აქონდროპლაზია - ადამიანები მოკლე კიდურებით
გააზიარე:
ტერმინი "აქონდროპლაზია" შეიძლება ითარგმნოს როგორც "ხრტილის წარმოუქმნელად" (ხრტილი მტკიცე, დრეკადი ქსოვილია, რომლისგანაც ჩონჩხის დიდი ნაწილი ყალიბდება). მიუხედავად ამისა, აქონდროპლაზიის შემთხვევაში პრობლემაა ხრტილის არა ფორმირება, არამედ ძვლად ქცევა, ოსიფიკაცია, რომლის დარღვევაც განსაკუთრებით მკლავებისა და ფეხების გრძელ ძვლებში შეინიშნება. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, ეს მდგომარეობა აღენიშნება 15 000-40 000-დან ერთ ახალშობილს.
მიზეზი
აქონდროპლაზიას იწვევს ფიბრობლასტის ზრდის ფაქტორის რეცეპტორ 3-ის FGFR3 (fibroblast growth factor receptor 3) გენის მუტაციები. ეს გენი FGFR3 წარმოქმნის ცილის რამდენიმე ვერსიას, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ქსოვილში (უდიდესი ნაწილი – ძვლოვანში) ნაწილდება. ცილები უჯრედის მემბრანაშია ჩაშენებული. უჯრედის გარედან მათ სპეციფიკური ზრდის ფაქტორები ააქტიურებს, რაც უჯრედის შიგნით ქიმიური რეაქციების კასკადს იწვევს. შედეგად უჯრედი მწიფდება და იწყებს დიფერენციაციას.
აქონდროპლაზიაზე თითქმის ყოველთვის პასუხისმგებელია FGFR3 გენის ორი სპეციფიკური მუტაცია. ეს მუტაციები FGFR3 პროტეინს ზედმეტად ააქტიურებს, რაც აფერხებს გაძვლების პროცესს. FGFR3 გენის მუტაციების უმეტესობა სპონტანურად ვითარდება ანუ არ არის მემკვიდრეობითი, თუმცა მათი არც მემკვიდრეობით მიღებაა გამორიცხული. ამ შემთხვევაში გადაცემა ხდება ავტოსომურ-დომინანტური გზით. მაშასადამე, თუ ბავშვმა ერთი მშობლისგან მაინც მიიღო FGFR3 გენური მუტაცია, აქონდროპლაზია აუცილებლად განუვითარდება, თუ ორივე მშობლისგან – განუვითარდება აქონდროპლაზიის მძიმე ფორმა ძვლების ძლიერი დამოკლებით, გულმკერდის ჩონჩხის განუვითარებლობით. ასეთი ბავშვები, წესისამებრ, მკვდრები იბადებიან ან დაბადებიდან მალევე იღუპებიან სუნთქვის უკმარისობით.
გარეგნობა
აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები დაბლები არიან: ზრდასრული მამაკაცის საშუალო სიმაღლე 131 სანტიმეტრია, ზრდასრული ქალისა – 124 სანტიმეტრი. აქვთ საშუალო ზომის ტორსი, მოკლე ხელები და ფეხები, განსაკუთრებით – მკლავის ზედა ნაწილები (მხრიდან იდაყვამდე) და ბარძაყები, იდაყვში მოძრაობის დიაპაზონი – შეზღუდული, თავი – დიდი (მაკროცეფალია), შუბლი – გამოკვეთილი, თითები, როგორც წესი, მოკლე, მესამე-მეოთხე თითები – ერთმანეთისგან განზიდული. რაც შეეხება ინტელექტს, ის, წესისამებრ, ნორმალურია.
ჯანმრთელობის პრობლემები
ვინაიდან თავისა და ხერხემლის ძვლები სწორად არ ყალიბდება, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებთან შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებმაც იჩინოს თავი. მაგალითად, ისინი ხშირად ავადობენ ყურის ინფექციებით, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა მეტყველების შეფერხება და სმენის დაკარგვა გამოიწვიოს.
კიდევ ერთი პრობლემაა ძილის აპნოე – სუნთქვის შენელების ან ხანმოკლე შეწყვეტის ეპიზოდები ძილის დროს. ძილის ობსტრუქციულ აპნოეს განაპირობებს ცხვირში გამავალი სასუნთქი გზების ანატომიური სივიწროვე ან დაბლოკვა შიგნით არსებული ჭარბი ქსოვილის მოდუნების შედეგად. ძილის ცენტრალურ აპნოეს იწვევს ძილის დროს ტვინიდან მომავალი სიგნალების მოშლა, რაც თავის ქალას ფუძის მიდამოში ზურგის ტვინზე ზეწოლით არის გამოწვეული.
ვითარდება ჩონჩხის ცვლილებებიც. თანდათან იღუნება ფეხები, რადგან ფეხის ძვლები სხვადასხვა მხარეს არათანაბარი სიჩქარით იზრდება, ხერხემლის ქვედა ნაწილი შიგნით იზნიქება (ლორდოზი), ზოგ შემთხვევაში გულმკერდის კიფოზიც (ხერხემლის გარეთ გადრეკა) ვითარდება. ხერხემლის დეფორმაციები ზურგის ტკივილებს იწვევს.
აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებისთვის პოტენციურად მძიმე გართულებაა ხერხემლის არხის სტენოზი, შევიწროება, რაც განაპირობებს ზეწოლას ზურგის ტვინზე. ის ვლინდება ფეხების ტკივილით, ჩხვლეტით, სისუსტით და ზოგჯერ დამბლითაც.
აქონდროპლაზიის კიდევ ერთი იშვიათი, მაგრამ არანაკლებ სერიოზული გართულებაა ჰიდროცეფალია, ტვინში სითხის დაგროვება, რამაც შესაძლოა თავის გაზრდა და ტვინის ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს.
დიაგნოსტიკა
აქონდროპლაზიის ოჯახური ისტორიის შემთხვევაში სასურველია, ორსულმა გენეტიკური კონსულტაცია გაიაროს. პრენატალური ულტრაბგერითი გამოკვლევით შესაძლოა გამოვლინდეს ნაყოფის კიდურების სიმოკლე ან ჰიდროცეფალია. ამ შემთხვევაში FGFR3 გენში მუტაციის აღმოსაჩენად ქალს ამნიონური სითხის გამოკვლევას ან პლაცენტის ქსოვილის ნიმუშის შესწავლას ურჩევენ.
დაბადების შემდეგ აქონდროპლაზიის ნიშნები შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია: ბავშვს აქვს უჩვეულოდ მოკლე ბარძაყები და მკლავები, გამობურცული შუბლი, პატარა, აპრეხილი ცხვირი, პატარა გულმკერდი, განიერი, ბრტყელი ტერფი, მოკლე თითები, დიდი სივრცე მესამე და მეოთხე თითებს შორის, რასაც "სამკუთხა ხელს" ეძახიან, კუნთების სისუსტე, მოღუნული ფეხები, – თუმცა ხდება ახალშობილის ნევროლოგიური შეფასებაც. გამოსახვითი გამოკვლევებით (CT, MRI, ულტრაბგერა) ადგენენ ზურგის ტვინის კომპრესიას, ზომავენ კიდურის ძვლების სიგრძეს.
მკურნალობა
მრავალი წლის განმავლობაში აქონდროპლაზიას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობდნენ. 2021 წლის 19 ნოემბერს FDA-მ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, დაჩქარებული წესით დაამტკიცა ვოქსოგოს (ვოსორიტიდი) [Voxzogo (vosoritide)] ინექცია ხუთი წლიდან იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ აქონდროპლაზია და ჯერ კიდევ არ დახურვიათ ეპიფიზები, ძვლის დაბოლოებებზე არსებული ზრდის ფირფიტები, ანუ ჯერ კიდევ აქვთ ზრდის პოტენციალი.
ვოქსოგო უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორს, ნატრიურეზულ პეპტიდურ რეცეპტორ B-ს, რომელიც ამცირებს ზრდის მარეგულირებელი გენის აქტივობას და ასტიმულირებს ძვლის ზრდას. ვოსორიტიდი მიეკუთვნება C ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის (CNP) ანალოგების კლასს.
ვოქსოგოს უსაფრთხოება და ეფექტურობა ზრდის გაუმჯობესების კუთხით ერთწლიანი, ორმაგად ბრმა, პლაცებოკონტროლირებადი მესამე ფაზის კვლევით შეფასდა. მასში მონაწილეობა მიიღეს აქონდროპლაზიის მქონე ხუთი წლის და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებმა, რომლებსაც ღია ჰქონდათ ეპიფიზი. შემთხვევითობის პრინციპით 121 მონაწილეს კანქვეშ უკეთებდნენ ვოქსოგოს ინექციებს ან პლაცებოს. წლის ბოლოს მიღებული მონაცემების თანახმად, ის მონაწილეები, რომლებსაც გაუკეთდათ ვოქსოგო, საშუალოდ 1,57 სანტიმეტრით მეტად გაიზარდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც პლაცებო გაუკეთდა.
თანმხლები მოვლენები
როგორც ნებისმიერ პრეპარატს, ვოქსოგოსაც ახასიათებს თანამოვლენები, უმთავრესად – რეაქციები ინექციის ადგილას, ღებინება და არტერიული წნევის დაქვეითება. ეს უკანასკნელი პოტენციურად საშიშია.
მიღების წესი
ვოსორიტიდი გამოდის ფხვნილის სახით, რომელიც ერევა სითხეს. შეჰყავთ კანქვეშ ბარძაყის წინა მხარეს, დუნდულაზე, მუცელზე, გარდა დაახლოებით 5 სმ დიამეტრის მიდამოსი ჭიპის მიმდებარედ, ყოველდღიურად, დღეში ერთხელ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ვინაიდან ინექციას შეუძლია, არტერიული წნევის დროებითი დაქვეითება გამოიწვიოს, მის გაკეთებამდე არა უმეტეს 60 წუთით ადრე ბავშვმა უნდა ჭამოს საჭმელი და მიიღოს 200-300 მლ სითხე (წყალი, რძე, წვენი).
მარი აშუღაშვილი