ქოქოსის ზეთი თქვენი თმისთვის

გააზიარე:

ალბათ გაგიგონიათ ქოქოსის ზეთის სასარგებლო თვისებების შესახებ. მას უძველესი დროიდანვე იყენებენ საკვებად, სახის კანისა თუ თმის მოსავლელად. ჩვენს დროში მან მაკიაჟის მოსაშორებელი და დამატენიანებელი საშუალებების და, თქვენ წარმოიდგინეთ, საპარსი გელის ფუნქციაც კი შეითავსა.

ჩვენ ქოქოსის რძეზე როგორც თმის მოვლის საშუალებაზე გესაუბრებით, გაგაცნობთ მის ღირსებებს და ნაკლოვანებებს და გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ის, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

რა შეუძლია?

ქოქოსის ზეთი ამცირებს თმის ღერებიდან პროტეინის კარგვას და ამით თმას ჯანსაღ შესახედაობას უნარჩუნებს. მისი ეს თვისება კვლევებითაა დადასტურებული. ერთ-ერთი ასეთი კვლევის დროს ცდისპირებს თავის დაბანამდე და დაბანის შემდეგ წაუსვეს სამნაირი – ქოქოსის, მზესუმზირას და მინერალური – ზეთი, თითოეული პროცედურის შემდეგ კი შეუმოწმეს თმაში პროტეინის რაოდენობა. აღმოჩნდა, რომ ქოქოსის ზეთმა თმის ღერებს ყველაზე უკეთ შეუნარჩუნა პროტეინი. მას საუკეთესო ეფექტი აღმოაჩნდა თმის ქიმიური დახვევის, ცხელი უთოთი გასწორების, მზეზე დიდხანს გაჩერების დროსაც.

თუ ქოქოსის ზეთს დაბანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიზელთ თმაში, ის დაიცავს თმის ღერებს ზიანისგან, რომელიც მათ დაბანისას ადგებათ. თმა სწორედ დაბანის დროსაა ყველაზე მოწყვლადი, ანუ მაშინ, როდესაც სველია. დასველების დროს თმის ღერის სქელი ცენტრალური შრე იჟღინთება და იბერება, რაც კუტიკულებში სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს. განსაკუთრებით საზიანოა სველი თმის დავარცხნა.

დაბანამდე წასმული ქოქოსის ზეთი ხელს უშლის თმის მიერ წყლის შეწოვას, რის შედეგადაც თმის ღერები ნაკლებად ფაშრდება და ძნელად ზიანდება, დაბანის შემდეგ წასმული კი ამცირებს ზიანს, რომელსაც თმა დავარცხნის, ფენით გაშრობის თუ უთოთი გასწორების შედეგად იღებს.

სხვა სასარგებლო თვისებები

*აღმოჩნდა, რომ ანისთან კომბინირებული ქოქოსის ზეთი 40%-ით უფრო ეფექტურად ებრძვის პედიკულოზს, ვიდრე ქიმიური პერმეტრინი.

*ქოქოსის ზეთი თმას მზის გამოსხივებისგან იცავს. კვლევებმა აჩვენა, რომ მას დაახლოებით 8%-იანი დაცვა აქვს, ასე რომ, თუ მზიან ამინდში შინიდან გასვლამდე ცოტაოდენ ქოქოსის ზეთს გადაისვამთ თმაზე, ის უფრო მეტად იქნება დაცული.

*ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ქოქოსის ზეთი ქერტლის წარმოქმნასაც ამცირებს.

თუ გრძელი თმა გიყვართ...

ქოქოსის ზეთი სწორედ ის პროდუქტია, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ თმის მოვლის რუტინაში. მისი ყოველდღიური გამოყენებისას თმა გაცილებით სწრაფად და, რაც მთავარია, ჯანსაღი იზრდება. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

*ქოქოსის ზეთი ღრმად ატენიანებს, ამკვრივებს, გაყოფისგან იცავს თმის ღერებს;

*ხელს უშლის პროტეინის კარგვას და ამცირებს ზიანს, რომელიც თმას დასველების შედეგად ადგება;

*იცავს თმას მზისგან, გამონაბოლქვისგან და სხვა მავნე გარეგანი ფაქტორებისგან.

როგორ ამოვიცნოთ და ავირჩიოთ

*ნამდვილი ქოქოსის ზეთი (100% ცოცონუტ ოილ) 23 გრადუსზე მყარდება, 27 გრადუსზე კი თხევადდება. შუალედში ფაფისებრია.

*ხარისხიან ქოქოსის ზეთს ახალგატეხილი ქოქოსის კაკლის ნაზი სურნელი უნდა ჰქონდეს.

*ეცადეთ, შეიძინოთ ცივი და არა ცხელი წურვის მეთოდით მიღებული ქოქოსის ზეთი (პირველ შემთხვევაში ეტიკეტზე ამოიკითხავთ წარწერას ცოლდ-პრესსედ, მეორეში, შესაბამისად – ჰოტ-პრესსედ).

ცივი წურვის მეთოდით მიღებული ზეთი უფრო ძვირია, რადგან პროცესი გაცილებით ხანგრძლივი და შრომატევადია. სამაგიეროდ, ცივი წურვისას ზეთი ყველა სასარგებლო ნივთიერებას ინარჩუნებს, ცხლად გამოწურულს კი ამ ნივთიერებათა უდიდესი წილი დაკარგული აქვს.

*ნებისმიერი მეთოდით გამოხდილი ქოქოსის ზეთი ორი სახისაა: რაფინირებული (რეფინედ) და არარაფინირებული (Uნრეფინედ). უბრალო ენით რომ ვთქვათ, გაწმენდილი და გაუწმენდავი. არარაფინირებულ ზეთში სასარგებლო ნივთიერება გაცილებით მეტია, მაგრამ არ არის რეკომენდებული ასეთი ზეთის კანში შეზელა. თუ მაინცდამაინც თავის კანისა და თმის ძირების მოსავლელად გინდათ, აჯობებს, რაფინირებული შეიძინოთ.

*ეცადეთ, იყიდოთ შუშის ქილით. პლასტმასის ქილა, ჯერ ერთი, გამოუსადეგარია დიდხანს შენახვისთვის, მეორე – შეუძლია “შეისრუტოს” ქოქოსის ზეთის ყველაზე ძვირფასი კომპონენტი, ლაურინის მჟავა, რის შედეგადაც ზეთი სასარგებლო თვისებების ნაწილს დაკარგავს. 

როგორ გამოვიყენოთ

ქოქოსის ზეთის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება. მაგალითად:

. კონდიციონერად – დაიბანეთ თავი შამპუნით, რომელსაც ჩვეულებრივ ხმარობთ. შემდეგ ხელისგულზე დაისხით ქოქოსის ზეთი და ჯერ კიდევ სველ თმაზე შუა ნაწილიდან ბოლოებამდე ჩამოისვით. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, 3-4 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ არა – შეგიძლიათ, დაიტოვოთ;

. დამცავად დაბანამდე;

. დამცავად დაბანის შემდეგ – შამპუნითა და კონდიციონერით დაბანილ თმაზე, გამშრალებამდე, წაისვით ქოქოსის ზეთი. ამ შემთხვევაში ის დამცავ ფუნქციას შეასრულებს თმის გაშრობისა და სტაილინგის დროს;

. ნიღბად – წაისვით ქოქოსის ზეთი შედარებით უხვად, რამდენიმე საათი დაიტოვეთ და ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, ეს პროცედურა ძილის წინ ჩაიტაროთ და ზეთი მთელი ღამით დაიტოვოთ თმაზე, დილით კი წყლით და ცოტაოდენი შამპუნით ჩამოიბანოთ;

. მკვებავად – თუ ატყობთ, რომ თავის კანი გამოგიშრათ, ძილის წინ წაისვით ცოტაოდენი ქოქოსის ზეთი, დილით კი შამპუნით და ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. 

რა უნდა გვახსოვდეს

უპირველეს ყოვლისა, ზედმეტი არ მოგივიდეთ – შესაძლოა, თმა და თავის კანი ზედმეტად გაგიცხიმიანოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ ისედაც ცხიმიანი ან თხელი თმა გაქვთ.

გასათვალისწინებელია ალერგენული ფაქტორიც. თუ ქოქოსზე ალერგია გაქვთ, ქოქოსის ზეთს, რასაკვირველია, უნდა ერიდოთ. თუ არ იცით, ხართ თუ არა ქოქოსის მიმართ ალერგიული, ჩაიტარეთ სინჯი – ცოტაოდენი წაისვით კანზე და რეაქციას დაელოდეთ. სინჯისთვის ისეთი დრო შეარჩიეთ, როდესაც შინ მარტო არ იქნებით, რათა ალერგიული რეაქციის შემთხვევაში გვერდით გყავდეთ ვინმე ისეთი, ვინც დაუყოვნებლივ მიიღებს საჭირო ზომებს ან ექიმს დაუკავშირდება.

რამდენად ხშირად წავისვათ

პროცედურების სიხშირე, ხანგრძლივობა და გამოყენებული ზეთის ოდენობა თქვენი თმის სტრუქტურასა და სისქეზეა დამოკიდებული.

ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, კვირაში ერთი პროცედურა საკმარისია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ორი-სამის ჩატარებაც შეიძლება.

რამდენ ხანს დავიტოვოთ თმაზე

თუ მხოლოდ გაყოფილ ბოლოებზე ისვამთ, შეგიძლიათ, თავის მომდევნო დაბანამდე დაიტოვოთ. თუ ძირებიდან ბოლოებამდე, მთელ სიგრძეზე –  რეკომენდებულია 1-2 საათი.

საბოლოო ჯამში კი სპეციალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე სწორი იქნება, ცდისა და შეცდომის მეთოდით შეადგინოთ საკუთარი, ინდივიდუალური რეჟიმი: მცირე ოდენობის ზეთით, იშვიათი პროცედურებით,  – და ნელ-ნელა მოუმატოთ, ვიდრე თქვენი თმისთვის ოპტიმალურ ვარიანტს არ მიაგნებთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: