გოსტინგი
გააზიარე:
ბოლო წლებია, ჩემი კლიენტები გოსტინგს უჩივიან. GHOST ინგლისურად მოჩვენებას ნიშნავს, ხოლო გოსტინგი – მოჩვენებასავით გაქრობას. გოსტინგია, როდესაც აღარ გვწერენ, აღარ გვირეკავენ, წერილებსა და ზარებზე აღარ გვპასუხობენ, დაუმშვიდობებლად, აუხსნელად, მოწყვეტით ქრებიან საკომუნიკაციო სივრციდან.
ასეთი დასასრული უმეტესად ონლაინ ურთიერთობებს ახასიათებს. მაგალითად, მოგვწერა საინტერესო ადამიანმა, ერთხანს მიმოწერა გვქონდა, მერე შევხვდით და გავისეირნეთ. ველოდებით, რომ ისევ მოგვწერს, მაგრამ გადის ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა, ის კი არ ჩანს. ვწერთ – არ გვპასუხობს და აღარასოდეს გამოდის კავშირზე. თითქოს არც არასოდეს გვცნობია ერთმანეთი.
უსიამოვნო სიტუაციისგან თავის დასაღწევად გაქცევა ქცევის უფრო და უფრო მისაღები ფორმა ხდება.
რატომ ქრება პარტნიორი?
თუ ადამიანს აღარ სურს ურთიერთობის გაგრძელება, გოსტინგი მარტივი გამოსავალია: დროებით პარტნიორს ის მხოლოდ განსაზღვრულ, შეზღუდულ სივრცეში ხვდება, მათ არ ჰყავთ საერთო ნაცნობები, მათი მეგობრები ერთმანეთს არ იცნობენ, შესაბამისად, ერთადერთი ადამიანი, ვინც ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ გაიგებს, მიტოვებული პარტნიორია, რომელმაც ისიც კი არ იცის, სად ეძებოს.
ასე რომ, ძალიან ადვილია, გაექცე კომუნიკაციას, თუ მისი ერთადერთი ფორმა სოციალურ ქსელში მიმოწერაა. ამავე დროს, საგრძნობლად გაადვილდა ახალი ადამიანის გაცნობაც, ხოლო როცა ირგვლივ ამდენი ახალი ადამიანია, ყოფილი კონტაქტების დავიწყება დროისა და ემოციების ეკონომიის მარტივი გზაა.
რომანტიკული გაცნობის კულტურა ერთგვარად მექანისტური და ზედაპირული გახდა: ადამიანები ერთმანეთს ონლაინ პროფილით ვირჩევთ და ვაფასებთ და რაკი არჩევანი, ერთი შეხედვით, თითქმის უსაზღვროა, როდესაც ონლაინ პარტნიორთან კონფლიქტი წარმოიშობა, მისი მოგვარების ნაცვლად სხვა ადამიანზე გადავერთვებით. ქცევის ამ მოდელის მთავარი ნაკლი ის არის, რომ ახალი ადამიანების ნაკადი არ ილევა და ჩვენც მუდამ გვგონია, რომ აი, ის, მომდევნო იქნება საუკეთესო, ყველანაირად საჩვენო, იდეალური პარტნიორის მოლოდინში კი ემოციურად ვერ ვუკავშირდებით ვერავის, ვისთანაც მიმოწერა გვაქვს. არადა, მომავლის ბუნება ასეთია: ის არასოდეს დადგება. ჩვენ ხელთ, ფაქტობრივად, მხოლოდ აწმყოა. გამოდის, რომ უკეთესის ძიებაში ვერ ვხედავთ და ვერ ვაფასებთ მას, ვინც ახლაა ჩვენ გვერდით. ასე რომ, დაუფასებლობას, მუდმივ ძიებას, უკეთესის მოლოდინს და არსებული ურთიერთობისადმი მოვალეობის გრძნობის უქონლობას გარკვეულწილად ონლაინ გაცნობის კულტურაც უწყობს ხელს.
გოსტინგს სხვა მიზეზიც აქვს: ძნელია იმის აღიარება, რომ შევცდით, რომ ურთიერთობის გაგრძელება, თუნდაც მხოლოდ მიმოწერის სახით, აღარ გვინდა.
გოსტინგი ნიშანია იმისა, რომ გვეშინია – გვეშინია, თვალი გავუსწოროთ ჩვენს ემოციებს, მივიღოთ ჩვენი სურვილები და ავიღოთ პასუხისმგებლობა ტკივილზე, რომელსაც ჩვენი ქცევით მივაყენებთ სხვას. რაკი ჩვენ ვწყვეტთ, რომ ურთიერთობა აღარ გვინდა, ჩვენივე პასუხისმგებლობაა, ამის შესახებ პარტნიორს გავაგებინოთ და გავიზიაროთ ემოციები, რომლებსაც ჩვენი გადაწყვეტილება მასში გამოიწვევს. ამისთვის თავის არიდებით ვკარგავთ შანსს, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე და შემდგომში უფრო გააზრებულად ვიმოქმედოთ, როდესაც გაგვახსენდება, რა უსიამოვნო იყო სხვისთვის გულის ტკენა.
გოსტინგი შესაძლია განსაზღვრული რწმენებისა და წარმოდგენების შედეგიც იყოს: ზოგიერთს სჯერა, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც მათთვისაა გაჩენილი, ამიტომ დრო არ უნდა დაკარგონ და ეს იდეალური მეწყვილე იპოვონ. ასეთ ადამიანებს არ სჯერათ, რომ ურთიერთობა იზრდება და იცვლება, რომ მიზიდულობა დროსთან ერთად ძლიერდება, რომ ნამდვილი გრძნობის გასაღვივებლად ადამიანის კარგად გაცნობაა საჭირო. თუ პოტენციურმა პარტნიორმა მალევე არ გაამართლა მათი მოლოდინი ანუ იდეალური არ აღმოჩნდა, მასთან კავშირს წყვეტენ და ყურადღება სხვაზე გადააქვთ. ცხოვრების ასეთი სტილი საშუალებას არ აძლევს ადამიანს, ღრმა კავშირი დაამყაროს. როდესაც რაღაც ისე არ ხდება, როგორც მას სურს, ის გარბის, რათა დრო არ დაკარგოს და იპოვოს ნამდვილი და ერთადერთი პარტნიორი, რომელიც მის წარმოდგენას შეესატყვისება. ეს კი შეუძლებელია. არავინაა ვალდებული, სხვისი მოლოდინი გაამართლოს. ამიტომ გამუდმებით იდეალურის ძიებაში მყოფი ადამიანი ვერავისთან ამყარებს ღრმა ურთიერთობას და ფრუსტრაციაშია, რადგან უმეტესად მარტოსულია.
რატომ გვწყინს გოსტინგი?
არ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ მიმოწერა გვქონდა, რამდენიმეჯერ შევხვდით ერთმანეთს თუ რომანტიკული პარტნიორები ვიყავით – როდესაც ადამიანი უეცრად ქრება საკომუნიკაციო ველიდან, ჩვენ ვზიანდებით. რასაკვირველია, რაც უფრო ახლოს ვართ ადამიანთან, მით უფრო გულსატკენია მისი საქციელი, მაგრამ არც ახალგაცნობილის გოსტინგი ჩაივლის უკვალოდ. როდესაც ვინმეს ჩვენთან ყოფნა აღარ სურს, გვიჩნდება მოთხოვნილება, გავარკვიოთ, რა მოხდა, ემოციურად დავასრულოთ ურთიერთობა და გამოვიგლოვოთ. როდესაც მეორე ადამიანი აუხსნელად წყვეტს კომუნიკაციას, ჩვენ ვერ ვასრულებთ ამ ურთიერთობას, ვერ ვხურავთ ისტორიის ამ თავს, ვერ გამოგვაქვს დასკვნები და ორაზროვანი ემოციების ამარა ვრჩებით, ვერ ვხვდებით, რა მოხდა, ვის რა შეეშალა. გვერთმევა საშუალება, გავაანალიზოთ დასრულებული ურთიერთობა და გავარკვიოთ, რას ავარიდოთ თავი მომავალში.
გოსტინგი უეცრად ხდება. შესაბამისად, პარტნიორს ერთმევა საშუალება, თავადაც მიიღოს მონაწილეობა ურთიერთობის დასრულების პროცესში. როდესაც ახლო ურთიერთობისას ერთი ადამიანი ემოციურად ცივდება, ის ნაკლებ დროს ატარებს პარტნიორთან, საუბრისას აღარ ამყარებს თვალით კონტაქტს, ერიდება შეხებას და ა.შ. ჩვენ ვამჩნევთ ცვლილებებს, ვფიქრობთ იმაზე, გვინდა თუ არა ურთიერთობაში დარჩენა, ვემზადებით განშორებისთვის, გოსტინგის დროს კი ამ ეტაპს ვახტებით.
გაურკვევლობასთან ერთად გოსტინგს უსუსურობის განცდაც ახლავს, რადგან მეორე ადამიანი ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომ არც გვეკითხება და ურთიერთობის დასრულებას მოუმზადებლები ვხვდებით.
გაურკვევლობის ფონზე გოსტინგის მსხვერპლმა შესაძლოა დაასკვნას, რომ პარტნიორის გაქრობა მისმა ქცევამ გამოიწვია, რომ მიატოვეს, რადგან უკეთესს არ იმსახურებს. ეცემა თვითშეფასება, იწყება თვითდანაშაულება.
გოსტინგი განსაკუთრებით მტკივნეულია მათთვის, ვისაც ისედაც შფოთვის მაღალი დონე და დაბალი თვითშეფასება ახასიათებს. როდესაც ერთს სჯერა, რომ მნიშვნელოვან ურთიერთობაშია, ხოლო მეორე უეცრად, აუხსნელად და უბოდიშოდ ქრება, ეს ძლიერ ემოციურ რეაქციას იწვევს. თუ ადამიანი ისედაც მოვლენების ურყოფითად ახსნისკენ არის მიდრეკილი, ისედაც მუდმივად საფრთხის მოლოდინშია, ისედაც სჯერა, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე და ისედაც არ მოსწონს საკუთარი თავი, გოსტინგი მის ნეგატიურ ფიქრებსა და ემოციებს ამძაფრებს. პარტნიორის გაქრობა მას უფრო დიდ ტკივილს აყენებს, ვიდრე გოსტინგის ჩამდენი ვარაუდობდა.
დასკვნა
გოსტინგი ნიშნავს, რომ სხვა ადამიანს პატივს არ ვცემთ. ეს კონფლიქტისგან გაქცევის პასიურ-აგრესიული გზაა. გოსტინგის დროს ადამიანი თავს არიდებს სხვისი ემოციების გაზიარებას, რადგან ურჩევნია, თავი დაიცვას. გოსტინგის მსხვერპლი ხშირად თვითონვე იყენებს გოსტინგს სხვების მიმართ – თავის დასამკვიდრებლად, შელახული თვითშეფასების აღსადგენად, და ასე იწყება ურთიერთობების გაწყვეტის უპასუხისმგებლო ციკლი, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს არა ადამიანებივით, არამედ ნივთებივით ექცევიან.
თუ გოსტინგი საკუთარ თავზე გამოგიცდიათ, გახსოვდეთ,: ეს თქვენს პიროვნებაზე არ მეტყველებს, ეს მეორე ადამიანის მახასიათებელია. თქვენ ვერაფერს იზამდით, რომ ის უეცრად არ გამქრალიყო – ეს ურთიერთობის დასრულების მისეული სტილია. მას ურჩევნია, გაექცეს პასუხისმგებლობას, არ ჰქონდეს ზრდასრული ურთიერთობა და ეს თქვენი ბრალი არ არის – როდესაც მიმოწერა დაიწყეთ, ის უკვე ასეთი იყო. არ მისცეთ ნება სხვა ადამიანის ქცევას, შეგიცვალოთ წარმოდგენა საკუთარ თავზე და თუ აღმოაჩინეთ, რომ ვიღაც აღარ გწერთ, ესე იგი ის თქვენს ცხოვრებაში არც უნდა იყოს, რადგან მას ზრდასრული კომუნიკაცია არ გამოსდის. შესაბამისად, კარგია, რომ გაქრა, რადგან ამით უსიამოვნო და მტკივნეული ურთიერთობა თავიდან აგაცილათ.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე