მიხეილ მჭედლიშვილი - პროფესიონალიზმით განთქმული მეან- გინეკოლოგი
გააზიარე:
მრავალი წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. ყველასთვის საყვარელმა ექიმმა სწორედ იმ დროს მიატოვა პაციენტები, როდესაც კარიერის მწვერვალზე იყო, ჰქონდა უამრავი გეგმა და იდეა, რომელთა განხორციელება უთუოდ წაადგებოდა მომავალ თაობებს.
სახელოვან მეან- გინეკოლოგზე სასაუბროდ მის ქალიშვილს ქეთევან მჭედლიშვილს და ოჯახის ახლობელს ოთარ ტოგონიძეს ვესტუმრეთ.
ფესვები
დაიბადა 1923 წლის 31 დეკემბერს თბილისში. მამამისი, იოსებ მჭედლიშვილი, ცნობილი სახალხო მკურნალის ვაჟი იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კავთისხევში მცხოვრები შეძლებული ოჯახი გააკულაკეს. მჭედლიშვილები თბილისში გადასახლდნენ. დედაქალაქში იოსებმა ცხოვრება ნულიდან დაიწყო. დაამთავრა ელექტროობის შემსწავლელი ტექნიკუმი და მალე სახელიც გაითქვა ინოვაციური იდეებით. 40 წლისამ 16 წლის მარიამ ნადირაძეზე იქორწინა და ორი ვაჟის მამა გახდა. ორივე მედიცინას გაჰყვა. უფროსმა, ვალიკომ, პედიატრია ამჯობინა და წლები გაატარა თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, კათედრის გამგის თანამდებობაზე.
მიხეილი სვანეთის უბანში გაიზარდა. 1940 წელს წარჩინებით დაამთავრა 29-ე საშუალო სკოლა და როგორც ფრიადოსანი იმავე წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.
მიზანსწრაფვა
– საბჭოთა საქართველოში ექიმების პირველი თაობა რუსეთიდან 1924 წელს ჩამოვიდა, – მოგვითხრობს ბატონი ოთარი, – მეორე თაობის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის 1931 წლის კურსდამთავრებულები იყვნენ. მიშა მესამე, ომის შემდგომ თაობას ეკუთვნოდა. იმ პერიოდში საქართველოს საავადმყოფოების უმრავლესობას სათავეში ედგნენ უხუცესი დასტაქრები, რომლებიც უმთავრესად ნათესაობით და ნაცნობობით არჩევდნენ ახალ თანამშრომლებს. აი, ასეთ პირობებში მიხეილ მჭედლიშვილმა ყოველგვარი პროტექციის გარეშე შეძლო მედიცინის ეკლიანი გზის გაკვლევა და დამსახურებული ადგილის მოპოვება ქართულ მეანობა-გინეკოლოგიაში.
ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სამუშაოდ მიავლინეს სამხრეთ ოსეთში, ჯავის რაიონის სოფელ ედისის საექიმო პუნქტის გამგედ. იქ 1947 წლის სექტემბრამდე დარჩა, ოქტომბრიდან კი სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური და პედიატრიული ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. “ვმუშაობდი კათედრის პროფ. რწმუნებულად და ყოველგვარ დავალებას დროულად და პირნათლად ვასრულებდი”, – ვკითხულობთ მის ავტობიოგრაფიაში.
პროფესორ ბორის ღოღობერიძესთან, საქართველოში მეანობა-გინეკოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელთან, მუშაობის წლებში მიხეილ მჭედლიშვილმა თეორიულ ცოდნასთან ერთად დიდი პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღო. პროფესორთან ერთად შეისწავლიდა მშობიარობის გაუტკივარების, ქალის უნაყოფობის, სისხლის გადასხმის საკითხებს. საქართველოში პირველმა სწორედ ბორის ღოღობერიძემ გამოიყენა სისხლის გადასხმა სამეანო-გინეკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის დროს. აქვე მზადდებოდა სხვადასხვა სამკურნალო შრატი.
1950 წლიდან მიხეილმა საქმიანობა კამოს ქუჩაზე მდებარე მე-2 სამშობიარო სახლში განაგრძო, სადაც პროფესორ აკაკი ბაქრაძის ხელმძღვანელობით გაიარა ორდინატურა. უდიდეს პატივს სცემდა პედაგოგს და თავს არ ზოგავდა, რომ მისი ნდობა გაემართლებინა. ქალბატონი ქეთევანი სიამაყით აღნიშნავს, რომ აკაკი ბაქრაძემ მხოლოდ სამი პროფესიული მემკვიდრე დატოვა, რომელთაგან პირველი სწორედ მამამისი გახლდათ.
მე-2 სამშობიარო მიხეილ მჭედლიშვილმა სახლში ხუთ წელიწადს იმუშავა. მშობიარეებთან ერთად სხვადასხვა სირთულის უამრავ გინეკოლოგიურ პაციენტზეც უწევდა ზრუნვა. ხშირად დამხმარეც კი არ ჰყავდა და კრიტიკულ სიტუაციებში მარტოს უხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. ექიმის ხელი და ტვინი ერთდროულად უნდა მუშაობდესო, – ამბობდა ხოლმე, – ოპერაციის დროს მოულოდნელობისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ ცოდნას სწრაფი რეაგირების უნარი უნდა უმაგრებდესო ზურგს.
მიხეილ მჭედლიშვილის აქტიური პროფესიული ცხოვრების წლებში დიაგნოსტიკის ერთადერთი გზა პალპაცია და პერკუსია იყო. ორივე ამ მეთოდში დახელოვნებული ახალგაზრდა ექიმი ისეთ რთულ დიაგნოზსაც კი, როგორიცაა საშვილოსნოსგარე ორსულობა, უშეცდომოდ სვამდა. ყოფილა შემთხვევები, როცა მის დიაგნოზს და დროულად დაწყებულ მკურნალობას პაციენტი გადაურჩენია. რამდენჯერმე ისეც მომხდარა, რომ მიხეილის მორიგეობისას აკაკი ბაქრაძისთვის დაურეკავთ, ახალგაზრდა ექიმმა სასწრაფო ოპერაცია დანიშნა და იქნებ ჯობდეს, თქვენ დაგელოდოთო, მას კი უთქვამს, მჭედლიშვილს შეგიძლიათ ისევე ენდოთ, როგორც მეო.
კარიერის მწვერვალზე
– 1956 წელს მამა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მე-4 სამმართველოს საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ და მალევე ამ განყოფილების გამგედ დანიშნეს. თანამშრომლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მისი საოპერაციო ტექნიკა ოქრომჭედლის ნატიფ ხელსაქმეს მოგაგონებდათ, ისეთი ოსტატობით კერავდა თითოეულ ჭრილობას ჯერ კიდევ იმ წლებში, როდესაც პლასტიკურ ნაკერზე არავის არაფერი სმენოდა. მისი ოპერაციები უბრალოებით და დახვეწილობით გამოირჩეოდა, ტექნიკურად რთულ სიტუაციებში კი ისეთ მარტივ გამოსავალს პოულობდა, ასისტენტები განცვიფრებაში მოჰყავდა. მამა დაჯილდოებული იყო დიდი შემოქმედებითი ალღოთი და იმპროვიზაციის უნარით, რასაც მაღალი კლასის ოპერირების ტექნიკაც ემატებოდა. მისთვის ოპერაციის შაბლონი არ არსებობდა, როგორც არ არსებობს თვით პათოლოგიური პროცესის განვითარების შაბლონი.
განყოფილების სიმძიმის ცენტრი მამას ხელში იყო და ცხადია, ყველა პატარა თუ დიდი პრობლემა უპირველესად მის მხრებზე გადადიოდა. თანამშრომლები ფრთის ქვეშ შვილებივით ჰყავდა შეფარებული. მიუხედავად იმისა, რომ მიშას დიდი რიდი და ცოტა შიშიც ჰქონდათ, განსაცდელში ყველაზე მეტად სწორედ მისი გვერდით დგომის იმედად იყვნენ.
მახსოვს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ავადმყოფობის ისტორიის წერას, ყველა ექიმს თავად უმოწმებდა შეკრებილ ანამნეზს, თუ რაიმე უზუსტობას აღმოუჩენდა, მშვიდად მიუთითებდა შეცდომაზე და იქვე, თავისივე თანდასწრებით გადააწერინებდა.
ერთხელ ჩემი კლასელის დედა მისულა მამას განყოფილებაში რომელიღაც ექიმთან კონსულტაციაზე. დერეფანში რომ ელოდებოდა, უცებ ექთანს დაუძახია: “მიშა მოდის!” – და ყველა სადღაც გაკრეფილა. დაბნეული ქალიც დაუფიქრებლად შესულა რომელიღაც პალატაში და მერეღა მოსულა გონს.
მამას პაციენტებს შორის მრავლად იყვნენ ცნობილი ქალბატონები. თანამდებობის პირები, როგორც წესი, მას ანდობდნენ თავიანთი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. ძალიან ბევრს მუშაობდა, დღეგამოშვებით მორიგეობდა, შინ ყოფნის დროსაც კი გონებაში იმეორებდა ოპერაციების გეგმას და განყოფილებაში დატოვებულ პაციენტებზე ფიქრობდა.
მიუხედავად უზარმაზარი დატვირთვისა, ძალიან სიამოვნებდა, რომ პაციენტები მას ირჩევდნენ, მისი პროფესიონალიზმის სჯეროდათ და თავს უფლებას არ აძლევდა, იმედი გაეცრუებინა მათთვის.
არც პატივისცემა და მხარდაჭერა აკლდა. ქალაქში ერთ-ერთი პირველი ტელეფონი, ცენტრალური კომიტეტის მდივნის მოთხოვნით, მამას დაუდგეს, რათა მდივნის ახლობელს მისგან სატელეფონო კონსულტაცია მიეღო.
პოლიტიკისგან ძალიან შორს იყო. ერთხელ ვასილ ჟვანიას მეუღლეს დაურეკავს და ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმის ადგილი შეუთავაზებია, მაგრამ უარი მიუღია – მამას თანამდებობის სანაცვლოდაც კი არ უნდოდა პარტიაში შესვლა.
უზარმაზარი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მიხეილ მჭედლიშვილმა გადაწყვიტა, შეესწავლა ორსულობის დროს განვითარებული ტოქსიკოზით გამოწვეული ფერმენტული ცვლილებები სისხლში. ვაკის სამკურნალო კომბინატიდან წამოსვლის შემდეგ თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად სწორედ იქ დაიწყო ფიქრი მომყოლისა და ლოგინობის ადრეულ ხანაში საშვილოსნოს მოტორული ფუნქციის მოშლით გამოწვეული ატონიური სისხლდენის საკითხის გადაჭრაზე, რაც დღემდე მეანობის აქტუალური პრობლემაა.
“მრავალი წლის პრაქტიკულმა მუშაობამ და დაკვირვებამ ლოგინობის ადრეულ ხანაზე, რომელსაც ზოგჯერ მშობიარობის V პერიოდსაც კი უწოდებენ, საშუალება მომცა, დამედგინა ზოგიერთი კანონზომიერება ამ პერიოდში საშვილოსნოს ფორმებსა და მოსალოდნელ პათოლოგიურ სისხლდენას შორის, – ვკითხულობთ მიხეილ მჭედლიშვილის ჩანაწერებში. – შევამჩნიე, რომ ლოგინობის ადრეულ ხანაში მოსალოდნელ ატონიურ სისხლდენას წინ უსწრებს საშვილოსნოს დამახასიათებელი კონფიგურაცია და კონსისტენცია, მკაფიოდ გამოხატული საშვილოსნოს ფუძე. ლოგინობის ადრეულ ხანაში მომყოლის გამოსვლიდან 6- 8 წუთის გასვლის შემდეგ საშვილოსნო იღებს გარკვეულ ფორმას და კონსისტენციას, იმის მიხედვით, თუ კუმშვადობის რა ძალა შერჩა მას. სწორედ ამ ფორმების მიხედვით შესაძლებელია პათოლოგიური (ჰიპო ან ატონიური) სისხლდენის პროგნოზირება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში”.
ამ აღმოჩენამ სამედიცინო საზოგადოებაში დიდი ხმაური გამოიწვია. აკადემიკოსი კონსტანტინე ჩაჩავა დიაგნოსტიკის აღნიშნული მეთოდის სახელმძღვანელოში შეტანასაც კი გეგმავდა. მას მიაჩნდა, რომ მიხეილ მჭედლიშვილის მიერ აღწერილი საშვილოსნოს ფორმებისა და სიმპტომოკომპლექსის ამოცნობა ყველა პრაქტიკოს ექიმს უნდა შესძლებოდა, რათა მშობიარობის შემდგომი პათოლოგიური სისხლდენა თავიდან აეცილებინა.
1974 წელს მიხეილ მჭედლიშვილმა აღმოჩენისთვის საავტორო უფლების დამადასტურებელი მოწმობა მიიღო და, ამგვარად, დაამტკიცა, რომ მედიცინაში აკადემიურ ხარისხზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება და ყოველდღიურ, ერთი შეხედვით ბანალურ შემთხვევებზე დაკვირვებაა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე ახალ თემაზე მუშაობდა, ჰქონდა სამომავლო გეგმებიც, მაგრამ მისი ბოლო ნაშრომები მისმა უეცარმა სიკვდილმა მიჩქმალა, მის სამუშაო მაგიდაზე არსებული საქაღალდეები კი, სამწუხაროდ, უკვალოდ გაქრა...
მოგონებები მამაზე
– ნათქვამია, რომ კაცმა ცხოვრებაში სამი რამ უნდა გააკეთოს: ააშენოს სახლი, დარგოს ხე და გაზარდოს შვილი. მამამ სამივე დავალება პირნათლად შეასრულა. მიუხედავად დატვირთული პროფესიული ცხოვრებისა, ყოველთვის ჰქონდა ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობის ძალა და დრო. შინაც, როგორც სამსახურში, მისი სიტყვა კანონი იყო. საზოგადოდ, ქირურგობა რთული პროფესიაა. მამასთვის ის ცხოვრების წესი იყო. მიუხედავად ამისა, ყოველ დილით დავყავდით სკოლაში, აქტიურად იყო ჩართული ჩვენს აღზრდა-განათლებაში და იმ დროისთვის ყოველგვარ პირობას გვიქმნიდა, რომ უზრუნველად გვეცხოვრა.
დედაჩემი, ეთერ ტოგონიძე, პროფესიით ფილოლოგი იყო, თუმცა და-ძმა ექიმები ჰყავდა და ამიტომ თვითონაც საავადმყოფოში მუშაობდა. ბებია დედის მხრიდან, ქეთევან ბახტაძე, საქართველოში პირველი თაობის სტომატოლოგი გახლდათ, მისი მეუღლე, მამანტი ტოგონიძე კი ზოგადი ქირურგი. ასე რომ, მედიცინის სიყვარული მემკვიდრეობით მერგო.
არ შემიძლია არ აღვნიშნო დედის წვლილი მამაჩემის პროფესიულ მიღწევებში. დედაჩვენი ხშირად იღებდა თავის თავზე საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას, ბავშვების მოვლა-პატრონობას, რაც მამას უთავისუფლებდა დროსა და ენერგიას პროფესიული საქმიანობისთვის. ჩემი უფროსი ძმა, ნუგზარი, მამის კვალს გაჰყვა და გინეკოლოგი გახდა, თუმცა, სამწუხაროდ ისიც მიშასავით ნაადრევად გარდაიცვალა.
1976 წლის 24 ნოემბერს მამა მოსკოვში გამართულ სიმპოზიუმს ესწრებოდა, სწორედ იქ, უამრავი ექიმის გარემოცვაში დალია სული. ამ ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა. მახსოვს, ჩვენი სახლის აივნიდან რომ გადმოვიხედე, ნუცუბიძის ქუჩა ხალხს ვერ იტევდა. უამრავი ადამიანი მოდიოდა სამძიმრის სათქმელად. ყველა რაღაც განსაკუთრებულ ამბავს ჰყვებოდა მამაზე.
ბოლო პერიოდში სამუშაო რეჟიმი მეტად რომ შეემსუბუქებინა, იქნებ უფრო მეტხანს ყოფილიყო ჩვენ გვერდით და შვილიშვილებსა და შვილთაშვილებსაც კი მოსწრებოდა...
მიხეილ მჭედლიშვილის შვილიშვილი, ქალბატონი ქეთის ქალიშვილი ნინო ქურიძე, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი გახლავთ. არც მისმა ძმამ ალექსანდრემ უღალატა ოჯახურ ტრადიციას და ექიმი გახდა, თუმცა მისი პროფესიული ინტერესი სხვა სფეროებსაც გასწვდა და დღეს ის ცნობილი ციფრული ინფრასტრუქტურის შთYX- ის დამფუძნებელია.
მარი მარღანია