გასახდომი ნემსები – მოდა თუ იმედი?
გააზიარე:
ოთხ ათეულ წელზე მეტია, მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები სიმსუქნეს ებრძვიან. შედეგი არცთუ სახარბიელოა – სიმსუქნემ თანდათან ყველა ასაკობრივ ჯგუფში იმატა. ეს ტენდენცია იმ ქვეყნებშიც კი შეინიშნება, სადაც, ტრადიციისამებრ, სიმსუქნე იშვიათი იყო. ჭარბი წონა, კოსმეტიკურ დეფექტზე რომ არაფერი ვთქვათ, სიცოცხლისთვის საშიში არაერთი დაავადების რისკფაქტორია. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, თავის ტვინის ინსულტი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ღვიძლის გაცხიმოვნება, უნაყოფობა, ვენური სტაზი, სოკოვანი ინფექციები მათი არასრული ჩამონათვალია. სიმსუქნეს პირდაპირი კავშირი აქვს ავადობისა და ინვალიდობის მატებასთან და სასიკვდილო რისკების ნუსხაში მეხუთე ადგილს იკავებს.
მეცნიერები ცდილობენ, ადამიანებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაეხმარონ. ამისთვის უამრავი პრეპარატი შეიქმნა. სამწუხაროდ, ყველა მათგანი სერიოზულ თანამოვლენებს იწვევს.
პრეპარატი, რომელმაც, სიმსუქნის მკვლევართა აზრით, თამაშის წესები უნდა შეცვალოს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) ჯერ კიდევ 2017 წელს დაამტკიცა როგორც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალო მედიკამენტი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წამლის საშუალებით ამ მასშტაბის წონის კლება ვიხილეთ.
ვინ და რა შემთხვევაში უნდა გაიკეთოს "გასახდომი ნემსები"?
ნაცნობი და უცნობი
სიმსუქნის დროს, განსაკუთრებით – შაქრიანი დიაბეტით დამძიმებული მემკვიდრეობის შემთხვევაში, ექიმთან მისვლა აუცილებელია, რათა დროულად გაირკვეს, ჭარბმა წონამ უკვე ხომ არ გამოიწვია რომელიმე ასოცირებული პათოლოგია – ინსულინრეზისტენტობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა. გასარკვევია ისიც, სიმსუქნე პირველადია, არასწორი ცხოვრების წესით, უმოძრაობითა და საკვების ჭარბი მიღებით არის გამოწვეული თუ რომელიმე ენდოკრინულ პათოლოგიას მიუძღვის ბრალი.
წონის მომატება ხშირად თან სდევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას. ამ დროს ადამიანი, რაც უნდა სწორად იკვებებოდეს, წონას მაინც მოიმატებს. იგივე შეიძლება ითქვას თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებზეც, რომლებიც კორტიზოლის სიჭარბით მიმდინარეობს. ორივე შემთხვევაში გამოკვლევის შედეგებს მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ინსულირეზისტენტობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, დისლიპიდემია დიეტოთერაპიასთან ერთად მედიკამენტურ ჩარევასაც მოითხოვს, ენდოკრინული პათოლოგიის შემთხვევაში კი წონის დასარეგულირებლად ძირითადი დაავადების მკურნალობაა აუცილებელი.
როგორ მოქმედებს
უკვე დიდი ხანია, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება საინექციო მედიკამენტი სემაგლუტიდი (სავაჭრო სახელწოდება – ოზემპიკი, ვეგოვი), რომელიც ფიზიკურ აქტივობასა და კვების სწორ რეჟიმთან ერთად სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სემაგლუტიდის (ვეგოვი) განსაზღვრული დოზის მიღებისას ითრგუნება მადა და აღინიშნება დამატებითი ეფექტი წონის კლების კუთხით. ამის გამო FDA-მ ვეგოვი ქრონიკული ჭარბი წონის სამკურნალო მედიკამენტად დაამტკიცა ჭარბწონიანი ზრდასრული ადამიანებისთვის, რომლებსაც წონასთან დაკავშირებული ერთი დაავადება მაინც აქვთ (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, მე-2 ტიპის დიაბეტი ან ქოლესტერინის მომატება).
სასწაულმოქმედი პეპტიდი
გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 (GLP-1) ჰორმონია, რომელიც უშუალოდ კვების პროცესში გამომუშავდება ნაწლავებში და თავის ტვინისკენ გზავნის ინფორმაციას, რომ საკვები მიღებულია. პასუხად ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონ ლეპტინს და ამგვარად შიმშილის დათრგუნვას იწვევენ. ამ ჰორმონს ნაყროვანების ჰორმონს უწოდებენ, რადგან მისი გამოყოფის შედეგად იკლებს მადა.
ლეპტინის ნაკლებობისას ვითარდება სიმსუქნის მძიმე ფორმა. სემაგლუტიდი გლუკაგონის მსგავსი პეპტიდის რეცეპტორის სინთეზური ანალოგია, რომელიც თავის ტვინსა და ნაწლავებში არსებულ მადის ცენტრებზე მოქმედებს და დანაყრების შეგრძნებას აძლიერებს, მადას კი აქვეითებს. გარდა ამისა, სემაგლუტიდი მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, ხელს უწყობს ინსულინის ნორმალურ გამომუშავებას და ამგვარად სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. აღნიშნული მედიკამენტი ექიმის რეკომენდაციით კანქვეშა ინექციის სახით კვირაში ერთხელ ინიშნება. დოზა პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად შეირჩევა.
კვლევების თანახმად, სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებთან კვების შემდეგ გლუკაგონის მსგავსი პეპტიდის დონე მცირდება, რაც შესაძლოა ორი მიზეზით იყოს გამოწვეული: ჰორმონის გამომუშავების შემცირებით ან ჰორმონის სწრაფი დაშლით. ორივე შემთხვევაში ნაწლავსა და თავის ტვინს შორის ინფორმაციის მიმოცვლა ირღვევა, რის შედეგადაც ხდება საკვების უკონტროლო მიღება და სიმსუქნის დამძიმება.
ამის გათვალისწინებით, სემაგლუტიდის დანიშვნა ჭარბწონიანი პაციენტებისთვის მკურნალობის ლოგიკური და გამართლებული მეთოდია. გახსოვდეთ, პრეპარატი ინიშნება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და/ან სიმსუქნის სამკურნალოდ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, მისი თვითნებური მიღება დაუშვებელია!
გვერდითი მოვლენები
სემაგლუტიდის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და შეკრულობა, სხვადასხვა ინტენსივობის მუცლისა და თავის ტკივილი. შედარებით იშვიათად ვითარდება პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება), რომელსაც შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს, მათ შორის – პოსტპანკრეატიტული შაქრიანი დიაბეტი. აღწერილია სემაგლუტიდის მიღებით გამოწვეული ნაღვლის ბუშტის გაღიზიანება, განსაკუთრებით – კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებთან, თირკმლის მწვავე უკმარისობა და მწვავე ალერგიული რეაქცია. ვირთხებთან სემაგლუტიდის გამოყენებამ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე გამოიწვია, ამიტომ ამ მედიკამენტის მიღება იკრძალება ანამნეზში ან ახლო ნათესავებთან (მშობლები, დედმამიშვილები) ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომის არსებობისას.
სემაგლუტიდის დანიშვნას ერიდებიან ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადებებისა და მეორე ტიპის მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის დროს. ამ გენეტიკური დეფექტისთვის ერთდროულად სამი ტიპის სიმსივნური წარმონაქმნის არსებობაა დამახასიათებელი: ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოსი, პარათირეოიდული (ფარისებრახლო) ჯირკვლის სიმსივნისა და ფეოქრომოციტომის (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე).
გრძელვადიანი შედეგები
სიმსუქნე და ჭარბი წონა ქრონიკული დაავადებებია, რომელთა გამოწვევა სხვადასხვა მიზეზს ან მიზეზთა კომპლექსს შეუძლია. ყველაზე ხშირად ბრალი მიუძღვის არასწორ კვებით ჩვევებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სემაგლუტიდის მიღების დროს მადა საგრძნობლად ქვეითდება, პაციენტი ნაკლებ კალორიას იღებს და, შესაბამისად, წონას იკლებს. მაგრამ რა ხდება მას შემდეგ, რაც სასწორზე სასურველ რიცხვს ვიხილავთ? როდის უნდა შევწყვიტოთ მედიკამენტის მიღება? რამდენ ხანს შევინარჩუნებთ დაკლებულ წონას?
როგორც უკვე ვთქვით, სემაგლუტიდის უპირველესი დანიშნულება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მკურნალობა და მასთან დაკავშირებული გულსისხლძარღვთამხრივი გართულებების პრევენციაა. მას გამოწერს მხოლოდ ექიმი სათანადო დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების გათვალისწინებით. შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ უმთავრესად სემაგლუტიდის მცირე დოზის შემცველი საინექციო მედიკამენტი ოზემპიკი გამოიყენება. რაც შეეხება სიმსუქნის მკურნალობას, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციით, ამისთვის მოწოდებულია სემაგლუტიდის დიდი დოზის შემცველი ვეგოვი, რომლის გამოყენება დასაშვებია, როდესაც მრავალჯერადი დიეტოთერაპია, აქტიური ცხოვრების წესი (ვარჯიში წონის კორექციისთვის), ენდოკრინოლოგთან, დიეტოლოგთან და ფსიქოლოგთან მკურნალობა არ იძლევა ხანგრძლივ და სტაბილურ შედეგს. წამლის დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით რომ სემაგლუტიდი იშვიათად იწვევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ დაქვეითებას, დიაბეტის არმქონე ჭარბწონიანი პაციენტებისთვის ის იდეალური არჩევის პრეპარატია.
ექიმების მტკიცებით, სემაგლუტიდის მუდმივი მოხმარება მაშინაც კი ნებადართულია, როდესაც პაციენტი აღწევს სასურველ წონას, იმ პირობით, რომ სხვა დაავადება, გარდა სიმსუქნისა, არ აღენიშნება. ამა თუ იმ მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება სასურველი შედეგის შენარჩუნების მიზნით საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, სისხლში ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელ სტატინებს ექიმები ლიპიდური სპექტრის ნორმალიზების შემდეგაც უგრძელებენ პაციენტებს ათეროსკლეროზული დაავადების პრევენციისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ სტატინების შეწყვეტა ჰიპერქოლესტერინემიას იწვევს. იგივე შეიძლება ითქვას სემაგლუტიდზეც: თუ მკურნალობის პერიოდში არ მოხდა ცხოვრების ჯანსაღი წესისა და კვების სწორი რეჟიმის შერჩევა, პაციენტი მედიკამენტის შეწყვეტიდან მოკლე ხანში დაკლებული წონის უმეტეს ნაწილს დაიბრუნებს.
რა უნდა გვახსოვდეს
* სიმსუქნე არ არის მწვავე დაავადება, განსხვავებით, მაგალითად, გრიპისგან, რომლისგანაც შეიძლება განვიკურნოთ და დავივიწყოთ. სიმსუქნეს მეცნიერება ქრონიკულ მორეციდივე დაავადებად განიხილავს. დაავადებულს ჭარბი წონისადმი მიდრეკილება ზედმეტი კილოგრამების მოშორების შემდეგაც რჩება.
* მხოლოდ სიმსუქნის შემთხვევაში მკურნალობის პირველსავე ეტაპზე წონის საკორექციო მედიკამენტების ჩართვა მიზანშეწონილი არ არის. თუ ორგანიზმს შესწევს უნარი, დიეტისა და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვის ხარჯზე მიაღწიოს სასურველ შედეგს, წამალი აღარ უნდა დაინიშნოს. წამალი ერთგვარი დამხმარე ძალაა იმ შემთხვევაში, როცა დიეტოთერაპია საკმარისად ეფექტური არ არის. III ხარისხის სიმსუქნის დროს კი ენდოკრინოლოგმა წამლის დანიშვნა შესაძლოა თავიდანვე საჭიროდ მიიჩნიოს.
* სემაგლუტიდის ჯგუფის მედიკამენტებიდან მხოლოდ ვეგოვის აქვს FDA-ს (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს) სერტიფიკატი.
* საკუთარი ინიციატივით ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია! მისი მიღებისას შესაძლოა წონა მოიმატოთ კიდეც – ზოგს ჰგონია, რომ მედიკამენტის მიღების ფონზე დიეტა საჭირო აღარ არის და მაღალკალორიულ, დაუბალანსებელ საკვებს მიირთმევს, ამას კი ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. სემაგლუტიდი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, სამკურნალო ეფექტის 70% სწორი კვებისა და ფიზიკური დატვირთვის წილად მოდის. წამლის მიღება დიეტასა და სწორ რეჟიმს უნდა შევუთავსოთ, ისიც – მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია.
მარი მარღანია