რამდენად უსაფრთხოა შილაკის აპარატი
გააზიარე:
შილაკი და გელ-ლაქი პოპულარული პროცედურებია, რადგან ლამაზი მანიკიური დაახლოებით სამი კვირა ძლებს ფრჩხილზე, ადვილად არ იქერცლება და არ ძვრება. მიუხედავად ამისა, ბოლო ხანს ჩატარებული კვლევების შედეგებმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ამ პროცედურების ავკარგიანობა ეჭქვეშ დააყენა. აღმოჩნდა, რომ ულტრაიისფერი სხივები, რომლებსაც ამ პროცედურებისთვის საჭირო აპარატი ასხივებს, ისე აზიანებს კანის უჯრედებს, რომ ექსპერტები კანის კიბოს რისკის მატებაზეც კი ალაპარაკდნენ. ამ აღმოჩენამ ბევრს გაუჩინა კითხვები და შილაკის პოპულარობას საფრთხე შეუქმნა, რადგან, მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ჯანმრთელობის ფასად ის ნამდვილად არ უნდა ღირდეს.
კვლევები მოწმობს, რომ შილაკის ულტრაიისფერი გამოსხივების აპარატის რეგულარული მოხმარება კანის დაბერებას აჩქარებს. აპარატი, რომელსაც შილაკის პროცედურისთვის იყენებენ, ასხივებს A ტიპის ულტრაიისფერ სხივებს, რომელთა ძალაც საგრძნობლად აღემატება მზის ბუნებრივ ულტრაიისფერ გამოსხივებას, ამიტომ ჯანმრთელობის ექსპერტები თანხმდებიან, რომ აპარატი მართლაც ვნებს კანს, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა საკმარისი რაოდენობის კვლევა, რათა გადაჭრით ითქვას, რომ ეს პროცედურა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.
შილაკის საშრობი აპარატი ასხივებს არაბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებს, რომლებიც სოლარიუმის აპარატის დასხივების იდენტურია, სოლარიუმის მავნეობა კი რა ხანია დამტკიცებულია და ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, აკრძალულიც კია ამ ხერხით გარუჯვა. უფრო მკაფიოდ რომ დაინახოთ, რამდენად დიდ ზიანს აყენებს სოლარიუმი ადამიანის ორგანიზმს, განსაკუთრებით კი კანს, წარმოიდგინეთ, რომ სოლარიუმის აპარატის ულტრაიისფერი გამოსხივება 9-ჯერ აღემატება ზენიტში მყოფი (დღის 13:00-დან 14:00 საათამდე) მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას.
ვინაიდან შილაკის საშრობი აპარატის გამოსხივება, სოლარიუმის აპარატისგან განსხვავებით, მხოლოდ ხელებს ხვდება, ბევრს მოსალოდნელი შედეგები არ აშინებს, მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, დაფიქრებად ნამდვილად ღირს. ის, ვისი ოჯახის სამედიცინო ისტორიაც კანის კიბოთია დატვირთული, განსაკუთრებით უნდა ერიდოს როგორც მზის ბუნებრივ ულტრაიისფერ გამოსხივებას, ისე სოლარიუმს და შილაკის აპარატის არაბუნებრივი სხივებს.
საშრობი აპარატის თავისებურებები
საშრობი აპარატის ულტრაიისფერი ნათურები აუცილებელია შილაკის სრულფასოვნად გასაკეთებლად, რადგან სწორედ მათი სხივები ამკვრივებს და ხდის უფრო გამძლეს ფრჩხილზე დატანილ მანიკიურს (ზოგიერთი სალონი ამ პროცედურისთვის LED ნათურებს იყენებს, მაგრამ ისინიც უხვად ასხივებენ ულტრაიისფერ სინათლეს).
მცირე ხნის წინ ჟურნალ “Nature Communications-ში” გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც ასეთი ექსპერიმენტია აღწერილი: ადამიანისა და თაგვის უჯრედები მკვლევრებმა 20 წუთის განმავლობაში დაასხივეს იმ ტიპისა და რაოდენობის ულტრაიისფერი სხივებით, რომელსაც სალონებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი აპარატი ასხივებს. ამის შემდეგ უჯრედების დაახლოებით 30 პროცენტი მოკვდა, ზოგიერთ გადარჩენილ უჯრედს კი დნმ დაუზიანდა.
მიუხედავად იმისა, რომ უჯრედების დაზიანება აშკარა და შემაშფოთებელია, ეს კვლევა ერთმნიშვნელოვნად მაინც არ ადასტურებს, რომ ულტრაიისფერ ნათურებს შეუძლია, კანის კიბო გამოიწვიოს. ლაბორატორიაში საკვლევად აღებული უჯრედები უფრო დაუცველია დაზიანების მიმართ, ვიდრე ადამიანის ხელის კანის უჯრედები რეალურ სამყაროში, რადგან ლაბორატორიულ უჯრედს არ აქვს კანის სქელი გარეთა ფენა, რომელიც მკვდარი უჯრედებისგან შედგება და გარემო ფაქტორებისგან დამცავ ერთგვარ საფარველს წარმოადგენს.
ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე კვლევა ადამიანებზე, რომლებიც რეგულარულად იტარებდნენ შილაკის პროცედურას და კანის კიბოს დიაგნოზი დაესვათ. მკვლევრები ეძებენ კავშირს შილაკის პროცედურასა და კანის კიბოს გამომწვევ ფაქტორებს შორის, მაგრამ ეს დასკვნა ჯერჯერობით არ დადებულა.
როგორ დავიცვათ თავი
თუ შილაკი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მასზე უარის თქმას არ აპირებთ, რადგან კვლევები ბუნდოვანია და ჯერჯერობით 100%-ით არც შილაკის საშრობი აპარატის კანის კიბოსთან კავშირი დადასტურებულა, სასურველია, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად.
პირველი, რასაც ექსპერტები გვირჩევენ, არის მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება შილაკის ყოველი პროცედურის დროს. პროცედურამდე 15 წუთით ადრე ხელებზე წაისვით საშუალება მზისგან დამცავი საშუალება 50-ზე მაღალი ინდექსით (SPF 50+). მართალია, კანის კიბოსთან აპარატის გამოსხივების კავშირი ჯერ დაუდასტურებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ის უჯრედების დონეზე აზიანებს კანს და დაბერებასაც აჩქარებს, ასე რომ, როგორც მზეზე და სოლარიუმში გარუჯვის დროს, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა დაიცვათ კანი.
მეორე ვარიანტია სპეციალური დამცავი ხელთათმანები, რომლებსაც მოჭრილი აქვს თითის წვერები ფრჩხილების გამოსაჩენად, დანარჩენი კი დაფარულია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი სპეციალური საფარველით. დეველოპერები ირწმუნებიან, რომ ეს ხელთათმანები შილაკის პროცედურის დროს ბლოკავს ულტრაიისფერი გამოსხივების 99.9%-ს. მათი ძირითადი ნაწილი დამზადებულია თერმოპლასტიკური ელასტომერისგან (ელასტიკური პლასტმასისგან), ხოლო ფარი – ტიტანის დიოქსიდისგან, რომელიც მზისგან დამცავი საცხების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია.
ასევე სასურველია, პროცედურამდე სპეციალისტს სთხოვოთ, მსუბუქად გაგიქლიბოთ ფრჩხილი და არ მოაშოროს მას ზედა დამცავი ფენა. საქმე ის არის, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება კანთან ერთად ფრჩხილსაც არანაკლებ ზიანს აყენებს, ამიტომ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ეცადეთ, უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვათ.
ლიკა ქათამაძე