დიახ, ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ ტუბერკულოზი!
გააზიარე:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, ტუბერკულოზის მსოფლიო დღე 24 მარტს აღინიშნება, რადგან სწორედ ამ დღეს აღმოაჩინა რობერტ კოხმა დაავადების გამომწვევი ბაცილა და საფუძველი ჩაუყარა მის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ტუბერკულოზით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირების, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციის მიზნით საქართველოში მოქმედი პროგრამის შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ზაზა ავალიანს, ინტერვიუს სათაურად კი ამ დღის 2023 წლის დევიზი გამოვიტანეთ: Yes! We Can End TB, –რომლითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ტუბერკულოზის შესაჩერებლად თითოეული ჩვენგანის ძალისხმევაა საჭირო.
– ტუბერკულოზის ეპიდემია მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უქადის საფრთხეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ამ დაავადებით მსოფლიოში ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი ავადდება და 1,5 მილიონი კვდება. ტუბერკულოზი მიიჩნევა აივინფიცირებული პირების სიკვდილის მთავარ მიზეზად. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი (MDR-TB), რომლის 465 000 შემთხვევა აღირიცხა მსოფლიოში 2022 წელს.
– როგორ აისახა პანდემია ტუბერკულოზის სტატისტიკაზე?
– 2000 წლის შემდეგ ტუბერკულოზის დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის წყალობით შესაძლებელი გახდა 63 მილიონი ადამიანის გადარჩენა. მართალია, ბოლო ხანს მსოფლიოში ყოველწლიურად აღირიცხება ტუბერკულოზის ინციდენტობის 2%-ით კლება, მაგრამ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საჭირო სისწრაფეს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში თვალსაჩინოდ გაუმჯობესდა ტუბერკულოზთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სურათი, რაც დასტურდება ტუბერკულოზის ახალი შემთხვევებისა და გავრცელების მაჩვენებლების შემცირებით, თუმცა COVID-19-ის პანდემიამ ახალი გამოწვევები წარმოშვა, საფრთხის ქვეშ დადგა ტუბერკულოზთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესი, შემცირდა ტუბერკულოზზე კვლევისთვის მიმართვიანობა და, შესაბამისად, დიაგნოსტირებული შემთხვევების რაოდენობაც. უფრო მეტიც: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ გარდაუვალია პანდემიის შემდეგ ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების გამოვლენის მატება და დაავადების გართულებებით გამოწვეული ლეტალობა.
ინფექციის კარიბჭე
– ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია ორგანიზმში სასუნთქი სისტემიდან ხვდება და შემთხვევათა 75%-ში ფილტვის დაზიანებას იწვევს, თუმცა კოხის ჩხირს ნებისმიერი სხვა ორგანოსთვის ზიანის მიყენებაც შეუძლია. მაგალითად, ფილტვგარეთა ფორმების დროს ავადდება ძვალსახსროვანი სისტემა, შარდსასქესო ორგანოები, თვალი, თავის ტვინის გარსები, ლიმფური კვანძები, მუცლის ღრუს ორგანოები და კანი.
ინფექციის ძირითადი წყაროა სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველების, ცემინების, ლაპარაკის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად. ტუბერკულოზით დასნებოვნების ალბათობა განსაკუთრებით დიდია მაშინ, როდესაც ჯანმრთელ ადამიანს ხანგრძლივი კონტაქტი აქვს ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულთან დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში.
ფილტვგარეთა ტუბერკულოზი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საშიში არ არის. ჭურჭლისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების (პირსახოცის, თეთრეულის) საშუალებით ტუბერკულოზი არ გადაედება!
– რა განსხვავებაა ინფიცირებასა და დაავადებას შორის?
– აუცილებელია, ეს ორი ცნება ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მატარებელია, თუმცა, საბედნიეროდ, ინფიცირებულთა უმრავლესობას აქტიური ტუბერკულოზი არ უვითარდება. უფრო გარკვევით რომ ავხსნათ, ჩასუნთქული ჰაერის ნაკადთან ერთად ფილტვებში მოხვედრილი ბაქტერიის წინააღმდეგ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ინფექციის გამომწვევის ირგვლივ ქმნიან სქელ კედელს და თრგუნავენ მის გამრავლებას. წარმოიქმნება ტუბერკულოზის პირველადი კერა. ეს მდგომარეობა ინფიცირებას შეესაბამება. ამ დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა მეტწილად ახერხებს, დაუპატიჟებელი კოხის ჩხირი არააქტიურ ფორმაში გადაიყვანოს და მიაძინოს (ლატენტური ტუბერკულოზი).
ტუბერკულოზის ჩხირის ორგანიზმში მოხვედრის მიუხედავად, ინფიცირებულს არ აღენიშნება დაავადების გამოვლინებები და ჯანმრთელი პირებისთვის ტუბერკულოზური ინფექციის წყაროს არ წარმოადგენს.
ინფიცირების შემთხვევაში პროფილაქტიკური მკურნალობით დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია!
ინფიცირებულთა დაახლოებით 10%-ს მიკობაქტერიის ორგანიზმში მოხვედრისთანავე ან მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ, ამა თუ იმ მიზეზით ორგანიზმის დამცველობითი ძალების დაქვეითების შედეგად, დაავადება უვითარდება. ამ დროს პირველად ტუბერკულოზურ კერაში არსებული მიკობაქტერიები იწყებენ ინტენსიურ გამრავლებას, სისხლის ნაკადის მეშვეობით სხვადასხვა ორგანოში ხვდებიან და ტუბერკულოზურ პროცესს იწვევენ.
დაავადების სტადიაზე ავადმყოფს აღენიშნება ტუბერკულოზის ამა თუ იმ ფორმისთვის დამახასიათებელი ნიშნები და, შესაბამისად, წარმოადგენს ტუბერკულოზური ინფექციის წყაროს ჯანმრთელი პირებისთვის.
გამოავლინე, რომ შეაჩერო!
– ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ტუბერკულოზზე საეჭვო ნიშნების მქონე პირების და ტუბერკულოზით დაავადებულ ბაცილაგამომყოფ პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფთა (უპირველესად – მათი ოჯახის წევრების) გამოკვლევა (ნახველის მიკროსკოპია, გულმკერდის რენტგენოგრაფია) ტუბერკულოზით დაავადებულთა აღმოჩენის მიზნით. ამასთან ერთად, პროგრამა ფარავს ტუბერკულოზით დაავადებულთა სწორი და კვალიფიციური მკურნალობის ხარჯებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლატენტური ტუბერკულოზი ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს და დაავადების განვითარებისა და გავრცელების მიზეზად იქცეს, ამიტომ სკრინინგი ტუბერკულოზთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია. ზოგადი პოპულაციის სკრინინგს ამჟამად არ მივმართავთ, კვლევა მიზნობრივად უტარდებათ მოწყვლად ჯგუფებს და შემდეგ სათანადო პრევენციული მკურნალობა ენიშნებათ. სკრინინგის წყალობით სულ უფრო მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მომავალში შეიძლება დაავადების წყაროდ იქცნენ.
– სად და როგორ ტარდება სკრინინგი?
– ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში გლობალური ფონდის დახმარებით ქვეყანაში შემოვიდა უზარმაზარი მოძრავი რენტგენლაბორატორიები, რომლებშიც დამონტაჟებულია GeneXpert-ის ოთხმოდულიანი აპარატი. მოლეკულური ტესტირების თანამედროვე ზუსტი და სწრაფი მეთოდი ერთდროულად ოთხი დაავადების: ტუბერკულოზის, COVID-19–ის, აივ ინფექციის, C ჰეპატიტის, – გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. ამ მოწყობილობით საწყის ეტაპზე შესაძლებელია რეზისტენტული და სენსიტიური ტუბერკულოზის ტრიაჟირება, რაც, დროულ დიაგნოსტიკასთან ერთად, ექიმს სწორი მკურნალობის დაგეგმვაშიც ეხმარება.
სკრინინგი თავდაპირველად მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში დავიწყეთ, სადაც ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო (აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთი). შემდეგ პროცესმა ეტაპობრივად მოიცვა მთელი საქართველო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიზნობრივი სკრინინგის დანერგვა და განხორციელება პენიტენციურ სისტემაში. თუ წლების წინ პატიმართა ავადობა წელიწადში 1200-ზე მეტ შემთხვევას აჭარბებდა, დღეს დაავადებულთა რიცხვი თითებზე ჩამოსათვლელია.
ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევათა გამოვლენა, მკურნალობა, კონტაქტში მყოფ პირთა ქიმიოპროფილაქტიკა სახელმწიფო სტანდარტების ფარგლებში ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
ეროვნული მიღწევები
– 2016 წლამდე საქართველო ტუბერკულოზის გავრცელების სავალალო მაჩვენებლით ე.წ. შავ სიაში იმყოფებოდა, თუმცა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და დონორი ორგანიზაციები (აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი) გაერთიანდნენ ტუბერკულოზის დასამარცხებლად და დღეს ჩვენი ქვეყანა სამაგალითოა ამ ბრძოლაში.
– როგორ შეცვალა საქართველომ მკურნალობის მსოფლიო გზამკვლევი?
– ქართველი ექიმებისა და მეცნიერების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლაინი შეცვალა. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარებული მულტიცენტრული კლინიკური კვლევა საფუძვლად დაედო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლაინში მოცემულ რევოლუციურ 6-თვიან სამკურნალო რეჟიმებს, რომლებიც 2022 წლის ბოლოს გამოქვეყნდა როგორც რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის გლობალური სტანდარტი.
ახალი მკურნალობის წყალობით რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა 20-ის ნაცვლად 6-თვიანი გახდა, ყოველდღიურად მისაღები 23 აბის ნაცვლად კი პაციენტი მხოლოდ 5 აბს იღებს.
ვიდეომონიტორინგი
– ტუბერკულოზის მკურნალობის მეთოდოლოგია ცნობილია DOT აბრევიატურით, რაც გულისხმობს მედპერსონალის პირდაპირ მეთვალყურეობას მკურნალობის დაწყებიდან მის დასრულებამდე. თანამედროვე ტექნოლოგიების შემოღებამდე ტუბერკულოზით დაავადებული იძულებული იყო, დიდი ხნით მოსწყვეტოდა ოჯახს, სამუშაოს და სპეციალიზებულ საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში ემკურნალა. დღეს მედიკამენტის მისაღებად სტაციონარში რამდენჯერმე მისვლა აღარ არის საჭირო, უპირატესობა ენიჭება ბინაზე მკურნალობას, რაც მეტად მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური განწყობისთვის. ვიდეო DOT მეთოდის ეფექტიანობა განსაკუთრებით აშკარა გახდა პანდემიის პერიოდში, როცა პაციენტს ერთი თვის სამყოფ მედიკამენტებს ვატანდით და ვიდეომონიტორინგის საშუალებით ვაკვირდებოდით, რამდენად კეთილსინდისიერად იტარებდა მკურნალობას. ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტმა დანიშნულების შესაბამისად თანმიმდევრულად, უწყვეტად და ზუსტად იმკურნალოს. პაციენტისა და ექიმის ოპტიმალური თანამშრომლობის გარეშე საუკეთესო მედიკამენტების გამოყენებაც კი ვერ მოიტანს სასურველ შედეგს. როდესაც ტუბსაწინააღმდეგო წამლებს არარეგულარულად იღებენ ან მკურნალობას ვადაზე ადრე წყვეტენ, შესაძლოა განვითარდეს დაავადების მედიკამენტებისადმი გამძლე ფორმა, რომლის მკურნალობა შედარებით რთულია და ხშირად შედეგიც არასასურველია.
ფარმაკოუსაფრთხოება
– წამლის მიღების თვითნებური შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მკურნალობის პროცესში პაციენტს შესაძლოა საკმაოდ უსიამოვნო თანმხლები მოვლენები განუვითარდეს. წესისამებრ, მედიკამენტის დოზა პაციენტის წონის მიხედვით შეირჩევა, თუმცა პერსონალიზებული მედიცინა განმარტავს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შეუძლებელია, ერთნაირი წონის ორ პირს იდენტური მეტაბოლიზმი ჰქონდეს. ამიტომ არის, რომ ესა თუ ის მედიკამენტი სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვა სიხშირითა და სიმძიმით გამოხატულ თანმხლებ ეფექტებს ავლენს.
საქართველო 2016 წელს გაწევრდა უფსალას მონიტორინგის ჯგუფში, რომელიც წამლების თანმხლები ეფექტების კუთხით მუშაობს. ჩვენი ცენტრი დაინტერესებული იყო აღნიშნული კვლევით, რადგან, როგორც გითხარით, ტუბერკულოზის მკურნალობა რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტის ხანგრძლივ მიღებას გულისხმობს. გარდა ამისა, ამ პრეპარატების თანმხლები ეფექტების მოსახსნელად პაციენტს სხვა წამლების მიღებაც უწევს, ამ ყველაფრის ფონზე კი ეჭვქვეშ დგება მკურნალობის მთავარი დევიზი – "არ ავნო". მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი ცენტრი აღჭურვილია უნიკალური აპარატით – სითხური ქრომატოგრაფით, რომელიც ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის რაციონალურ დოზას განსაზღვრავს და თავიდან გვარიდებს იმ უამრავ თანმხლებ მოვლენას, რომლებიც თრგუნავს პაციენტს და საფრთხეს უქმნის დაწყებული მკურნალობის წარმატებით დასრულებას, ტუბერკულოზის დამარცხებას.
მარი მარღანია