ასთმა: აქტუალური საკითხები
გააზიარე:
ასთმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში მოსახლეობის მეათედს აღენიშნება. საბედნიეროდ, რეგულარული მკურნალობით შესაძლებელია ამ დაავადების ეფექტური მართვა, მისი შეტევების თავიდან აცილება და სრულფასოვნად ცხოვრება.
რა არის ასთმა? რამ შეიძლება გაუწიოს მას პროვოცირება? რატომ არის აუცილებელი ასთმის სამკურნალო პრეპარატების მუდმივი მიღება? ამ და სხვა საკითხებზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია რუხაძე გვესაუბრა.
– “ასთმა” ბერძნული სიტყვაა და “სულხუთვას” ნიშნავს. ეს არის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც მორეციდივე არაპროგნოზირებადი გამწვავებებით მიმდინარეობს, თუმცა მისი სწორი მართვის შემთხვევაში ადამიანს აქტიურად ცხოვრება შეუძლია. ამის მაგალითია არაერთი სპორტსმენი, ხელოვნების თუ საზოგადო მოღვაწე.
ასთმის დროს შუპდება ბრონქების ლორწოვანი გარსი, იკუმშება ბრონქების კედლებში არსებული გლუვკუნთოვანი ბოჭკოები (ბრონქოკონსტრიქცია), უხვად წარმოიქმნება ლორწო. ყოველივე ამის შედეგად ვიწროვდება ბრონქების სანათური, ფერხდება ფილტვებიდან ჰაერის ამოსვლა და ვითარდება ასთმის სიმპტომები:
* მსტვენი სუნთქვა (ვიზინგი)`ხმაურიანი სუნთქვა;
* ხველა, უმეტესად – ღამით, ადრიანი დილით ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
* გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება;
* სუნთქვის გაძნელება.
სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ყოველდღე, ყოველკვირა ან უფრო იშვიათად, იყოს მსუბუქი, საშუალო ან მძიმე, ძალიან იშვიათად – გამოიწვიოს სიკვდილი.
ზოგჯერ პაციენტი ისეა შეჩვეული ასთმის სიმპტომებს, რომ ვერც კი წარმოუდგენია უკეთესად სუნთქვა, რაც მკურნალობის შედეგად მიიღწევა.
ასთმის ტიპები
– მიმდინარეობის მიხედვით ასთმა რამდენიმენაირია:
* ინტერმისიული – სიმპტომები ვლინდება კვირაში მაქსიმუმ ერთხელ; პაციენტს შეტევა აღვიძებს თვეში მაქსიმუმ ერთხელ; სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორს იყენებს კვირაში მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში; ყოველდღიურ საქმიანობაში ხელი არ ეშლება;
* მსუბუქი პერსისტიული – სიმპტომები ვლიდება კვირაში ორჯერ ან მეტჯერ; პაციენტს შეტევა აღვიძებს თვეში 3-4-ჯერ; სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორს იყენებს კვირაში სამჯერ და მეტჯერ; სიმპტომები გავლენას ახდენს ყოველდღიური საქმიანობის ზოგიერთ ტიპზე;
* საშუალო პერსისტიული მიმდინარეობის – სიმპტომები ვლინდება ყოველდღე, პაციენტს ეღვიძება კვირაში ერთხელ ან მეტჯერ, ყოველდღე იყენებს სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორს, სიმპტომები ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას;
* მძიმე პერსისტიული – პაციენტს ყოველღამე ეღვიძება, ხოლო სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორი დღეში რამდენჯერმე სჭირდება. სიმპტომები უკიდურესად ზღუდავს ყოველდღიურ საქმიანობას.
ასთმის ტიპების კიდევ ერთი კლასიფიკაცია ასეთია:
- ალერგიული ასთმა – გამოწვეულია ალერგენებით (შინაური ცხოველების ეპითელიუმით, ობის სოკოებით, ოთახის მტვრის ტკიპებით, ყვავილის მტვრით);
- ეოზინოფილური ასთმა – ახასიათებს სასუნთქ გზებში ეოზინოფილების მაღალი შემცველობა (ასთმის მძიმე ფორმების თითქმის 70% ამ კატეგორიაშია);
- ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ასთმა – შეტევას იწვევს სასუნთქი გზების შეკუმშვა ცივი ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად, წესისამებრ, ფიზიკური აქტიურობის დროს;
- ასთმა ხველის ვარიანტით – წამყვანი სიმპტომია ქრონიკული, განმეორებადი ხველა, თუმცა ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ხიხინი და ქოშინიც;
- ღამის ასთმა – პაციენტს შეტევა აღვიძებს. ასეთი რამ თვეში ერთხელ მაინც ემართება ასთმით დაავადებულთა 30-70%-ს;
- პროფესიული ასთმა – გამოწვეულია მუშაობის დროს ალერგენების, ქიმიკატების და სხვა გამაღიზიანებლების ჩასუნთქვით.
რა იწვევს
– ასთმის მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. მიიჩნევა, რომ მას იწვევს მემკვიდრეობითი და გარეგანი ფაქტორების ერთობლიობა, გარემო ფაქტორებიდან კი ყველაზე ხშირად – ოთახის მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველები, ყვავილის მტვერი, ობის სოკო.
– ვის ემუქრება ასთმა ყველაზე მეტად?
– ასთმა ხშირად აქვს ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს, რაც ნიშნავს, რომ მისი განვითარება უფრო მეტადაა მოსალოდნელი, თუ პოტენციური პაციენტის ოჯახის წევრს უკვე დაესვა ეს დიაგნოზი. ეგზემისა და კვებითი ალერგიის მქონე ბავშვებსაც უფრო ადვილად ემართებათ ასთმა, ვიდრე სხვებს.
ყვავილის მტვრის, ოთახის მტვრის ტკიპების, შინაური ცხოველების მიმართ ალერგია ასევე ზრდის ასთმის განვითარების ალბათობას. თამბაქოს კვამლის, ჰაერის დამაბინძურებლების (პოლუტანტები) და სხვა ინჰალაციური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს ასთმის სიმპტომები, თუ ადამიანი ამ დაავადებისადმი მიდრეკილია.
ასთმის დასაწყისი
– ასთმა შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს, თუმცა დაავადებულთა დაახლოებით ნახევართან პირველი სიმპტომები 10 წლამდე იჩენს თავს, ხოლო ასთმიანი ბავშვების დიდ ნაწილს პირველი შეტევა 6 წლამდე აღერიცხება.
ზრდასრულ ასაკში ასთმა შეიძლება გამოიწვიოს სპეციფიკური ფაქტორების (ქიმიკატები, ჰაერის დამაბინძურებლები) ხანგრძლივმა ზემოქმედებამ. თუ ასეთი ადამიანი თავს აარიდებს გამომწვევ ფაქტორებთან ურთიერთობას, მისი მდგომარეობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
დიდ ასაკში დაწყებული ასთმა ხშირად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ბავშვობაში დაწყებული.
ხანდაზმულებთან ზოგჯერ ასთმაში ერევათ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ, ჩOPD). ფქოდი არ არის ასთმა. ის აერთიანებს მწეველობით გამოწვეულ ქრონიკული ბრონქიტსა და ემფიზემას. სიმპტომებით (ქოშინი, ხიხინი, ჭარბი ლორწოს გამომუშავება, ხველა) ასთმას ჰგავს, მაგრამ სინადვილეში მასზე გაცილებით მძიმე დაავადებაა.
ტრიგერები
– ასთმის ტრიგერებია ფაქტორები, რომლებიც სასუნთქი გზების გაღიზიანებით ან მათში არსებული ანთების გაძლიერებით იწვევს ან ამძიმებს ასთმის სიმპტომებს. ტრიგერებს შეუძლია ასთმის შეტევების პროვოცირება იმ პირებთან, რომლებსაც უკვე აქვთ ასთმისადმი მიდრეკილება.
ტრიგერების უმრავლესობა ასთმიანებისთვის საერთოა, თუმცა ინდივიდუალურიც არსებობს. ადამიანები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ტრიგერებზეც და მკურნალობაზეც.
ასთმის გავრცელებული ტრიგერებია:
- ვირუსული ინფექციები (გაციება, გრიპი);
- საყოფაცხოვრებო ან პროფესიული ალერგენები (ოთახის მტვრის ტკიპები, ყვავილის მტვერი, ცხოველები);
- ვარჯიში, განსაკუთრებით – სიცივეში;
- ემოციები – მღელვარება, შიში, ბრაზი;
- თამბაქოს კვამლი;
- ჰაერის დაბინძურება;
- ამინდის ცვლილება – უეცარი აცივება, ცივი ქარი, მაღალი ტენიანობა, ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი;
- მკერდზე ზეწოლა;
- ზოგიერთი საკვებდანამატი, მაგალითად, ტარტრაზინი (საკვების ხელოვნური საღებავი), საკვები ალერგენები, მაგალითად, არაქისი.
შესაძლოა, ასთმის შეტევა გამოიწვიოს დიზელის გამონაბოლქვმა, სუნამომ, საყოფაცხოვრებო სპრეიმ, გოგირდის დიოქსიდმა, მარცვლეულის ან ფქვილის მტვერმა, ნახერხმა.
ზოგიერთისთვის შესაძლოა ტრიგერი აღმოჩნდეს მედიკამენტი – ბეტა-ბლოკერი, ასპირინი ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალება.
– რა კავშირი აქვს ასთმას ამინდის ცვლილებასთან?
– ზოგიერთ შემთხვევაში ცივი ჰაერი პირდაპირ იჭრება სასუნთქ გზებში და აღიზიანებს მათ, ამინდის ზოგიერთი ცვლილებისას კი გარემოში დიდი რაოდენობით გამოიფრქვევა ყვავილის მტვერი, რაც ამძიმებს პოლინოზთან დაკავშირებულ ასთმას.
დიაგნოსტიკა
– როგორ სვამენ ასთმის დიაგნოზს და როგორ გამოავლენენ ტრიგერებს?
– დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია ანამნეზი. პულსოქსიმეტრით იზომება სისხლში ჟანგბადის შემცველობა. ზოგჯერ საჭიროა ფილტვების ან სინუსების რენტგენოგრაფიული გამოკლვევაც. ტარდება ფილტვის ფუნქციური ტესტები, ხშირად – ბრონქოდილატატორის (ბრონქების გამაფართოებელი მედიკამენტის) ინჰალაციამდე და მის შემდეგ.
– რა გზით ფასდება ფილტვის ფუნქციური მდგომარეობა?
– ფილტვის ფუნქციური ტესტებია:
* სპირომეტრია, რომლითაც იზომება ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა, ჰაერის ნაკადის სიჩქარე ამოსუნთქვისას;
* FENO – იზომება ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის რაოდენობა, ფასდება სასუნთქ გზებში არსებული ანთება;
* პროვოკაციული ტესტი – ფასდება სასუნთქი გზების ჰაერგამტარობა, ასევე – მათი მგრძნობიარობა ზოგიერთი გამომწვევისა თუ გამღიზიანებლის მიმართ.
შემუშავებულია ალერგენსპეციფიკური სინჯებიც – როგორც გითხარით, ასთმით დაავადებულთა უმეტესობას აქვს ალერგია, რომელიც იწვევს ან ამძიმებს ასთმას. ეოზინოფილებისა და E იმუნოგლობულინის (IGE) მაღალი დონე შესაძლოა ასთმის მძიმე მიმდინარეობაზე მიუთითებდეს.
მნიშვნელოვანია ასთმის დიფერენცირება მსგავსი სიმპტომების მქონე მდგომარეობებისგან – ისეთებისგან, როგორიცაა სასუნთქი სისტემის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობა, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ალერგიული დაავადება, ცისტური ფიბროზი, ფქოდი, პნევმონია ან ბრონქიტი, იმუნური დარღვევები, ცხვირის პოლიპოზი.
მედიკამენტური მკურნალობა
– შესაძლებელია თუ არა ასთმისგან განკურნება?
– ასეთი სამკურნალო საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს. ბავშვობაში დაწყებული ასთმის სიმპტომები ზოგჯერ ასაკთან ერთად გაივლის, ზოგიერთ მოზრდილსაც შეიძლება გაუქრეს ისინი მრავალწლიანი რეგულარული მკურნალობის შემდეგ, მაგრამ მოგვიანებით ორივე ამ კატეგორიის პაციენტებთან მოსალოდნელია დაავადების ხელახლა გამოვლენა.
რა დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს უსიმპტომო პერიოდი, სამწუხაროდ, ეს განკურნებად ვერ ჩაითვლება, რადგან ასთმისადმი მიდრეკილება რჩება.
– რით სჯობია საინჰალაციო მედიკამენტები ტაბლეტებსა და ინექციებს?
– ასთმის სამკურნალო საშუალებებს უმეტესად საინჰალაციო, შესასუნთქი ფორმით ვიყენებთ – ამგვარად წამალი პირდაპირ ხვდება სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში და მნიშვნელოვნად მცირდება დანარჩენ სხეულზე მისი მავნე ზემოქმედების რისკი. მედიკამენტის ის მცირე ულუფა, რომელიც სისხლძარღვებში გადადის, მალევე გამოიყოფა სხეულიდან და არც თანამოვლენების განვითარებას იწვევს.
ასთმის მძიმე შეტევების სამკურნალოდ ზოგჯერ საინექციო ან ტაბლეტირებულ ფორმებსაც ვიყენებთ.
ასთმის სამკურნალოდ უმთავრესად მაკონტროლებელი და შემამსუბუქებელი მედიკამენტებია მოწოდებული. მაკონტროლებელი საშუალებები ხელს უშლის შეტევის დაწყებას, შემამსუბუქებლები კი (წესისამებრ, ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორები) სწრაფად აფართოებს შევიწროებული ბრონქების სანათურს. ასეთებია სალბუტამოლი (ალბუტეროლი), ტერბუტალინი და სხვა კომბინირებული მედიკამენტები, რომლებიც ბრონქოდილატატორსაც შეიცავს და გლუკოკორტიკოსტეროიდსაც.
მაკონტროლებელი მედიკამენტები უმთავრესად ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია, რომლებიც ამცირებს ანთებას სასუნთქ გზებში. განურჩევლად იმისა, ისმის თუ არა ხიხინი, ისინი მუდმივად გამოიყენება. მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ, ექიმის დანიშნულებისამებრ. ყველაზე ეფექტური და ხშირად გამოყენებადია საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდები (ბუდესონიდი, ბეკლომეტაზონი, ფლუტიკაზონი), რომლებიც ამცირებს ანთებას, ბრონქების შეშუპებას, პაციენტს თავიდან აცილებს ასთმის გამწვავებას.
მაკონტროლებელ მედიკამენტებს მიეკუთვნება ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორებიც (სალმეტეროლი). ისინი გამოიყენება მხოლოდ საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად. შემანარჩუნებელ თერაპიაში ასევე რთავენ ანტიქოლინერგულ პრეპარატებს (თიოტროპიუმი), რომლებიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების გაფართოებას.
ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება ლეიკოტრიენის მოდიფიკატორები (მონტელუკასტი).
მძიმედ მიმდინარე ან ძნელად სამკურნალო ასთმის შემთხვევაში მკურნალობაში ერთვება ბიოლოგიური პრეპარატები: ომალიზუმაბი, ბენრალიზუმაბი, მეპოლიზუმაბი, რესლიზუმაბი, – ოღონდ მათ გამოყენებამდე აუცილებელია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა ასეთი მკურნალობა კონკრეტული პაციენტის ასთმის ტიპს.
– რა თანამოვლენები ახასიათებს ასთმის მკურნალობას?
– საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია (ორალური კანდიდოზი). ზოგიერთს შესაძლოა ხმის ტემბრი შეეცვალოს – წამლის დოზის შემცირების შემდეგ ეს ცვლილება თავისთავად გაივლის.
– რას აძლევს პაციენტს რეგულარული მკურნალობა?
– ასთმის რეგულარულ, პრევენციულ მკურნალობას შეუძლია, თავიდან აგვაცილოს მისი დამძიმება და სიცოცხლის ბოლომდე მაქსიმალურად შეგვინარჩუნოს ფილტვების ფუნქცია.
როდესაც ასთმა კარგად კონტროლდება, პაციენტებს:
* იშვიათად აწუხებთ შეტევები;
* იშვიათად უმწვავდებათ ასთმა;
* არ სჭირდებათ ან მცირე რაოდენობით სჭირდებათ შესამსუბუქებელი მედიკამენტები;
* აქვთ ფიზიკურად აქტიური ცხოვრება;
* მათი ფილტვები ნორმალურად ან თითქმის ნორმალურად ფუნქციობს.
ნებაზე მიშვებულმა, გაუკონტროლებელმა ასთმამ შესაძლოა ნელ-ნელა გააუარესოს ფილტვების ფუნქცია და ასაკში შესული ადამიანი უნარშეზღუდულად აქციოს, ბავშვებთან გამოიწვიოს ზრდაში ჩამორჩენა, ორსულებთან – ნაყოფის ზრდის შეფერხება და მკვდრადშობადობა. ამავე მიზეზით ორსულობისას აუცილებელია ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების მიღება და კონსულტაცია ალერგოლოგთან – მის მიერ შედგენილი მკურნალობის გეგმა ქალს ორსულობის სწორად წარმართვაში დაეხმარება.
ვინაიდან ასთმით დაავადებულებს ადვილად ემართებათ გრიპი და პნევმონია, მნიშვნელოვანია მათი ყოველწლიური ვაქცინაცია.
ჰიპოსენსიბილიზაცია
– ჰიპოსენსიბილიზაცია ალერგენსპეციფიკური ვაქცინაციაა. მკურნალობის ეს მეთოდი გულისხმობს პაციენტისთვის ასთმის გამომწვევი ალერგენის (ან ალერგენების) მიწოდებას მზარდი დოზით, საინექციო, ენისქვეშა წვეთების ან ტაბლეტების ფორმით.
ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის მიზანია, ორგანიზმმა ისწავლოს კონკრეტულ ალერგენებთან ურთიერთობა, მათ მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე გახდეს და მათთან კონტაქტის დროს ალერგიული რეაქცია ან ასთმის შეტევა აღარ განუვითარდეს.
ჰიპოსენსიბილიზაციას მიმართავენ ყვავილის მტვრით, ზოგიერთი ცხოველის ეპითელიუმით ან ოთახის მტვრის ტკიპებით პროვოცირებული ასთმის სამკურნალოდ. ეს ჯერჯერობით ერთადერთი მეთოდია, რომელიც პოტენციურად ამცირებს რეაქციას კონკრეტულ ალერგენზე, თუმცა არსებობს ძლიერი რეაქციების რისკიც, ამიტომ ჰიპოსენსიბილიზაცია აუცილებლად სპეციალიზებულ კლინიკაში, სპეციალისტის მიერ უნდა ჩატარდეს.
პრევენცია
– როგორ ავარიდოთ თავი ტრიგერებს?
– უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ გაიგოთ, რა იწვევს თქვენში ასთმის შეტევას.
მოერიდეთ გავრცელებულ გამომწვევებს.
იქ, სადაც თქვენ ხართ, არ უნდა ეწეოდნენ. თამბაქოს კვამლი უმეტესად ამძიმებს ასთმას.
ცივი ჰაერი უფრო საშიშია მაშინ, როდესაც საკმარისი რაოდენობის წამალს არ იღებთ. მედიკამენტების დოზის გაზრდა ამ პრობლემას ხშირად აგვარებს.
შინ
– როგორ გავაუმჯობესოთ შინ გარემო?
– სასურველია, სახლი ისე იყოს მოწყობილი, რომ ადვილად ნიავდებოდეს და ადვილად სუფთავდებოდეს. რბილ იატაკს ხის, კერამიკული ან ლინოლეუმისა სჯობია, რადგან ქსოვილი აგროვებს მტვერს, მტვრის ტკიპებს და ალერგენებს.
დასუფთავებისას გამოიყენეთ მტვერსასრუტი HEPA ფილტრით და ორმაგი ჩანთებით.
უმჯობესია, სახლში არ გყავდეთ ბეწვიანი ცხოველი ან ფრინველი, თუნდაც მათზე ალერგია არ გქონდეთ – ისინი ზრდიან სახლში მტვრის რაოდენობას.
მოერიდეთ მკვეთრ სუნამოებს, გაპარსვის შემდეგ სახმარ ლოსიონებს, დეოდორანტებს, ყვავილებს შენობაში.
კარგი იქნება, ბალიშები, საბნები და ლეიბები ჩაისვას ჰერმეტულ საფარში, რომელიც არ ატარებს მტვრის ტკიპებს და მათ მიერ გამომუშავებულ ალერგენებს.
ალტერნატიული გზაა ბალიშების, საბნების და თეთრეულის რეგულარული რეცხვა 60 გრადუს ტემპერატურაზე.
ასთმის სათანადო მკურნალობით შეგიძლიათ მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი სიმპტომები.
ექსპერტების მიერ ყოველწლიურად გადაიხედება და იხვეწება ასთმის მართვის საერთაშორისო გაიდლაინები, მეცნიერულ დონეზე შეისწავლიან ასთმის ახალ ბიომარკერებსა და ენდოტიპებს. თანამედროვე სტრატეგია მიმართულია ასთმის მკურნალობისა და მართვისადმი პერსონალიზებული მიდგომების დანერგვისკენ.
ამ ყველაფრის მიზანია, ასთმით დაავადებულ ადამიანებს მაქსიმალურად სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდეთ და სიცოცხლის ყოველი დღით ისიამოვნონ.
მარი აშუღაშვილი