რეპელენტები - პატარა ნაკბენი, დიდი საფრთხე
გააზიარე:
ტრანსმისიული ეწოდება ისეთ დაავადებებს, რომლებიც მწერებს ან ცხოველებს გადააქვთ. მათ თავიდან ასაცილებლად საჭიროა გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა და აქტიური ინდივიდუალური პროფილაქტიკა.
პროფილაქტიკის ერთ-ერთი საშუალებაა რეპელენტი. რა არის ეს, როგორ შევარჩიოთ და როგორ გამოვიყენოთ სწორად?
კლასიფიკაცია
კბენია მწერებს ორ ჯგუფად ყოფენ: სიფრიფანაფრთიანებად (კოღო, ბუზი, კრაზანა და ა.შ.) და ობობასნაირებად (ტკიპა, მორიელი და სხვა). სხვადასხვა სახეობის მწერის ნაკბენზე ადამიანის ორგანიზმის პასუხი სხვადასხვანაირია – ადგილობრივი ან გენერალიზებული. მწერების უმრავლესობის ნაკბენი ადგილობრივ რეაქციებს იწვევს. ფუტკრის, კრაზანისა და მორიელის კბენის შედეგად ხშირად ვითარდება ალერგიული რეაქცია, რაც იმ ტოქსინის აუტანლობის ბრალია, რომელსაც მწერი დაკბენილის ორგანიზმში უშვებს. ადგილობრივი ალერგიული რეაქციის დროს შუპდება და წითლდება ნაკბენი ადგილი, ვითარდება წვა და ქავილი. ეს სიმპტომები რამდენიმე საათს გრძელდება, შესაძლოა, 24 საათზე მეტხანსაც კი გასტანოს. ზოგადი ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ადგილობრივ მოვლენებს თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ღებინება, თავისა და სახსრების ტკივილი. ზოგადი რეაქციის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, ხოლო ყველაზე მძიმე – ანაფილაქსიური შოკი, რომელიც სამედიცინო დახმარების დაგვიანების შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს.
გლობალური და ენდემური კერები
გლობალურმა დათბობამ და მიგრაციული პროცესების გააქტიურებამ ჩვენს ქვეყანაში მწერებისა და პარაზიტების გავრცელებას შეუწყო ხელი. გამორიცხული არ არის, მათ შორის იყვნენ ისეთი გადამტანებიც, რომლებიც საქართველოში აქამდე რეგისტრირებული არ ყოფილან, მაგრამ რომელთა სიცოცხლისა და გამრავლებისთვის აქ კლიმატური პირობები ოპტიმალურია.
ტრანსმისიული დაავადებების გადამტანები (ვექტორები) უმეტესად კოღოები და ტკიპები არიან. ესა თუ ის ტრანსმისიული დაავადება გვხვდება მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც არსებობს ვექტორის გამრავლება-გავრცელებისთვის საჭირო ყველა პირობა და დაავადების რეზერვუარი.
საქართველოში გვიან გაზაფხულზე აქტიურდება და შუა შემოდგომამდე გრძლდება დაავადებათა გადამტანი კოღოებისა და ტკიპების გამრავლება. გარდა შავიზღვისპირა ზოლის ტიპური ბინადრისა – კოღო ანოფელესისა (რომელსაც მალარია გადააქვს), ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბინადრობენ და მრავლდებიან Aედეს აეგყპტი-ისა და Aედეს ალბოპიცტუს-ის სახეობის კოღოებიც, რომლებსაც დენგეს და ყვითელი ცხელების, ჩიკუნგუნიას და ზიკას ვირუსები გადააქვთ.
გლობალური დათბობის, მოსახლეობის მიგრაციის, აქტიური ტურიზმისა და ტვირთბრუნვების მატების გამო საქრთველოს შავიზღვისპირა ზონაში გაჩნდა დამატებითი რისკები ტრანსმისიული დაავადების შემოტანისა და შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით.
ასეთი დაავადებებისგან დაცვის საშუალებები შეგვიძლია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:
- ეკოლოგიური, რაც გულისხმობს ვექტორისთვის ხელსაყრელ ბუნებრივ გარემო პირობებზე ზემოქმედებას, დაჭაობებული ტერიტორიის დამუშავებას და ამოშრობას, წყალსატევების წმენდას და კეთილმოწყობას, წყლის რეზერვუარების გადახურვას;
- ფიზიკური – საცხოვრებელი ბინის კარ-ფანჯრები მჭიდროდ უნდა იხურებოდეს და დაცული იყოს სპეციალური მწერსაწინააღმდეგო ბადეებით, მცირეწლოვანი ბავშვის საწოლს უნდა ჩამოეფაროს სამუმლე ბადე და კიდეები მჭიდროდ ამოიგოს ლეიბის ქვეშ;
- ქიმიური – ტრანსმისიულ დაავადებათა პრევენციის მიზნით ფართოდ გამოიყენება ეგრეთ წოდებული ინსექტიციდები, მწერსაწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებები. ქიმიური საშუალებებით შენობების დამუშავება მოითხოვს ყველა წესის მკაცრ დაცვას და, ჩვეულებრივ, ხორციელდება დეზინფექციის სამსახურების სპეციალისტთა მიერ;
- ინდივიდუალური – რეპელენტები. მათი ფუნქცია მკბენარა მწერების დაფრთხობაა და არა მათი უვნებელყოფა. დამნესტრავი მწერებისგან (ფუტკარი, კრაზანა) ეფექტურ დაცვას ეს საშუალებები ვერ უზრუნველყოფს.
არსებობს ზოგადი ანუ დენის წყაროში შესაერთებელი და ადგილობრივი მოქმედების (სპრეი, ლოსიონი, მალამო) რეპელენტები. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციას უწევს მწერების საწინააღმდეგო ისეთი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც რეგისტრირებულია გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ. დამცავი საშუალება აუცილებლად უნდა შეიცავდეს სამი მოქმედი ნივთიერებიდან ერთ-ერთს: DEET (N, N-დიეთილ-3-მეთილბენზამიდი), პიკარიდინს ან მცენარის (ლიმონი, ევკალიპტი) ეთერზეთებს.
DEET
ადამიანი მკბენარებს იზიდავს კანის სუნის, ტემპერატურისა და ამოსუნთქული ნახშიროჟანგის წყალობით. DEET-ის შემცველი ხსნარი კბენისგან დამცავ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ბლოკავს ადამიანის სუნს და მწერისთვის "უხილავს" ხდის ჩვენს სხეულს. რაც უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია საკვებში, მით უფრო ხანგრძლივია დაცვითი ეფექტი. დიეთილ-3-მეთილბენზამიდის კონცენტრაცია, რომელსაც მწერების საწინააღმდეგო საშუალების ეტიკეტზე ამოიკითხავთ, დაცვის ეფექტურ ხანგრძლივობაზე მიუთითებს. მაგალითად, წარწერა 10% DEET ნიშნავს, რომ რეპელენტი 2 საათის განმავლობაში დაგიცავთ აბეზარი მწერებისგან, 30% DEET კი – 5 საათის განმავლობაში. რეპელენტი 10-35% DEET-ის შემცველობით, როგორც წესი, სავსებით საკმარისია ეფექტური დაცვისთვის, დიეთილ-3-მეთილბენზამიდის უფრო მაღალი კონცენტრაციის მქონე საშუალებების გამოყენება რეკომენდებულია ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, ასევე მაშინ, როდესაც ინფექციების გადამტანი ტკიპების გავრცელების ენდემურ ზონაში იმყოფებით.
DEET-ის შემცველი რეპელენტების გამოყენებისას ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქცია.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, 30% DEET-ის შემცველი რეპელენტი გამოიყენება 2 წლიდან, 10%-იანი საშუალების გამოყენება კი 6 თვიდან არის ნებადართული. დაუშვებელია დიეთილ-3-მეთილბენზამიდის შემცველი ხსნარის დალევა ან შესუნთქვა, ასევე – დაკაწრულ ან მზისგან დამწვარ კანზე წასმა, რადგან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში ავლენს ტოქსიკურ ეფექტს. ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია, არარეგულარული (ან პირველი) გამოყენებისას არჩევანი არა უმეტეს 35% DEET შემცველობის რეპელენტზე შეაჩერონ.
კონსისტენციის შესაბამისად, მწერებისგან დამცავი საშუალება შეიძლება პირდაპირ კანზე წაისვათ ან ასხუროთ ტანსაცმელს, ფანჯრებზე დამაგრებულ მწერებისგან დამცავ ბადეებს, ტენტებს და საძილე ტომრებს.
პიკარიდინი
კიდევ ერთი უსაფრთხო და ლიცენზირებული ნივთიერება, რომელსაც რეპელენტები შეიცავს, პიკარიდინია. ეს ინგრედიენტი ადამიანის კანზე ქმნის ბარიერს და კბენისგან იცავს. პიკარიდინი დიეთილ-3-მეთილბენზამიდინზე ეფექტურია: კვლევებმა დაადასტურა, რომ DEET-ის შემცველი რეპელანტის გამოყენების შემდეგ მწერი, მართალია, არ გიკბენთ, მაგრამ სხეულზე მაინც შეიძლება დაგაფრინდეთ, მაშინ როდესაც პიკარიდინიანი რეპელანტი მწერებს უფრო შორ მანძილზე განდევნის.
პიკარიდინს არ აქვს სუნი, არ ტოვებს კვალს, აქვს ხანგრძლივი ეფექტი (8-10 საათი) და გამოიყენება 2 თვიდან.
როგორ გამოვიყენოთ
* წაისვით თხლად სხეულის ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზე, არ შეიზილოთ. ერთჯერადი დამუშავებისთვის საკმარისია 5-10 მლ სითხე ან 3-5 გ მალამო. გამფრქვევ ბალონში მოთავსებული რეპელენტი თანაბრად გაინაწილეთ ორივე ხელისგულზე და წაისვით სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე, რათა ლორწოვან გარსებზე მისი მოხვედრისგან თავი დაიზღვიოთ. თვალთან ან პირთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად არ წაუსვათ ბავშვებს ხელის მტევნებზე.
* რეპელენტის გამოყენების შემდეგ ხელები თბილი წყლით და საპნით დაიბანეთ.
* არ წაისვათ ჭრილობებზე, კანის ანთებით და გაღიზიანებულ უბნებზე.
* მოერიდეთ აეროზოლის გაფრქვევისას მის შესუნთქვას, რათა რეპელენტი სასუნთქ გზებში არ მოხვდეს.
* დღის განმავლობაში მწერებისგან დამცავი საშუალებების ხშირი რეაპლიკაცია (ხელახლა წასმა) საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც მეტისმეტად ცხელ ან სველ გარემოში იმყოფებით და დამცავი ნივთიერება კანს ოფლთან ერთად სცილდება.
ბუნებრივი რეპელენტები
მშობლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული რეპელენტები უსაფრთხოა, მაგრამ, როგორც გაირკვა, სულაც არ ყოფილა ასე. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გვირჩევს, გამოვიყენოთ მხოლოდ გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მწერებისგან დამცავი ნაწარმი. ისეთი საშუალებები, როგორიცაა ციტრონელას ექსტრაქტი ან კედრისა და ევკალიპტის ზეთი, მწერების წინააღმდეგ ნაკლებეფექტურია. 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან მათი გამოყენება უკუნაჩვენებია ალერგიული რეაქციის განვითარების მაღალი რისკის გამო. გარდა ამისა, ეთერზეთებზე დამზადებული საშუალებების დამცველობითი ეფექტი ხანმოკლეა: ციტრონელასი 20 წუთამდე გრძელდება, ევკალიპტის ზეთისა კი – 2 საათამდე.
ტანსაცმელზე დასაკრავი ერთჯერადი წებოვანი საფენები და სამაჯურები ინსექტიციდებით არის გაჟღენთილი. მათი მოქმედების ვადა ხანმოკლეა, ეფექტიანობა კი სხვა რეპელენტებთან შედარებით დაბალი, რადგან ძირითადად ეთერზეთებს (ევკალიპტის, ქაფურის ზეთებს) შეიცავს. ამ ტიპის რეპელენტები სხეულთან ახლოს უნდა დავამაგროთ, რადგან ნივთიერების მოქმედება შორ მანძილზე ვერ ვრცელდება, თუმცა 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან ნებისმიერი მცირე ზომის საგნის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან მაღალია ამ საგნის პირში ჩადებისა და გადაცდენის რისკი. ტანსაცმელსა და მაჯაზე დასამაგრებელი რეპელენტების მოთავსება რეკომენდებულია ბავშვის პირიდან შორს, მაგრამ სხეულთან ახლოს.
დისტანციური დაცვა
მზის ჩასვლის შემდეგ, როდესაც აბეზარი მწერები განსაკუთრებით აქტიურდებიან, სასურველია, შენობის კარ-ფანჯრები დაკეტილი იყოს და ოთახი კონდიციონერით გრილდებოდეს – ასეთ პირობებში მწერებისგან თავის დაცვა გაცილებით ადვილია, ვიდრე ღია სივრცეში. შიდა კონდიცირების სისტემის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია დამცავი ბადეების გამოყენება. ოთახებში შემოფრენილი მწერების განადგურება სასურველია ინსექტიციდური აეროზოლებით. რაც შეეხება ზოგადი მოქმედების რეპელენტებს, მათი მოხმარებისას სიფრთხილეა საჭირო.
ელექტროფუმიგატორი ყველაზე გავრცელებული მოწყობილობაა, რომელიც, ჩვეულებრივ, დენის წყაროს უერთდება და ინსექტიციდებით გაჟღენთილ ფირფიტას ან სითხეს ისე ახურებს, რომ მათგან მწერებისთვის ტოქსიკური აირები გამოიფრქვევა. ერთი ხელსაწყო 12 კვადრატული მეტრი ფართობის სივრცეს ჰყოფნის. თუ ოთახის ფართობი მეტია, მეტი ხელსაწყოა საჭირო. იმ შენობაში სადაც ორსულები, მეძუძური ქალები ან ალერგიისკენ მიდრეკილი პირები იმყოფებიან, ელექტროფუმიგატორის ჩართვა რეკომენდებული არ არის.
ჩვენს ქვეყანაში სპირალები და ჩხირებიც საკმაოდ პოპულარულია. მათი წვის პროცესში გამოყოფილი კვამლი აფრთხობს მწერებს, თუმცა ამავე კვამლს ადამიანისთვისაც შეუძლია ზიანის მიყენება. ნახშირბადის მონოქსიდმა ან კვამლში შემავალმა სხვა ნივთიერებამ შესაძლოა ლორწოვანი გარსები გააღიზიანოს (გამოიწვიოს ხველა, ცემინება, ცრემლდენა). აღნიშნული საშუალებების გამოყენება დაუშვებელია სასუნთქი სისტემის რომელიმე დაავადების ან ალერგიის მქონე პირებთან.
რაც შეეხება მწერებთან ბრძოლის ხალხურ მეთოდებს (ძმარი, სხვადასხვა მცენარის ფოთლების ნახარში), გახსოვდეთ: მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა კვლევებით არ არის დადასტურებული. ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს, მით უმეტეს – მცირეწლოვნებსა და ალერგიულ პირებზე. უპირატესობა მიანიჭეთ აფთიაქში შეძენილ ლიცენზირებულ რეპელენტებს, დაიცავით მოხმარების წესები და დატკბით ზაფხულით.
მარი მარღანია