ვულვოვაგინიტი
გააზიარე:
მდედრობითი სასქესო ორგანოები უკეთ რომ ყოფილიყო დაცული, ბუნებამ ისინი სხეულის შიგნით, მცირე მენჯის ღრუში მოათავსა, თუმცა მათ წიაღში შემავალი მთავარი კარიბჭე რატომღაც ორგანიზმის “ნაგავსაყრელებს” შორის მოხვდა. საინტერესოა, როგორ ახერხებს ვულვა მეზობელ ბაქტერიებთან თანაცხოვრებას და როდის სჭირდება ქალს პროფესიონალის დახმარება.
მთავარი პერსონაჟები
ვულვა ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ერთობლიობაა. ის იწყება ბოქვენის ცხიმოვანი შემაღლებიდან, მოიცავს კლიტორს, დიდ და მცირე სასირცხო ბაგეებს, შარდსადენის (ურეთრის) გარეთა ხვრელს და საშოს შესავალს. თავად საშო გარეთა სასქესო ორგანოებიდან საშვილოსნოს ყელისკენ მიმავალი კუნთოვანი მილია და ქალის რეპროდუქციული სისტემის შიგნითა ნაწილს მიეკუთვნება.
რა აღიზიანებს
ვულვის კანი ფაქიზი და გამაღიზიანებელი ფაქტორებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. გარდატეხის ასაკში მის დაზიანებას უმეტესად იწვევს უცხო სხეული (ტუალეტის ქაღალდი, ტამპონი), ცუდი ჰიგიენა და ხშირი მასტურბაცია.
მცირეწლოვან ბავშვებთან ვულვიტის მთავარ მიზეზად საფენის არასწორი გამოყენება მიიჩნევა. ამ დროს ვულვის მფარავი კანი გაღიზიანებულია, ხოლო კლიტორის ქუდი – ქრონიკული ქავილის შედეგად გასქელებული. არასათანადო ჰიგიენაზე მიუთითებს ფეკალური მასები ანუსისა და საშოს შესავლის ირგვლივ.
სასირცხო ბაგეების შეხორცება (სინექია) იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობაა და დაბადებისთანავე ვლინდება. შეერთებული ბაგეები საშოს შესასვლელს ნაწილობრივ ან მთლიანად ახშობს და ხშირად შარდვასაც ართულებს. ჩვილს კარგად დაუთვალიერეთ გენიტალიები, დააკვირდით შარდვის პროცესს და რაიმე უჩვეულოს შემჩნევისთანავე მიმართეთ პედიატრს.
თუ ბავშვს პერიოდულად ექავება ვულვისა და შორისის მიდამო, განსაკუთრებით – ღამით, სასურველია, ჩაუტარდეს გამოკვლევა ჭიებზე – ენტერობიოზი ადრეულ სასკოლო ასაკში არცთუ იშვიათად გვევლინება ვულვის ქავილის და ბავშვის ჭირვეულობის მიზეზად.
ზრდასრულთა პრობლემები
ზრდასრულ ქალებთან გენიტალიების დაზიანებას უმეტესად იწვევს:
* ინფექცია;
* ჰორმონული დისბალანსი;
* უცხო სხეული საშოში;
* ალერგია;
* კანის ან სასქესო ორგანოების ავთვისებიანი დაავადება.
საშოს ანთება, ვაგინიტი, უმეტესად გამონადენით, ქავილით, სიწითლით, გამონაყარით და უსიამოვნო სუნით ვლინდება. სიმპტომების სიმწვავე და ინტენსივობა გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. სათანადო მკურნალობის შედეგად სიმპტომები მალე ქრება.
უნდა გვახსოვდეს, რომ 10-12 წლის ასაკში საშოდან, ჩვეულებრივ, ჩნდება გამონადენი, რაც სქესობრივი მომწიფების თანმხლებ ჰორმონულ ძვრებს უკავშირდება. ეს არის თხელი, ლორწოვანი, გამჭვირვალე, მოთეთრო ან მოყვითალო თითქმის უსუნო სითხე, რომელიც საშოს კედლებს ატენიანებს და ინფექციისგან იცავს. როგორც კი მენსტრუალური ციკლი დარეგულირდება, გამონადენის ინტენსივობა და ხასიათი ციკლის ფაზების შესაბამისად შეიცვლება.
საშოდან გამონადენი იმატებს ოვულაციის, ორსულობისა და აღგზნების დროს.
ასეთი გამონადენი პათოლოგიად არ მიიჩნევა და, შესაბამისად, არც მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ თუ უსიამოვნო სუნი გაუჩნდა, შეიცვალა ფერი (გახდა მომწვანო ან მონაცრისფრო) ან ტექსტურა (შეიძინა ქაფიანი ან ხაჭოსმაგვარი კონსისტენცია), დაერთო ქავილი, წვა, შეშუპება და სიწითლე საშოს მიდამოში, მიმართეთ გინეკოლოგს, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები საშოს ინფექციაზე მიუთითებს.
ბაქტერიების სამიზნე
საშოს შესასვლელი, როგორც უკვე ვთქვით, საკმაოდ სახიფათო ტერიტორიაზე მდებარეობს და უამრავ არაკეთილმოსურნე ბაქტერიასთან უწევს კონტაქტი. მათ მოგერიებაში საშოს საკუთარი დამცავი ბარიერი ეხმარება. ქალის სასქესო ორგანოებში მობინადრე მიკროორგანიზმები ჩვეულებრივ პირობებში მშვიდობიანად თანაარსებობენ ერთმანეთთან. ამ მიკროორგანიზმებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ლაქტობაქტერიებს აკისრიათ – ისინი გამოიმუშავებენ რძემჟავას და უზრუნველყოფენ დამცავი ბარიერის შექმნას, რითაც ხელს უშლიან საშოში პათოლოგიური მიკროფლორის გამრავლებას. ასე რომ, სანამ საშოს თვითგაწმენდის ფუნქცია ჩართულია, ის თვითონვე გაანადგურებს მასში მოხვედრილ მავნე მიკრობებს.
აქვე გეტყვით, რომ საშოს გამობანა არ სჭირდება – ზედმეტი ჩარევა არღვევს მჟავატუტოვან ბალანსს და გარეთ გამოდევნის სასარგებლო ბაქტერიებს, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საშვილოსნოსკენ ინფექციის გავრცელებას და ზრდის მენჯის ანთებითი დაავადების რისკს.
განურჩევლად იმისა, ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილ სპეციალურ საშუალებებს ამჯობინებთ თუ საპონს, აუცილებლად გახსოვდეთ: ისინი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი სასქესო ორგანოების დასაბანად და არა საშოსთვის.
უსიამოვნო სუნი და ჭარბი გამონადენი არავის სიამოვნებს, მაგრამ ვულვოვაგინიტი სხვა მიზეზითაც საყურადღებოა – ის სხვა დაავადებების, მათ შორის – სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, ალბათობას ზრდის, ეს ინფექციები კი, თავის მხრივ, იწვევს მენჯის ანთებით დაავადებას, რომელიც უნაყოფობის წამყვან მიზეზად მიიჩნევა.
არეული ჰორმონები
საშოს ლორწოვანი გარსის ატროფია, იგივე ატროფიული ვაგინიტი, არის საშოს კედლების გათხელება, სიმშრალე და ანთება. გამოწვეულია ქალის ორგანიზმში ჰორმონ ესტროგენის დონის დაქვეითებით. უმეტესად მენოპაუზის შემდეგ ვითარდება, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგაც და გოგონებთან გარდატეხის ასაკამდე. მასთან ასოცირებული ყველაზე ხშირი სიმპტომებია საშოს სიმშრალე, წვა და ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში, გახშირებული შარდვა და შარდის შეუკავებლობა, საშარდე სისტემის ხშირი ინფექცია, დისკომფორტი სქესობრივი კავშირის დროს.
გარეგანი გამღიზიანებლები
გარეგანი რეპროდუქციული ორგანოების დაზიანებას საკმაოდ ხშირად ერთი შეხედვით უწყინარი ნივთიერებები იწვევს: ჰიგიენური სპრეი, არომატიზატორი, სარეცხი ფხვნილი სასქესო ორგანოებზე მოხვედრისას აღიზიანებს საშოს ლორწოვანს და იწვევს ალერგიულ რეაქციას. გარდა ამისა, ადამიანის კანის მჟავატუტოვანი ბალანსი 5.5-ია, ხოლო საშოსი 3.8-დან 4.5-მდე მერყეობს, ამიტომ კანისთვის განკუთვნილი საპნით გენიტალიების დაბანა არ არის სასურველი. არასწორად შერჩეული დასაბანი საშუალება საშოს მჟავატუტოვან ბალანსს არღვევს, გარემო ტუტიანდება, ლაქტობაქტერიების რაოდენობა მცირდება, ხოლო მავნე მიკრობები მრავლდებიან. ამგვარად, თვითონვე ვუქმნით საკუთარ თავს ბაქტერიული ვაგინოზის ან სხვა ინფექციის განვითარების საფრთხეს.
მოჭერილი თეთრეული, მით უმეტეს – სინთეტიკური ბოჭკოსგან დამზადებული, იწვევს გენიტალიების ჩახურებას და დანოტივებას. ამავე მიზეზით არ არის რეკომენდებული ყოველდღიური ჰიგიენური საფენების გამოყენება. უმჯობესია ატაროთ ბამბის საცვლები, რომლებიც ჰაერს კარგად ატარებს. ერიდეთ ტანგას ყოველდღე ჩაცმას – მისი წვრილი ზონარი ისე მჭიდროდ ეკვრის სასქესო ორგანოსა და ანუსს, რომ სისხლის მიმოქცევას არღვევს. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, ამ თხელმა ზონარმა სიარულის დროს ბაქტერიები სწორი ნაწლავიდან საშოსკენ გადაიტანოს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ღამით ტრუსის გარეშე დაძინება ქალებისთვის სასარგებლოა – მთელი დღის განმავლობაში ჩახუთული ინტიმური მიდამო ნიავდება და სუნთქავს.
მენსტრუაციის დროს ტამპონის ხშირი ცვლა აუცილებელია – თუ საშოში დიდხანს დაიტოვეთ, შესაძლოა ტოქსიკური შოკის სინდრომს გაუწიოს პროვოცირება. საფენი უნდა გამოიცვალოთ 4-6 საათში ერთხელ, განურჩევლად გამონადენის ოდენობისა. მენსტრუალური გამონადენი ძალზე ხელსაყრელი ნიადაგია ბაქტერიების გასამრავლებლად. მით უმეტეს, ორგანიზმის იმუნური დაცვა ამ დღეებში დასუსტებულია. სასქესო და საშარდე ორგანოების ანთების დროს, აგრეთვე მშობიარობის შემდეგ ტამპონების ხმარება აკრძალულია.
იშვიათი მიზეზები
ვულვის კრაუროზს გარეთა სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებებს მიაკუთვნებენ. მისთვის დამახასიათებელია ამ ორგანოთა კანის დისტროფიული, ატროფიული და სკლეროზული ცვლილებები. კრაუროზი, ჩვეულებრივ, მენოპაუზისა და პოსტმენოპაუზის პერიოდში ვლინდება. დაავადების სურათი ასეთია: გარეთა სასქესო ორგანოების ქსოვილები – მცირე სასირცხო ბაგეების, კლიტორისა და დიდი სასირცხო ბაგეების შიგნითა ზედაპირი – თხელდება, ეშვება, იჭმუხნება, სისხლმდინარი ნახეთქებით იფარება. თუ ინფექცია შეიჭრა, ჩირქდება კიდეც. ზოგჯერ პროცესი დიდი სასირცხო ბაგეების გარეთა ზედაპირსა და შორისის კანსაც მოიცავს. დაავადებას ხშირად თან სდევს ძლიერი ქავილი.
კრაუროზის დიაგნოსტირების დროს უნდა გამოირიცხოს კანდიდოზი, ტრიქომონოზი და სხვა ინფექციური დაავადებები, რომლებიც ასეთივე სიმპტომებით მიმდინარეობს.
ალერგიული რეაქცია უფრო იშვიათია, ვიდრე ინფექცია, მაგრამ მასაც შეუძლია გამოიწვიოს ქავილი და წვა სქესობრივი კონტაქტის შემდეგ.
ზოგიერთ ქალს სპერმაზე აქვს ალერგია. რეაქცია სპერმაში ამა თუ იმ ნივთიერების შემცველობაზეა დამოკიდებული.
სპერმაზე ალერგია მკურნალობას ნაკლებად ექვემდებარება. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, თუ ინფიცირება და სქესობრივი პარტნიორის ავადმყოფობა გამორიცხულია, მაგრამ სიმპტომები არ ქრება, უნდა ჩატარდეს ტესტი, რომელიც ალერგიას დაადასტურებს ან გამორიცხავს. ამისთვის სქესობრივი კონტაქტის დროს პრეზერვატივი უნდა გამოიყენოთ. თუ სიმპტომები გაქრა, მაშასადამე, ეს მართლაც ალერგიაა.
ქავილი და წვა თვით პრეზერვატივმაც შეიძლება გამოიწვიოს. ეს მაშინ, თუ ქალს ლატექსზე აქვს ალერგია. ლატექსი ნატურალური რეზინია, რომლისგანაც პრეზერვატივი მზადდება. ამავე მასალისგან ამზადებენ სამედიცინო ხელთათმანებს, ამიტომ ალერგიული რეაქცია გინეკოლოგიური გასინჯვის შემდეგაც არის მოსალოდნელი. ლატექსის მიმართ ალერგიამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, ამიტომ ალერგიულმა ქალებმა სქესობრივი აქტის დროს უნდა გამოიყენონ განსაკუთრებული, ანტიალერგიული პრეზერვატივი, რომელიც არ შეიცავს ლატექსს ან სხვა სახის კონტრაცეფციას მიმართონ.
მარი მარღანია