როდის ირღვევა წონასწორობა

გააზიარე:

წონასწორობის უნარი მხოლოდ ველოსიპედისტების, ბაგირზე მოსიარულეებისა და მოციგურავეების პრეროგატივა არ არის – ის ყველას გვჭირდება. რომ არა წონასწორობის მარეგულირებელი ნატიფი, უზუსტესი მექანიზმების გამართული მუშაობა, არათუ სიარულს, ფეხზე დგომასაც კი ვერ შევძლებდით.

რა არის წონასწორობა? როდის შეიძლება დაირღვეს ის? როგორ მოვიქცეთ მის შესანარჩუნებლად?

როგორ ვიცავთ

სხეული წონასწორობას ორგანოთა რამდენიმე სისტემის ერთდროული მუშაობით ინარჩუნებს. უფრო დეტალურად, წონასწორობისთვის საჭიროა:

* თვალებიდან, კუნთებიდან, მყესებიდან, სახსრებიდან, წონასწორობის ორგანოდან (შიგნითა ყურში არსებული ვესტიბულური სისტემა) სენსორული ინფორმაცია სწორად მიეწოდოს ტვინს;

* ტვინის ღერომ და ტვინის სხვა ნაწილებმა ეს ინფორმაცია აღიქვან;

* თავის მოძრაობის საპასუხოდ აღიძრას თვალების უნებლიე მოძრაობა, რაც უზრუნველყოფს მხედველობის არეში მყოფი ობიექტების სტაბილურობას.

მხედველობა გვეხმარება იმის აღქმაში, სად იმყოფება და როგორ მოძრაობს ჩვენი სხეული გარემოსთან მიმართებით.

პროპრიოცეპტული რეცეპტორები, სპეციალური მგრძნობიარე უჯრედები, აღიქვამს კუნთების, მყესებისა და სახსრების დაჭიმვას ან მათზე ზეწოლას. ამ რეცეპტორებიდან წამოსული ინფორმაციის გაანალიზებით ტვინი განსაზღვრავს, რა პოზიცია უკავია ფეხებს – მიწის, ხოლო თავს – მკერდისა და მხრების მიმართ.

ვესტიბულური სისტემა, იგივე ლაბირინთი, კარიბჭე, შიგნითა ყურში არსებული წონასწორობის ორგანოა. ის ტვინს გადასცემს ნებისმიერ ინფორმაციას თავის მოძრაობისა და პოზიციის შესახებ.

ტვინის ღერო თვალებიდან, კუნთებიდან, მყესებიდან, სახსრებიდან, წონასწორობის ორგანოდან მიღებულ მთელ ინფორმაციას კრებს. ამას ემატება ნათხემიდან და ტვინის ქერქიდან მიღებული ინფორმაციაც, ძირითადად – გამოცდილება. მაგალითად, სიბნელეში, როდესაც თვალებით მიღებული ინფორმაცია არასაკმარისი ან არაზუსტია, ტვინი უფრო მეტად ფეხებიდან და შიგნითა ყურიდან მიღებულს ეყრდნობა, დღისით ქვიშიან სანაპიროზე სეირნობისას კი ფეხებიდან მიღებული ინფორმაცია ნაკლებად სანდოა, ამიტომ ტვინი უფრო მეტად მხედველობისა და ვესტიბულური სისტემებიდან მიღებულ ინფორმაციას იყენებს.

მოტორული პასუხი: მას შემდეგ, რაც ტვინის ღერო მთელ მიღებულ ინფორმაციას დაახარისხებს და თვალებსა და სხეულის სხვა ნაწილებს სათანადო შეტყობინებას გაუგზავნის, სხეული შეასრულებს საჭირო მოძრაობებს, რათა წონასწორობა შევინარჩუნოთ.

როდესაც რომელიმე ამ სისტემათაგანი გამართულად არ მუშაობს ან მათგან შემოსული ინფორმაცია სწორად არ არის ინტეგრირებული, წონასწორობა ირღვევა.

ზოგიერთ სიტუაციაში, მაგალითად, გემზე ან თვითმფრინავში, სხვადასხვა სენსორული ორგანო ტვინს სხვადასხვა შეტყობინებას უგზავნის. ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნება, თავბრუხვევა ან გულისრევა.

წონასწორობის ორგანო

ვესტიბულური სისტემა ტვინს აწვდის ინფორმაციას სხეულის მოძრაობის, თავის პოზიციისა და სივრცეში ორიენტაციის შესახებ და მონაწილეობს იმ მოტორულ ფუნქციებში, რომლებიც მოძრაობის დროს წონასწორობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ამრიგად, ვესტიბულური სისტემის გარეშე ვერც ვიმოძრავებთ და ვერც წონასწორობას შევინარჩუნებთ.

ვესტიბულური შეგრძნებები შიგნითა ყურში მდებარე ლაბირინთში იწყება. ეს უკანასკნელი შედგება ერთმანეთსა და კოხლეასთან დაკავშირებული ღრუებისგან, რომლებიც ენდოლიმფით არის სავსე. სამი ნახევარწრიული (ნახევარრკალოვანი) არხი ერთმანეთის მიმართ მართი კუთხით სხვადასხვა სიბრტყეშია განლაგებული. ერთი მათგანი თავის ზემოთ-ქვემოთ მოძრაობაზე რეაგირებს, მეორე – მიბრუნება-მობრუნებაზე, მესამე – თავის მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრაზე. თავის ამოძრავება იწვევს შესაბამის არხში ენდოლიმფის ამოძრავებას და არხის გაფართოებულ ნაწილში, ამპულაში, არსებული რეცეპტორების წამწამოვანი ნაწილის რხევას, მათ დეპოლარიზაციას და ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლებას. ეს ნივთიერება ასტიმულირებს ვესტიბულოკოხლეარულ ნერვს და თავის ტვინში იმპულსი იგზავნება.

ვესტიბულურ სისტემაში არის ორი ოტოლითური ორგანო: პარკუჭი (utricle) და ტიკი (saccule). ოტოლითებიდან ტვინი იღებს ინფორმაციას თავის სწორხაზოვანი პასიური მოძრაობის შესახებ (მაგალითად, მანქანით, ლიფტით გადაადგილებისას). ჰორიზონტალურ მოძრაობას პარკუჭით აღვიქვამთ, ვერტიკალურს – ტიკით.

იმპულსი ოტოლითურ ორგანოებშიც დაახლოებით ისეთივე მექანიზმით წარმოიქმნება, როგორითაც ლაბირინთში, თუმცა არსებობს კიდევ ერთი სტრუქტურა – ოტოლითური მემბრანა, რომელზეც მიმაგრებულია ოტოკონიები – კალციუმის კარბონატის (კირქვის) პატარ-პატარა კრისტალები. ისინი ამძიმებენ ოტოლითურ მემბრანას, რაც აადვილებს მოძრაობის დროს მის გადაადგილებას და წამწამოვანი უჯრედების ამოძრავებას.

ნახევარწრიული არხებიდან და ოტოლითური ორგანოებიდან ვესტიბულური სისტემა იღებს ინფორმაციას ჩვენი მოძრაობის შესახებ და იყენებს მას წონასწორობის, სტაბილურობისა და პოზის შესანარჩუნებლად. ამაში მას რეფლექსებიც ეხმარება. მაგალითად, ვესტიბულოოკულარული რეფლექსი (VOR), იგივე კარიბჭე-თვალის რეფლექსი, განპირობებულია ვესტიბულურ სისტემასა და თვალის კუნთებს შორის კავშირით. მისი დამსახურებით ჩვენს მზერას შეუძლია, მიმართული იყოს ერთი წერტილისკენ მაშინაც კი, როცა თავს ვამოძრავებთ.

ვესტიბულური სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარე აქვთ ბავშვებს. ასაკის მატებასთან ერთად ის უფრო და უფრო ნელა რეაგირებს მოძრაობაზე. წონასწორობის ორგანოს გამართულ მუშაობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს შიგნითა ყურის ინფექციებმა და სხვა დაავადებებმაც.

ვესტიბულური სისტემის ფუნქციის მოშლა შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუხვევით, წონასწორობის დაკარგვით, გულისრევის შეგრძნებით.

როგორ ვლინდება

წონასწორობის პრობლემებზე მიუთითებს:

* თავბრუხვევა – ცრუ მოძრაობის ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო);

* სისუსტე, თავის სიმსუბუქის შეგრძნება, გულის წასვლის წინა მდგომარეობა (პრესინკოპე);

* წონასწორობის დარღვევა, არამდგრადობა;

* დაცემა, დაცემის შეგრძნება;

* უწონადობის შეგრძნება, თავბრუ;

* მხედველობის გაბუნდოვნება;

* დაბნეულობა, გაურკვევლობა, ცნობიერების არევა.

მიზეზები

წონასწორობის დარღვევას სხვადასხვა მდგომარეობა იწვევს. თითოეული მათგანისთვის ტიპობრივია წონასწორობის დარღვევის განსაზღვრული სიმპტომი:

* თავბრუხვევა (ვერტიგო), მოძრაობის ან ტრიალის შეგრძნება, შესაძლოა გამოიწვიოს კეთილთვისებიანმა პაროქსიზმულმა პოზიციურმა თავბრუსხვევამ (BPPV), ვესტიბულურმა ნევრიტმა, მდებარეობა-აღქმის გამუდმებულმა თავბრუმ (Persistent Postural-Perceptual Dizziness, PPPD), მენიერის დაავადებამ, შაკიკმა, აკუსტიკურმა ნევრინომამ, რამსეი-ჰანტის სინდრომმა (ჰერპეს ზოსტერით გამოწვეული დაავადება), თავის ტრავმამ, მოძრაობის ავადმყოფურმა აუტანლობამ.

* თავის სიმსუბუქის, გულის წასვლის შეგრძნება შესაძლოა ასოცირებული იყოს ჰემოდინამიკურ ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიასთან (პოსტურული ჰიპოტენზია), გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან (არითმია, სისხლძარღვების შევიწროება, სისხლის მოცულობის შემცირება).

* წონასწორობის დაკარგვა ან არამდგრადობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ვესტიბულური აპარატის დაზიანებით, ფეხის ნერვის დაზიანებით (პერიფერიული ნეიროპათია), სახსრების, კუნთების ან მხედველობის პრობლემებით, მედიკამენტებით, ზოგიერთი ნევროლოგიური მდგომარეობით (კისრის სპონდილოზი, პარკინსონის დაავადება).

* თავბრუ, სივრცითი ორიენტაციის დარღვევა მოძრაობის ილუზიის გარეშე და თავის სიმსუბუქის შეგრძნება, შესაძლოა გამოიწვიოს ვესტიბულური სისტემის ანომალიამ, დეპრესიამ, შფოთვამ, ჰიპერვენტილაციამ (სხეულის ჟანგბადით გადავსება არანორმალურად სწრაფი სუნთქვის შედეგად), მედიკამენტებმა.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასასმელად ექიმი ეცნობა პაციენტის სამედიცინო ისტორიას, სინჯავს მას და უტარებს ნევროლოგიურ გამოკვლევას. იმის დასადგენად, გამოწვეულია თუ არა სიმპტომები შიგნითა ყურში წონასწორობის ფუნქციის დარღვევით, შეიძლება ჩატარდეს:

* სმენის გამოკვლევა, რადგან სმენის დარღვევა ხშირად წონასწორობის პრობლემებთან ასოცირდება;

* პოსტუროგრაფიული ტესტი – პაციენტს უსაფრთხოების ქამრებს ამაგრებენ და მოძრავ პლატფორმაზე აყენებენ; არკვევენ, ყველაზე მეტად რის ხარჯზე მუშაობს მისი წონასწორობა – მხედველობის, პროპრიოცეფციის თუ ვესტიბულური აპარატის;

* ელექტრონისტაგმოგრაფია და ვიდეონისტაგმოგრაფია – აფიქსირებს თვალის იმ მოძრაობებს, რომლებიც წონასწორობის შენარჩუნებაში მონაწილეობს;

* მბრუნავი სკამის ტესტი – იწერება და ანალიზდება თვალის მოძრაობები, როდესაც პაციენტი კომპიუტერით კონტროლირებად მოძრავ სკამზე ზის;

* დიქს-ჰოლპაიკის მანევრი – ექიმი ატრიალებს, სხვადასხვა პოზიციაში აქცევს პაციენტის თავს და აკვირდება თვალის მოძრაობებს, რათა დაადგინოს, აქვს თუ არა პაციენტს მოძრაობის ან ტრიალის ცრუ შეგრძნება;

* გამოწვეული ვესტიბულური პოტენციალების რეგისტრაციის მეთოდი (VEMP) – კისერზე, შუბლზე და თვალებქვეშ დამაგრებული მიმღები ზომავს ბგერებით გამოწვეულ კუნთთა შეკუმშვის მცირე ცვლილებებს;

* გამოსახვითი გამოკვლევები – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით და კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სამედიცინო  პრობლემა, რომელიც საფუძვლად უდევს წონასწორობის დარღვევას;

* არტერიული წნევისა და გულის რიტმის გაზომვა – წნევა მოწმდება ჯდომისას და 2-3 წუთის განმავლობაში დგომის შემდეგ, რათა დადგინდეს, მნიშვნელოვნად ეცემა თუ არა ადგომის შემდეგ არტერიული წნევა.

მკურნალობა

პრობლემის მიზეზის კვალობაზე, შესაძლოა საჭირო გახდეს:

* ვესტიბულური რეაბილიტაცია – პაციენტს მორგებული სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს დისბალანსის კომპენსირებას, წონასწორობის დაქვეითებასთან ადაპტაციას და ფიზიკური აქტიურობის შენარჩუნებას. დაცემის თავიდან ასაცილებლად თერაპევტმა პაციენტს შესაძლოა ურჩიოს დამხმარე საშუალებები, მაგალითად, ხელჯოხი.

* რეპოზიციური მანევრები, განსაკუთრებით – კპპთ-ს შემთხვევაში. ეს არის ექიმის მიერ თავის პოზიციის შეცვლის სპეციალური ტექნიკა, რომელიც შიგნითა ყურში არსებული კრისტალების სხვა უბანში გადატანას იწვევს.

* დიეტა და ცხოვრების წესის შეცვლა – მენიერის დაავადების ან შაკიკის დროს ექიმი პაციენტს ურჩევს სიმპტომების შემამსუბუქებელ დიეტას, მაგალითად, მარილის, კოფეინის, ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების შეზღუდვას, პოსტურალური ჰიპოტენზიის შემთხვევაში – მეტი სითხის სმას ან კომპრესიული წინდების ტარებას.

* მედიკამენტები – თუ ადამიანს აქვს ძლიერი თავბრუხვევა, რომელიც საათობით ან დღეობით გრძელდება, შესაძლოა დასჭირდეს თავბრუხვევისა და ღებინების შემამცირებელი წამლები.

* ქირურგიული ოპერაცია – შესაძლოა, საჭირო გახდეს მენიერის დაავადების ან აკუსტიკური ნევრინომის დროს.

როგორ შევინარჩუნოთ

თითქმის ყოველგვარი აქტივობა, რომელიც ფეხზე დგომასა და მოძრაობას მოითხოვს, – თუნდაც სიარული, – ავარჯიშებს წონასწორობის უნარს, მაგრამ ამ უკანასკნელის გაუმჯობესება სპეციალური ვარჯიშებითაც შეიძლება. ძალიან კარგია ტაი-ჩი, იოგა, პილატესი. თუ ამ სისტემით ვარჯიშს ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, უფრო მარტივად გაავარჯიშოთ წონასწორობა. მაგალითად, ასე:

* ხელებით სკამის საზურგეს დაეყრდენით. ცალი ფეხი მუხლში მოხარეთ და ასწიეთ ისე, რომ ბარძაყს მდგომარეობა არ შეუცვალოთ. გაჩერდით 10 წამი. გაიმეორეთ 10-15-ჯერ და გადადით მეორე ფეხზე. გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც წონასწორობა გაუმჯობესდება, შეგიძლიათ, ეს ვარჯიში ხელებით დაყრდნობის გარეშე შეასრულოთ.

* ფეხები დადგით თეძოს სიგანეზე, გადაიტანეთ სხეულის მთელი წონა ერთ ფეხზე, მეორე კი იატაკს მოაშორეთ. გაჩერდით დაახლოებით 30 წამი და საწყის პოზიციას დაუბრუნდით. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით. როდესაც შეამჩნევთ, რომ უკეთ იცავთ წონასწორობას, გამეორებათა რაოდენობა გაზარდეთ.

* სწორ ხაზზე ნელა გაიარეთ დაახლოებით 20 ნაბიჯი ისე, რომ ქუსლით მეორე ფეხის თითის წვერებს შეეხოთ. თუ წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, კედელი დაიხმარეთ.

* ზურგისა და დუნდულა კუნთების გასაძლიერებლად დაეყრდენით სკამის საზურგეს ან მაგიდას და ცალი ფეხი უკან გასწიეთ ისე, რომ არც მუხლში მოხაროთ და არც თითები გაჭიმოთ. საყრდენი ფეხით შეგიძლიათ ოდნავ ჩაიმუხლოთ. გაჩერდით ასე ერთი წამის განმავლობაში. შეასრულეთ მოძრაობა 10-15-ჯერ ჯერ ერთი, მერე მეორე ფეხით.

* ვარჯიში იმავე პოზიციიდან იწყება, რომლიდანაც წინა, ოღონდ როდესაც გამართულ ფეხს უკან გასწევთ, მერე მუხლში უნდა მოხაროთ ისე, რომ ქუსლი დუნდულა კუნთს მიუახლოვდეს. გაჩერდით ერთი წამი, მერე ფეხი ნელა დაუშვით იატაკზე. გაიმეორეთ 10-15-ჯერ და მეორე ფეხზე გადადით.

* დადგით ფეხები მხრების სიგანეზე. აიწიეთ ფეხის წვერებზე და გაჩერდით ერთი წამი. გაიმეორეთ 10-15-ჯერ. თუ გიჭირთ, დაეყრდენით სკამს ან კედელს. ამ ვარჯიშით ძლიერდება წვივისა და ტერფის კუნთები.

* ბარძაყისა და მენჯის კუნთების გასაძლიერებლად კარგია ჩაჯდომების შესრულება. დადგით ფეხები თეძოების სიგანეზე ოდნავ ფართოდ, ფეხის წვერები წინ მიმართეთ. ოდნავ ჩაიმუხლეთ, კუდუსუნი უკან გასწიეთ, თითქოს ჯდებით. დაეყრდენით ქუსლებს, ხელები ჩამოუშვით ან თეძოებზე დაილაგეთ. დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გაიმეორეთ 10-ჯერ. თუ ძალიან გაგიჭირდათ, არსებობს ალტერნატივაც: სკამის წინ დადგეთ და ნელა დაჯდეთ და ადგეთ ხელების გამოყენების გარეშე.

* გაიარეთ ოთახში გვერდულად პატარა ნაბიჯებით – ფეხი გვერდზე გადადგით, მიუდგით მეორე. ოთახის ბოლოში რომ გახვალთ, ფეხებს როლები შეუცვალეთ და უკან დაბრუნდით.

* დაწექით მუცელზე, სახით ქვემოთ. ხელები დააწყვეთ სხეულის გასწვრივ. ნელა ასწიეთ ტანი და რამდენიმე სანტიმეტრით ააცილეთ იატაკს ისე, რომ კისერი სწორად გეკავოთ, თავი უკან არ გადასწიოთ. რამდენიმე წამი გაჩერდით და ფრთხილად დაეშვით. გაიმეორეთ 10-ჯერ. ეს ვარჯიში აძლიერებს ზურგის კუნთებს.

წონასწორობის ვარჯიშების შესრულება ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისთვის, რადგან ამცირებს დაცემის რისკს.

როგორ შევაფასოთ

იმის გასაგებად, რამდენად კარგად ინარჩუნებთ წონასწორობას დგომისას, ასწიეთ ცალი ფეხი და ნახეთ, რამდენ ხანს შეძლებთ ასე დგომას. მოძრაობისას წონასწორობის შესამოწმებლად შეგიძლიათ 10 ნაბიჯი გაიაროთ ისე, თითქოს ბაგირზე დადიხართ. წონასწორობის ვარჯიშების შესრულება თანდათან ორივე მაჩვენებელს გააუმჯობესებს.

 ***

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა (კპპთ) თავბრუხვევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნაირსახეობაა. მისთვის დამახასიათებელია თავბრუხვევის ხანმოკლე (60 წამამდე) ეპიზოდები და ვითარდება თავის პოზიციის შეცვლისას: თავის აწევისას ან დაწევისას, დაწოლისას, საწოლში გადაბრუნებისას ან წამოჯდომისას.

რა იწვევს

მიიჩნევა, რომ კპპთ გამოწვეულია ოტოკონიებიდან მოწყვეტილი კალციუმის კარბონატის, იმავე კირქვის, კრისტალების გადაადგილებით უკანა და ზოგჯერ ზედა ნახევარწრიულ არხში. კრისტალები ყველაზე ხშირად წოლისას გადაადგილდება. მათი ამოძრავება იწვევს რეცეპტორული უჯრედების წამწამების შერხევას – სწორედ ეს ქმნის მოძრაობის ილუზიას.

გამომწვევი ფაქტორებია: ოტოლითური მემბრანების სპონტანური დეგენერაცია, თავის ტრავმა, შუა ოტიტი, ყურზე გადატანილი ოპერაცია, გადატანილი ვირუსული ინფექცია, ხანგრძლივი ანესთეზია ან წოლითი რეჟიმი,  ვესტიბულური დარღვევები (მაგალითად, მენიერის დაავადება), წინა ვესტიბულური არტერიის დახშობა.

როგორ ვლინდება

თავბრუხვევა ვითარდება თავის განძრევისას (მაგალითად, საწოლში გადატრიალებისას ან რამის ასაღებად დახრისას). თავბრუხვევის მწვავე შეტევა რამდენიმე წამიდან ერთ წუთამდე გრძელდება. ეპიზოდები პიკს აღწევს დილით, დღის განმავლობაში კი თანდათან იშვიათდება. შესაძლოა, განვითარდეს ნისტაგმი – თვალების სპონტანური რხევითი მოძრაობა. არ არის გამორიცხული გულისრევა და ღებინება, წონასწორობის დარღვევა და არამდგრადობა (წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება, რომელიც მყარ ზედაპირზე დაყრდნობისას ქრება). სმენის დაქვეითება და ყურების შუილი კპპთ-ს არ ახასიათებს.

დიაგნოსტიკა

BPPV-ის დიაგნოზი დამახასიათებელ სიმპტომებს ემყარება. ერთ-ერთი სადიაგნოზო ნიშანია ნისტაგმი დიქს-ჰოლპაიკის მანევრის – პაციენტის თავის სხვადასხვა პოზიციაში ტრიალის დროს. თუ გასინჯვით სხვა ნევროლოგიური დარღვევებიც გამოირიცხა, დამატებითი გამოკვლევა აღარ ტარდება.

მკურნალობა

რამდენიმე კვირაში ან თვეში BPPV, ჩვეულებრივ, თავისთავად გაივლის, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, თვეობით ან წლობით გაგრძელდეს. წამლებით მისი მკურნალობა არ არის რეკომენდებული, ხშირად წამლების არასასურველი ეფექტები აუარესებს წონასწორობას. შეიძლება დილაობით, უსაფრთხო გარემოში, რეპოზიციური მანევრების ჩატარება (ეფლის მანევრი, სემონტის მანევრი და სხვა). შედეგად დარჩენილი დღის განმავლობაში სიმპტომები მინიმალურად გამოვლინდება.

ამ მანევრებს პაციენტს ექიმი ასწავლის. მათი მიზანი ლაბირინთის რკალიდან კრისტალის კარიბჭეში დაბრუნებაა. მანევრების შესრულების შემდეგ პაციენტი 1-2 დღე უნდა ერიდოს თავის დახრას და უკან გადაწევას.

მანევრების გამეორება შეიძლება საჭიროებისამებრ.

არსებობს  ბრანდტ-დაროფის ვარჯიშებიც, რომლებსაც პაციენტი ატარებს შინ, ზედიზედ 5-ჯერ, დღეში სამ წყებად დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ან მანამდე, სანამ ვარჯიშის დროს თავბრუხვევა არ გაქრება.

 ***

მენიერის დაავადება

მენიერის დაავადება შიგნითა ყურის დაზიანებით მიმდინარე დაავადებაა. მისი ზუსტი მიზეზი უცნობია. სიმპტომების განვითარებას განაპირობებს შიგნითა ყურში ენდოლიმფის ჭარბი დაგროვება. რისკფაქტორებად მიიჩნევა მენიერის დაავადების ოჯახური ისტორია, ავტოიმუნური მდგომარეობები, ალერგია, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, თავის ან ყურის ტრავმა, ძალიან იშვიათად – სიფილისი. დაავადება ხშირია 20-დან 50 წლამდე ასაკში და უმეტესად ცალმხრივია.

სიმპტომები

მენიერის დაავადების სიმპტომებია:

*რეგულარული თავბრუხვევა. ტრიალის შეგრძნება მოულოდნელად ჩნდება და წყდება. გრძელდება 20 წუთიდან 12 საათამდე, ზოგჯერ – მეტ ხანსაც, მაგრამ არა უმეტეს 24 საათისა. შესაძლოა, თან ახლდეს გულისრევა, ღებინება, ძლიერი ოფლიანობა;

*სმენის დაქვეითება, რომელიც თავდაპირველად გარდამავალია, განსაკუთრებით – ადრეულ ასაკში. დროთა განმავლობაში სმენის დაქვეითების ეპიზოდებიც ხანგრძლივდება და სმენაც უფრო მეტად უარესდება;

*ყურის შუილი,  ტინიტუსი – ის შესაძლოა იყოს როგორც მუდმივი, ისე პერიოდული და არ უკავშირდებოდეს თავის მოძრაობას ან პოზიციას;

*ყურის დაგუბება, ყურში სისავსის, ზეწოლის შეგრძნება.

თავბრუხვევის შეტევის შემდეგ სიმპტომები სუსტდება და შესაძლოა, გარკვეული ხნით გაქრეს. უსიმპტომო პერიოდი ზოგჯერ წელიწადზე მეტ ხანსაც გრძელდება, თუმცა დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ სმენა უფრო და უფრო უარესდება,  ტინიტუსი კი შესაძლოა მუდმივი გახდეს.

დიაგნოსტიკა

მენიერის დაავადების დიაგნოზი კლინიკური ნიშნების საფუძველზე ისმება. მწვავე შეტევის დროს პაციენტს აღენიშნება ნისტაგმი და ეცემა დაზიანებულ მხარეს. ტარდება სმენის შესაფასებელი გამოკვლევები, ლაბირინთის ფუნქციის შესაფასებელი მანევრები, სხვა მიზეზების გამოსარიცხად – ცენტრალური ნერვული სისტემის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვითი კვლევა (MღI), იგივე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ).

მკურნალობა

მენიერის დაავადების შეტევები თავისთავად გაივლის, თუმცა მწვავე შეტევის დროს შეიძლება დაინიშნოს სიმპტომების შემამსუბუქებელი მკურნალობა ანტიქოლინერგული საშუალებებით ან ბენზოდიაზეპინებით. შეტევებს ხშირად ამსუბუქებს და აიშვიათებს შარდმდენების მიღება,  სუფრის მარილის შეზღუდვა (დღეში 1.5 გრამამდე), მენიუდან ალკოჰოლისა და კოფეინის ამოღება.

თუ შეტევები მეტისმეტად შემაწუხებელია, შესაძლოა, ლაბირინთის დესტრუქცია ხელოვნურად გამოიწვიონ შიგნითა ყურში გენტამიცინის შეყვანით ან ქირურგიული ჩარევით.

რჩევები

თავბრუხვევის შეტევის დროს:

* დაჯექით ან დაწექით. ერიდეთ უეცარ მოძრაობას, კაშკაშა განათებას, ტელევიზორის ყურებას, კითხვას – ამან შესაძლოა სიმპტომები დაამძიმოს. ეცადეთ, ფოკუსირება მოახდინოთ უძრავ ობიექტზე.

* შეტევის დროს და მის შემდეგ დაისვენეთ. ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას ნუ იჩქარებთ. თუ დაღლილობას გრძნობთ, მცირე ხნით საწოლში ჩაწექით. შემდეგ ნელა ადექით და დაიწყეთ აქტიური მოძრაობა მხოლოდ მაშინ, როცა შეატყობთ, რომ შეგიძლიათ.

* წინასწარ მოემზადეთ შეტევისთვის. ჰკითხეთ ექიმს, როგორ უნდა მოიქცეთ, რომელი მედიკამენტი მიიღოთ, როგორ აიცილოთ თავიდან დაცემა.

 *** 

ვესტიბულური ნევრიტი

ვესტიბულური (კარიბჭის) ნევრიტი თავის ქალას მერვე ნერვის კარიბჭის ნეირონების ანთებაა. მისი უშუალო მიზეზი დაუდგენელია. ვარაუდობენ ვირუსულ წარმოშობას. დაავადება, როგორც წესი, ცალმხრივია.

კარიბჭის ნევრიტის სიმპტომებია ძლიერი თავბრუხვევის ერთჯერადი შეტევა, გულისრევა და ღებინება, მუდმივი ნისტაგმი დაზიანებულ მხარეს. შეტევა 7-დან 10 დღემდე გრძელდება. ვესტიბულურ ნევრიტს ტინიტუსი ან სმენის დაქვეითება არ ახლავს თან. სწორედ ეს განასხვავებს მას მენიერის დაავადებისა და ლაბირინთიტისგან.

საწყისი ეპიზოდის შემდეგ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება. ზოგიერთ პაციენტს რჩება წონასწორობის დარღვევა, რომელიც ყველაზე მეტად თავის სწრაფი მოძრაობისას იგრძნობა.

დაავადების დიაგნოსტიკისთვის შეიძლება ჩატარდეს სმენის გამოკვლევა, ელექტრონისტაგმოგრაფია და მრტ. მკურნალობენ სიმპტომურად (ღებინების საწინააღმდეგო და ანტიჰისტამინური პრეპარატებით, ბენზოდიაზეპინებით, კორტიკოსტეროიდებით).

ლაბირინთიტი

ლაბირინთიტი ლაბირინთის ანთებაა. ის უმეტესად ვირუსით არის გამოწვეული (ხშირად – წითელას, ყბაყურას, ჰეპატიტის, ჰერპესის სხვადასხვა სახეობით), თუმცა ბაქტერიული ფორმებიც გვხვდება. სიმპტომები ორივე შემთხვევაში ერთნაირია: ვითარდება თავბრუხვევა, რომელსაც შესაძლოა დაერთოს ბუნდოვანი ხედვა, არასტაბილურობის შეგრძნება, დაცემის შეგრძნება, გულისრევა და ღებინება, ყურებში ხმაური ან სმენის დაქვეითება.

სიმპტომები ხშირად გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე იწყება და შესაძლოა, ძალიან ძლიერი იყოს.

ვირუსული ლაბირინთიტი, წესისამებრ, ცალ ყურში ვითარდება. სიმპტომებმა შესაძლოა სწრაფად გაიაროს, მაგრამ კვლავ მობრუნდეს.

ბაქტერიული ლაბირინთიტი შუა ყურის ან  შიგნითა ყურის ირგვლივ მდებარე ძვლების ბაქტერიული ინფექციის შედეგია. სიმპტომებს ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ტოქსინები იწვევს.

დაავადების სადიაგნოსტიკო სპეციფიკური გამოკვლევა არ არსებობს. გამორიცხავენ მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე სხვა დაავადებებს.

ბაქტერიულ ლაბირინთიტს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. თუ ბაქტერიული მიზეზი გამოირიცხა, შესაძლოა დაინიშნოს ანტივირუსული საშუალებები, სტეროიდები და სხვა.

 ***

კარიბჭის პაროქსიზმია 

ვესტიბულური პაროქსიზმია არის ეპიზოდური ვესტიბულური აშლილობა, რომელიც შეტევების მაღალი სიხშირით ვლინდება. დაავადება ქრონიკულად, სამ თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთ პაციენტს ასეულობით შეტევა აქვს. ვარაუდობენ, რომ აშლილობის მიზეზია მერვე კრანიალური ნერვის (ვესტიბულოკოხლეარული ნერვის) კომპრესია არტერიის მიერ.

* თავბრუხვევის შეტევა შესაძლოა წამზე ნაკლები დროიდან წუთამდე ან ცოტა მეტხანსაც გაგრძელდეს.

* შეტევები, როგორც წესი, ძალიან ხშირია. შესაძლოა, თვეში რამდენიმე შეტევა განვითარდეს, შესაძლოა, დღეში 30-მდეც კი.

* შეტევების უმეტესობა სპონტანურია. ზოგიერთი პროვოცირებულია თავის მოძრაობით ან ჰიპერვენტილაციით.

* თუ შეტევა დგომის ან სიარულის დროს განვითარდა, აღინიშნება არამდგრადობა.

* შეტევის დროს ცალ ყურში ვითარდება ხმაური.

* შეტევის დროს მომატებულია ხმაურისადმი მგრძნობელობა.

დიაგნოზი ხშირად სიმპტომებს ეფუძნება. მნიშვნელოვანია, ექიმმა გამორიცხოს სხვა დიაგნოზები, მათ შორის – მენიერის დაავადება, ვესტიბულური შაკიკი, კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი, ინსულტი, პერილიმფური ფისტულა, პანიკის შეტევები და სხვა.

შეტევების ინტენსივობას, სიხშირეს და ხანგრძლივობას ამცირებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (კარბამაზეპინი`ოქსკარბაზეპინი) მკურნალობა. ამ მედიკამენტებზე დადებითი პასუხი ექიმს ვესტიბულური პაროქსიზმის დიაგნოზის დასმაში ეხმარება. ქირურგიული მკურნალობა რეკომენდებული არ არის.

***

ლაბირინთის ინფარქტი

როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილში საკმარისი რაოდენობით ვერ მიედინება ჟანგბადით გაჯერებული სისხლი, ის იშემიურ მდგომარეობაშია, ხოლო თუ ორგანოები და უჯრედები დიდხანს დარჩა ჟანგბადის გარეშე, ვითარდება ინფარქტი, მათი შეუქცევადი დაზიანება. ლაბირინთის ინფარქტი შიგნითა ყურის  ჟანგბადის დეფიციტით გამოწვეული დაზიანებაა. ის უმეტესად 50-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებთან გვხვდება.

სიმპტომები

ლაბირინთის ინფარქტმა შესაძლოა უეცრად გამოიწვიოს წონასწორობის დარღვევა და  ცალ ყურში სმენის დაკარგვა. სხვაგვარად ამას მწვავე ვესტიბულურ სინდრომს უწოდებენ.  მწვავე ვესტიბულური სინდრომი უმეტესად ვესტიბულური ნევრიტით არის გამოწვეული. ლაბირინთის ინფარქტი ვესტიბულურ ნევრიტზე გაცილებით იშვიათია, მაგრამ უფრო საშიში.

ლაბირინთის ინფარქტის ძირითადი მიზეზი შიგნითა ყურის მკვებავი ლაბირინთის არტერიის შევიწროება ან დახშობაა, სადამდეც შეიძლება მიგვიყვანოს ნებისმიერმა მდგომარეობამ, რომელიც სისხლის შედედებას ან გასქელებას იწვევს.

ლაბირინთის ინფარქტი უმეტესად იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც ინსულტის სხვა რისკფაქტორები აქვთ: არიან მწეველები, აქვთ მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება, ათროსკლეროზული ცვლილებები არტერიებში, დიაბეტი და სხვა.

ლაბირინთის ინფარქტის სიმპტომები მოულოდნელად აღმოცენდება. ესენია:

* თავბრუხვევა (მოძრაობის ან ტრიალის შეგრძნება);

* დისკომფორტი თავის განძრევისას;

* გულისრევა და ღებინება;

* სმენის დაქვეითება ცალ ყურში, ზოგიერთ შემთხვევაში – არასტაბილურად;

* წონასწორობის დარღვევა, არამდგრადობა;

* ხმაური ყურებში;

* შფოთვის ფიზიკური ნიშნები (გულისცემის აჩქარება, სწრაფი სუნთქვა).

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის გულდასმით გამოკითხვა და გასინჯვა. შესაძლოა, ჩატარდეს კარიბჭის ფუნქციური ტესტები, მრტ, კტ, ნისტაგმოგრაფია.

ლაბირინთის ინფარქტი, ფაქტობრივად, მცირე ინსულტია, ამიტომ ამ დიაგნოზის დასმისას სასწრაფოდ ტარდება მკურნალობა უფრო დიდი ინსულტის თავიდან ასაცილებლად. შესაძლოა, პაციენტს მისცენ ანტიკოაგულანტები (რომლებიც ანელებს თრომბის წარმოქმნის პროცესს), წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები და სხვა.

რას უნდა ველოდოთ

ლაბირინთის ინფარქტის გამო დაქვეითებული სმენა უმეტესად აღდგება. მნიშვნელოვანია მომდევნო ინსულტის თავიდან აცილება. ამისთვის პაციენტმა უარი უნდა თქვას მოწევაზე, მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული წამლები, აკონტროლოს სისხლში ქოლესტეროლის შემცველობა, არტერიული წნევა, მართოს შაქრიანი დიაბეტი, იკვებოს ჯანსაღად – ჭამოს მეტი ხილ– ბოსტნეული და ბოჭკოვანი საკვები, შეამციროს მარილი, ნაჯერი ცხიმები და ტრანსცხიმები, შაქარი, შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა, რეგულარულად ივარჯიშოს, ზომიერად მიიღოს ალკოჰოლი.

 ***

კარიბჭის შაკიკი

შაკიკით დაავადებულ ათიდან დაახლოებით ოთხ ადამიანს აღენიშნება თანმხლები ვესტიბულური სინდრომი, რომელიც მოიცავს წონასწორობის დარღვევას ან`და თავბრუხვევას. შაკიკით დაავადებულთა დიდ ნაწილს არ აწუხებს თავის ტკივილი – მათთან დაავადების მთავარი სიმპტომია თავბრუხვევა.

შაკიკს ახასიათებს თავის ცალმხრივი მფეთქავი ტკივილი, რომელიც შეტევის დასრულებამდე უფრო და უფრო იმატებს. ტკივილის შეტევები ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას. შაკიკის ფონზე ხშირია ფოტოფობია (სინათლისადმი მგრძნობელობა), ფონოსენსიტიურობა (ხმაურის აუტანლობა), გულისრევა, ღებინება. თავბრუხვევას და წონასწორობის დარღვევას შესაძლოა ერთვოდეს დაბნეულობა, დეზორიენტაცია, მეტყველების დანაწევრება, მხედველობის ცვლილება, კიდურების ნაწილობრივი დამბლა (პარეზი).

თავბრუხვევა და წონასწორობის დარღვევა შესაძლოა განვითარდეს როგორც შაკიკის შეტევამდე, ისე შეტევის დროს, მის შემდეგ და შეტევისგან სრულიად დამოუკიდებლადაც კი.

ფაქტორებს, რომლებიც შაკიკის შეტევას იწვევს, ტრიგერებს ვუწოდებთ. საკვებიდან ყველაზე გავრცელებული ტრიგერებია:

* დაძველებული ან მომწიფებული ყველი (ჩედერი, პარმეზანი და სხვა);

* საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მონოსტრიუმის გლუტამატს (MSG; ზოგჯერ ეტიკეტზე მითითებულია როგორც  “გემოს გამაძლიერებელი 621”);

* შებოლილი, გადამუშავებული ხორცი (ბეკონი, ძეხვი, ლორი, სალიამი);

* კერძი, რომელიც შეიცავს სოიის სოუსს, ძმარს (გამონაკლისია თეთრი ძმარი), საფუარის ექსტრაქტს, ასევე – ფერმენტირებული, დამწნილებული, დამარინადებული პროდუქტები;

* ბარდა და სხვა პარკოსნები;

* ხახვი, ზეთისხილი;

* ალკოჰოლი (განსაკუთრებით – წითელი ღვინო, პორტვეინი);

* არაჟანი, იოგურტი, ნაღები;

* ახალგამომცხვარი, ცხელ-ცხელი პური და ფუნთუშები;

* ჭარბი ასპარტამი (ხელოვნური დამატკბობელი);

* შოკოლადი, კაკაო;

* თხილი, არაქისის კარაქი;

* ზოგიერთი ხილი, მათ შორის – ლეღვი, ავოკადო, ქიშმიში, წითელი ქლიავი, პაპაია, ბანანი და ციტრუსი;

* ჭარბი ჩაი, ყავა, კოლა.

სხვა ტრიგერებია:

* ჰორმონული დისბალანსი;

* ატმოსფერული წნევის ცვლილება;

* ძილის დარღვევა;

* სტრესი;

* ზოგიერთი მედიკამენტი.

შაკიკის თავბრუხვევის ამოცნობა ადვილი არ არის.

კარიბჭის შაკიკს მართავენ მედიკამენტების, ვესტიბულური რეაბილიტაციისა და ცხოვრების წესის ცვლილებების კომბინაციით. ეს უკანასკნელი გულისხმობს დიეტასთან, ძილთან, სტრესთან, ვარჯიშსა და გარემოსთან დაკავშირებული რისკფაქტორების შეზღუდვას.

 ***

ნერვული დარღვევები

წონასწორობაზე  შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნერვული სისტემის რომელიმე ნაწილში არსებულმა დარღვევამ.

თავის ტვინი: ტვინის შერყევამ, ინსულტმა, გარდამავალმა იშემიურმა შეტევამ შესაძლოა გამოიწვიოს წონასწორობის მკვეთრი დარღვევა, სისუსტე სხეულის ცალ მხარეს, მეტყველების მოშლა. თავის ტვინის სიმსივნემ შესაძლოა დაარღვიოს კავშირი თავის ტვინსა და ფეხის ნერვებს შორის და არასტაბილურობა და დაცემა გამოიწვიოს.

ხერხემლის კისრისა და გულმკერდის ნაწილი: ხერხემლის ართრიტი, სახსრების ანთება ზოგჯერ ავიწროებს ხერხემლის არხს. თუ ის მიაწვა ზურგის ტვინს და ხელი შეუშალა ტვინიდან ფეხებში ნერვული სიგნალების გადაცემას, წონასწორობა დაირღვევა. ზურგის ტვინის ამ დაავადებას მიელოპათია ეწოდება. მიელოპათიამ შესაძლოა გამოიწვიოს ხელების სისუსტე, შეზღუდოს მათი გამოყენება. თუ ამ დაავადების მქონე ადამიანმა შხაპის მიღებისას თვალები არ დახუჭა, შესაძლოა, წონასწორობა დაკარგოს. გარდა ამისა, ასეთი ადამიანები ვერ დადიან სწორ ხაზზე უწყვეტი ნაბიჯებით –ფეხის წვერის ქუსლზე მიდებით. შესაძლოა, დაკარგონ მოქნილობა, ჰქონდეთ დაბუჟების, ჩხვლეტის, დენის დარტყმის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში.

ხერხემლის წელის ნაწილი –  ხერხემლის ამ ნაწილის დეგენერაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ზეწოლა ნერვულ ფესვებზე, შედეგად – ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტა, სისუსტე, ფეხის აწევის გაძნელება, საბოლოოდ კი წონასწორობის დარღვევა და დაცემა.

პერიფერიული ნერვები: თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარეთ არსებული ნერვების დაზიანებას პერიფერიული ნეიროპათია ეწოდება. მისი შედეგია სისუსტე, დაბუჟება, ტკივილი და წონასწორობის დარღვევა. ადამიანს უჭირს დადგენა, სად იმყოფება მისი სხეული სხვა ობიექტებთან ან მიწასთან მიმართებით.

ხერხემლის ცვლილებები უმეტესად თანდათანობით ვითარდება, თუმცა ტრავმის შემთხვევაში სიმპტომებმა შესაძლოა სწრაფად განიცადოს პროგრესი. პაციენტები სწავლობენ მცირე ცვლილებების კომპენსირებას, თუმცა კომპენსირების პროცესი თვეობით და ზოგჯერ წლობითაც კი გრძელდება. ადამიანი ამ ხნის განმავლობაში განვითარებულ ყველა სიმპტომს აკომპენსირებს, სანამ რაიმე უეცარი მოვლენა, მაგალითად, დაცემა, წონასწორობაზე არ იმოქმედებს.

მკურნალობა

წონასწორობის პრობლემების დროს მკურნალობის პირველი მიზანი დაცემის თავიდან აცილებაა. შესაძლოა, პაციენტს დაუნიშნონ ფიზიოთერაპია, ურჩიონ დამხმარე მოწყობილობის გამოყენება. ზურგის ტვინის დაზიანების გამო სიმპტომების უეცარი გამოვლენისას აუცილებელია დროული ჩარევა, ზოგჯერ – ქირურგიულიც, რათა ადამიანმა ფუნქციობა შეინარჩუნოს.

 ***

მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა

მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა ვითარდება მანქანით, ავტობუსით, მატარებლით, თვითმფრინავით, გემით მგზავრობისას. შესაძლოა, განვითარდეს ვირტუალურ რეალობაშიც, ასევე – სხვა ადამიანების ან საგნების მოძრაობის დანახვისას. ის არ არის საშიში, თუმცა მგზავრობას უსიამოვნოს ხდის.

აუტანლობის მიზეზია დისბალანსი მათ შორის, რასაც ვხედავთ და რასაც ვგრძნობთ. როდესაც მანქანით მივდივართ სადმე, თვალი მოძრაობას აღიქვამს, სხეული კი გაჩერებულია. ამ დროს ვითარდება აუტანლობა.

მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობის განვითარებას ხელს უწყობს მანქანის უკანა სავარძელზე ჯდომა, ვინაიდან ამ დროს ვერ ვხედავთ ჰორიზონტს, მანქანაში კითხვა, სუფთა ჰაერის ნაკლებობა.

როდესაც მოძრაობა წყდება, ადამიანიც უფრო და უფრო უკეთ გრძნობს თავს.

მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა ხშირია ხანდაზმულებს, ორსულებს, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის. ხშირად ვხვდებით მათთანაც, ვინც შაკიკის თავის ტკივილს უჩივის. შესაძალოა, ის გენეტიკური იყოს.

ზოგჯერ მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა გამოწვეულია შიგნითა ყურის პრობლემით – მასში სითხის დაგროვებით ან ინფექციით. ზოგჯერ მიზეზი პარკინსონის დაავადებაა.

მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობის სიმპტომები შესაძლოა უეცრად, გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე დაიწყოს და სწრაფად დამძიმდეს. მისთვის დამახასიათებელია გულისრევა, ღებინება, კანის სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, ცივი ოფლიანობა, თავბრუ,  გაღიზიანება.

პრევენცია

მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობისას უსიამოვნო სიმტომების თავიდან ასაცილებლად:

* მიიღეთ სპეციალური წამალი მგზავრობამდე ერთი-ორი საათით ადრე.

* აირჩიეთ უსაფრთხო ადგილი. ავტომანქანაში საუკეთესოა წინა სავარძელი, ნავში –  შუა ნაწილი, თვითმფრინავში – ფრთის ზემოთ მდებარე სავარძელი, მატარებელში – სავარძელი, რომელიც მოძრაობის მიმართულებით იყურება. კიდევ უფრო უკეთესია ფანჯარასთან ჯდომა. თუ კრუიზში მიემგზავრებით, დაჯავშნეთ გემის წინა ან შუა ნაწილში მდებარე კაიუტა. მოითხოვეთ ოთახი, რომელიც ყველაზე ახლოს არის წყლის დონესთან.

* შეუშვით ავტომანქანის სალონში ბევრი ჰაერი – გამოიყენეთ კონდიციონერი ან გააღეთ ფანჯარა. თვითმფრინავში კონდიციონერის ჰაერის ნაკადი თქვენკენ მიმართეთ.

* ერიდეთ მგზავრობისას კითხვას. ფანჯრიდან უყურეთ შორეულ ობიექტებს, ჰორიზონტს.

* თუ თავს ცუდად იგრძნობთ, დაწექით.

* ერიდეთ მძიმე საკვების მიღებას მგზავრობის წინ და მგზავრობის დროს, ასევე – ცხიმიანს, ცხარეს, მჟავეს. მიირთვით მსუბუქი საკვების მცირე ულუფები.

* სვით ბევრი წყალი. ერიდეთ ალკოჰოლს.

თუ სიმპტომები რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: