუთრებით – ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის.
ამრიგად, B ჰეპატიტით დაავადების მაღალი რისკი აქვთ:
* B ჰეპატიტით დაავადებული დედების შვილებს;
* ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ სხვის მიერ გამოყენებული ნემსებით და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით;
* B ჰეპატიტით დაავადებულთა სქესობრივ პარტნიორებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ იყენებენ ლატექსის ან პოლიურეთანის პრეზერვატივებს;
* ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ B ჰეპატიტით დაავადებულთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქვთ საერთო საპარსი, კბილის ჯაგრისი, მაკრატელი, ფრჩხილის საკვნეტელა;
* ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებსაც შეხება აქვთ სისხლთან;
* პატიმრებს და ციხის თანამშრომლებს;
* ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს;
* ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ან ხშირად მოგზაურობენ ისეთ ქვეყნებში, სადაც B ჰეპატიტია გავრცელებული;
* დიაბეტის, C ჰეპატიტის ან აივ ინფექციის`შიდსის მქონე პირებს.
B ჰეპატიტი არ გადაეცემა
- ჰაერწვეთოვანი გზით (ხველებით, ცემინებით);
- დაბინძურებული წყლით;
- დაბინძურებული, ცუდად დამუშავებული საკვებით;
- ინფიცირებულთან ჩახუტებით;
- ინფიცირებულისთვის ხელის ჩამორთმევით;
- ინფიცირებულის გვერდით ჯდომით;
- საერთო ჭურჭლით.
B ჰეპატიტით დაავადებულ ქალს შეუძლია, ჩვილს ძუძუ აწოვოს, თუ ბავშვს დაბადებისთანავე გაუკეთებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინს (HBIG) და ვაქცინას.
სიმპტომები
B ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი 30-180 დღეა, საშუალოდ – 75. ავადმყოფობა უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, განსაკუთრებით – ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებთან. მწვავე ფორმას ზოგჯერ თან ახლავს:
* მუქი ყვითელი შარდი;
* დიარეა;
* დაღლილობა;
* ცხელება;
* ნაცრისფერი ან თეთრი თიხისფერის განავალი;
* სახსრების ტკივილი;
* უმადობა;
* გულისრევა, ღებინება;
* მუცლის ტკივილი;
* სკლერებისა და კანის სიყვითლე.
ათიდან ცხრა ზრდასრული ადამიანი B ჰეპატიტისგან ექვს თვეში სრულიად იკურნება. ინფექციის გაქრონიკულება ყველაზე მეტად ემუქრებათ ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს. რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მცირე ასაკში დაინფიცირდება ადამიანი. მაგალითად, მათ, ვინც სიცოცხლის პირველ წელს დაინფიცირდა, ათიდან 8-9 შემთხვევაში უვითარდებათ ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა, ვინც ექვს წლამდე დაინფიცირდა – ათიდან 3-5-ში, ზრდასრულ ასაკში ინფიცირებისას კი დაავადების გაქრონიკულება 5-ზე ნაკლებ შემთხვევაშია მოსალოდნელი. იმ ზრდასრული ადამიანების 15-25%, რომლებიც ბავშვობაში დაავადდნენ, B ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის კიბოთი ან ციროზით იხოცებიან.
ქრონიკული B ჰეპატიტი შესაძლოა უსიმპტომოდ წარიმართოს და პირდაპირ გართულებებით გამოვლინდეს ინფიცირებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მაღალი რისკის მქონე პირთა სკრინინგი, დაავადების სიმპტომები რომც არ ჰქონდეთ.
გართულებები
მწვავე B ჰეპატიტი, ფაქტობრივად, არ რთულდება. ძალიან იშვიათად შესაძლოა ღვიძლის უკმარისობა გამოიწვიოს.
ქრონიკული B ჰეპატიტის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ციროზი (ღვიძლის ნაწიბუროვანი გადაგვარება), ღვიძლის კიბო და ღვიძლის უკმარისობა.
თუ ადამიანს ოდესმე ჰქონდა B ჰეპატიტი, მოგვიანებით ვირუსი შესაძლოა ხელახლა გააქტიურდეს და ღვიძლი დააზიანოს. ვირუსის რეაქტივაციის რისკს ზრდის იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტების გამოყენება. მათ შორისაა კიბოს სამკურნალო ქიმიოთერაპიული საშუალებები, იმუნური სისტემის დარღვევებით გამოწვეული დაავადებების (ნაწლავის ანთებითი დაავადება, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზი) სამკურნალო, ჩ ჰეპატიტის სამკურნალო, ორგანოს გადანერგვის შემდეგ გამოსაყენებელი წამლები. რისკი ემუქრებათ აივ ინფექციის მქონე პირებსაც.
დიაგნოსტიკა
B ჰეპატიტის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლა, მისი გასინჯვა (ექიმი აკვირდება, როგორია კანის ფერი, ხომ არ არის შეშუპებული ქვედა კიდურები, გაბერილი მუცელი). ლაბორატორიულად B ჰეპატიტს სისხლში სპეციფიკური ანტიგენის არსებობით ამოიცნობენ.
ინფიცირებულის სისხლის ანალიზით შესაძლებელია იმის დადგენა, მწვავეა ინფექცია თუ ქრონიკული, მომატებული ხომ არ არის ღვიძლის დაზიანების რისკი, მაღალია თუ დაბალი ორგანიზმში ვირუსის შემცველობა, სჭირდება თუ არა პაციენტს მკურნალობა.
თუ ადამიანს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი, თუნდაც ისეთი ფორმა, რომელიც ღვიძლს არ აზიანებს, საჭიროა მდგომარეობის რეგულერული გადამოწმება, რადგან დროთა განმავლობაში შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს. რეგულარული კონტროლის წყალობით ექიმს არ გამოეპარება ღვიძლის დაზიანების დაწყების მომენტი, განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა მკურნალობის დაწყება, შეაფასებს, როგორ რეაგირებს პაციენტი მკურნალობაზე.
სისხლის ანალიზით შესაძლებელია იმის დადგენაც, იმუნურია თუ არა ადამიანი B ჰეპატიტის მიმართ, ანუ დაცულია თუ არა ამ დაავადებისგან ვაქცინით ან წარსულში გადატანილი მწვავე B ჰეპატიტით.
დამატებითი ტესტები
თუ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი, შესაძლოა, ღვიძლიც ჰქონდეს დაზიანებული. ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად ტარდება სისხლის ანალიზი, ელასტოგრაფია (სპეციალური ულტრაბგერითი გამოკვლევა), თუ სხვა ტესტები საკმარის ინფორმაციას არ იძლევა – ღვიძლის ბიოფსიაც.
მკურნალობა
მწვავე B ჰეპატიტი მკურნალობას უმეტესად არ მოითხოვს. მთავარია საკვებით და სითხეებით ნუტრიციული ბალანსის შენარჩუნება. ქრონიკული B ჰეპატიტის შემთხვევაში მკურნალობა სჭირდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთა სისხლის ანალიზებში ღვიძლის დაზიანების ნიშნები ჩანს. მათ შესაძლოა ანტივირუსული მედიკამენტები დაუნიშნონ, რათა შეფერხდეს ციროზის განვითარება და შემცირდეს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი. ნებისმიერი სხვა წამლისა თუ საკვები დანამატის მიღების თაობაზე საქმის კურსში უნდა იყოს მკურნალი ექიმი.
ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პირიც დაბალანსებულ, ჯანსაღ კვებაზე უნდა იყოს. არ უნდა მოიმატოს წონა, რადგან სიმსუქნე ზრდის ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების (NAFLD) განვითარების რისკს, ეს უკანასკნელი კი – ღვიძლის დაზიანების ალბათობას. უნდა მოერიდოს ალკოჰოლსაც, რომელსაც ასევე შეუძლია, ღვიძლი უფრო მეტად დააზიანოს.
