ერთად მოვერიოთ იმედგაცრუებას

გააზიარე:

იმედგაცრუება გვიპყრობს მაშინ, როდესაც ვერ ვიღებთ, რასაც ველოდით. მას ხშირად თან ახლავს ფრუსტრაცია (გამოფიტულობის, შინაგანი სიცარიელის შეგრძნება), ბრაზი ან სევდა. წარმოსახვითი უნარების განვითარება ერთი წლის ასაკში იწყება, ხოლო ორი-სამი წლისთვის ბავშვს უკვე შეუძლია იმის წარმოდგენა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამა თუ იმ მოვლენას, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. პირველი იმედგაცრუებაც ამავე ასაკში იჩენს თავს და ბავშვი სწავლობს მასთან გამკლავებას, გამოიმუშავებს ამისთვის საჭირო მექანიზმებს, რომლებსაც მთელი სიცოცხლე ეყრდნობა.

თუ ბავშვს პატარაობიდანვე არ ვასწავლეთ იმედგაცრუებასთან გამკლავება, მივიღებთ დეპრესიისკენ მიდრეკილ თინეიჯერს, რომელიც ადვილად ნებდება, თავი უსარგებლო ჰგონია და უსიამოვნო ფიქრებში იძირება. დახმარება არც ამ დროსაა გვიანი, მაგრამ უმჯობესია, საქმე აქამდე არ მივიდეს, ამისთვის კი ბავშვს ემოციების კონტროლი პატარაობაშივე უნდა ვასწავლოთ.

მშობლები, უპირველეს ყოვლისა, თვითონვე უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ხშირად გაგვიცრუვდება იმედი, მერე კი ეს ჩვენს შვილებს ავუხსნათ. ოთხი წლის ბავშვს შესაძლოა გული დასწყდეს, რომ წვიმის გამო აუზში ვერ იცურავა, მაგრამ უნდა იცოდეს, როგორ გადაიტანოს ყურადღება სხვა რამეზე და გუნება არ მოიშხამოს. რვა წლისა უნდა აცნობიერებდეს: თანაკლასელმა დაბადების დღეზე რომ არ დაპატიჟა, საწყენია, მაგრამ შეუძლია, არანაკლებ ხალისიანად გაატაროს ეს დღე და იმაზეც დაფიქრდეს, რამე ხომ არ აწყენინა თანაკლასელს ან პირადად გაარკვიოს მიზეზი. თვრამეტი წლის მოზარდი, რასაკვირველია, უნდა გავამხნეოთ და წავაქეზოთ, ძალ-ღონე არ დაიშუროს სასურველ სასწავლებელში მოსახვედრად, მაგრამ იმის გაცნობიერებაშიც უნდა დავეხმაროთ, რომ თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც თვითონ უნდა, ქვეყანა არ დაიქცევა, პირიქით, მარცხმა მოტივაცია უნდა შემატოს, კიდევ და კიდევ სცადოს და საწადელს აუცილებლად მიაღწევს.

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ბავშვის ემოციურ სტაბილურობას უზრუნველი ცხოვრება და ყველა სურვილის ასრულება კი არ განაპირობებს, არამედ ის, თუ რამდენად შევძენთ საჭირო ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რათა პატარაობიდანვე მზად იყოს გამოწვევებისთვის და რთულ სიტუაციებში არა სევდა, არამედ ბედნიერება აირჩიოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ბავშვს იმედგაცრუებასთან გამკლავებას ვასწავლით, ამით საძირკველს ვუყრით მის ფსიქიკურ სტაბილურობას, რაც მომავალში დაეხმარება, მტკიცედ დაუხვდეს ცხოვრების სიურპრიზებს.

 

ასწავლეთ რეალური მიზნების დასახვა

ბავშვებს უჭირთ ასრულებული სურვილების სამყაროდან რეალურ ცხოვრებაში გადაბარგება, სადაც ყველა სურვილი არ სრულდება. მაგალითად, თუ პიკნიკის მოწყობას აპირებდით, მაგრამ წვიმის გამო გადაიდო, ბავშვმა შესაძლოა ეს ისე განიცადოს, იფიქროს, რომ ვეღარასოდეს წავა პიკნიკზე, ამიტომ აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ ზოგ მოვლენას ადამიანები ვერ ვაკონტროლებთ, მაგალითად, წვიმას, მაგრამ როგორც კი ამინდი გამოკეთდება და თქვენც მოიცლით უქმეებზე, აუცილებლად განახორციელებთ ჩანაფიქრს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვთან მანამდე გავმართოთ აღნიშნულ თემაზე საუბარი, სანამ მართლაც დიდ იმედგაცრუებას შეეჯახება, რათა მზად იყოს ამისთვის და გული ისე ძალიან არ დასწყდეს, რომ თქვენს შეგონებებს აზრი აღარ ჰქონდეს.

 

მიეცით იმედგაცრუების განცდის საშუალება

ეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და არ აჰყვეთ დახმარების სურვილს ყოველთვის, როდესაც ბავშვს რამე გაუჭირდება. ასე ის მიხვდება, რომ ცხოვრებაში არსებობს დიდი პრობლემები, რომელთა გადალახვაშიც მშობელი ყოველთვის დაეხმარება და პატარა პრობლემები, რომელთა გადალახვაც დამოუკიდებლად მოუწევს.

აუხსენით, რომ იმედგაცრუება ბუნებრივია, როდესაც რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გვინდოდა და ბრაზი, სევდა და სასოწარკვეთილება, რომელსაც განიცდის – სავსებით ნორმალური. მოიყვანეთ მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, რათა უკეთ დაანახოთ, რომ მისი გესმით, რადგან ასეთი რამ თავადაც გამოგიცდიათ.

ასწავლეთ, რომ სევდა და ხელის ჩაქნევა პრობლემას ვერ მოაგვარებს. აჩვენეთ ამ გრძნობასთან გამკლავების ნაცადი ხერხები: ათამდე დათვლა, ღრმად სუნთქვა, გრძნობების ნახატში გადატანა. შეთანხმდით, რამდენ დროს დაუთმობთ დარდს. აუხსენით, რომ რაც უფრო მალე დააღწევს თავს უსიამოვნო ფიქრებს, მით უფრო მალე მოახერხებს სიტუაციის გაკონტროლებას და გამოსავლის პოვნას (რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ახლობლის დაკარგვით გამოწვეულ დარდს – ამ შემთხვევაში დროის ლიმიტს ვერ დააწესებთ).

 

დაეხმარეთ იმის გარკვევაში, რამ გაუცრუა იმედი

ნუ ეცდებით, უმნიშვნელოდ წარმოაჩინოთ მისი გრძნობები – ამით უარესად გააღიზიანებთ. ბავშვს სჭირდება, ვინმეს ესმოდეს, როგორ განიცდის.

დაუსვით კითხვები, რათა უკეთ გაიაზროს, სახელდობრ, რამ გამოიწვია მისი იმედგაცრუება და, შესაბამისად, მასთან გამკლავება გაუადვილდეს:

* ყველაზე ცუდად რამ გაგრძნობინა თავი?

* შენი აზრით, რატომ მოხდა ასე?

* როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს გასტანს ეს გრძნობა?

* რა გაგახალისებდა ახლა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ამ გრძნობას ვაჯობოთ?

* როგორ გგონია, ასეთი რამ კიდევ მოხდება?

* თუ მოხდება, როგორ ფიქრობ, შეძლებ, აჯობო ამ გრძნობას და მალევე გადალახო?

 

ხშირად ბავშვებს მსგავს სიტუაციებთან გამკლავების ჩვენეულ ხერხებს ვთავაზობთ, ნაცვლად იმისა, რომ მათ მოვუსმინოთ და გავიგოთ, რა აქვთ სათქმელი. მას შემდეგ, რაც მოუსმენთ, შეგიძლიათ, შესთავაზოთ გამოსავლის თქვენეული ვერსიაც, მერე კი ერთად მოიფიქროთ, რომელი ვარიანტი აჯობებს.

 

იმედგაცრუებას ყველა ბავშვი განიცდის

ბავშვები ყველაზე უკეთ სხვა ბავშვების (თუნდაც გამოგონილების) ან მშობლების ბავშვობისდროინდელი გამოცდილების მაგალითზე სწავლობენ, ამიტომ ხშირად მოუყევით ამბებს თქვენი წარსულიდან (შეგიძლიათ გამოიგონოთ), აჩვენეთ, როგორ გაუმკლავდით იმედგაცრუებას, როგორ არ დანებდით და გააგრძელეთ ცდა.

აუცილებლად წაუკითხეთ ბრიტანელი მწერლის ჯუდით ვორსთის წიგნი “Aლეხანდერ ანდ ტჰე თერრიბლე, Hორრიბლე, Nო Gოოდ, Vერყ Bად Dაყ” – “ალექსანდერი და საშინელი, საზარელი, ცუდი, ძალიან ცუდი დღე”, სადაც ძალიან კარგი, გასაგები ენითაა ახსნილი, რომ ყველა ბავშვი განიცდის იმედგაცრუებას და ასწავლის პატარებს, როგორ გაუმკლავდნენ ამ ემოციას. “საღეჭი რეზინით პირში დავიძინე და ახლა რეზინი თმაზე მაქვს მიწებებული, როდესაც დილით საწოლიდან ავდექი, ფეხი სკეიტბორდის დაფას წამოვკარი, სვიტერი შეცდომით ნიჟარაში ჩავაგდე, როდესაც წყალი მოშვებული იყო და მივხვდი, რომ ეს იქნებოდა საშინელი, საზარელი, ცუდი, ძალიან ცუდი დღე”.

ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა გაითავისოს, რომ დღეს თუ რაღაც უსიამოვნება შეემთხვა, ხვალ ახალი დღე გათენდება, რომელიც ახალი წამოწყების, კიდევ ერთი ცდის და ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებას მისცემს.

 

დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე

იმედგაცრუება არ ელოდება, როდის გახდება ბავშვი მასთან გასამკლავებლად საკმარისად ძლიერი. ნურც თქვენ დაელოდებით “ხელსაყრელ დროს”. ამ უნარის ჩამოყალიბება დაიწყეთ მაშინვე, როგორც კი პატარა ფეხს აიდგამს და დღეში უთვალავჯერ დაეცემა. გაუმახვილეთ ყურადღება იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომა და ხელახლა ცდა. გახსოვდეთ, ეს უნარი მას მთელი ცხოვრება გამოადგება.

 

 ლიკა ქათამაძე

 

 

 

 

 

გააზიარე: