შიგელოზი - როგორ ვლინდება ნაწლავთა დიზენტერია
გააზიარე:
წელიწადის ცხელ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, რომლებიც უმეტესად დიარეით (ფაღარათით) ვლინდება.
მწვავე დიარეის ყველაზე ხშირი მიზეზია ინფექცია, მისი ერთ-ერთი გამომწვევი კი შიგელას გვარის ბაქტერიაა. ამ ბაქტერიით გამოწვეულ დაავადებას შიგელოზს ვუწოდებთ.
შიგელოზი, იგივე ნაწლავთა დიზენტერია, უწყინარიდან შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ ფორმაში გადაიზარდოს.
რა არის
შიგელოზს იწვევენ შიგელას (Shigella) გვარის ბაქტერიები, რომლებიც ენტერობაქტერიათა (Enterobacteriaceae) ოჯახს ეკუთვნიან. ეს გვარი მოიცავს ხუთ ათეულზე მეტ სეროლოგიურ ვარიანტს, რომლებიც, საერთაშორისო კლასიფიკაციით, 4 ჯგუფად იყოფა: SH. dysenteriae, SH. flexneri, SH. boydi, SH. sonnei.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში (ყველა გეოგრაფიულ ზონაში) ყოველწლიურად აღირიცხება შიგელოზის 165 მილიონამდე შემთხვევა, რომელთაგან 600 000 სიკვდილით სრულდება.
საქართველოში შიგელოზით ავადობა დაბალია – წელიწადში 250-300 შემთხვევას არ აღემატება.
შიგელას ინფექციური აგენტის მიმღებლობა საყოველთაოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექცია შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეხვდეს, თუმცა ავადობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია ბავშვებთან. დაავადებას მკვეთრად გამოხატული სეზონურობა ახასიათებს. შემთხვევათა უმრავლესობა წლის თბილ პერიოდში გამოვლინდება.
შიგელოზი როგორც ნაწლავთა ტიპური ინფექცია ვრცელდება ფეკალურ-ორალური და საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით. დაავადების გავრცელება დამოკიდებულია სანიტარიულ მდგომარეობაზე, მოსახლეობის კულტურის დონეზე, მის სიმჭიდროვეზე, კვების თავისებურებებზე.
შიგელოზს “ჭუჭყიანი ხელების” დაავადებასაც უწოდებენ. ის უფრო ხშირად გვხვდება იქ, სადაც არ იცავენ პირადი და კვების ჰიგიენის წესებს (ან სადაც მათი დაცვა შეუძლებელია). ინფექციის განვითარებისთვის გამომწვევის სულ მცირე რაოდენობაც (10-200 ორგანიზმი) კი საკმარისია.
როგორ ვლინდება
ადამიანის სხეულში მოხვედრიდან 1-3 (ან მეტ, მაქსიმუმ 7) დღეში შიგელა მსხვილ ნაწლავში იწვევს ანთებით რეაქციას და ფეკალურ მასებთან ერთად გამოიდევნება გარეთ. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, მუცლის ძლიერი შეტევითი ტკივილით, რომელიც თანდათან ლოკალიზდება მუცლის მარცხენა ნახევარში. ზოგჯერ ტკივილს თან ახლავს გულისრევა და ღებინებაც. განავალი თხიერია, ხშირად – ლორწოს, სისხლისა და ჩირქის შემცველი. ავადმყოფს აწუხებს დეფეკაციის შემდგომი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, აღენიშნება ანალური სფინქტერის მტკივნეული სპაზმი, რასაც თან ახლავს დეფეკაციის გაძლიერებული სურვილი განავლის გამოყოფის გარეშე (ტენეზმები).
ავადმყოფი გადამდებია დაავადების დაწყებისთანავე სრულ გამოჯანმრთელებამდე (საშუალოდ – 4 კვირა). ასიმპტომური ფორმის შემთხვევაში გადამდებობის პერიოდი შესაძლოა თვეზე მეტხანსაც გაგრძელდეს.
რით რთულდება
* მცირეწლოვან ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ მძიმე ფორმის გაუწყლოება წონის კარგვით. დეჰიდრატაციამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და სიკვდილი, განსაკუთრებით – ქრონიკულად მოავადე ან კვებადაქვეითებულ ბავშვებთან.
* შიგელათი ინფიცირებულ ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა კრუნჩხვა განუვითარდეს. ვინაიდან ეს დაბალი ტემპერატურის ფონზეც ხდება, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კრუნჩხვას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ბაქტერიის ტოქსინების გავლენა იწვევს.
* ანთება და დეფეკაციის დროს ძლიერი ჭინთვა ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს სწორი ნაწლავის პროლაფსს – მისი სხეულის გარეთ გამოვარდნას.
* შიგელოზის იშვიათი გართულებაა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების დაშლით გამოწვეული ჰემოლიზური ანემიით ვლინდება.
* ტოქსიკური მეგაკოლონი მსხვილი ნაწლავის კედლის ნერვული განგლიების დაზიანების გამო ვითარდება. ამ დროს ხელი ეშლება ნაწლავის სანათურში აირებისა და განავლოვანი მასების გადაადგილებას, რაც შესაძლოა ნაწლავის კედლის მთლიანობის დარღვევის (რუპტურის) მიზეზადაც იქცეს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, პერიტონიტი, გამოიწვიოს.
* რეიტერის სინდრომი – ბაქტერიით გამოწვეული ანთების საპასუხოდ ვითარდება რეაქტიული ართრიტი, რომელსაც ხშირად თან ახლავს თვალის ლორწოვანისა და ურეთრის ანთება.
* ძალიან იშვიათად, ნაწლავის კედლის დაზიანების შემთხვევაში, შიგელა შესაძლოა სისხლში გადავიდეს და ბაქტერიემია გამოიწვიოს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ანამნეზი და კლინიკური სურათი. ეჭვის შემთხვევაში შიგელოზის დასადასტურებლად ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა – განავლის მიკროსკოპული ანალიზი ბაქტერიის ან მისი ტოქსინის იდენტიფიცირების მიზნით. ოქროს სტანდარტად მიჩნეულია პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია (PCR).
მკურნალობა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქ შემთხვევებში ფაღარათის გამო დარღვეული წყალმარილოვანი ბალანსის აღსადგენად საკმარისია ელექტროლიტების მიღება. ბავშვებს არ უწერენ პერისტალტიკის შემანელებელ დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგალითად, დიფენოქსილატს ან ლორეპამიდს), რადგან ამ დროს ბაქტერია დიდხანს რჩება ორგანიზმში და ინფექცია ხანგრძლივდება. მძიმე შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია (აზითრომიცინი, ციპროფლოქსაცინი ან ტრიმეტოპრიმ-სულფომეთოქსაზოლი), რომელიც ამცირებს სიმპტომების სიმწვავეს. განავლით ბაქტერიების გამოყოფაც უფრო მალე სრულდება.
გამოხატული დეჰიდრატაციის დროს, გართულებების პრევენციის მიზნით, საჭიროა პაციენტის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია.
პროგნოზი
პროგნოზი კეთილსაიმედოა – შიგელოზი კარგად ემორჩილება მკურნალობას და 2-9 დღეში გაივლის. დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობისას შესაძლოა მწვავე ფორმა ქრონიკულში გადაიზარდოს ან დაავადებული ბაქტერიამატარებელი დარჩეს. იშვიათად ადრეულ ასაკში არანამკურნალები შიგელოზი ლეტალურად სრულდება.
როგორ ავიცილოთ თავიდან
დღესდღეობით შიგელას საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, თუმცა მეცნიერები აქტიურად მუშაობენ მის შესაქმნელად. დაავადების პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა სანიტარიული ნორმების დაცვაა:
* სიმპტომების მქონე ინფიცირებულ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი ჯანმრთელებთან.
* ინფიცირებული ბავშვის პამპერსი უნდა ჩააგდოთ დალუქულ სანაგვე ურნაში. ის ადგილი, სადაც ბავშვს პამპერსს უცვლით, ყოველი გამოცვლისას სადეზინფექციო ხსნარით უნდა მოიწმინდოს.
* განავალი, რომელიც აბინძურებს ინფიცირებული ადამიანის ტანსაცმელსა და თეთრეულს, უნდა ჩამოირეცხოს გამდინარე წყლით, მერე კი ტანსაცმელი და თეთრეული გაირეცხოს სარეცხ მანქანაში, ცხელი წყლის რეჟიმში. რეცხვის დასრულების შემდეგ წყლის ნიჟარა, უნიტაზი და სარეცხი მანქანა უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით, მაგალითად, განზავებული ქლორიანი მათეთრებლით.
* შიგელოზით დაავადებული ბავშვის მომვლელმა ყოველი კონტაქტის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოს საპნითა და წყლით (ისვას საპონი, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში), განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა ადამიანების შეხებაც უწევს ან საჭმლის მომზადებას აპირებს.
საკუთარი უსაფრთხოებისთვის
* ჭამამდე კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული.
* ერიდეთ რძეს, ყველს და არაპასტერიზირებული რძის სხვა პროდუქტებს.
მარი მარღანია