პრევენცია
B ჰეპატიტის პრევენციის საუკეთესო საშუალება B ჰეპატიტის ვაქცინაა. სრულფასოვნად ჩატარებული ვაქცინაცია ასიდან 95 შემთხვევაში უზრუნველყოფს დაავადების პრევენციას, ხოლო ინფიცირების შემთხვევაში თავიდან გვაცილებს მის გაქრონიკულებას. მნიშვნელოვანია, აცრა დაბადებიდან პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში გაკეთდეს. მომდევნო 2-3 დოზა სხვა გეგმურ ვაქცინებთან ერთად კეთდება. ვაქცინაცია უტარდებათ იმ აუცრელ ზრდასრულებსაც, რომლებსაც ინფიცირების მაღლი რისკი ან ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. B ჰეპატიტის ვაქცინა ორსულებისთვის უსაფრთხოა. ზრდასრულებს ვაქცინაცია უტარდებათ შემდეგი სქემით: ნულოვან დღეს – 1 თვის შემდეგ – 6 თვის შემდეგ. აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 4 კვირაა.
თუ აუცრელი ადამიანი ისეთ ქვეყანაში მიდის სამოგზაუროდ, სადაც B ჰეპატიტია გავრცელებული, მაგრამ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებას ვერ ასწრებს, პირველი ან პირველი ორი დოზა მაინც უნდა გაიკეთოს.
B ჰეპატიტით ინფიცირების რისკის შესამცირებლად:
* არ გამოიყენოთ სხვის მიერ გამოყენებული ნემსი.
* სხვა ადამიანის სისხლთან ან ღია ჭრილობასთან შეხებისას გეცვათ ხელთათმანები.
* დარწმუნდით, რომ სალონში (ფრჩხილების მოვლა, ტატუს, პირსინგის გაკეთება) იყენებენ სტერილურ ხელსაწყოებს.
* არავის გაუზიაროთ პირადი ნივთები: კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩხილის საჭრელი.
* თუ არის შანსი, პარტნიორს B ჰეპატიტი ჰქონდეს, გამოიყენეთ ლატექსის ან პოლიურეთანის პრეზერვატივი.
* თუ ფიქრობთ, რომ გქონდათ კონტაქტი B ჰეპატიტის ვირუსთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ის გაგიკეთებთ ვაქცინას ან B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინს (HBIG). უმჯობესია, ეს ვირუსთან კონტაქტიდან 24 საათის განმავლობაში მოხდეს.
დაიცავი სხვები
თუ თავად გაქვთ B ჰეპატიტი, ამ შემთხვევაშიც შეასრულეთ ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები. იმავდროულად, აუხსენით სქესობრივმა პარტნიორს, რომ B ჰეპატიტის ტესტი უნდა ჩაიტაროს და თუ ინფიცირებული არ არის, გაიკეთოს ვაქცინა. ინფიცირებისგან სხვების დასაცავად თქვენი მდგომარეობის შესახებ უნდა იცოდნენ თქვენმა ექიმმა და სტომატოლოგმა. არ გაიღოთ სისხლი, სპერმა, რომელიმე ორგანო ან ქსოვილი.
თუ ორსულად ხართ და B ჰეპატიტი გაქვთ, ექიმი შეამოწმებს ვირუსის დონეს თქვენს ორგანიზმში. თუ ის მაღალია, შესაძლოა, მკურნალობა გირჩიოთ – ეს შეამცირებს ვირუსების რაოდენობას და ბავშვისთვის მისი გადაცემის შანსს. მშობიარობის შემდეგ კი ახალშობილს ვაქცინას და იმუნოგობულინს გაუკეთებენ.
***
D ჰეპატიტის ვირუსს (HDV) ერთი უცნაური თვისება აქვს: ადამიანის დაინფიცირება მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც ის ინფიცირებულია B ჰეპატიტის ვირუსით. შესაბამისად, ის, ვისაც ჩატარებული აქვს B ჰეპატიტის ვაქცინაცია, D ჰეპატიტისგანაც დაცულია.
D ჰეპატიტიც ისევე ვრცელდება, როგორც B ჰეპატიტი: ინფიცირებულის სისხლისა და სხეულის სხვა სითხეების საშუალებით. მასაც შეუძლია, გამოიწვიოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ინფექცია.
მწვავე D ჰეპატიტის სიმპტომები ნებისმიერი სხვა ჰეპატიტისას ჰგავს, თუმცა ხშირად სხვებზე მძიმედ მიმდინარეობს. იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ზოგჯერ ქრონიკულდება. მას, ვისაც ქრონიკული B და D ჰეპატიტი აქვს, გართულებები, ციროზი, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის კიბო უფრო ხშირად და უფრო სწრაფად უვითარდება, ვიდრე მხოლოდ ქრონიკული B ჰეპატიტის მქონეს.
კოინფექცია და სუპერინფექცია
თუ ადამიანი ორივე ამ ვირუსით ერთდროულად დაინფიცირდა (კოინფექცია), შესაძლოა, მძიმე მწვავე ჰეპატიტი განუვითარდეს, თუმცა ინფიცირებულთა უმეტესობა ამ შემოტევასაც უმკლავდება და ვირუსები ორგანიზმიდან ქრება. მხოლოდ 5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში ქრონიკულდება ორივე ინფექცია.
როდესაც ადამიანს უკვე აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი და D ვირუსით ინფიცირდება (სუპერინფექცია), შესაძლოა, მწვავე ჰეპატიტის სიმპტომები განუვითარდეს. სუპერინფექციის შემთხვევაში პაციენტების 90% ვერ ერევა D ვირუსს და ქრონიკული D ჰეპატიტი უვითარდება. ასეთ ადამიანებს აქვთ როგორც ქრონიკული D, ისე ქრონიკული B ჰეპატიტი.
ვის ემართება
D ჰეპატიტი უმთავრესად გავრცელებულია:
- აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში,
- ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში,
- აზიის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის – მონღოლეთში,
- ცენტრალურ აფრიკაში,
- მდინარე ამაზონის აუზში.
B ჰეპატიტის მქონე პირებისთვის D ჰეპატიტით ინფიცირების ალბათობა იზრდება, თუ:
- მოიხმარენ საინექციო ნარკოტიკებს;
- უცხოვრიათ ან ჰქონიათ სქესობრივი ურთიერთობა D ჰეპატიტით დაავადებულთან;
- ცხოვრობენ ისეთ რეგიონში, სადაც D ჰეპატიტი ხშირია.
დიაგნოსტიკა
D ჰეპატიტის დიაგნოსტიკა B ჰეპატიტისას ჰგავს. მას გამოავლენენ სისხლის ანალიზით, იმუნოგლობულინ G-სა (IgG) და იმუნოგლობულინ M-ის (IgM) განსაზღვრით. ვირუსის არსებობას ადასტურებს შრატში D ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ს აღმოჩენა.
მკურნალობა
D ჰეპატიტის სამკუნრალოდ ინიშნება პეგილირებული ალფა ინტერფერონი, სულ მცირე, 48 კვირით. მართალია, ვირუსს მკურნალობაზე რეაგირების დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ წამალი ამცირებს დაავადების პროგრესირების ალბათობას.
მნიშვნელოვანი თანამოვლენების გამო მკურნალობა არ უტარდებათ პაციენტებს, რომლებსაც დეკომპენსირებული ციროზი, აქტიური ფსიქიატრიული მდგომარეობა ან ავტოიმუნური დაავადება აქვთ.
პრევენცია
D ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ასებობს, მაგრამ თუ ადამიანი B ჰეპატიტისგან დაცულია, D ჰეპატიტისგანაც დაზღვეული იქნება. თუ ის ინფიცირებულია B ვირუსით, იმუნიზაცია D ჰეპატიტისგან ვერ დაიცავს.
B ჰეპატიტით დაავადებულები D ჰეპატიტის თავიდან აცილების მიზნით უნდა ერიდონ სხვის მიერ ნახმარი ნემსით სარგებლობას, მხოლოდ ხელთათმანით შეეხონ სხვა ადამიანის სისხლს ან ღია ჭრილობას და არავისთან გაიზიარონ პირადი ნივთები (კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩხილის საკვნეტელა).
***
C ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ღვიძლის ანთებას და დაზიანებას იწვევს. მისი გამომწვევი (HCV) ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტით ვრცელდება. ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ინფექცია.
მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომები შესაძლოა 6 თვემდე გაგრძელდეს. ინფიცირებულთა დაახლოებით 30% (15-45%) თვითონვე უმკლავდება დაავადებას და ვირუსი ორგანიზმიდან ქრება, დაახლოებით 70%-ს (55-85%) კი ის ქრონიკულ ფორმაში გადაეზრდება. მათ 15-30%-ს 20 წელიწადში ციროზი უვითარდება.
თუ ქრონიკული C ჰეპატიტის დიაგნოზი ადრეულ სტადიაზევე დაისვა და მკურნალობა ჩატარდა, ღვიძლის დაზიანება შესაძლოა თავიდან ავიცილოთ, მკურნალობის გარეშე კი მოსალოდნელია ციროზი, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის კიბო.
საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა, თუმცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ინფიცირებულთა აქტიური იდენტიფიცირებისა და უახლესი თაობის მედიკამენტებით უფასო მკურნალობის წყალობით ათასობით ადამიანი უკვე განიკურნა.
ვის ემუქრება
C ჰეპატიტით უმეტესად ავადდებიან ადამიანები, რომლებიც:
- მოიხმარენ ინექციურ ნარკოტიკს;
- ისხამენ სისხლს ან იტარებენ ორგანოს გადანერგვას ისეთ დაწესებულებაში, სადაც აღჭურვილობა სათანადოდ არ სტერილიზდება;
- იტარებენ ან იტარებდნენ თირკმლის დიალიზს;
- სამსახურში აქვთ კონტაქტი სისხლთან ან ნემსებთან;
- იკეთებენ ტატუს ან პირსინგს;
- მუშაობენ ან ცხოვრობენ ციხეში;
- დაიბადნენ C ჰეპატიტით დაავადებული დედისგან;
- ინფიცირებულები არიან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით;
- ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰყავდათ ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ან გადატანილი აქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება.
სკრინინგი
რეკომენდებულია, 18-დან 79 წლამდე ასაკის ყველა ზრდასრულმა ერთჯერადი სკრინინგი C ჰეპატიტზე. ის სისხლის ანალიზით ტარდება. ბევრს C ჰეპატიტის უსიმპტომო ფორმა აქვს და არ იცის თავისი დიაგნოზის შესახებ.
სიმპტომები
C ჰეპატიტით ინფიცირებულთა უმეტესობას ჩივილები არ აქვს. მწვავე ფორმის დროს ზოგიერთს შესაძლოა გამოაჩნდეს სიმპტომები, რომლებიც 2-6 კვირა გაგრძელდება:
- მუქი ყვითელი შარდი;
- დაღლილობის შეგრძნება;
- ცხელება;
- ნაცრისფერი ან თეთრი თიხისფერი განავალი;
- სახსრების ტკივილი;
- უმადობა;
- გულისრევა;
- მუცლის ტკივილი;
- ღებინება;
- თვალებისა და კანის სიყვითლე.
ქრონიკული C ჰეპატიტი, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ გართულებები არ განვითარდება, რაც შეიძლება ინფიცირებიდან ათწლეულების შემდეგ მოხდეს. ამიტომ არის C ჰეპატიტის სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ადამიანს სიმპტომები არ ჰქონდეს.
როგორ ვრცელდება
C ჰეპატიტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ინფიცირებულის სისხლის მეშვეობით:
* ინფიცირებული პირის მიერ გამოყენებული ნემსით ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტით სარგებლობისას;
* ინფიცირებული პირის მიერ გამოყენებული ნემსის შემთხვევით ჩხვლეტისას;
* არასტერილური ინსტრუმენტებით ტატუს გაკეთებისას;
* ინფიცირებულის სისხლთან ან ღია ჭრილობასთან უშუალო შეხებისას;
* ინფიცირებულის საპარსის, კბილის ჯაგრისის ან ფრჩხილის საკვნეტელას გამოყენებისას;
* ინფიცირებული დედისგან დაბადების დროს;
* ინფიცირებულთან დაუცველი სექსის დროს.
C ჰეპატიტი არ გადაედება:
* ჰაერწვეთოვანი გზით (ხველებისა და ცემინების საშუალებით);
* წყლითა და საკვებით;
* ინფიცირებულის ჩახუტებით;
* ინფიცირებულისთვის ხელის ჩამორთმევით;
* ინფიცირებულ პირთან კოვზის, ჩანგლისა და სხვა ჭურჭლის გაზიარებით;
* ინფიცირებულის გვერდით ჯდომით;
* დედის რძით.
დიაგნოსტიკა
C ჰეპატიტის დიაგნოზი სამედიცინო ისტორიის, ფიზიკური გამოკვლევისა და სისხლის ანალიზის საფუძველზე ისმება. ანამნეზის შეკრებისას, უპირველეს ყოვლისა, არკვევენ, ხომ არ გადაუსხამს ადამიანს ახლო წარსულში სისხლი ან ხომ არ გაუკეთებია ნარკოტიკის ინექცია საერთო ნემსით. გასინჯვისას ამოწმებენ ღვიძლის დაზიანების ისეთ ნიშნებს, როგორიცაა კანის ფერის ცვლილება, ქვედა კიდურების შეშუპება, მუცლის მგრძნობელობა ან გაბერილობა.
ლაბორატორიული კვლევებიდან საჭიროა:
* C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულების სკრინინგული ტესტი. ის აჩვენებს, არის თუ არა სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები. თუ ტესტი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი დაინფიცირდა, მაგრამ ამჟამად ვირუსი შესაძლოა აღარ იყოს სისხლში – ან ორგანიზმი თვითონვე მოერია მას, ან მკურნალობის შედეგად განადგურდა.
* C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ს ტესტი. თუ ანტისხეულების ტესტი დადებითია, ტარდება გამოკვლევა C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის, რნმ-ს აღმოსაჩენად. ის აჩვენებს, არის თუ არა სისხლში ვირუსი და თუ არის, რამდენი. ეს ინფორმაცია ექიმს მკურნალობის შერჩევასა და იმის დადგენაში ეხმარება, რეაგირებს თუ არა პაციენტი მკურნალობაზე.
* გენოტიპის ტესტი. მისი მეშვეობით ადგენენ, ვირუსის რომელი შტამი ან ინფექციის რომელი ფორმა აქვს პაციენტს. ცნობილია C ჰეპატიტის, სულ მცირე, ექვსი სპეციფიკური შტამი, გენოტიპი და მათი 70-მდე ქვეტიპი. მკურნალობის შერჩევისას გენოტიპს ითვალისწინებენ.
დამატებითი ტესტები
თუ ადამიანს დიდი ხანია აქვს ქრონიკული C ჰეპატიტი, შესაძლოა, ღვიძლი დაზიანებული ჰქონდეს, ამიტომ დამატებით ატარებენ ღვიძლის ფუნქციის შემსწავლელ ტესტებს, ელასტოგრაფიას, ბიოფსიას.
მკურნალობა
C ჰეპატიტს ანტივირუსული მედიკამენტებით მკურნალობენ. უმეტესობა იკურნება. ყველაზე ხშირად იყენებენ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ მედიკამენტებს, ზოგჯერ – ადრე გამოყენებულ ანტივირუსულ პრეპარატებთან კომბინაციაში. მკურნალობა 8-დან 24 კვირამდე გრძელდება. მედიკამენტების არჩევანი და მკურნალობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, C ჰეპატიტის რომელი გენოტიპი აქვს პაციენტს, რამდენად არის დაზიანებული ღვიძლი, ადრეც ჩაუტარებია თუ არა პაციენტს C ჰეპატიტის მკურნალობა, აქვს თუ არა სხვა დაავადება ან სამედიცინო მდგომარეობა.
მკურნალობის ეფექტიანობა სისხლის ანალიზით მოწმდება.
მკურნალობის მიზანია, მკურნალობის დასრულებიდან გარკვეული ხნის შემდეგ C ჰეპატიტის ვირუსი ტესტებმა ვეღარ აღმოაჩინოს. თუ მკურნალობის დასრულებიდან, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში ვირუსი აღარ გამოვლენილა, ეს ნიშნავს, რომ მიღწეულია მდგრადი ვირუსოლოგიური პასუხი. ასეთ ადამიანებს აქვთ დიდი შანსი, მომავალში თავიდან აიცილონ ღვიძლის სერიოზული პრობლემები.
თუ ვირუსული დატვირთვა არ შემცირდა, ექიმი მკურნალობის სხვა ვარიანტებს განიხილავს.
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს თანმხლები მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ცხელება, დაღლილობა, დეპრესია. თანამოვლენები, წესისამებრ, ყველაზე მძიმეა მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირას, მერე თანდათან მსუბუქდება. თუ წამლის გვერდითი ეფექტები გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს. ის გირჩევთ, როგორ შეამსუბუქოთ ისინი. მაგალითად, თუ წამალი გულისრევას იწვევს, შესაძლოა, მისი მიღების დროის შეცვლა, თუნდაც ძილის წინ გადატანა დაგეხმაროთ.
უსაფრთხოების მიზნით საჭიროა კონსულტაცია საკვები დანამატების, ვიტამინების და ნებისმიერი სხვა წამლის მიღებამდე.
თუ C ჰეპატიტმა ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის კიბო გამოიწვია, შესაძლოა, საჭირო გახდეს ღვიძლის გადანერგვა. ამ ოპერაციის შემდეგაც საჭიროა ანტივირუსული მკურნალობა გადანერგილი ღვიძლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
როგორ დავიცვათ თავი
* არ გამოიყენოთ სხვის მიერ ნახმარი შპრიცი.
* სხვა ადამიანის სისხლს ან ღია ჭრილობას მხოლოდ ხელთათმანით შეეხეთ.
* არ გამოიყენოთ სხვისი კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩხილის საკვნეტელა.
* ტატუს ან პირსინგის გაკეთებისას დარწმუნდით, რომ იყენებენ სტერილურ ხელსაწყოებს და გაუხსნელ მელანს.
* სექსით C ჰეპატიტის გადაცემის ალბათობა მცირეა. რისკი იმატებს, თუ ადამიანს ჰყავს მრავალი სქესობრივი პარტნიორი, აქვს აივ-ინფექცია ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადება, სქესობრივი კონტაქტის დროს მომატებულია სისხლთან კონტაქტის ალბათობა (უხეში ან ანალური სექსი). ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლატექსის ან პოლიურეთანის პრეზერვატივის გამოყენება.
C ჰეპატიტი იმუნიტეტს არ ტოვებს, რაც ნიშნავს, რომ თუ ის გქონდათ და განიკურნეთ, მეორედაც შეიძლება დაინფიცირდეთ.
თუ შიშობთ, რომ კონტაქტი გქონდათ ჩ ჰეპატიტის ვირუსთან, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელს შეუწყობს ღვიძლის დაზიანების თავიდან აცილებას.
დავიცვათ სხვები
თუ C ჰეპატიტი გაქვთ, შეატყობინეთ სქესობრივ პარტნიორს, ექიმს, სტომატოლოგს. არ გაიღოთ სისხლი, სპერმა, ორგანო, ქსოვილი.
C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ თუ ადამიანს აქვს C ჰეპატიტი, სასურველია, ჩაიტაროს A და B ჰეპატიტების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა ღვიძლი ამ ჰეპატიტებისგან და, შესაბამისად, უფრო მეტი დაზიანებისგან დაიცვას.
C ჰეპატიტის მქონე ადამიანს სჭირდება დაბალანსებული, ჯანსაღი კვება. უნდა ერიდოს ალკოჰოლს, რადგან მან შესაძლოა ღვიძლი უფრო მეტად დააზიანოს.
ჯანმოს მიერ რეკომენდებული პირველადი პრევენციული ღონისძიებები კი მოიცავს:
* ინექციების უსაფრთხოებას;
* ბასრი ნივთებისა და ნარჩენების უსაფრთხო დამუშავებასა და განადგურებას;
* ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის ზიანის შემცირების მომსახურების მიწოდებას;
* დონორის სისხლის ტესტირებას HBV-ზე, HCV-ზე, აივ-სა და სიფილისზე;
* ჯანდაცვის პერსონალის სათანადო მომზადებას.
***
ქრონიკული ჰეპატიტის გართულებები
ქრონიკული ჰეპატიტი თანდათან აზიანებს ღვიძლს, თუმცა ეს პროცესი ნელა, შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ხშირად დაავადებას გართულების შორს წასულ ეტაპზეღა აღმოაჩენენ ხოლმე.
ციროზი
ციროზი ღვიძლის ნაწიბუროვანი გადაგვარებაა. ნაწიბუროვანი ქსოვილი ენაცვლება ჯანსაღს, რაც ორგანოს ნორმალურ მუშაობას აფერხებს. ღვიძლის ფუნქციის გაუარესების შედეგად მოსალოდნელია:
* სისხლჩაქცევებისა და სისხლდენების ადვილად განვითარება;
* გონების დაბინდვა, აზროვნების გაძნელება, მეხსიერების დაკარგვა, პიროვნების ცვლილებები, ძილის დარღვევა;
* კოჭების, ტერფების, მთელი ფეხების შეშუპება;
* მუცლის ღრუში სითხის დაგროვება, ასციტი;
* კანის ძლიერი ქავილი;
* შარდის გამუქება;
* სკლერებისა და კანის სიყვითლე.
დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია გამოკვლევა. სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ თუ გამომწვევ დაავადებას უმკურნალეს, შესაძლოა ციროზის პროგრესირება შენელდეს და ავადმყოფი ღვიძლის უკმარისობას გადაურჩეს. შესაძლოა, პაციენტს ურჩიონ კვებითი ჩვევების შეცვლა, მაგალითად, მარილის, ცხიმების ან ცილების შეზღუდვა.
ღვიძლის უკმარისობა
ციროზის საბოლოო სტადიაა ღვიძლის უკმარისობა, როდესაც ღვიძლი ფუნქციობას წყვეტს. ამ ეტაპზე მკურნალობის ერთადერთი გზა ღვიძლის გადანერგვაა.
ღვიძლის კიბო
ციროზი ზრდის ღვიძლის კიბოს განვითარების ალბათობას. ციროზის ყველა შემთხვევა არ გადაიზრდება კიბოში, მაგრამ კიბო უმეტესად სწორედ ციროზის ფონზე ვითარდება.
ღვიძლის კიბოზე შესაძლოა მიანიშნებდეს სიმკვრივე, ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის მარჯვენა მხარეს, კანის გაყვითლება, მუცლის შებერილობა, სისხლჩაქცევებისა და სისხლდენების ადვილად განვითარება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, გულისრევა და ღებინება, უმადობა ან მცირე ულუფის მიღების შემდეგაც კი სისავსის შეგრძნება, წონის უმიზეზო კლება, ბაცი განავალი და მუქი შარდი, ცხელება.
ღვიძლის კიბო რამდენიმე ხანს შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, რაც მკურნალობას ართულებს. კიბოს შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ოპერაციას, რადიაციულ, ქიმიოთერაპიულ მკურნალობას, ღვიძლის გადანერგვას.
გამოკვლევები
ჰეპატიტის გართულებისას მდგომარეობის შესაფასებლად:
* განისაზღვრება სისხლში ღვიძლის ფერმენტების - ალანინამინოტრანსფერაზის (ALT), ასპარტატამინოტრანსფერაზის (AST) და ტუტე ფოსფატაზის (ALP), ასევე ბილირუბინის, ცილების და სხვათა შემცველობა;
* სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება ალფა-ფეტოპროტეინის (AFP) სიმსივნური მარკერის ტესტი, თუმცა ის ერთმნიშვნელოვან პასუხს არ იძლევა, რადგან AFP–მ ციროზისა და ჰეპატიტის დროსაც შეიძლება მოიმატოს, ხოლო ღვიძლის კიბოს დროს ნორმალური დარჩეს.
გამოსახვითი კვლევებიდან, საჭიროებისამებრ, მიმართავენ მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახვას (ტომოგრაფიას) (MRI), ულტრაბგერით გამოკვლევას, კომპიუტერული ტომოგრაფიას (CT), გარდამავალ ელასტოგრაფიას (ულტრაბგერითი კვლევის სახეობა, რომლითაც შესაძლებელია ღვიძლის სიმკვრივის გაზომვა, ღვიძლში ცხიმის არსებობის განსაზღვრა), პოზიტრონულ–ემისიურ ტომოგრაფიას (PET) – ეს პროცედურა გამოიყენება ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედების მოსაძებნად (გამოკვლევა ტარდება რადიაქტიური გლუკოზით).
როდესაც სხვა გამოკვლევათა შედეგები სრულფასოვან სურათს ვერ გვაწვდის, ღვიძლის ბიოფსიით შეიძლება შეფასდეს ნაწიბურების არსებობა–არარსებობა, დადასტურდეს ციროზის დიაგნოზი და მიზეზიც კი დადგინდეს. ბიოფსიითვე ხდება ღვიძლის კიბოს დიაგნოსტიკაც.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა