რაზე მიუთითებს ბავშვის უნებლიე მოძრაობები
გააზიარე:
უნებლიე მოძრაობები ბავშვებთან საკმაოდ ხშირად გვხვდება და, ბუნებრივია, მშობლების შეშფოთებას იწვევს. მედიცინაში მათ მოძრაობითი დარღვევებს ან ჰიპერკინეზულ აშლილობებს უწოდებენ. მათ სხვადასხვა მიზეზი აქვთ და სხვადასხვანაირად ემორჩილებიან მკურნალობას. მკურნალობის მეთოდებიც სხვადასხვანაირია. საბედნიეროდ, ამ აშლილობათა უმრავლესობა კეთილთვისებიანია და ასაკთან ერთად თავისთავად გაივლის.
მოძრაობითი დარღვევების ტიპებზე "ავერსის კლინიკის" ბავშვთა ნევროლოგი ლალი ვაშაკიძე გვესაუბრა.
– მოძრაობითი დარღვევები ბავშვებთან უმეტესად ჰიპერკინეზული ანუ განმეორებადი უნებლიე მოძრაობებით ვლინდება. ძილის დროს მათი უმრავლესობა ქრება.
ჰიპერკინეზი სხვადასხვანაირია და მიზეზიც სხვადასხვა აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ტიპის დარღვევა ვითარდება. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული ჰიპერკინეზები.
სტერეოტიპია
– სტერეოტიპია გავრცელებული მოძრაობითი დარღვევაა. ბუნებით ის უმეტესად კეთილთვისებიანია, თუმცა ზოგჯერ მძიმე ფსიქონევროლოგიურ დარღვევაზეც მიუთითებს.
სტერეოტიპია მოიცავს სტერეოტიპული (ყოველთვის ერთი და იმავე ტიპის) მოძრაობების კომპლექსურ პატერნს. უმიზნო, განმეორებადი მოძრაობები, წესისამებრ, სიმეტრიული და სტიმულზე დამოკიდებულია. ხშირად გამოიხატება ტაშის დაკვრით, ცეკვით, თითების გრეხით, თითის წვერებზე აწევა-დაწევით და თან ახლავს გრიმასები. იწყება ადრეულ ასაკში, ხოლო პიკს მოზარდობისას აღწევს.
სტერეოტიპიის სხვა მაგალითებია ხელის ქნევა, თავის რტყმა, ფრჩხილების კვნეტა, საკუთარი სხეულის დაკბენა, ცემა. ერთ-ერთი ჩვეული პატერნია გადაჭარბებული მასტურბაცია, როდესაც ჯდომის ან პირქვე წოლის დროს ბავშვი ბარძაყებს გადააჯვარედინებს და მენჯს რიტმულად არწევს.
სტერეოტიპიები ბიჭებთან უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებთან. ვითარდება, როდესაც ბავშვი ზედმეტად სტიმულირებულია, აგზნებული ან იმედგაცრუებული, გაურბის სტრესულ გარემოს, გადაღლილია და ცდილობს რელაქსაციას. მოძრაობებს აღძრავს ამაღელვებელი მომენტებიც: სასიამოვნო აქტივობა (მაგალითად, გაფერადება), თამაში, ფილმის ყურება.
სტერეოტიპიები გვხვდება როგორც ნორმალური განვითარების, ისე აუტისტური სპექტრის აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD), ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვებთან. შექცევადია და შესაძლებელია მათი აღკვეთაც. უმეტესად თანდათან მცირდება და სკოლის ასაკისთვის ქრება. თუ უფრო მეტხანს გაგრძელდა, შესაძლოა, ნეიროგანვითარების დარღვევაზე მიუთითებდეს.
– როგორ სვამენ დიაგნოზს?
– ბავშვთა ნევროლოგების უმეტესობა დიაგნოზს სვამს ბავშვის სტერეოტიპულ მოძრაობებზე დაკვირვებით უშუალოდ ვიზიტის დროს ან მშობლების მიერ მიტანილი ვიდეომასალის საფუძველზე. ზოგჯერ საჭიროდ მიიჩნევენ ვიდეოელექტროენცეფალოგრამის გადაღებას, რათა სტერეოტიპია განასხვაონ ეპილეფსიური გულყრებისგან, კრუნჩხვისგან.
ამ აშლილობის სამკურნალოდ ფსიქოთერაპიას მიმართავენ. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მედიკამენტური მკურნალობაც.
ბავშვობის ასაკში ვითარდება სხვა ტიპის სპეციფიკური ქცევითი აშლილობებიც, მათ შორის – მავნე ჩვევები: ცერა თითის წოვა, თმების წვალება, ფრჩხილების კვნეტა და სხვა.
რეკომენდაცია: სტერეოტიპულ მოძრაობებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. სასურველია, ბავშვს შევთავაზოთ აქტივობის ჩანაცვლება. დაცინვა, გამოჯავრება, დასჯა გაუმართლებელი და უშედეგოა.
ტრემორი
– ტრემორი კუნთების უნებლიე რიტმული მოძრაობაა. უმეტესად – ხელის მტევნების, იშვიათად – თავის, სახის, სახმო ნაოჭების, ტანის, მკლავების, ფეხების. ბავშვებთან ტრემორი იშვიათია და უმეტესად პოსტურალურია (განსაზღვრულ პოზასთან დაკავშირებული), შესაბამისად – კეთილთვისებიანიც.
ტრემორი ცვლის მოტორიკას, აუარესებს წერის უნარს. მას იწვევს და ამძიმებს სტრესი, მღელვარება, დაღლილობა, კოფეინის შემცველი (მაგალითად, ენერგეტიკული) სასმელების ჭარბი მიღება, თუმცა დიაგნოსტიკის დროს უნდა გამოირიცხოს მეტაბოლური დარღვევები, მაგალითად, თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით მიმდინარე დაავადება), და მძიმე ნეიროდეგენერაციული დაავადებები.
ტრემორის დროს ბავშვებს ხშირად სჩვევიათ ქანაობა (წინ-უკან) ან ბრუნვა (ე.წ დისტონიური ტიპის ტრემორი). შესაძლოა, აუკანკალდეთ ხმა.
რეკომენდაცია: ბავშვებთან პოსტურალური ტრემორის მედიკამენტური მკურნალობა იშვიათად არის საჭირო. ოჯახი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ბავშვი მოარიდონ ტრიგერებს, მაგალითად, კოფეინიან სასმელებს. უნდა მოიხსნას სიმპათომიმეტური მედიკამენტებიც. მიმართავენ ოკუპაციურ თერაპიას, რომელიც ხელისა და წინამხრის სწორი პოზიციონირების გზით აუმჯობესებს წერის უნარს.
მიოკლონიები
– მიოკლონიები კუნთის ან კუნთების ჯგუფის ბიძგისებური, არარეგულარული, სწრაფი, ხანმოკლე უნებლიე შეკუმშვებია, რომლებიც იზოლირებულიც შეიძლება იყოს და ეპილეფსიური გულყრის ნაწილსაც წარმოადგენდეს. არსებობს ფიზიოლოგიური მიოკლონიები, მაგალითად, სლოკინი, შეკრთომა ძილის დროს, ჭამის შემდეგ, შეფხიზლებისას.
მიოკლონია შესაძლოა ხმოვანი სტიმულაციის შედეგად განვითარდეს. შეუძლია, გამოიწვიოს დაცემა და დაზიანება, განსაკუთრებით – ეპილეფსიის მძიმე ფორმების დროს.
პათოლოგიური მიოკლონია სხეულის ერთ რეგიონში იწყება და სხვა უბნების კუნთებზე ვრცელდება. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა მკვეთრად შეზღუდოს ჭამის, ლაპარაკის ან სიარულის უნარი.
მიოკლონია შესაძლოა განვითარდეს თავის ან ზურგის ტვინის დაზიანების, ინფექციის, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის, ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის, ჟანგბადის ხანგრძლივი ნაკლებობის შედეგად, ასევე – მედიკამენტზე რეაქციის გამო. მკურნალობა შედეგიანი იქნება, თუ გამომწვევი ფაქტორის აღმოფხვრა მოხერხდა, თუმცა ზოგჯერ ეს შეუძლებელია. ამ დროს მკურნალობა მიზნად ისახავს სიმპტომების შესუსტებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ხელს უშლიან ბავშვს ნორმალურ, სრულფასოვან ცხოვრებაში.
კისერმრუდობა
– უჩვეულო მოძრაობითი დარღვევაა ტორტიკოლისი – კისერმრუდობა. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს სპაზმით (ე.წ. ნეიროგენური კისერმრუდობა) და არა მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის დეფორმაციით, რაც თანდაყოლილი ან სამშობიარო ტრავმის შედეგია.
კისერმრუდობით შესაძლოა გამოვლინდეს სანდიფერის სინდრომი – თავის, კისრის, თვალების, ტანის დისტონიური ანომალიური მოძრაობები ჩვილებთან, რაც გასტროეზოფაგური რეფლუქსით არის გამოწვეული.
მეორეული დისტონიები, მათ შორის – კისერმრუდობაც, შესაძლოა გამოიწვიოს შემთხვევით მიღებულმა ან ექიმის მიერ გამოწერილმა ზოგიერთმა მედიკამენტმა, მათ შორის – ნეიროლეპტიკებმა, დოფანიმის ანტაგონისტებმა (ფენოთიაზინი), ანტიჰისტამინურმა (ანტიალერგიულმა) და ღებინების საწინააღმდეგო ანტიემეტურმა პრეპარატებმა (მეთოკლოპრამიდი, რეგლანი, რომლებსაც პედიატრები იყენებენ ამოქაფებების სინდრომის დროს). შესაძლოა, იყოს ცერებრული დამბლის გამოხატულებაც. მისი ეპიზოდები ზოგჯერ კონვულსიებში ერევათ, ამიტომ საჭიროა სამედიცინო ისტორიის დეტალური შესწავლა და ვიდეომონიტორინგი.
ძილის დროს და ძილის წინ
– ძილის მოუსვენარი კიდურების სინდრომი ბავშვებთან საკმაოდ ხშირია. ხშირად ის ძილის დარღვევასაც იწვევს. ბავშვი გამუდმებით წრიალებს, იქნევს კიდურებს, იცვლის პოზას. ეს სინდრომი ასოცირებულია რკინის (ფერიტინის) ნაკლებობასთან.
ძილისწინა მოძრაობითი დარღვევაა რიტმულ მოძრაობათა დარღვევა ძილის წინ: რწევა, რხევა, თავის დარტყმა და სხვა. ოთხი წლის ასაკისთვის ის თავისთავად გაივლის.
რეკომენდაცია: ბავშვის მოძრაობებზე ყურადღება არ გაამახვილოთ. საწოლის კიდეები დაფარეთ ღრუბლით, საწოლი მოაშორეთ კედელს. აწარმოეთ ვიდეომონიტირინგი, რათა არ გამოგვეპაროს სხვა დარღვევები, მაგალითად, ეპილეფსიური გულყრები.
მოუსვენარი ფეხების სინდრომი (RLS) უფრო მოზრდილებთან გვხვდება. ამ დროს ადამიანს ფეხებში უსიამოვნო შეგრძნების (მათზე რაღაცის ცოცვის ან სრიალის, თრთოლის, ტკივილის, ქავილის, დენის დარტყმის შეგრძნების) გამო მოძრაობის უკონტროლო სურვილი უჩნდება. წესისამებრ, ეს შეგრძნებები თავს იჩენს საღამოობით ან ღამღამობით, დიდხანს ჯდომის ან წოლის შემდეგ.
მოუსვენარი ფეხების სინდრომი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ასაკთან ერთად მისი სტატისტიკა იმატებს. უფრო ხშირია ქალებთან. ზოგჯერ თან ახლავს პერიფერიული ნეიროპათია, რკინის დეფიციტი, თირკმლის უკმარისობა, ზურგის ტვინის დაზიანებები, პარკინსონის დაავადება.
ძლიერად გამოხატულმა მოუსვენარი ფეხების სინდრომმა შესაძლოა ძილის დარღვევა გამოიწვიოს. ზოგჯერ საჭირო ხდება მედიკამენტური მკურნალობა.
რეკომენდაცია: მოუსვენარი ფეხების სინდრომის მსუბუქი და ზომიერი ფორმის დროს შვების მომგვრელია ალკოჰოლის, ნიკოტინის, კოფეინის შეზღუდვა, ძილის მოწესრიგებული რეჟიმი, ზომიერი, რეგულარული ვარჯიში (მათ შორის – აერობული ვარჯიშები, ფეხების გაჭიმვა), თბილი აბაზანა, სათბურის ან ყინულის დადება.
ქორეა
– ქორეა სხეულის სხვადასხვა ნაწილის არარეგულარული, სწრაფი, ბიძგისებური, შემთხვევითი, არაპროგნოზირებადი უნებლიე მოძრაობებია. ძლიერდება მოძრაობისა და მეტყველების დროს, ასევე – ემოციების ფონზე. ქორეის ტიპური მაგალითია "მოცეკვავე" სიარული. შეხედვისას შესაძლოა გეგონოთ, რომ მოძრაობები გამიზნულად სრულება. სინამდვილეში ადამიანი მათ ვერ აკონტროლებს.
ხშირად ქორეა მიუთითებს რევმატულ ცხელებაზე (სიდენჰამის ქორეა), რომელიც გამოწვეულია ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკული ანგინით. სხვა მიზეზებია სისტემური წითელი მგლურა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, გენეტიკური დარღვევები (ჰანტინგტონის ქორეა), ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, კალციუმის, გლუკოზის ან ნატრიუმის მეტაბოლიზმის დარღვევა.
თუ გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა შესაძლებელია, უნდა აღმოიფხვრას. ძლიერად გამოხატული ქორეის დროს მდგომარეობას ამსუბუქებს მედიკამენტები. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების მიღება, რათა უნებლიე მოძრაობების შედეგად ბავშვი არ დაზიანდეს.
რეკომენდაცია: თუ ანგინის, ფარინგიტის ან სხვა ანთებითი დაავადების შემდეგ ბავშვს ქცევითი დარღვევა, უნებლიე მოძრაობები შეატყვეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
კომპულსიები
– კომპულსია არის განმეორებადი ქცევა, რომელსაც ადამიანი ასრულებს აკვიატებული იდეით გამოწვეული შფოთვის შესამცირებლად ან მისივე წარმოსახვაში არსებული ხიფათის თავიდან ასაცილებლად. ობსესიურ-კომპულსიური დარღვევის (OCD) დროს ბავშვი ხშირად იბანს ხელებს, მრავალჯერ ამოწმებს, კარი ჩაკეტილია თუ არა და სხვა.
OCD უმეტესად ადრეულ ბავშვობაში იწყება, შედარებით იშვიათად – მოზარდ ასაკში. სიმპტომები თანდათანობით ვითარდება და მათი სიმძიმე მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება.
OCD-ს მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდია ფსიქოთერაპია (კოგნიტიური ქცევითი თერაპია (CBT)) და მედიკამენტური თერაპია. ყველაზე ეფექტურია ამ ორი მეთოდის კომბინაცია.
ტიკები
– ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებული მოძრაობითი დარღვევაა ტიკები – ავტომატიზებული, ჩვევად ქცეული სწრაფი უნებლიე არარეგულარული, სტერეოტიპული, არარიტმული მოძრაობები, რომელთა დათრგუნვა დროებით შესაძლებელია ნებით. ამ დროს ადამიანი გრძნობს მოძრაობის შესრულების დაუოკებელ სურვილს, ხოლო მისი შესრულების შემდეგ – კმაყოფილებას. ტიკი შეიძლება გამოიხატოს გრიმასით, ქუთუთოების ხამხამით, მხრების აჩეჩვით, სრუტუნით, ჩახველებით. უმეტესად მოიცავს თვალებს, ტუჩებს, ცხვირს, კისერს, ნაკლებად – სხეულის ქვედა ნაწილებს. რამეზე, მაგალითად, საქმეზე კონცენტრირების დროს ტიკები მცირდება, ხოლო სტრესისა და დაღლილობის დროს ძლიერდება.
ამა თუ იმ ასაკში რომელიმე ტიკი ყოველ მეოთხე ბავშვს აღენიშნება, უფრო მეტად – ბიჭებს. ზაფხულში ტიკები იკლებს, ხოლო ზამთარში იმატებს.
ტიკი უმეტესად ფუნქციურია, აღმოცენდება პერიფერიაზე რაიმე გამღიზიანებლის არსებობისას, მაგალითად, ქუთუთოების ხამხამი შესაძლოა გამოიწვიოს კონიუნქტივიტმა, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომამ, მშრალი თვალის სინდრომმა, ტუჩების ლოკვა – ტუჩების სიმშრალემ, კისრის ტრიალი – ვიწრო საყელომ. სტრესის ან მიმბაძველობის შემთხვევაში ეს მოძრაობები ავტომატიზდება, შემდეგ ჩვევად იქცევა და ჰიპერკინეზად ყალიბდება. ამ შემთხვევაში მშობლებს ვურჩევთ, აღმოფხვრან ტრიგერი ანუ გამღიზიანებელი.
იშვიათად ტიკი ორგანულია, ვითარდება ინფექციით, ტრავმით, სიმსივნით თავის ტვინის დაზიანების შედეგად.
– რა სახით შეიძლება ტიკის გამოვლენა?
– ტიკი შეიძლება გამოვლინდეს მოძრაობით, ხმის გამოცემით, შეგრძნებით და სხვა. მოტორული ანუ მოძრაობით გამოვლენილი ტიკები შესაძლოა მოიცავდეს ერთი ჯგუფის კუნთებს. ამ შემთხვევაში მათ მარტივ ტიკებს ვუწოდებთ. ასეთი მოძრაობებია ქუთუთოების ხამხამი, მხრების აჩეჩვა, ენის ტრიალი, თითების ტრიალი, თითების მოხრა. რთული ტიკები მოიცავს ერთზე მეტი ჯგუფის კუნთებს. ასეთია ხტუნვა, ჩაკუნტვა, ტრიალი, საგნის დაყნოსვა, თავის დაკვრა, გადაფურთხება, გრიმასები, სხვისი მოძრაობების გამეორება, უწმაწური ჟესტები.
მარტივი ვოკალური ტიკებია ხმის ჩაწმენდა, ჩახველება, სრუტუნი, სლოკინი, ღრუტუნი, რთული – ბგერების კომბინაცია, ინტონაციის ცვლა, განმეორებადი სიტყვები და ფრაზები ("მოკეტე, ეი, ბიჭო"), საკუთარი სიტყვების გამეორება, სხვისი სიტყვების გამეორება, უწმაწური სიტყვების წარმოთქმა.
სენსორული ტიკების დროს ადამიანს აქვს განმეორებადი უსიამოვნო შეგრძნებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში გარეგანი სტიმულების გარეშე. ასეთი შეიძლება იყოს სითბოს, სიცივის, ღუტუნის შეგრძნება. სენსორული ტიკები წინ უძღვის ვოკალურ ან მოტორულ ტიკებს, მაგალითად, თვალების წვა – ქუთუთოების ხამხამს.
ფანტომური ტიკი სენსორულის სახესხვაობაა. ამ დროს ადამიანი აღიქვამს შეგრძნებებს საკუთარი სხეულის მიღმა, სხვა ადამიანებსა და საგნებში. ის ხელით ეხება ამ საგანს, ფხაჭნის და შვებას გრძნობს.
დისტონიურ ტიკს ახასიათებს კუნთების მდგრადი, წყვეტილი შეკუმშვა. ასეთია, მაგალითად, მუცლის კუნთების დაჭიმვა, ქუთუთოების სპაზმი.
მოტორული ტიკები ითრევს სახეს, კისერს, სახმო აპარატს და ტანის ზედა ნაწილს,. რთული, კომპლექსური ტიკის დროს ბავშვი შესაძლოა დაეცეს, ხელი გაიჭრას, დაიწვას, რთულმა ვოკალურმა ტიკებმა კი ხელი შეუშალოს სუნთქვასა და ყლაპვას.
ტიკებს ახასიათებს რემისიულ-მორეციდივე მიმდინარეობა ანუ სიმპტომების გაქრობა და ხელახლა აღმოცენება. ტიკებმა შესაძლოა გადაინაცვლოს სხეულის სხვა ნაწილში და სახეც იცვალოს.
ტურეტის სინდრომი
– ტიკებით ვლინდება ტურეტის სინდრომი, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის გენეტიკურად განპირობებული დაზიანებაა. ამ დროს ცვლილებებია მე-13 ქრომოსომაში (ქ-31, ქ-33). ტურეტის სინდრომი ბავშვების 0.1-0.3%-ს აღენიშნება. მისთვის დამახასიათებელია მარტივი და რთული შერეული ტიკები, სხვისი სიტყვებისა და მოძრაობების გამეორება, უწმაწური სიტყვების უნებლიე წამოძახება. ტიკები უმეტესად შერწყმულია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომთან ან რაიმე ტიპის ქცევით დარღვევასთან. შესაძლოა, ბავშვს უჭირდეს სწავლა, ჰქონდეს სკოლის შიში, სოციალურად შეუსაბამო ქცევა, შფოთვა, დეპრესია.
ტურეტის სინდრომი ნევროლოგიური დაავადებაა, თუმცა მის განვითარებასა და მიმდინარეობაში ფსიქოლოგიური ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ტურეტის სინდრომი ბავშვს ხელს უშლის ქცევის მართვაში, ფიქრსა და საუბარში, ხშირია თვითდაზიანება, ხანდახან – განზრახვითი (სუიციდი დეპრესიის დროს), ხანდახან – ნახევრად ნებითი (სახის დარტყმის შემთხვევაში). შეინიშნება მაღალი ძაბვის სადენების, ცხელი უთოს შეხების მოთხოვნილება, თუმცა შესაძლოა, ამგვარი ქცევა უყურადღებობის ან იმპულსურობის შედეგი იყოს.
ტურეტის სინდრომი ასაკთან ერთად უფრო და უფრო სუსტად ვლინდება, თუმცა შესაძლოა, ზრდასრულ ასაკშიც დარჩეს. შესაძლოა, თან ახლდეს ანტისოციალური ქმედებები, ნარკოტიკების მოხმარებისკენ მიდრეკილება. ასაკის მატებასთან ერთად ტიკები ინიღბება, ჩანაცვლდება სხვა, სოციალურად მისაღები ნებითი მოძრაობებით ან ხმებით ან გარდაიქმნება კომპულსიად.
რეკომენდაცია: ტიკების და ტურეტის სინდრომის დროს მნიშვნელოვანია ქცევის მართვა. შეგვიძლია, ბავშვს შევთავაზოთ ე.წ. ტიკების ოთახში გასვლა, დასვენება, რელაქსაცია, სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება. ოჯახის წევრები და პედაგოგები უნდა გავაფრთხილოთ, რომ მას შენიშვნა არ მისცენ. დროდადრო ბავშვებს ტიკები განზრახ უნდა შევასრულებინოთ და იმავდროულად შევასრულებინოთ ტიკების საწინააღმდეგო მოძრაობები, რათა ტიკი ჩანაცვლდეს სხვა მოძრაობით, მაგალითად, საყელოს ღეჭვა – რეზინის ღეჭვით. უნდა მოვარიდოთ ყავას, კოკა-კოლას და სხვა აღმგზნებ სასმელებს.
– რას ეტყოდით მშობლებს ჩვენი საუბრის დასასრულს?
– ვეტყოდი იმას, რომ თუ ბავშვს მოძრაობითი დარღვევა აღმოაჩნდა, არ შეშინდნენ, რადგან მათი უმეტესობა კეთილთვისებიანი, ფიზიოლოგიური და თვითლიმიტირებადია, ხოლო იმისთვის, რომ სერიოზული დარღვევა არ გამოეპაროთ, აუცილებლად მიმართონ ექიმს.
მარი აშუღაშვილი