ალერგიული ხიბლი

გააზიარე:

“რაც უფრო ძვირფასია კოსმეტიკური საშუალება, მით უკეთესია ეფექტი!” – ამ დევიზით ხელმძღვანელობს მრავალი ქალბატონი, მაგრამ იმედგაცრუებული მათ შორისაც ბევრი ყოფილა. ხავერდივით პირისკანსა და ჩრდილების თვალისმომჭრელ ეფექტს ვინღა დაეძებს, ოღონდაც უცნაური გამონაყარი და ქუთუთოების შეშუპება მალე ჩაცხრეს...
სამწუხაროდ, ასეა: არ არის გამორიცხული, ალერგიული რეაქცია ძვირად ღირებულმა, ხარისხიანმა კოსმეტიკურმა პროდუქციამაც გამოიწვიოს.
კოსმეტიკურ ნაწარმს მიმზიდველი სუნი და ფერი რომ ჰქონდეს და დიდხანსაც გაძლოს, აუცილებელია მასში სინთეზური საღებავების, არომატიზატორების, ემულგატორებისა და კონსერვანტების დამატება. სწორედ ისინი იწვევენ მოულოდნელ ალერგიულ რეაქციებს: გამონაყარს, ქავილს, შეშუპებას...

ბუნებრივია
რაც უფრო მეტ ბუნებრივ კომპონენტს შეიცავს კოსმეტიკური ნაწარმი, მით უფრო უსაფრთხო და ძვირად ღირებულია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს :)). მაგრამ თურმე ალერგენებად ბუნებრივი დანამატებიც შეიძლება იქცეს. მაგალითად, კენკრაში, ჩაიში, ვარდსა და ვირისტერფაში შემავალი მჟავები და ეთერზეთები ძალიან ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. არანაკლებ საშიშია ცხოველური ცხიმები, რომლებსაც ასევე აქტიურად იყენებენ კოსმეტიკის მწარმოებელი ფირმები.

კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგია მოსალოდნელია, თუ გაქვთ:
 ნებისმიერი სხვა ტიპის ალერგია, მაგალითად, პოლინოზი (სეზონური ალერგია მცენარის მტვერზე);
 მგრძნობიარე კანი;
 სუსტი იმუნიტეტი, რაც შესაძლოა ავადმყოფობის (თუნდაც გრიპის), მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების, ავიტამინოზის ან სულაც აკლიმატიზაციის ბრალი იყოს.

ჰიპოალერგიულია
ამ წარწერას მრავალ კოსმეტიკურ პროდუქტზე წააწყდებით. ასეთი საშუალებები (როგორც სამკურნალო დანიშნულებისა, ასევე დეკორატიულიც), წესისამებრ,  ტესტირებულია და ალერგიული რეაქცია ასიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ფიქსირდება. ჰიპოალერგიული პროდუქცია ყოველთვის შედარებით ძვირი ღირს.
თუ კოსმეტიკას აწერია “გავლილი აქვს დერმატოლოგიური ტესტირება”, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალერგიას არ იწვევს. ზემომოყვანილი ფრაზა მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
ფრაზა “ტესტირებულია ოფთალმოლოგების მიერ”, რომელიც, წესისამებრ, სპეციფიკურ კოსმეტიკურ საშუალებებს ამშვენებს, იმის მანიშნებელია, რომ მისი გამოყენება გულდამშვიდებით შეუძლია ყველას, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს ან მგრძნობიარე კონიუნქტივა (თვალის ლორწოვანი გარსი) აქვს.

გირჩევთ: ვიდრე ახალშეძენილ პროდუქტს გამოიყენებდეთ, სულ ცოტა იდაყვის კანზე წაიცხეთ და რამდენიმე საათს გაიჩერეთ. თუ ალერგია არ განვითარდა, თამამად გამოიყენეთ.

ყველაზე ალერგიული
მაინც მკვებავი კრემებია. თუკი ახალი პროდუქტის პირველი წაცხებისთანავე კანზე უჩვეულო გამონაყარმა იჩინა თავი, ექსპერიმენტს თავი დაანებეთ და სხვა კრემი შეარჩიეთ.
საზოგადოდ, გირჩევთ, გამოყენების წინ ინსტრუქციას გაეცნოთ. ნიღაბი ზუსტად მითითებული დროით გაიჩერეთ სახეზე, თუ საჭიროა, წასმის შემდეგ კრემის ნარჩენები ხელსახოცით მოიცილეთ და, რაღა თქმა უნდა, ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადას. სხეულის მოვლის ნებისმიერი საშუალება გახსნის შემდეგ ერთ წელიწადში უვარგისი ხდება. მხოლოდ თერმულ წყალზე დამზადებული კოსმეტიკა ძლებს ორ წელიწადს. აი, ბიოკოსმეტიკის უტილიზაციის ვადა  კი 3-6 თვეში გადის.
გახსნილი ტონალური ნახევარ წელიწადში გამოცვალეთ. ფხვიერი და კომპაქტური პუდრი სამ წლამდე ძლებს. თვალის მშრალი ჩრდილებიც სამ წლამდე ძლებენ, მათი თხევადი ანალოგები – წლამდე, გახსნილი ტუშის გამოყენება კი სულ რაღაც 3-5 თვის განმავლობაშია რეკომენდებული. რაც შეეხება ტუჩის კოსმეტიკას, პრიალა საცხი ნახევარ წლამდე ძლებს, ხოლო პომადა – წლამდე.

კრემი კონტეინერიდან თითით არ ამოიღოთ – თითიდან მასში ბაქტერიები იჭრება, რაც მისი შენახვის ვადას კიდევ უფრო ამცირებს. წასასმელად სპეციალური კოვზი ან ბამბის დისკი გამოიყენეთ.

გახსოვდეთ: უმჯობესია, ერთი ფირმის და, უფრო უკეთესია, ერთი ხაზის კოსმეტიკა გამოიყენოთ. სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შეთავსებამ შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს ან დაწყებული რეაქცია გაამძაფროს.

გააზიარე: