ტვინის დაბერება – ნორმა თუ პათოლოგია?

გააზიარე:

მედიცინის მიღწევების წყალობით ხანდაზმულ ასაკს სულ უფრო მეტი ადამიანი აღწევს, მაგრამ ცივილიზაცია ახალი გამოწვევის,  ჯანსაღი დაბერების, წინაშე დადგა. ჯანსაღი დაბერება ნიშნავს, ასაკოვანი ადამიანი სხვაზე არ იყოს დამოკიდებული და საკუთარი თავის მოვლა შეეძლოს.

სიბერის ხარისხის ამაღლება, უპირველეს ყოვლისა, ტვინის დაბერების შენელებას გულისხმობს, თუმცა ბიოლოგიური პროცესი აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს პათოლოგიებისგან, რომლებიც ცვლის ადამიანის იდენტობას და მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.

როგორ ხდება

სიცოცხლის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვის ტვინი წამში ერთ მილიონამდე ახალი ნეირონული კავშირის ფორმირებას ახდენს. სკოლამდელ პერიოდში თავის ტვინის ზომა ოთხჯერ იზრდება და 6 წლის ასაკისთვის ზრდასრული მოცულობის 90%-ს აღწევს, 30-40 წლიდან კი ტვინის მასა თანდათან იწყებს შემცირებას. 60 წლისთვის პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. ნაოჭებისა და ჭაღარის კვალდაკვალ თავის ტვინშიც ვლინდება სიბერისთვის დამახასიათებელი ნიშნები, უპირველეს ყოვლისა, კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება.

ასაკის მატებასთან ერთად თითქმის ყველა ადამიანს ეცვლება:

* ტვინის მასა. ტვინის საერთო მოცულობა  მცირდება, ამასთან, შუბლის წილი და ჰიპოკამპი, კოგნიტიურ სფეროზე პასუხისმგებელი ნაწილები, სხვა რეგიონებზე მეტად იჭმუხნება.

ადამიანის თავის ტვინის ყველაზე დიდი წილი უშუალოდ შუბლის ძვლის უკან მდებარეობს და ქცევისა და ემოციების მაკონტროლებელ ცენტრად არის მიჩნეული.

საფეთქლის წილში მდებარე ჰიპოკამპი დასწავლის უნარსა და ხანგრძლივი მეხსიერების ჩამოყალიბებაზე აგებს პასუხს. ის სტრესისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და ჟანგბადისა და სისხლის მიმოქცევის მცირე უკმარისობის დროსაც კი ადვილად ზიანდება. ამასთან, ჰიპოკამპში მუდმივად მიმდინარეობს ნეირონების ფორმირება. მაშასადამე, ტვინის ეს სტრუქტურა იმ უბანთაგანია, რომლებიც ნერვული ღეროვანი უჯრედების წყაროა.

* ქერქი. სინაფსური კავშირების შემცირება იწვევს თავის ტვინის ქერქის გათხელებას უპირატესად შუბლისა და საფეთქლის წილებში და ნაოჭების გასადავებას, რაც საბოლოოდ კოგნიტიური სფეროს მუშაობის შენელებით ვლინდება.

* თეთრი ნივთიერება. თავის ტვინის თეთრი ნივთიერება ერთმანეთთან აკავშირებს შუბლის, საფეთქლის, თხემისა და კეფის წილებს და ლიმბური სისტემის ემოციურ ცენტრს. ცხიმისმაგვარ ნივთიერებაში (მიელინი) გახვეული ნერვული ბოჭკოები კონებად არის გაერთიანებული და ნეირონებს შორის ნერვული იმპულსების გადაცემას უზრუნველყოფს. კვლევების თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად მიელინი მცირდება, რაც თავის ტვინში ინფორმაციის მიმოცვლას აფერხებს. ამის გამო ხანში შესულ ადამიანებს გონება ადვილად ეფანტებათ. ელექტრული იმპულსები მათ ტვინში ქაოსურად იწყებს გადაადგილებას, რის გამოც ერთ რამეზე კონცენტრირება უჭირთ,  მეყსეულად ავიწყდებათ, რატომ წამოიწყეს ესა თუ ის საქმიანობა და უმალვე სხვაზე გადაერთვებიან ხოლმე.

* გადამცემი სისტემა. ტვინში მილიარდობით ნეირონი და ტრილიონობით სინაფსია, სინაფსების უმეტესობა ქიმიურია, რაც ნიშნავს, რომ ერთი ნეირონიდან მეორეზე ინფორმაცია გადააქვთ ქიმიურ მესენჯერებს, რომლებსაც ნეირონები გამოყოფენ  სინაფსებში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნივთიერებების მეშვეობით ნეირონები მეზობელ უჯრედებს “ესაუბრებიან”. აქვეა მოთავსებული რეცეპტორი ცილები, რომლებიც სამიზნე უჯრედს მესიჯის “გაგების” საშუალებას აძლევენ. ასაკის მატებასთან ერთად თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერებისა და ცილების გამომუშავება იკლებს, რასაც საბოლოოდ კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითებამდე მივყავართ.

* სისხლის მიმოქცევა. ასაკის მატებასთან ერთად თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდება საშუალოდ 20%-ით მცირდება, თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზული დაავადების დროს – უფრო მეტადაც. ტვინის იშემიის რისკს ზრდის ხანგრძლივი მწეველობა, მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტეროლი ან შაქარი სისხლში, რომელიც არ ემორჩილება ცხოვრების წესის ცვლილებას და წამლებს. ასეთ დროს ნეირონები ნაადრევად იღუპებიან, რაც გონებრივ ფუნქციებს აქვეითებს. შედეგად იმატებს შედარებით ახალგაზრდა ასაკში დემენციის განვითარების საშიშროება.

ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების გამო ხანდაზმულთა უმეტესობას აღენიშნება მეხსიერების დაქვეითება (უჭირთ სახელებისა და ზოგიერთი სიტყვის გახსენება), ყურადღების დეფიციტი და რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულების უნარის შესუსტება. მოკლევადიანი მეხსიერება და ახალი მასალის ათვისების უნარი შედარებით ადრე ქვეითდება.

კვლევები ადასტურებს, რომ ასაკოვან ადამიანებს სიტყვების დიდი მარაგი და ახალგაზრდებთან შედარებით მათი მნიშვნელობის სიღრმისეული ანალიზის უნარი აქვთ. ხანდაზმულებს, მიუხედავად ცვლილებებისა, შეუძლიათ ახალი უნარების ათვისება, ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, ლექსიკისა და ენობრივი ცოდნის გაუმჯობესება. მეცნიერთა აზრით, თავის ტვინი ადაპტაციის უნარს სიბერეშიც ინარჩუნებს, რათა ადამიანებმა ასაკთან ერთად ახალ გამოწვევებთან გამკლავება შეძლონ.

80-90 წლის ზოგიერთი ადამიანი უზადო მეხსიერებით ბევრ ახალგაზრდას ჯობნის. ასეთ ხანდაზმულებს ექიმები  ცოგნიტივე სუპერ აგერ-ებს უწოდებენ და ცდილობენ, ფარდა ახადონ მათი გონების საიდუმლოს, რათა შემდეგ სხვებსაც დაეხმარონ ასაკთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში.

დემენცია

ხშირად ძნელია ტვინის ფუნქციის ასაკობრივი ცვლილებების გარჩევა იმ დარღვევებისგან, რომლებსაც ხანდაზმულებში გავრცელებული დაავადებები იწვევს. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დარღვევაა დემენცია.

დემენცია დაბერებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენა არ არის. მას საფუძვლად უდევს ტვინის უჯრედების დაზიანება, რომელიც უჯრედებს შორის კომუნიკაციას აფერხებს – სწორედ ამის შედეგია აზროვნებასთან, ქცევასა და შეგრძნებებთან დაკავშირებული ცვლილებები. დემენციას ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების დაქვეითებამდე მივყავართ. ამასთან ერთად თავს იჩენს ხასიათისა და ქცევის ცვლილებები, ფიქრის, პრობლემის გადაჭრის და ენობრივი სირთულეები, რომლებიც საგრძნობლად აქვეითებს ყოველდღიური საქმიანობის უნარს და ცხოვრების ხარისხზე აისახება.

დემენცია სხვადასხვა ტიპისაა. ყველაზე გავრცელებული ტიპია ალცჰაიმერის დაავადება – დემენციის შემთხვევათა 60-80% მის წილად მოდის. დანარჩენ შემთხვევებში დემენცია სხვა მიზეზებით არის გამოწვეული:

* სისხლძარღვოვანი დემენცია ვითარდება ინსულტისა და სხვა ისეთი მდგომარეობების შედეგად, რომლებსაც ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ახასიათებს;

* ლევის სხეულების დემენცია ტვინში სპეციფიკური ცილოვანი გროვების გაჩენის შედეგია;

* არსებობს ტვინის საფეთქლისა და შუბლის წილის დაზიანების შედეგად განვითარებულ დაავადებებთან ასოცირებული დემენცია;

* კროიცფელდ-იაკობის დაავადება ტვინის დაზიანებით მიმდინარე იშვიათი დაავადებაა, რომელიც ცილების პათოლოგიურ ცვლილებას უკავშირდება და სწრაფი დამძიმება ახასიათებს;

* ჰანტინგტონის დაავადებაც იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც თავის ტვინის ნერვული უჯრედების პროგრესირებად დაზიანებას იწვევს;

* ტვინის განმეორებითი ტრავმული დაზიანება ქრონიკულ ტრავმულ ენცეფალოპათიას განაპირობებს;

* შერეული, იმავე კომბინირებული დემენციის დროს კი ერთი ან რამდენიმე ტიპისთვის დამახასიათებელი ტვინის ცვლილებები ერთდროულად ვითარდება.

არსებობს სხვა დაავადებები და სამედიცინო მდგომარეობებიც, რომლებიც დემენციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდება. მსგავსი სიმპტომები შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი მედიკამენტით მკურნალობამ ან მედიკამენტების ურთიერთქმედებამ, ვიტამინ B12-ის დეფიციტმა, ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ, თავის ტრავმამ, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელების, ღვიძლის პრობლემებმა, დეპრესიამ, სტრესმა.

პროგრესირების კვალდაკვალ დემენცია დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და დამოუკიდებლად ფუნქციობის უნარზე. შედარებით ასაკოვანი ადამიანებისთვის ის უუნარობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.

გახსოვდეთ, რომ დემენცია პროგრესირებადი მდგომარეობაა, ანუ თანდათან მძიმდება, ამიტომ თუ საკუთარ თავს ან ოჯახის წევრს საეჭვო სიმპტომები შეატყვეთ, ექიმს მიმართეთ. სათანადო მკურნალობის მეშვეობით დაავადების განვითარების შენელება შესაძლებელია.

მკურნალობა

დემენციის მკურნალობა ჯერჯერობით კვლევის საგანია. დღეს არსებული მედიკამენტები დაზიანების უკუქცევის საშუალებას არ იძლევა. ტვინის გამოფიტვით მიმდინარე დაავადებების მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს სიმპტომების შემსუბუქებას, მედიკამენტების მიღებასთან ერთად ითვალისწინებს კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, შემეცნებითი სავარჯიშოების შესრულებას და შემეცნებით რეაბილიტაციურ თერაპიას, რომელიც ადამიანს ყოველდღიური ცხოვრების მართვაში ეხმარება. ზოგიერთი მედიკამენტი მეხსიერებასთან დაკავშირებულ სიმპტომებს ამსუბუქებს, ზოგიერთი კი ძილის დარღვევისა და შფოთვის შესამცირებლადაა განკუთვნილი. ტვინის სამიზნე უბნებს, სიმპტომებსა და მიზეზებს შორის განსხვავებათა გამო მკურნალობა, რომელიც ეფექტურია ერთი ტიპის დემენციისთვის, შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს სხვისთვის. მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად ამჟამად მოწოდებულია ოთხი სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს ეფექტური მკურნალობა, რომელიც კროიცფელდ-იაკობის დაავადების პროგრესირებას შეანელებდა.

როგორ ავიცილოთ თავიდან

მიუხედავად იმისა, რომ ასაკი, გენეტიკა და ამა თუ იმ დაავადების ოჯახური ისტორია თანდაყოლილი რისკფაქტორებია, მეცნიერთა აზრით, ტვინის დაბერების პროცესის გადავადება და დემენციის პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით.

ჯანსაღი კვება

იკვებეთ ჯანსაღად. მიირთვით ხილი, ბოსტნეული და მთლიანი მარცვლეული. შეარჩიეთ ცილის უცხიმო წყაროები (თევზი, ლობიო, კანგაცლილი ფრინველი). ზომიერად სვით ალკოჰოლიანი სასმელები. უარი თქვით თამბაქოზე!

ფიზიკური დატვირთვა

ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, მათ შორის – ტვინშიც. ამერიკის ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების დეპარტამენტი გვირჩევს, კვირაში 150 წუთი მაინც დავუთმოთ სწრაფ სიარულს ან კვირაში 75 წუთი – სირბილს. სასურველია, დატვირთვა მთელ კვირაზე განაწილდეს. მაგალითად, შეიძლება, კვირაში ხუთჯერ ნახევარი საათი სწრაფად იაროთ ან თხუთმეტი წუთი ირბინოთ.

გონების სტიმულაცია

ფიზიკური დატვირთვა სხეულის ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება. იმავეს აკეთებს ტვინისთვის გონების მასტიმულირებელი აქტივობები, ამიტომ ხშირად შეავსეთ კროსვორდი, სუდოკუ, ააწყვეთ პაზლი, ითამაშეთ ჭადრაკი, შაში, ბრიჯი, თუ საკუთარ ავტომობილს მართავთ, ხშირად იარეთ ალტერნატიული მარშრუტით, ისწავლეთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ძილი

საკმარისი იძინეთ. ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმაციის შენახვაში. ზრდასული ადამიანების უმეტესობას შვიდიდან ცხრა საათამდე ძილი სჭირდება. ძილის დროს ზოგი რამ იშლება გონებიდან, ზოგი კი ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის და ინახება. უძილობის დროს ცილები გროვდება, რაც ართულებს აზროვნებას და დასწავლის უნარს, ძილის მუდმივი უკმარისობა კი ხანდაზმულ ადამიანებში კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას განაპირობებს.

სოციალური ურთიერთობები

სოციალური ურთიერთობები დეპრესიისა და სტრესისგან გვიცავს, ეს ორი კი  მეხსიერების მტერია, ამიტომ ეცადეთ, არ აჰყვეთ ნერვებს. მისდიეთ იოგას, ხშირად გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან – ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად. ეს გაგაბედნიერებთ კიდეც და კარგი მეხსიერების შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

ორგანიზება

თუ ნივთები ადვილად გეკარგებათ, უპირველეს ყოვლისა, შეეცადეთ, ყველაფერს თავისი მუდმივი ადგილი მიუჩინოთ, განსაკუთრებით – საფულეს, გასაღებს, სათვალეს.

ჩამოწერეთ ყველა გასაკეთებელი საქმე და წიგნაკში, ტელეფონში, პლანშეტში ჩაინიშნეთ. შეგიძლიათ, თითოეული ჩანაწერი ხმამაღლა გაიმეოროთ, ეს დამახსოვრებაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ უკვე შესრულებული დავალებების მონიშვნა.

კონცენტრაცია

ერიდეთ ფაქტორებს, რომლებიც ყურადღებას გიფანტავთ. ერთდროულად ბევრ რამეს ნუ შეეჭიდებით. თუ იმ ინფორმაციაზე, რომლის დამახსოვრებაც გინდათ, ყურადღებას გაამახვილებთ, მოგვიანებით მას უფრო ადვილად გაიხსენებთ. შეგიძლიათ, დასამახსოვრებელი ინფორმაცია საყვარელ სიმღერას ან ნებისმიერ სხვა, კარგად ნაცნობ რამეს დაუკავშიროთ.

თანმხლები დაავადებები

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი ქოლესტეროლი, ჭარბი წონა, დიაბეტი, ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები. რაც უფრო უკეთესად მოუვლით თავს, მით უფრო უკეთეს მეხსიერებას შეინარჩუნებთ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი გავლენას ახდენს მეხსიერებაზე და გამოწერილ წამლებს რეგულარულად გადაავლეთ თვალი ექიმთან ერთად.

მარი მარღანია

გააზიარე: