ბიშექტომია – ჰოლივუდური ლოყები

გააზიარე:

ყოველ ეპოქას სილამაზის საკუთარი იდეალი აქვს. ახლა თხელი ლოყებისა და გამოკვეთილი ყვრიმალების დროა. პლასტიკური ქირურგია ამჯერადაც ფეხდაფეხ მიჰყვება მოდას და მრგვალი ლოყების პატრონებს – ქალებსაც და მამაკაცებსაც – იდეალთან დასაახლოებლად ბიშექტომიას სთავაზობს.

რა არის ბიშექტომია და რა პლუსები და მინუსები აქვს მას?

რა არის

ბიშექტომია ბიშას ბალიშების მოცილებაა.

ბიშას ბალიშებს უწოდებენ ლოყებში არსებულ ცხიმოვან ჩანართებს – ანატომიურ სტრუქტურებს, რომლებიც იზოლირებულად მდებარეობს საღეჭ კუნთებს შორის. სახელი ამ სტრუქტურებს აღმომჩენის, ფრანგი ანატომისა და ფიზიოლოგის მარი ფრანსუა ქსავიე ბიშას პატივსაცემად დაერქვა.

ცხიმოვანი ბალიშების ზომაზე დამოკიდებულია ლოყების მოცულობა და, საზოგადოდ, სახის კონტური. თუ ბალიშები დიდი ზომისაა, სახე მრგვალია და ხშირად ბავშვურად გამოიყურება.

ჩვილებს ცხიმოვანი ბალიშები განსაკუთრებით მკაფიოდ აქვთ გამოხატული: ისინი, სავარაუდოდ, წოვას უადვილებენ პატარებს. გარდა ამისა, მუშაობაში ეხმარებიან, დაზიანებისა და გარეგანი ზემოქმედებისგან იცავენ საღეჭ კუნთებს და ლოყის საყრდენს წარმოადგენენ.

ბიშას ბალიშების ზომა ასაკთან ერთად არ იცვლება, თუმცა სახის სხვა ნაწილების ზრდის ფონზე ლოყები ისეთი ფუმფულა აღარ ჩანს, როგორიც ბავშვობაში. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მაინც შესამჩნევია.

ბიშექტომიას სწორედ სახის სიმრგვალის კორექციისთვის მიმართავენ. პროცედურის შემდეგ ლოყები ჩავარდნილია, ყვრიმალები – გამოკვეთილი, სახე უფრო გამხდარი და ნატიფი ჩანს.

ასეთ ლოყებს ჰოლივუდურ ლოყებსაც უწოდებენ, რადგან ჰოლივუდის ბევრი მსახიობი სწორედ პლასტიკური კორექციის ამ სახეობას მიმართავს.

როგორ ტარდება ოპერაცია

ოპერაცია ადგილობივი ანესთეზიით ტარდება. ლოყაზე შიგნიდან კეთდება 1 სმ-იანი განაკვეთი, საიდანაც ბიშას ბალიშს ამოკვეთენ. ჭრილობაზე ერთი ან ორი ნაკერი ედება გაწოვადი ძაფით, რომელსაც მოხსნა აღარ სჭირდება.

პროცედურა 40-60 წუთი გრძელდება, ტკივილი და დისკომფორტი არ ახასიათებს. თუ სხვა პროცედურასთან კომბინირებულად არ ჩატარდა, პაციენტს იმავე დღეს უშვებენ შინ. რეაბილიტაციის პერიოდი, წესისამებრ, 3-5 დღეა. პირველ დღეებში შესაძლოა ლოყები შეშუპდეს, გაჩნდეს სისხლჩაქცევები. რამდენიმე კვირაში ყველაფერი ალაგდება, პროცედურის საბოლოო შედეგი კი დაახლოებით სამი-ოთხი კვირის შემდეგ გახდება შესამჩნევი.

შევაჯამოთ:

* ოპერაცია ხანმოკლეა და ეფექტსაც მოკლე ხანში ავლენს.

* პაციენტს შეუძლია, იმავე დღეს დაუბრუნდეს ყოველდღიურ ცხოვრებას.

* ჭრილობა მალე შუშდება.

* სახის კონტურები მეტად იკვეთება და სახე უფრო პროპორციული ხდება.

* ნატიფი, ეფექტური გარეგნობა ადამიანს თავდაჯერებას მატებს.

ოპერაციამდე

რეკომენდებულია, არ მოწიოთ და არ დალიოთ პროცედურამდე, სულ მცირე, ერთი კვირა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი რეაბილიტაციისთვის. პროცედურამდე 8-10 დღით ადრე შეწყვიტეთ სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მიღება. ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც რეგულარულად იღებთ.

ოპერაციის შემდეგ

მაშინაც კი, როცა პაციენტი ისე კარგად გრძნობს თავს, რომ ოპერაციის დასრულებისთანავე უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას, მაინც უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები:

* ინფექციების თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია პირველი 3-5 დღის განმავლობაში პირის ღრუს სწორი მოვლა სპეციალური ანტიბაქტერიული საშუალებებით.

* ჭრილობის გამო შესაძლოა ღეჭვა გაგიძნელდეთ. პირველი ორი-სამი დღის განმავლობაში მიირთვით თხევადი საკვები: პიურე, თხელი ფაფა, წვნიანი. ძალდატანებამ შესაძლოა ჭრილობიდან სისხლდენა და სხვა გართულებები გამოიწვიოს. მეოთხე დღიდან შეგიძლიათ რბილ საკვებზე გადახვიდეთ, ხოლო მეშვიდე დღიდან კვების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეთ.

* პირველ დღეებში მოერიდეთ ძნელად საღეჭ საკვებს: მარცვლეულს, მაგარ ხილს, თხილეულს, ხრამუნა ხემსს და ორცხობილებს, ასევე – ძალიან ცხელს და ძალიან ცივს, მარილიანს და ცხარეს, გაზიან და გამაგრილებელ სასმელებს.

* 2-3 კვირის განმავლობაში შეშუპება ნორმალურია. ცივი ყინულის კომპრესები ხელს შეუწყობს მის დაცხრობას.

* პირველი სამი დღე ერიდეთ ზომიერზე ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში – დაძაბვას, კონტაქტურ სპორტს. მსუბუქი ფიზიკური აქტიურობა, მაგალითად, მოკლე მანძილზე ფეხით სიარული, სასარგებლოც კია – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს შედედების რისკს.

რისკები და გართულებები

ბიშექტომია მარტივი, არცთუ ისე სარისკო ოპერაციაა, თუმცა, ნებისმიერი ქირურგიული პროცედურის მსგავსად, ისიც შეიძლება გართულდეს – ჭარბი სისხლდენით, ჰემატომით, ინფექციით, საღეჭი კუნთების სპაზმით, ლოყების დაბუჟებით, საანესთეზიო საშუალებებზე ალერგიული რეაქციით, სახის კუნთების სისუსტით, სახის ნერვის ან ყბაყურა ჯირკვლის სადინარის დაზიანებით, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება და სხვა პრობლემები გამოიწვიოს.

გარდა ამისა:

საუკეთესო ეფექტისთვის სწორად უნდა შეფასდეს, მთლიანად ამოიკვეთოს ბალიშები თუ ნაწილობრივ. ზედმეტი ქსოვილის ამოკვეთის შემთხვევაში შესაძლოა კანი მოეშვას და ჩამოეკიდოს, გაჩნდეს ნაოჭები, განსაკუთრებით – ტუჩების ირგვლივ.

ექიმმა უნდა განსაზღვროს ისიც, საჭიროა თუ არა ბიშექტომიის პარალელურად ფილერის შეყვანა, ლიფტინგი ან ძაფებით კორექცია.

გასათვალისწინებელია სახის სხვა ნაკვთებიც. მაგალითად, თუ ქალს ოპერაციამდეც დიდი ყვრიმალები ჰქონდა, ბიშექტომიის შემდეგ კიდევ უფრო გამოეკვეთება და სახე უფრო არაპროპორციული გაუხდება.

თუ პაციენტი ჭარბწონიანია, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაზუსტდეს, სახის სიმრგვალე ნამდვილად ბიშას ბალიშების ბრალია თუ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბის. უკანასკნელ შემთხვევაში ბიშექტომიის შედეგი შესაძლოა მინიმალური აღმოჩნდეს. ლოყების დამრგვალებას ყბის ზედმეტად განვითარებული კუნთებიც იწვევს.

პირის ღრუში დარჩენილმა ნაწიბურმა შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოს, რომელიც 6 თვემდე გრძელდება.

თითოეული ადამიანის სახის ანატომია უნიკალურია და სახის რემოდელირების ერთი და იგივე მეთოდი შესაძლოა ყველასთვის ერთნაირად შედეგიანი არ აღმოჩნდეს. ასე რომ, ნუ გადაწყვეტთ ბიშექტომიის ჩატარებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას ძალიან უხდება.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხელოვნურად ჩავარდნილი ლოყები ასაკს მატებს, ამიტომ ბუნებრივად ვიწროსახიან ადამიანებს ბიშექტომიის შემდეგ შესაძლოა ასაკი უფრო მეტად დაეტყოთ.

ზემოთ ჩამოთვლილი უსიამოვნებებისგან თავს დაიზღვევთ, თუ ბიშექტომიას პროფესიონალს – პლასტიკურ ქირურგს მიანდობთ.

როდის

ბიშექტომიის ჩატარება ოპტიმალურია 20-25 წლიდან, თუმცა ბევრი მას გაცილებით ადრეც მიმართავს. ახალგაზრდებმა უნდა გაითვალისწინონ სახის ბუნებრივი განვითარების ტემპი – ნაადრევად გაკეთებული ბიშექტომიის შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად ლოყები შესაძლოა არაბუნებრივად ჩაცვივდეს.

ჰორმონულმა ცვლილებებმა, რომლებიც 35-40 წლიდან იწყება, შესაძლოა თვითონვე გამოიწვიოს ბიშას ბალიშების დეფორმაცია და ლოყების ჩავარდნა, რაც უფრო თვალში საცემი იქნება მათთან, ვისაც ბიშექტომია აქვს ჩატარებული.

ლოყებისთვის მოცულობის დაბრუნება შესაძლებელია ცხიმის ან ფილერის შეყვანით, მაგრამ ეფექტი ხანმოკლეა, რადგან შემავსებელი მალე გაიწოვება.

ბიშექტომის ერთხელ ჩატარება საკმარისია?

ბიშექტომიის ეფექტი სამუდამოა, რადგან ბიშას ბალიშებს რეგენერაცია არ ახასიათებს, მაგრამ თუ პაციენტმა შესამჩნევად მოიმატა წონა, შესაძლოა სახე ოდნავ დაუმრგვალდეს ლოყებში კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვების ხარჯზე.

რა ღირს პროცედურა?

საქართველოში ბიშექტომიის ფასი 600-დან 3500 ლარამდე მერყეობს. შესაძლოა, ოპერაციის ღირებულებამ მოიმატოს, თუ ის სხვა ქირურგიულ ან არაქირურგიულ კოსმეტიკურ პროცედურასთან ერთად ტარდება.

არსებობს თუ არა ლოყების მოცულობის ვიზუალურად შემცირების არაქირურგიული გზები?

ქირურგიული ჩარევის გარეშე სახის რემოდელირების ერთ-ერთი ყველაზე გონივრული ალტერნატივა სახის ოვალის ფილერით კორექციაა. სუფთა ჰიალურონის მჟავაზე დამზადებულ შემავსებელს შეუძლია, გამოკვეთოს სახის კონტურები ან მეტი პროპორციულობა მიანიჭოს ნაკვთებს.

ფილერებს, რომლებიც ნემსით შეჰყავთ ქსოვილში, მყისიერი ეფექტი აქვს, თუმცა მათი შეყვანა დიდ სიზუსტეს მოითხოვს. თუ ექიმმა დოზას ოდნავ გადააჭარბა, შესაძლოა, სახემ პროპორციულობა დაკარგოს და შეშუპდეს კიდეც. მნიშვნელოვანია პრეპარატის ხარისხიც. ხარისხიანი შემავსებლით გაცილებით ხანგრძლივი ეფექტს მიღწევაა შესაძლებელი, გართულებებიც მინიმალური ახლავს.

პროცედურის ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. შედეგი ერთიდან ორ წლამდე გასტანს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: