დრედები: დაწყობა და მოვლა
გააზიარე:
დრედები ერთ-ერთი გამორჩეული ვარცხნილობაა. მათი წარმომავლობა უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ მათ ათასობით წლის წინათაც ატარებდნენ.
დასავლეთში დრედები 1960-იან წლებში გახდა პოპულარული. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იამაიკელ მომღერალს და საკულტო ფიგურას ბობ მარლის.
მიუხედავად პოპულარობისა, დღემდე ღრმად არის ფესვგადგმული დრედებთან დაკავშირებული სტერეოტიპები. ერთ-ერთი სტერეოტიპის თანახმად, ის, ვინც დრედებს ატარებს, თმას არ ივარცხნის, არ იბანს და არ უვლის. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. დრედების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ მათ ბევრ გაცილებით მარტივ ვარცხნილობაზე მეტი ყურადღება სჭირდებათ.
ბუნებრივი დრედები
დრედებს დღეს ნებისმიერ სალონში გაგიკეთებენ, თუმცა მათი დაწყობა ბუნებრივადაც შეიძლება: თმას არ ივარცხნით და ელოდებით, როდის იქცევა დრედებად.
ბუნებრივ მეთოდს ის ნაკლი აქვს, რომ, ჯერ ერთი, გაცილებით მეტ დროს მოითხოვს. მეორე: თუ ბუნებრივად სწორი და დავარდნილი თმა გაქვთ, დრედებად მის ქცევას შესაძლოა თვეები და წლებიც კი დასჭირდეს, ბუნებრივად ხვეული და ტალღოვანი თმა კი უფრო მალე იქცევა დრედებად, რადგან ღერების ერთმანეთში ჩახლართვისკენაა მიდრეკილი.
როგორ დავიწყოთ
განურჩევლად იმისა, ბუნებრივად გირჩევნიათ დრედების დაწყობა თუ სტილისტთან მისვლას აპირებთ, თმა ამ დიდი გარდასახვისთვის სათანადოდ უნდა მოამზადოთ.
- პროცედურის დაწყებამდე თმა კარგად დაიბანეთ და გაიშრეთ. დარწმუნდით, რომ დასაბანი საშუალება ზედ არ შეგრჩათ.
- დაყავით თმა პატარ-პატარა კონებად და თითოეული კონა ცალკე სამაგრით დაიმაგრეთ.
- გაითვალისწინეთ: რაც უფრო დიდია კონა, მით უფრო მსხვილი გამოვა დრედი, ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ, როგორი დრედები გინდათ: წვრილი თუ მსხვილი. შესახედავად ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
- თითოეულ კონაზე დაიდეთ სპეციალური საფიქსაციო საშუალება. ასეთი საშუალებები მრავლად გამოდის საცხის, ზეთისა თუ ცვილის სახით, ერთი მხრივ, ხელს უწყობს თმის ღერების ერთმანეთში გადახლართვას, მეორე მხრივ კი გამოშრობისა და გაუხეშებისგან იცავს. არჩევანი თქვენზეა, ოღონდ იცოდეთ: მიუხედავად იმისა, რომ ცვილს ყველაზე სწრაფი ეფექტი აქვს, ზემოთ ჩამოთვლილ საშუალებათაგან ის ყველაზე მძიმეა და მისი ჩამობანაც ყველაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
- დრედების შექმნის რამდენიმე მეთოდი არსებობს. თუ სწორი თმა გაქვთ, შეგიძლიათ, კონები ქვემოდან ზემოთ აივარცხნოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ არაპროფესიონალმა შესაძლოა საგრძნობლად დააზიანოს თმა. ამასთან, პროცედურა არცთუ ისე მარტივი და სწრაფია.
როცა ვარცხნას დაასრულებთ, თითოეული კონა ხელში უნდა მოჭყლიტოთ და ფორმა მისცეთ, ბოლოს კი სპეციალური საფიქსაციო საშუალებით დაამუშაოთ.
შეიძლება თმის ღერების ჩაწვნა ან გადახლართვაც.
- ბოლოს თმას ფენით საგულდაგულოდ იშრობთ.
როგორ მოვუაროთ
დრედების სწორად მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მოუვლელ დრედებს ძალიან უსიამოვნო შესახედაობა აქვს, კარგად მოვლილი კი მართლაც საუცხოოდ გამოიყურება.
დაბანა, რა თქმა უნდა, დრედებსაც სჭირდება. ამაზე კამათი სასაცილოც კია. რაც შეეხება სიხშირეს, აქ არჩევანი თქვენზეა. ზოგი კვირაში ორჯერ იბანს თავს, ზოგიც – ათ დღეში ერთხელ, რადგან ვარცხნილობის დაშლისა ეშინია. იმის მიხედვით მოიქეცით, როგორ გავლენასაც ახდენს დაბანა თქვენს თმაზე. თუ ატყობთ, რომ დაბანის შემდეგ დრედი თითქოს მოეშვა, თავიდან დაიყენეთ იმავე მეთოდით, დაიფიქსირეთ და დაბანა ერთი კვირით გადადეთ.
სველ თავზე წაისვით შამპუნი და თავის კანი მსუბუქად დაიზილეთ, თმას კი ნუ შეეხებით, აცადეთ, წყალმა თავისით ჩამობანოს.
ყოველი დაბანის შემდეგ საგულდაგულოდ გაწურეთ თითოეული დრედი მშრალი პირსახოცით, მერე კი კარგად გაიშრეთ, ისე, რომ სინოტივე საერთოდ არ შერჩეს. სხვაგვარად თავიდან ვერ აიცილებთ ნესტით გამოწვეულ დრედების ლპობას.
დრედების ლპობის პირველი ნიშანი უსიამოვნო სუნი და თმასა და თავის კანზე ობის მსგავსი ნადების გაჩენაა. ლპობის პროცესი თუ გაგრძელდა, შესაძლოა, თმის ფოლიკულების დაზიანება და გამელოტება გამოიწვიოს.
თუ ზემოთ აღწერილი სიმპტომები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ დრედების სპეციალისტს.
თუ დრედებმა ლპობა დაიწყო, მათი დაშლა და თმის დასვენება მოგიწევთ.
როდესაც საქმე მოვლის საშუალებებზე მიდგება, ექსპერტთა ხმები იყოფა. ზოგი დამატენიანებელ ზეთებსა და საცხებს გირჩევთ, რათა თმა არ გაგიუხეშდეთ, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ასეთი საშუალებები თმის ღერებს იმდენად არბილებს, რომ დრედები ფორმას კარგავს და ნელ-ნელა იშლება, ამიტომ თმის მხოლოდ სპეციალური მარილწყლით დატენიანებას ამჯობინებენ.
კამათის საგანია ისიც, გამოვიყენოთ თუ არა ბალზამი და კონდიციონერი. ყველაზე გონივრულია, ეს საშუალებები ინდივიდუალურად მოარგოთ თქვენს თმას. მოაინჯეთ რამდენიმე მათგანი და რომელიც მეტად მოუხდება, იმის გამოყენება განაგრძეთ.
ძილის დროს თავზე ბამბის მსუბუქი, თავისუფალი ქუდი დაიხურეთ ან ბენდენა მოიხვიეთ, რომ დრედები არ აიბურდოს და არ დაიტკეპნოს.
ვარჯიშისა და შხაპის მიღების დროსაც სასურველია, დრედები აიწიოთ, შეიკრათ და მსუბუქი ბენდენა შემოიხვიოთ, მერე კი აუცილებლად მოიხსნათ, რომ ვარჯიშის დროს გაოფლიანებული თავის კანი შეშრეს.
ლიკა ქათამაძე