ყური - ყველაფერი სმენის ორგანოს შესახებ
გააზიარე:
ადამიანის ორგანიზმი ბევრ იმდენად რთულ ფუნქციას ასრულებს, რომ მათი მხოლოდ გააზრებაც კი ძნელია. ხშირად წარმოდგენა არ გვაქვს, რა უმცირესი დეტალები, უზუსტესი გათვლები განაპირობებს თუნდაც იმას, რომ ჩვენ ერთმანეთისა და სამყაროს ხმები გვესმის.
ყური ჩვენთვის ხშირად მხოლოდ მის ხილულ ნაწილთან, ნიჟარასთან ასოცირდება. არადა ეს უკანასკნელი სმენის აღქმაში მონაწილე ერთ-ერთი მარტივი დეტალია, რომლის დანიშნულება გარემოდან ხმების შეკრება და შუა ყურისკენ გაგზავნაა. შუა ყურში რხევა მექანიკურ ენერგიად გარდაიქმნება, რომელიც შიგნითა ყურში შესაბამისი ნერვული იმპულსების აღმოცენებას იწვევს. ასე მიდის ბგერები ტვინამდე, რომელშიც ისინი სწორედ ისე აღიქმება, როგორც ჩვენ გვესმის.
მაინც როგორ ახერხებს ყური რხევების ჩვენთვის აღსაქმელ ბგერებად გარდაქმნას? რამ შეიძლება დააზიანოს მისი ფუნქცია? რომლებია ყურის გავრცელებული დაავადებები? როგორ გავუფრთხილდეთ ყურს?
ყურის სამი ნაწილიდან: გარეთა, შუა და შიგნითა ყურიდან, – ჩვენ მხოლოდ გარეთა ყურს ვხედავთ – ნიჟარას და გარეთა სასმენ მილს. თუ ძალიან მოვინდომებთ, დაფის აპკსაც დავინახავთ.
ნიჟარა ხრტილია, რომელიც, ისევე, როგორც გარეთა სასმენი მილი, კანით არის დაფარული. კანი უმეტესად თმიანია. სასმენი მილის კანში არსებული სპეციალური ჯირკვლები წარმოქმნის ცვილს, რომელსაც გოგირდსაც ეძახიან. ცვილი იცავს ყურს მტვრის, მიკრობების, პატარა საგნების მოხვედრისგან, დაზიანებისგან, სასმენი მილის ნაზი კანის წყლით გაღიზიანებისგან.
გარეთა და შუა ყურს ერთმანეთისგან ყოფს დაფის აპკი. დაფის აპკი თხელი შემაერთებელქსოვილოვანი მემბრანაა, რომელიც გარედან კანით არის დაფარული, შიგნიდან – ლორწოვანი გარსით.
ყურის დაცობა
სმენის დაქვეითების ერთ–ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია გარეთა სასმენი მილის დაცობა ცვილით – გოგირდის საცობის წარმოქმნა. ბავშვებთან ასევე ხშირია მილის დაცობა მძივებით, საშლელით, ლობიოს მარცვლებით და სხვა უცხო სხეულებით, რომლებსაც ხშირად თვითონვე იდებენ ყურში. ყურის დაცობის სხვა შესაძლო მიზეზებია მილში მწერის მოხვედრა, ნაწიბუროვანი ქსოვილის ან სიმსივნის არსებობა.
ყურის დაცობა იწვევს:
* ქავილს სასმენ მილში;
* ტკივილს;
* ყურის დაგუბებას;
* ყურში ხმაურს;
* სმენის დროებით დაკარგვას.
ყურში ცვილის სიჭარბემ შესაძლოა არავითარი სიმპტომი არ გამოიწვიოს ან ჩამოთვლილთაგან ნებისმიერით გამოვლინდეს, უცხო საგნის არსებობა კი შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ ტკივილი, ქავილი, ინფექცია ან უსიამოვნო, ჩირქით სავსე გამონადენი არ განვითარდება.
მკურნალობა
იმის შესაფასებლად, მოახდინა თუ არა სმენაზე გავლენა საცობის არსებობამ ან ამოღების პროცედურამ, სასურველია სმენის გამოკვლევა სასმენი მილის გათავისუფლებამდეც და მის შემდეგაც. ცვილს და უცხო საგნებს ფრთხილად იღებენ ყურიდან სპეციალური ხელსაწყოებით სათანადო განათების პირობებში. კიურეტით (მარყუჟიანი იარაღით) ან ტუმბოთი საცობის ამოღება უფრო სწრაფი და უსაფრთხოა, ვიდრე წყლით გამორეცხვა (ირიგაცია). როდესაც ირიგაცია იგეგმება, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, რადგან მისი ჩატარება არ შეიძლება:
* თუ ადამიანს პერფორირებული (გახვრეტილი) ჰქონდა ან აქვს დაფის აპკი – ეს წარმოშობს საშიშროებას, წყალმა შუა ყურში შეაღწიოს და ინფექცია გამოიწვიოს;
* თუ ადამიანს ყურიდან გამონადენი აქვს, რადგან ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, დაფის აპკი პერფორირებული იყოს და გამონადენი შუა ყურიდან მოდიოდეს;
* ყურის ინფექციის, შაქრიანი დიაბეტის, იმუნური სისტემის დამასუსტებელი მდგომარეობების, თავსა და კისერზე სხივური თერაპიის, ყურის არხის ზოგიერთი ანომალიის, სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მიღების დროს.
ცვილის ამოღებამდე ზოგჯერ გამხსნელ ნივთიერებს ხმარობენ, რომლებიც საცობს არბილებს. ეს შეიძლება იყოს წყალბადის ზეჟანგი, გლიცერინი, მინერალური ზეთი, ბავშვის ზეთი, თხევადი ნატრიუმის დოკუზატი. მათი ხანგრძლივი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესაძლოა, სასმენი მილის კანის გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ.
არ უნდა ვცადოთ ცვილის ამოღება ბამბის ჩხირით, ქინძისთავით, ფანქრით ან სხვა ასეთი საგნით. ამ დროს ცვილი, წესისამებრ, კიდევ უფრო ღრმად შედის სასმენ მილში და შესაძლოა, დაფის აპკი დააზიანოს. თუ ადამიანს ვიწრო სასმენი მილი აქვს, მისი ყურის ცვილი ძალიან წებოვანი ან სქელია ან დასტურდება სასმენი მილის კანის ქრონიკული დაავადება, საჭიროა სასმენი მილის რუტინული წმენდა, რომელიც ექიმმა უნდა ჩაატაროს.
უცხო სხეულს სპეციალური ხელსაწყოთი: ბლაგვი კაუჭით, პატარა ვაკუუმმოწყობილობით ან პინცეტით, – იღებენ. მილში ღრმად ჩამჯდარი საგნების ამოღება უფრო რთულია, რადგან იმატებს დაფის აპკის დაზიანების რისკი.
მწერის ამოღებამდე სასმენ მილს ავსებენ შესქელებული ლიდოკაინით ან ალკოჰოლით (თუ დაფის აპკი მთელია). ეს საშუალებები მწერს რამდენიმე წუთში კლავს, რაც ექიმს მისი უსაფრთხოდ ამოღების საშუალებას აძლევს.
სასმენი მილის დერმატიტი
სასმენი მილის დერმატიტი სასმენი მილისა და მის შესასვლელთან არსებული კანის ანთებითი ცვლილებაა.
გამოყოფენ დერმატიტის ორ ძირითად ტიპს: კონტაქტური დერმატიტი არის ალერგიული რეაქცია ნიკელის შემცველ საყურეებზე, თმის ლაქზე, საღებავებზე და სხვა, ეგზემა კი სებორეული დერმატიტის ან ფსორიაზის შედეგია. ორივე ტიპის დერმატიტი იწვევს ქავილს, სიწითლეს, შეშუპებას, გამჭვირვალე გამონადენს, აქერცვლას, გამუქებას და მტკივნეულ ნახეთქებს.
დერმატიტით გამოწვეულმა კანის გაღიზიანებამ და ნახეთქებმა შესაძლოა სასმენი მილის ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია (მწვავე გარეთა ოტიტი) გამოიწვიოს.
კონტაქტური დერმატიტის შემთხვევაში უნდა ვერიდოთ ალერგიული რეაქციის ტრიგერებს, განსაკუთრებით – ნიკელის შემცველ საყურეებს, თმის ლაქს და, შესაძლოა, სმენის აპარატსაც კი, ასევე – გაღიზიანებულ კანზე წყლისა და სხვა ნივთიერებების მოხვედრას. შეშუპებისა და ქავილის შესამცირებლად გამოიყენება კორტიკოსტეროიდის შემცველი კრემი (ჰიდროკორტიზონი ან ბეტამეთაზონი). ეგზემის დროს დამატებით იყენებენ ბუროვის ხსნარის (ალუმინის აცეტატის) წვეთებს.
გარეთა ოტიტი
გარეთა ოტიტს, სასმენი მილის ანთებას, მოცურავის ყურსაც უწოდებენ. ანთების მიზეზი ყველაზე ხშირად ბაქტერიებია (უმეტესად – Pseudomonas aeruginosa ან Staphylococcus aureus), შედარებით იშვიათად – სოკოები (Aspergillus niger ან Candida albicans). ამ ინფექციის განვითარებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ალერგიის, ფსორიაზის, ეგზემის ან სებორეული დერმატიტის მქონე ადამიანებს.
სასმენი მილის ინფექციის რისკფატორებია:
* ყურების წმენდა ბამბის ჩხირებით;
* სასმენი მილის დაზიანება მისი გაწმენდისას;
* ყურში წყლის მოხვედრა, განსაკუთრებით – ცურვისას (ე.წ. მოცურავის ყური);
* ყურსასმენების ან სასმენი აპარატის გამოყენება, განსაკუთრებით – თუ ის კარგად არ არის გაწმენდილი ან ყურს კარგად არ ერგება;
* ყურში გამაღიზიანებელი ნივთიერებების, თმის სპრეის ან თმის საღებავის, მოხვედრა.
ნიშნები
მწვავე გარეთა ოტიტის სიმპტომებია ტკივილი, სიწითლე, უსიამოვნო სუნის მქონე თეთრი ან ყვითელი გამონადენი, სასმენი მილის მცირე შეშუპება. ოტიტის მძიმე მიმდინარეობისას მილი შესაძლოა იმდენად შეშუპდეს, რომ სანათური დაიხუროს. შეშუპების ან სასმენი მილის გამონადენით გავსების შემთხვევაში სმენა ქვეითდება. ტკივილს აძლიერებს ნიჟარაზე ან ტრაგუსზე (გარეთა სასამენი მილის მფარავ ხრტილოვან გამონაზარდზე) ზეწოლაც.
სოკოვანი ინფექცია ტკივილზე მეტად ქავილს და ყურის დაგუბებას იწვევს. Aსპერგილლუს ნიგერ-ით გამოწვეული სოკოვანი ინფექციის დროს სასმენ მილში, წესისამებრ, ჩნდება მონაცრისფრო შავი ან ყვითელი წერტილები, რომლებიც გარშემორტყმულია ბამბის მსგავსი ნივთიერებით, ჩანდიდა ალბიცანს-ით გამოწვეული ინფექციის შემთხვევაში კი წარმოიქმნება სქელი, კრემისებური კონსისტენციის თეთრი გამონადენი.
სასმენ მილში შესაძლოა ძირმაგარაც გაჩნდეს. ამ დროს ვითარდება ძლიერი ტკივილი. ძირმაგარას გახეთქვისას შესაძლოა ყურიდან ცოტაოდენი სისხლი და ჩირქი გადამოვიდეს.
დიაგნოსტიკა
ექიმი გამოიკითხავს სიმპტომებს და ოტოსკოპით, სპეციალური ნათურიანი ხელსაწყოთი, დაათვალიერებს სასმენ მილს, შეამოწმებს, არის თუ არა კანი წითელი, შეშუპებული, ჩანს თუ არა ჩირქი, ქერცლი, ნადები. მიკროორგანიზმების იდენტიფიცირებისთვის შესაძლოა ყურიდან აღებული მასალა ლაბორატორიაში გაგზავნოს.
პრევენცია
მოცურავის ყურის თავიდან აცილება შესაძლებელია ცურვის შემდეგ თანაბარი რაოდენობის სპირტისა და ძმრის შემცველი ხსნარის ჩაწვეთებით, იმ პირობით, რომ დაფის აპკი დარღვეული არ არის.
ბამბის ჩხირებით ან სხვა საგნით სასმენი მილის გაწმენდა აკრძალულია – ეს არღვევს ყურის თვითწმენდის მექანიზმს და ნადებისა და ცვილის უფრო ღრმად შეტანა შეუძლია. გარდა ამისა, შესაძლოა დააზიანოს სასმენი მილის ნაზი კანი, რაც ბაქტერიებით ინფიცირებას შეუწყობს ხელს.
მკურნალობა
სასმენი მილის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ ექიმი, უპირველეს ყოვლისა, წმენდს მილს. მსუბუქი ინფექციის დროს ინიშნება ძმრისა და კორტიკოსტეროიდის შემცველი ყურის წვეთები (ძმარი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას), ზომიერი ან მძიმე ინფექციის დროს – დამატებით ანტიბიოტიკის შემცველიც. თუ სასმენი მილი ძალიან შეშუპებულია, ექიმი მასში ათავსებს ყურის წვეთებით გაჟღენთილ ბამბის ან დოლბანდის ტამპონს. 24-72 საათის შემდეგ, როდესაც შეშუპება შემცირდება, პაციენტი წამლის პირდაპირ ჩაწვეთებას განაგრძობს.
მძიმე მწვავე გარეთა ოტიტის დროს საჭიროა ანტიბიოტიკების (ცეფალექსინი ან ციპროფლოქსაცინი) შინაგანი მიღებაც (დასალევი ფორმით).
პარაცეტამოლი ან იბუპროფენი ინიშნება ტკივილის შესამცირებლად პირველი 24-48 საათის განმავლობაში.
სასმენი მილის სოკოვან ინფექციას სოკოს საწინააღმდეგო წვეთებით მკურნალობენ. ზოგიერთ ექიმი თვლის, რომ სპირტისა და თეთრი ძმრის კომბინაცია განსაკუთრებით ეფექტურია სოკოვანი ოტიტის დროს. სპირტი აშრობს მილს, თეთრი ძმარი კი ქმნის მჟავე გარემოს, რომელიც სოკოს გამრავლებას თრგუნავს.
როგორც ბაქტერიული, ისე სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში განკურნებამდე პაციენტმა ყურის სიმშრალე უნდა შეინარჩუნონ, შხაპი მიიღონ ქუდით, არ იცურონ. სასმენ მილში სინესტის შესამცირებლად შეიძლება დაბალ სიჩქარეზე ჩართული ფენის გამოყენება.
ფურუნკულის ადრეულ სტადიაზე შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ყურზე მცირე ხნით სათბურას დადება და ტკივილგამაყუჩებლის მიღება. სითბო ხელს უწყობს როგორც ძირმაგარას დრენირებას, ისე შეხორცების დაჩქარებასაც. ექიმი დასალევ ანტიბიოტიკსაც გამოწერს, ჩირქის გამოსასვლელად კი შესაძლოა ფურუნკულს თავი გაუხსნას.
ავთვისებიანი გარეთა ოტიტი
ავთვისებიანი გარეთა ოტიტი, მიუხედავად სახელწოდებისა, არ არის კიბო. ის არის გარეთა ყურის იშვიათი, ძალიან მძიმე ინფექცია, რომელიც საფეთქლის ძვალში ვრცელდება. სწორედ ამ ძვალშია მოთავსებული სასმენი მილიც, შუა ყურიც და შიგნითა ყურიც.
ავთვისებიანი გარეთა ოტიტი უმეტესად დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებსა და ხანდაზმულ დიაბეტიანებთან გვხვდება. ყველაზე ხშირად მას ფსევდომონა ან მეთიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA) იწვევს.
სიმპტომები
პაციენტი უჩივის ყურის ძლიერ ტკივილს, რომელიც ღამით უფრო მეტად ძლიერდება, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენს ყურიდან, სასმენ მილში ჩირქის, ნადების, ქერცლის არსებობას, სმენის დაქვეითებას. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სახისა და თავის ნერვების დამბლა.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ავთვისებიანი გარეთა ოტიტის დიაგნოზი კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებს ეყრდნობა. ხდება გამონადენის ნიმუშის დათესვაც. ხშირად ტარდება ბიოფსიაც – სასმენი მილიდან ქსოვილის მცირე ნაწილის აღება და მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა იმაში დასარწმუნებლად, რომ სიმპტომები კიბოთი არ არის გამოწვეული.
მკურნალობა
ავთვისებიანი გარეთა ოტიტის სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკების ექვსკვირიანი კურსი ინტრავენურად, ზოგჯერ – უფრო ხანგრძლივიც. შედარებით მსუბუქი ინფექციის მქონე პაციენტებს შესაძლოა დასალევი ანტიბიოტიკები გამოუწერონ. აუცილებელია დიაბეტის ზედმიწევნითი კონტროლი. თუ პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შესაძლებლობას იძლევა, ექიმი იმუნური სისტემის დამთრგუნველ საშუალებასაც გამოწერს.
ქირურგიული მკურნალობა, წესისამებრ, არ არის საჭირო, თუმცა აუცილებელია სასმენი მილის პერიოდული გაწმენდა, სანამ ინფექცია საბოლოოდ არ აღმოიფხვრება.
პერიქონდრიტი
პერიქონდრიტი ყურის ხრტილის მფარავი ქსოვილის ანთება. ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, დამწვრობამ, მწერის ნაკბენმა, ხრტილზე პირსინგმა, ყურზე ოპერაციამ, ძირმაგარამ. შესაძლოა, განვითარდეს გრანულომატოზის, პოლიანგიიტის, დასუსტებული იმუნური სისტემის ან დიაბეტის ფონზეც.
პერიქონდრიტის პირველი სიმპტომებია ნიჟარის სიწითლე, ტკივილი და შეშუპება. შესაძლოა, სიცხემაც აიწიოს. ჩირქი გროვდება ხრტილსა და მის ირგვლივ არსებული შემაერთებელი ქსოვილის ფენას (პერიქონდრიუმი) შორის. ზოგჯერ ის ბლოკავს ხრტილის სისხლის მიმოქცევას და ნიჟარა დეფორმირდება, ყვავილოვან კომბოსტოს ემსგავსება.
პერიქონდრიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და ხშირად კორტიკოსტეროიდებითაც. ყურს აცილებენ ყველა უცხო სხეულს, პირსინგს. თუ ჩამოყალიბებულია აბსცესი (ჩირქგროვა), აკეთებენ განაკვეთს დრენირებისთვის. იყენებენ თბილ კომპრესს. შესაძლოა, პერიქონდრიუმი ხრტილზე მიაკერონ, რათა უზრუნველყონ მისი სწორად შეხორცება და თავიდან აიცილონ ნიჟარის დეფორმაცია. ინიშნება ტკივილგამაყუჩებლებიც.
წარმონაქმნები
ყურში შესაძლოა გაჩნდეს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი წარმონაქმნიც. სასმენ მილში გაჩენილი კეთილთვისებიანი სიმსივნე ახშობს სანათურს, აქვეითებს სმენას და ხელს უწყობს ცვილის საცობის ჩამოყალიბებას. ასეთია სებორეული ანუ ცხიმოვანი ჯირკვლისგან განვითარებული ცისტა, ძვლოვანი წარმონაქმნები, ჭარბი ნაწიბუროვანი ქსოვილისგან წარმოქმნილი კელოიდები. ძვლოვანი ქსოვილისგან წარმოქმნილი ეგზოსტოზები უჩნდებათ პირებს, რომლებიც ცივ წყალში ბანაობენ, უმეტესად – მყვინთავებს და სერფერებს, ამიტომ დაავადებას "სერფერის ყურსაც" უწოდებენ.
ოსტეომებისა და ეგზოსტოზების უმეტესობა მცირე ზომისაა და მკურნალობას არ მოითხოვს. თუ წარმონაქმნმა დაახშო მილი, გამოიწვია ინფექცია ან სმენის დაქვეითება, მას ქირურგიულად აცილებენ. კელოიდები ზოგჯერ ქირურგიულად ამოიკვეთება, ზოგჯერ კი მათში კორტიკოსტეროიდები შეჰყავთ.
ავთვისებიანი სიმსივნეებიდან ყურში ვითარდება ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. მიზეზად შესაძლოა იქცეს გარეთა ყურზე მზის განმეორებითი და ხანგრძლივი ზემოქმედება. ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარების რისკი იმატებს ყურის ქრონიკული ინფექციის დროს.
გავრცელებული სიმსივნეა მელანომა (პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედებისგან განგითარებული კიბო).
გვხვდება ცერუმინომაც – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ყურის ცვილის წარმომქმნელი უჯრედებისგან ვითარდება.
ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ უმეტესად ქირურგიულ ჩარევას და სხივურ თერაპიას მიმართავენ.
განვითარების ანომალიები
გარეთა ყურის განვითარების ანომალიები თანდაყოლილია ან დაბადებიდან მალევე ვლინდება. ასეთებია მიკროტია (პატარა ყური) და სასმენი მილის ატრეზია (განუვითარებლობა). ეს უკანასკნელი ხშირად მიკროტიას ახლავს თან.
მიკროტიის დროს ყურის ნიჟარას არ აქვს სრულყოფილი ფორმა ან ზომა. განასხვავებენ სხვადასხვა ხარისხის მიკროტიას. ზოგჯერ ის გამოხატულია უბრალოდ პატარა ყურით, რომელსაც აქვს ყველა საჭირო ხრტილი, ზოგჯერ კი ნიჟარა მიწის თხილისოდენაა, ფორმაშეცვლილი, ხრტილი საერთოდ არ გააჩნია, მხოლოდ კანისა და რბილი ქსოვილისგან შედგება.
ძალიან იშვიათად ადამიანები უყუროდ იბადებიან, რასაც ანოტიას უწოდებენ.
მიკროტიის დროს შესაძლებელია ყურის პლასტიკა პროთეზის, საკუთარი ნეკნის ხრტილის ან ფოროვანი პლასტმასისგან დამზადებული იმპლანტის გამოყენებით.
სასმენი მილის ატრეზია მისი ნაწილობრივი ან სრული განუვითარებლობაა. ამ დროს, წესისამებრ, არც დაფის აპკი არსებობს, არც შუა ყურის ძვლებია განვითარებული. ასეთ ბავშვებს სმენა დაქვეითებული აქვთ, თუმცა მათი შიგნითა ყური (კოხლეა) ჯანმრთელი და ნორმალურად განვითარებულია.
ზოგიერთ ბავშვს ქირურგიულად აღუდგენენ სასმენ მილსა და დაფის აპკს, თუმცა იშვიათია შემთხვევა, რომ ყველა სიმაღლის ბგერების აღქმა აბსოლუტურად ნორმალური გახდეს. ზოგჯერ იყენებენ ძვალში იმპლანტირებად სასმენ აპარატს.
გარეთა ყურის მოვლა
- ყურებს არ სჭირდება სპეციალური მოვლა. ისინი ტანის დაბანისას უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით.
- არ შეიძლება ბამბის ჩხირით წმენდა.
- შემშრალება საკმარისია პირსახოცით.
- არ დაიტოვოთ ყური სველი. თუ პირსახოცით შემშრალების შემდეგ სისველის შეგრძნება დაგრჩათ, დაბალ სიმძლავრეზე ჩართული ფენით გაიშრეთ.
- ყურის გახვრეტის შემდეგ ნახვრეტის ორივე მხარეს დილა-საღამოს დაიდეთ სპირტიანი ბამბა და საყურე დაატრიალეთ. ნუ მოიხსნით საყურეს, სანამ ჭრილობა ბოლომდე არ შეხორცდება.
***
რა ემუქრება
შუა ყური დაფის აპკის შიგნით არსებული ღრუა, რომელშიც ჯაჭვისებურად არის განლაგებული სამი სასმენი ძვალი: ჩაქუჩი, გრდემლი და უზანგი. დაფის აპკის დახმარებით ბგერა მექანიკურ ენერგიად გარდაიქმნება, სასმენი ძვლები კი ამ ენერგიას აძლიერებს. ამ ძვლებიდან ყველაზე დიდი, ჩაქუჩი, დაახლოებით ხორბლის მარცვლისოდენაა. ის დაფის აპკზეა მიმაგრებული. როდესაც დაფის აპკს სასმენი მილიდან შემომავალი ბგერის ძალა არხევს, ეს რხევა გადაეცემა ჩაქუჩს, მისგან – გრდემლს, გრდემლისგან – უზანგს, უზანგისგან – ოვალურ სარკმელს. ოვალური სარკმელი მემბრანით დაფარული ხვრელია, რომელიც შუა ყურსა და შიგნითა ყურს ერთმანეთისგან ყოფს.
შუა ყურში ორი ძალიან პატარა კუნთია. ერთი – დაფის აპკის დამჭიმავი, რომელიც ჩაქუჩზეა მიმაგრებული, მეორე კი – უზანგისა, რომელიც ამ უკანასკნელს ემაგრება. ძლიერ ხმაურზე ეს კუნთები იკუმშება, შეკუმშვის შედეგად ძვლოვანი ჯაჭვი უფრო ხისტი ხდება და ნაკლებ ხმას ატარებს, რაც ყურს ზედმეტი ხმაურით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს. ამ რეაქციას აკუსტიკურ რეფლექსს უწოდებენ.
შუა ყური ევსტაქის მილით ცხვირ-ხახას უკავშირდება. ყლაპვის დროს ევსტაქის მილი იხსნება, რაც შუა ყურის წნევას გარეთა სასმენ მილში არსებულთან ათანაბრებს. ევსტაქის მილიდანვე ხახაში გადადის შუა ყურში წარმოქმნილი ნებისმიერი სითხე.
შუა ყური შესაძლოა დააზიანოს ინფექციამ, ევსტაქის მილის დახშობამ, დაფის აპკის პერფორაციამ, ბაროტრავმამ, უცხო საგანმა.
დაფის აპკის პერფორაცია
პერფორაცია გახვრეტას ნიშნავს. დაფის აპკის პერფორაციის ყველაზე ხშირი მიზეზია შუა ყურის ანთება (ოტიტი), თუმცა ის შესაძლოა წნევის უეცარმა ცვლილებამაც გამოიწვიოს. დაფის აპკზე წნევის მატებას იწვევს აფეთქების ტალღა, გაშლილი ხელის ყურზე დარტყმა, ყვინთვა, შემცირებას – ფრენა, სასმენი მილის ძლიერი გამოტუმბვა. ევსტაქის მილის ხანგრძლივი დახშობაც შეიძლება გარეთა და შუა ყურს შორის წნევის ძლიერი დისბალანსის მიზეზად იქცეს და ბაროტრავმამდე მიგვიყვანოს.
დაფის აპკის პერფორაციის სხვა მიზეზებია თავის ძლიერი ტრავმა, განსაკუთრებით – ქალას ფუძის ყურთან ახლოს მდებარე ადგილის მოტეხილობა, ყურში ბამბის ჩხირის, ჯოხის, ფანქრის შეყოფა. ამ დროს მოსალოდნელია არამხოლოდ დაფის აპკის პერფორაცია: თუ საგანმა შუა ყურში შეაღწია, შესაძლოა, გადაანაცვლოს ან მოტეხოს სასმენი ძვლები, ძვლების ნამსხვრევები (ან თავად საგანი) კი შიგნითა ყურში მოხვდეს.
დაფის აპკი შემთხვევით შესაძლოა ექიმმაც დააზიანოს სასმენი მილის გამორეცხვის ან იქიდან უცხო სხეულის ამოღების დროს.
სიმპტომები
ისეთი შუა ოტიტი, რომელსაც პერფორაციის გამოწვევა შეუძლია, საკმაოდ მტკივნეულია შუა ყურში ჩირქის დაგროვების გამო. ამ დროს პერფორაცია ზოგჯერ შვებაა პაციენტისთვის: ჩირქი ყურიდან გამოდის, წნევა მცირდება და ტკივილი იხსნება.
ტრავმით გამოწვეული პერფორაცია უეცარ, ძლიერ ტკივილს იწვევს, რასაც მოჰყვება ყურიდან სისხლდენა, სმენის დაქვეითება და ხმაური ყურში (ტინიტუსი). სმენის დაქვეითება უფრო ძლიერია, როდესაც დაფის აპკთან ერთად დაზიანებულია შუა ან შიგნითა ყურიც.
დიაგნოზი და მკურნალობა
დაფის აპკის პერფორაცია ექიმმა უნდა შეაფასოს ოტოსკოპის დახმარებით. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, სმენასაც ამოწმებენ მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ.
პერფორირებული ყურისთვის მნიშვნელოვანია სიმშრალე. სპეციფიკური მკურნალობა უმეტესად არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება ჭუჭყიანი საგნით არის გამოწვეული. ამ დროს ინიშნება ანტიბიოტიკის შემცველი ყურის წვეთები, ზოგჯერ – პერორალურად მისაღები (დასალევი) ანტიბიოტიკიც. თუ აპკი ორი თვის განმავლობაში არ შეხორცდა, შესაძლოა, დაინიშნოს აღმდგენი ოპერაცია – ტიმპანოპლასტიკა. მძიმე ტრავმის მქონე ადამიანებს, რომლებსაც სმენის ძლიერი დაქვეითება და ძლიერი თავბრუხვევა აღენიშნებათ, ხშირად სასწრაფო ოპერაცია სჭირდებათ. ქირურგიული ჩარევა შესაძლოა საჭირო გახდეს სასმენი ძვლების ჯაჭვის აღსადგენადაც.
თუ დაფის აპკი თავისთავად ან ქირურგიულად არ აღდგა, შესაძლოა, შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთება განვითარდეს.
ბაროტრავმა
ბაროტრავმა ჰაერის წნევის სწრაფი ცვალებადობის შედეგია და ყურის ტკივილს ან დაფის აპკის დაზიანებას იწვევს.
თვითმფრინავის აფრენისას და დაშვებისას, წყალში ღრმად ჩაყვინთვისას წნევას დაფის აპკის ორივე მხარეს ევსტაქის მილში მოძრავი ჰაერი ათანაბრებს.
როდესაც ევსტაქის მილი ნაწილობრივ ან მთლიანად დაბლოკილია ნაწიბურის, სიმსივნის, ინფექციის, გაციების ან ალერგიის გამო და ჰაერი მასში ვერ მოძრაობს, გარეთა და შუა ყურს შორის წნევის სხვაობა იწვევს ყურის ტკივილს, ხშირად – სმენის დაქვეითებას, დაფის აპკზე სისხლჩაქცევების გაჩენას ან მის პერფორაციას. წნევის ძალიან დიდი სხვაობისას შესაძლოა გასკდეს ოვალური სარკმელიც, ჩამოყალიბდეს პერილიმფური ფისტულა და შიგნითა ყურის სითხემ, პერილიმფამ, შუა ყურში გამოჟონოს, შიგნითა ყურში ჰაერის ბუშტი გაჩნდეს. ეს ყველაფერი სმენის დაკარგვას ან თავბრუხვევას იწვევს, ამიტომ თუ ეს სიმპტომები ღრმად ჩაყვინთვის ან დიდ სიმაღლეზე ასვლის შემდეგ აღმოცენდა, ბაროტრავმის შედეგად პერილიმფური ფისტულის ჩამოყალიბებას ვარაუდობენ.
პრევენცია და მკურნალობა
ცხვირ-ხახის სიმპტომებით მიმდინარე ინფექცის ან ალერგიის შემთხვევაში, უმჯობესია, ვერიდოთ ფრენას და ყვინთვას. თუ გაფრენა აუცილებელია, თვითმფრინავის აფრენამდე ან დაშვებამდე 30-60 წუთით ადრე ცხვირში უნდა ჩავიწვეთოთ ან შევისხუროთ დეკონგესტანტი (მაგალითად, ფენილეფრინი). ეს წამალი აცხრობს შეშუპებულ ლორწოვან გარსს, ხელს უწყობს ევსტაქის მილების გახსნას და დაფის აპკზე წნევის გათანაბრებას.
წნევის ცვალებადობისას ყურის დაგუბების ან ტკივილის მოსახსნელად ხშირად საკმარისია შუა ყურში წნევის გათანაბრება, რისთვისაც რამდენიმე მანევრს მიმართავენ. მაგალითად, თუ გარე წნევა იკლებს (თვითმფრინავის აფრენა), ადამიანმა უნდა ისუნთქოს ღია პირით, საღეჭი რეზინი ღეჭოს ან რაიმე ყლაპოს; თუ გარეთა წნევა იმატებს (თვითმფრინავის დაშვება ან ღრმად ჩაყვინთვა), ცხვირზე უნდა მოიჭიროს ხელი, პირიც მოკუმოს და ფრთხილად ამოისუნთქოს ცხვირით. ეს ჰაერს ჩაკეტილ ევსტაქის მილში გავლას აიძულებს.
ბაროტრავმის შედეგად განვითარებული პერილიმფური ფისტულის სამკურნალოდ შესაძლოა აუცილებელი გახდეს ოპერაცია.
მირინგიტი – დაფის აპკის ანთება
მირინგიტი მწვავე შუა ოტიტის ფორმაა, რომელსაც ვირუსები და ბაქტერიები, უმეტესად – სტრეპტოკოკი და მიკოპლაზმა, იწვევს.
დაფის აპკის ანთებად ზედაპირზე წარმოიქმნება სითხით სავსე პატარა ბუშტუკები – ვეზიკულები. მირინგიტი არ იწვევს შუა ყურში ჩირქის ან სხვა სითხის დაგროვებას. ტკივილი მოულოდნელად იწყება და 24-48 საათი გრძელდება. შესაძლოა, დაერთოს სმენის დაქვეითება და ცხელება.
მირინგიტის დიაგნოზს ოტოსკოპით დათვალიერების შედეგად სვამენ. ვინაიდან ძნელი დასადგენია, ინფექცია ვირუსულია თუ ბაქტერიული, მას უმეტესად ანტიბიოტიკებით და ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობენ. შესაძლოა, ტკივილის შესამსუბუქებლად საჭირო გახდეს ბუშტუკების გახეთქვაც.
მწვავე შუა ოტიტი
შუა ყურის მწვავე ანთებას ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია იწვევს. ის ხშირად გაციების ან ალერგიის გართულებაა. მწვავე შუა ოტიტი ყველაზე გავრცელებულია 3 თვიდან 3 წლამდე ასაკში, როდესაც ევსტაქის მილი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და სათანადოდ ვერ ფუნქციობს.
იშვიათად ბაქტერიული შუა ოტიტი ვრცელდება ახლომდებარე სტრუქტურებზეც, მაგალითად, ყურის უკან მდებარე მასტოიდურ ძვალზე (მასტოიდიტი) ან შიგნითა ყურში, შესაძლოა, ტვინშიც, რაც მენინგიტს ან აბსცესის ჩამოყალიბებას იწვევს.
სიმპტომები
მწვავე შუა ოტიტი იწვევს ყურის ტკივილს, დაფის აპკის შეწითლებას და გამობურცვას, ბევრს სმენაც უქვეითდება. ჩვილები ჭირვეულობენ, უჭირთ დაძინება. მცირეწლოვან ბავშვებთან ტკივილს შესაძლოა დაერთოს ცხელება, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ამობურცული დაფის აპკიის გასკდომის შემთხვევაში ყურიდან ჩირქი გადმოდის, რაც ზოგჯერ ყურის ტკივილს ამსუბუქებს. ინფექციის გავრცელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი, დეზორიენტაცია, ტვინის ფუნქციების დარღვევა.
შუა ოტიტის დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ყურის ოტოსკოპით დათვალიერება.
პრევენცია
მწვავე შუა ოტიტის რისკს ამცირებს ბავშვობაში პნევმოკოკის, გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების ვაქცინაცია. ჩვილებმა არ უნდა იძინონ ბოთლით ხელში, რადგან ძილის დროს სითხე ევსტაქის მილის გავლით ადვილად გადადის შუა ყურში. ოტიტის რისკს ზრდის პასიური მწეველობაც, ამიტომ უფროსებმა არ უნდა მოწიონ სახლში ან ბავშვების მახლობლად. მორეციდივე მწვავე შუა ოტიტის პრევენცია შესაძლებელია სპეციალური სადრენაჟო მილების (ტიმპანოსტომიის მილების) ჩადგმით.
მკურნალობა
მწვავე შუა ოტიტის დროს მდგომარეობა უმეტესად მკურნალობის გარეშეც უმჯობესდება, მაგრამ იმის გამო, რომ ძნელია პროგნოზირება, ვის შეუმცირდება სიმპტომები და ვის – არა, ზოგი ექიმი ყველა შემთხვევაში ანტიბიოტიკს გამოწერს, ზოგი კი მხოლოდ მძიმე ფორმის დროს და მაშინ, თუ სიმპტომებმა 72 საათის განმავლობაში არ იკლო. ტკივილის შესამსუბუქებლად პარაცეტამოლი ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატები ინიშნება. მოზრდილებს შესაძლოა გამოუწერონ დეკონგესტანტები – ცხვირის წვეთები, რომლებიც დროებით აცხრობს ლორწოვანის შეშუპებას და ამცირებს გამონადენს. ალერგიის შემთხვევაში ანტიჰისტამინურ საშუალებებს იყენებენ.
თუ პაციენტს აქვს ძლიერი ან მუდმივი ტკივილი და ცხელება, ხოლო დაფის აპკი ამობურცულია, ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს მირინგოტომია – დაფის აპკის გაკვეთა. ეს უზრუნველყოფს შუა ყურში დაგროვილი სითხის დრენირებას. ხვრელი შემდეგ თავისთავად შეხორცდება. განმეორებითი ოტიტის მქონე პაციენტებს შესაძლოა დაფის აპკში ჩაუდგან ტიმპანოსტომიის მილი, რომელიც 6-12 თვის განმავლოაბში თავისით ამოვარდება. თუ არადა, მას ექიმი ამოიღებს.
სეკრეტორული ოტიტი
სეკრეტორული (სეროზული) ოტიტი შუა ყურში სითხის დაგროვებით მიმდინარე პროცესია. ის შესაძლოა გამოიწვიოს ბოლომდე აულაგებელმა მწვავე შუა ოტიტმა ან ევსტაქის მილის ქრონიკულმა დახშობამ ალერგიის, გადიდებული ადენოიდების ან სხვა მიზეზის გამო. სეკრეტორული ოტიტი განსაკუთრებით ხშირია ბავშვებთან და შესაძლოა, კვირების და თვეების განმავლობაშც კი გაგრძელდეს.
შუა ყურისა და გარეთა ყურის წნევის გათანაბრებას უზრუნველყოფს ყლაპვის დროს ევსტაქის მილის გახსნა, რაც წუთში 3-4-ჯერ ხდება. თუ ევსტაქის მილი დაბლოკილია, შუა ყურში არსებული ჟანგბადი სისხლძარღვებიდან სისხლში შეიწოვება და შუა ყურში წნევა იკლებს. ეს შუა ყურში სითხის დაგროვებას იწვევს – წნევათა სხვაობა მას სისხლძარღვებიდან გამოჟონას აიძულებს, სითხე კი ამცირებს დაფის აპკის მოძრაობის უნარს.
სიმპტომები
ზოგჯერ შუა ყურის სითხე შეიცავს ბაქტერიას, მაგრამ აქტიური ინფექციის სიმპტომები – სიწითლე, ტკივილი და ჩირქი – იშვიათია. ავადმყოფი უჩივის ყურის დაგუბებას და ყლაპვისას ხრაშუნისმაგვარ ხმას. შესაძლოა, სმენაც დაუქვეითდეს.
დიაგნოზი და მკურნალობა
სეკრეტორული ოტიტის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ტიმპანომეტრია. ამ გამოკვლევით ადგენენ სითხის არსებობას შუა ყურში. უნდა გამოირიცხოს ცხვირ-ხახაში სიმსივნური წარმონაქმნიც.
სეკრეტორული შუა ოტიტის დროს მდგომარეობა უმეტესად მკურნალობის გარეშე უმჯობესდება. ზრდასრულებს გამოუწერენ დეკონგესტანტებს ცხვირის შეშუპების შესამცირებლად. ბავშვებთან მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ალერგიით გამოწვეული შეშუპების მქონე ადამიანებს შესაძლოა მისცენ ანტიჰისტამინები. ანტიბიოტიკები უეფექტოა.
ევსტაქის მილის გამავლობის დროებითი აღდგენა შესაძლებელია მასში ჰაერის იძულებით გატარებით. მაგალითად, მოკუმული პირითა და დახშული ნესტოებით ამოსუნთქვით (ვალსალვას მანევრი), ცალი ნესტოს დახშობით და მეორეში ყლაპვის დროს სპეციალური შპრიცით ჰაერის შეყვანით.
თუ სიმპტომები სამ თვეზე მეტია გრძელდება, შეიძლება ჩატარდეს მირინგოტომია, ჩაიდგას ტიმპანოსტომიის მილი. ბავშვებს შესაძლოა დასჭირდეთ ადენოიდების ამოკვეთაც.
ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი
ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი არის დაფის აპკის ხანგრძლივი ან მუდმივი პერფორაცია. ის, წესისამებრ, გამოწვეულია მწვავე შუა ოტიტით, ევსტაქის მილის დახშობით, ყურის ტრავმით.
ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი შესაძლოა გამწვავდეს უბრალო გაციების შემდეგ, ასევე – ბანაობის ან ცურვის დროს ყურში წყლის შესვლის შედეგად. გამწვავება იწვევს ყურიდან უმტკივნეულო ჩირქოვან გამონადენს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ძალიან უსიამოვნო სუნი. მუდმივმა გამწვავებამ შესაძლოა გამოიწვიოს პოლიპების გაჩენა, რომლებიც აზიანებს სასმენ ძვლებს და გამტარებლობითი სმენის დაქვეითებას ან დაკარგვას იწვევს.
ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის მქონე ზოგიერთ ადამიანს შუა ყურში ქოლესტეატომა უვითარდება. ეს არის კანის მსგავსი არასიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ანადგურებს ძვლებს და მნიშვნელოვნად ზრდის ისეთი სერიოზული გართულებების ალბათობას, როგორიცაა შიგნითა ყურის ანთება, სახის დამბლა და ტვინის ინფექციები.
დიაგნოსტიკა
ქოლესტეატომაზე ეჭვის დროს, სხვა გამოკვლევების (ყურის დათვალიერება, ჩირქის დათესვა, სმენის შეფასება) პარალელურად, შესაძლოა ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვითი კვლევა. თუ დაფის აპკზე გაზრდილი გრანულაციური ქსოვილი აღმოჩნდა, შესაძლოა, ბიოფსია დაინიშნოს.
მკურნალობა
ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის გამწვავებისას ექიმი გამოწერს ანტიბიოტიკის შემცველ ყურის წვეთებს, მძიმე გამწვავებისას – დასალევ ანტიბიოტიკებს. მნიშვნელოვანია ყურის სიმშრალის შენარჩუნება.
მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია ტიმპანოპლასტიკით – დაფის აპკის ქირურგიული აღდგენით. თუ სასმენი ძვლები დაზიანებულია, შესაძლებელია მათი ჩანაცვლებაც. ქოლესტეატომა უნდა ამოიკვეთოს. სხვაგვარად შესაძლოა განვითარდეს სერიოზული გართულებები (პოლიპები, სასმენი ძვლების ან სხვა ძვლების დაზიანება და ინფექციის გავრცელება).
მასტოიდიტი
მასტოიდიტი მასტოიდური მორჩის, ყურის უკან არსებული ძვლის, ბაქტერიული ინფექციაა. ის ვითარდება არანამკურნალევი ან არაადეკვატურად ნამკურნალები მწვავე შუა ოტიტის ძვალში გავრცელების გამო. ვინაიდან მასტოიდიტს უმეტესად პნევმოკოკური ბაქტერია იწვევს, პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს მასტოიდიტის განვითარების რისკს. არაადეკვატურად ნამკურნალევმა მასტოიდიტმა შესაძლოა გამოიწვიოს სიყრუე, სეფსისი, მენინგიტი, თავის ტვინის აბსცესი ან სიკვდილი.
სიმპტომები
მასტოიდიტის სიმპტომები ვლინდება მწვავე შუა ოტიტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში. ინფექცია ანადგურებს მასტოიდური მორჩის შიგნითა ნაწილს. ძვალში გროვდება ჩირქი. მოსალოდნელია მასტოიდური მორჩის მფარავი კანის გაწითლება, შეშუპება, მტკივნეულობა, ყურის ნიჟარის გვერდით და ქვევით გადანაცვლება, ცხელება, ყურსია და ყურის ირგვლივ მიდამოს მუდმივი ტკივილი, უხვი კრემისებური გამონადენი, სმენის პროგრესირებადი გაუარესება.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
მასტოიდიტის დიაგნოზი სიმპტომებს ეყრდნობა. ზოგჯერ ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, ხდება გამონადენის ნიმუშის ბაქტერიოლოგიური შესწავლა. ინფექციის სამკურნალოდ პაციენტს დაუყოვნებლივ ინტრავენურად უსხამენ ანტიბიოტიკს. მსუბუქი ფორმის დროს შესაძლოა პერორალურადაც მისცენ. მკურნალობა გამოჯანმრთელების შემდეგაც გრძელდება – სულ მცირე, ორი კვირა. თუ ძვალში აბსცესი ჩამოყალიბდა ან ინფექცია და ანთება გაქრონიკულდა, საჭიროა ძვლის ინფიცირებული ნაწილის ქირურგიული ამოივეთა (მასტოიდექტომია) და მაკორექტირებელი ოპერაცია.
ოტოსკლეროზი
ოტოსკლეროზი ძვლის პათოლოგიური რემოდელირებით ანუ განახლებით გამოწვეული პათოლოგიაა. შუა ყურის ღრუში იზრდება ღრუბლისებრი ძვლოვანი ქსოვილი, რაც არღვევს სასმენი ძვლების ვიბრაციის და ამცირებს მათ მიერ ბგერის გატარების უნარს. ოტოსკლეროზი ყველაზე ხშირად უზანგის ვიბრაციის უნარს ზღუდავს.
ახალგაზრდებთან ოტოსკლეროზი შუა ყურის სმენის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ის ქალებთან უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებთან, ვითარდება ერთ ან ორივე ყურზე. მისი ზუსტი მიზეზი უცნობია. რისკის ფაქტორებად მიიჩნევა ორსულობა და სმენის დაქვეითების ოჯახური ისტორია.
სიმპტომები
ოტოსკლეროზის ყველაზე ხშირი სიმპტომია სმენის დაქვეითება ჯერ ერთ, მერე მეორე ყურში. ბევრი პაციენტი აღნიშნავს, რომ უჭირს დაბალი სიხშირის ბგერებისა და ჩურჩულის გაგება. შესაძლოა, უჩიოდნენ თავბრუხვევას, წონასწორობის დარღვევას, ტინიტუსს.
დაავადების დიაგნოზი ისმება სმენის ტესტებისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე.
მკურნალობა არ ტარდება, სანამ ადამიანს სმენის დაქვეითება არ შეაწუხებს. შესაძლოა, ფთორის, კალციუმის ან D ვიტამინის მიღებამ სმენის დაქვეითების პროგრესირება შეანელოს. შესაძლოა, ჩატარდეს სტაპედექტომია – შუა ყურში ჩაიდგას სპეციალური პროთეზი, რომელიც უზრუნველყოფს ბგერითი ტალღების გადაცემას შიგნითა ყურში.
***
სითხით სავსე შიგნითა ყური, ლაბირინთი, საკმაოდ რთული სტრუქტურაა. ის ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: სმენის ორგანოსგან – კოხლეასგან, რომელსაც ლოკოკინასაც უწოდებენ და წონასწორობის ორგანოსგან – ვესტიბულური სისტემისგან.
კოხლეა და ვესტიბულური სისტემა ნერვების მერვე წყვილით – ვესტიბულოკოხლეარული ნერვებით – უკავშირდება თავის ქალას.
კოხლეა ლოკოკინას ნიჟარასავით დახვეული სითხით სავსე ღრუ ორგანოა, რომელიც სპეციალური მემბრანებით სიგრძეზე სამ არხად არის გაყოფილი. ერთ-ერთი მემბრანის მთელ სიგრძეზე მოთავსებულია კორტის ორგანო, რომელიც ოცი ათასამდე წამწამოვანი უჯრედისგან შედგება. შუა ყურიდან ოვალურ სარკმელზე გადასული ვიბრაცია არხევს სითხეს და წამწამებს. კოხლეის სხვადასხვა ნაწილის წამწამოვანი უჯრედები სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებენ. ისინი თან ირხევიან, თან თვითონვე გარდაქმნიან ამ რხევას ნერვულ იმპულსებად. კოხლეარული ნერვით იმპულსები თავის ტვინს გადაეცემა, რომელიც მათ ბგერებად აღიქვამს.
აკუსტიკური რეფლექსის დამცავი ეფექტის მიუხედავად, ძლიერმა ხმაურმა შესაძლოა დააზიანოს და გაანადგუროს წამწამოვანი უჯრედები. ისინი აღარ აღდგება, ამიტომ ძლიერი ხმაურის მუდმივი ზემოქმედება იწვევს წამწამოვანი უჯრედების პროგრესულ დაზიანებას, რასაც სმენის დაქვეითებამდე და ზოგჯერ ტინიტუსამდე, ყურების შუილამდე მივყავართ.
ვესტიბულური სისტემა, იგივე ლაბირინთი, ორი სითხით სავსე აპკოვანი პარკისა და სამი ნახევარწრიული (ნახევარრკალოვანი) არხისგან შედგება. მათში არსებული წამწამოვანი უჯრედები იღებენ ინფორმაციას თავის პოზიციისა და მოძრაობის შესახებ და ტვინს გადასცემენ, ტვინი კი შესაბამის ზომებს იღებს წონასწორობის შესანარჩუნებლად.
შიგნითა ყურის პათოლოგიებმა შესაძლოა როგორც სმენის, ისე წონასწორობის დარღვევა გამოიწვიოს. ძირითადად წონასწორობის დარღვევით მიმდინარეობს კეთლთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა, მენიერის დაავადება და სხვა, ხოლო ძირითადად სმენაზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებს:
წამლები
არსებობს წამლები, რომლებსაც ყურის დაზიანება შეუძლია. მათ ოტოტოქსიკურ პრეპარატებს უწოდებენ. მათ მიეკუთვნება ანტიბიოტიკები (სტრეპტომიცინი, ტობრამიცინი, გენტამიცინი, ნეომიცინი, ვანკომიცინი), ზოგიერთი ქიმიოთერაპიული საშუალება (მაგალითად, ცისპლატინი), ფუროსემიდი და ასპირინი, თუმცა განვითარდება თუ არა ოტოტოქსიკური ეფექტი, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული:
* წამლების რაოდენობასა და დოზაზე;
* მიღების ხანგრძლივობაზე;
* იმაზე, დაქვეითებულია თუ არა თირკმლის ფუნქცია და, ამის კვალობაზე, გართულებულია თუ არა წამლის ორგანიზმიდან გამოდევნა;
* აქვს თუ არა პაციენტს წამლებით გამოწვეული სმენის დაქვეითების ოჯახური ისტორია,
* არის თუ არა გენეტიკურად უფრო მგრძნობიარე ოტოტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების მიმართ,
* იღებს თუ არა ერთდროულად ერთზე მეტ ოტოტოქსიკურ პრეპარატს.
სიმპტომები
წამლებით გამოწვეული ყურის დაზიანება ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი სიმპტომით გამოვლინდება:
* სმენის დაქვეითება;
* ტინიტუსი;
* სიარულისა და წონასწორობის შენარჩუნების გაძნელება.
თავბრუხვევა (მოძრაობის ან ტრიალის ცრუ შეგრძნება) შესაძლოა განვითარდეს და თავისთავად გაიაროს. დანარჩენი სიმპტომებიც უმეტესად დროებითია, მაგრამ ზოგჯერ სამუდამოდაც რჩება.
პრევენცია
იმისთვის, რომ წამლებით გამოწვეული ყურის დაზიანება თავიდან ავიცილოთ, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მივიღოთ ოტოტოქსიკური პრეპარატების ყველაზე მცირე ეფექტური დოზა, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, უნდა მოხდეს წამლის დოზის მონიტორინგი სისხლში მისი გაზომვით. ასევე სასურველია, ოტოტოქსიკური პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს შეუმოწმონ სმენა და მკურნალობის პერიოდშიც აკონტროლონ.
ნაყოფის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ორსულები ასეთი წამლების მიღებას უნდა ერიდონ.
თუ არსებობს სხვა ეფექტური მედიკამენტი, ხანდაზმულები და სმენადაქვეითებულები ოტოტოქსიკური საშუალებებით არ უნდა მკურნალობდნენ.
მკურნალობა
თუ ოტოტოქსიკური ეფექტი გამოვლინდა, პრეპარატის მიღება წყდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალობის შეწყვეტა საფრთხეს უქადის სიცოცხლეს, ხოლო ალტერნატივა არ არსებობს. თავად ოტოტოქსიკურობას ვერ მკურნალობენ, მაგრამ ზოგჯერ სმენა ან წონასწორობა ნაწილობრივ თავისთავად აღდგება.
ჰერპეს ზოსტერი
ყურის ჰერპეს ზოსტერი თავის ქალას მეშვიდე და მერვე ნერვული უჯრედების ვირუსული ინფექციაა. მეშვიდე ნერვი პასუხისმგებელია სახის ზოგიერთი კუნთის მოძრაობაზე, მერვე – სმენასა და წონასწორობაზე.
ჰერპეს ზოსტერს იწვევს ჩუტყვავილას ვირუსის, ვარიცელა-ზოსტერის, რეაქტივაცია. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ვირუსი ნერვულ ფესვებშია მიძინებული. გააქტიურებული ვირუსები ნერვის გასწვრივ ვრცელდება, აღწევს კანს და მტკივნეულ გამონაყარს იწვევს. რეაქტივაციის მიზეზი ხშირად უცნობია. ზოგჯერ ის იმუნური სისტემის დასუსტებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს კიბომ, შიდსმა ან რომელიმე მედიკამენტის მიღებამ.
სიმპტომები
ყურის ზოსტერის სიმპტომებია:
* ყურის ძლიერი ტკივილი;
* სითხით სავსე ბუშტუკების (ვეზიკულების) გაჩენა ყურის ნიჟარასა და გარეთა სასმენ მილში;
* სახის ცალი მხრის დროებითი ან მუდმივი დამბლა;
* თავბრუხვევა, რომელიც შესაძლოა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გაგრძელდეს;
* სმენის დაქვეითება, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს ან ნაწილობრივ ან მთლიანად აღდგეს.
იშვიათად ყურის ზოსტერს თან ახლავს თავის ტკივილი, ორიენტაციის დარღვევა, კისრის რიგიდულობა. ზოგჯერ პროცესში თავის ქალას სხვა ნერვებიც ერთვება.
დიაგნოზი
ყურის ჰერპეს ზოსტერის დიაგნოზი, წესისამებრ, გასინჯვით მიღებულ მონაცემებს ემყარება. ზოგჯერ იღებენ ბუშტუკების ნიმუშებს მიკროსკოპით შესასწავლად და კულტივირებისთვის. შესაძლოა, სხვა დარღვევის გამორიცხვის მიზნით ჩატარდეს მრტ-ც.
მკურნალობა
სიმპტომების შესამსუბუქებლად და ჰერპეს ზოსტერის სამკურნალოდ გამოწერენ წამლებს, თუმცა უცნობია, რამდენად ეფექტურია ისინი. ანთების შესამცირებლად ინიშნება კორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი), დაავადების ხანგრძლივობის შესამცირებლად – ანტივირუსული პრეპარატები (აციკლოვირი, ვალაციკლოვირი), თავბრუხვევის შეტევების შესამსუბუქებლად – დიაზეპამი, ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად – ოპიოიდები.
სახის სრული დამბლის დროს პაციენტს შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.
ჩირქოვანი ლაბირინთიტი
ჩირქოვანი ლაბირინთიტი არის შიგნითა ყურის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ხშირად იწვევს სიყრუეს და წონასწორობის დაკარგვას. შიგნითა ყურში ბაქტერიების გავრცელება შესაძლოა გამოიწვიოს შუა ყურის მძიმე ინფექციამ, მენინგიტის ზოგიერთმა ფორმამ, საფეთქლის ძვლის მოტეხილობამ, დაფის აპკის ქრონიკულმა პერფორაციამ.
სიმპტომები
ჩირქოვანი ლაბირინთიტის სიმპტომებია:
* ძლიერი თავბრუხვევა და ნისტაგმი (თვალების სწრაფი მოძრაობა;
* გულისრევა და ღებინება;
* ტინიტუსი ;
* სმენის სხვადასხვა ხარისხის დაქვეითება;
* ხშირია ტკივილი და ცხელებაც.
დიაგნოზი
ჩირქოვანი ლაბირინთიტია სავარაუდო, თუ ადამიანი უჩივის თავბრუხვევას, აღენიშნება ნისტაგმი, სმენის დაქვეითება. შესაძლოა, ჩატარდეს თავის ქალას კტ საფეთქლის ძვლის შესაფასებლად, მრტ თავის ტვინში იფექციის გავრცელების გამოსარიცხად. თუ პაციენტს მენინგიტის სიმპტომები – დეზორიენტაცია, კისრის რიგიდულობა, მაღალი სიცხე აღენიშნება, ლიქვორის – თავ-ზურგტვინის სითხის – შესწავლის მიზნით ინიშნება ლუმბალური პუნქცია.
მკურნალობა
ჩირქოვან ლაბირინთიტს ანტიბიოტიკების ვენაში გადასხმით მკურნალობენ. ამასთან ერთად, ტარდება მირინგოტომია – დაფის აპკის გაკვეთა, რათა სითხეს შუა ყურიდან გადმოსვლის საშუალება მიეცეს. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა უფრო ფართო ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს ყურის უკან არსებული ძვლის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსაშორებლად (მასტოიდექტომია).
ვესტიბულური შვანომა
ვესტიბულური შვანომა, იგივე აკუსტიკური ნევრინომა, ვესტიბულური ნერვის ირგვლივ არსებული შვანის უჯრედებისგან განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია.
სიმპტომები
ვესტიბულური შვანომის ადრეული სიმპტომებია:
* ნელა პროგრესირებადი სმენის დაქვეითება ცალ ყურში;
* ტინიტუსი;
* თავის ტკივილი;
* ყურში ზეწოლის ან დაგუბების შეგრძნება;
* ყურის ტკივილი;
* წონასწორობის დარღვევა ან არასტაბილურობის შეგრძნება სწრაფად შეტრიალებისას.
თუ სიმსივნე უფრო მეტად გაიზარდა და მიაწვა თავის ტვინის სხვა ნაწილებს, მაგალითად, სახის ნერვს ან სამწვერა ნერვს, შესაძლოა, სახის მოდუნება და დაშვება, ტკივილი, დაბუჟება გამოიწვიოს.
დიაგნოზი
ვესტიბულური შვანომის ადრეული დიაგნოსტიკა მრტ-ს და სმენის შემოწმებას ეფუძნება. თავდაპირველად აუდიოგრამა (სმენის ტესტი) ტარდება, ხოლო თუ ადამიანს სმენა მხოლოდ ცალ ყურში აქვს დაქვეითებული – მრტ-ც.
საჭიროებისამებრ ტარდება ტიმპანომეტრიაც (მოწმდება, როგორ გაივლის ბგერა დაფის აპკსა და შუა ყურში). სპეციალური გამოკვლევით იზომება ტვინის ღეროში არსებული ის ნერვული იმპულსები, რომლებიც ყურებში ხმოვანი სიგნალებისგან წარმოიშობა.
მკურნალობა
სიმსივნეები, რომლებიც მცირე ზომისაა და არ იზრდება ან არ იწვევს სიმპტომებს, მკურნალობას არ მოითხოვს. სიმსივნეებს, რომლებიც იზრდება და სიმპტომურად გამოიხატება, ქირურგიულად ან სხივური თერაპიით მკურნალობენ. ოპერაცია მიკროქირურგიული ტექნიკით ტარდება, რათა სახის ნერვი დაზიანებას გადაურჩეს. ამ ოპერაციით ზოგჯერ სმენის შენარჩუნებაც ხერხდება. რადიაციული თერაპია ზედმიწევნით ზუსტი ტექნიკით უნდა ჩატარდეს, რათა მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნი მოიცვას. მკურნალობის დაგეგმვაც და შედეგიც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – ადამიანის ასაკზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, სმენის დაქვეითების ხარისხსა და სიმსივნის ზომაზე.
როგორ გავუფრთხილდეთ
ძლიერმა ხმამ შესაძლოა დააზიანოს სასმენი ძვლები და სმენის თანდათანობითი ან უეცარი დაქვეითება გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებლად უნდა ატაროთ ყურის დამცავი საშუალებები, თუ ხშირად ხართ ხმაურიან გარემოში, კონცერტზე ან რესტორანში უსმენთ ხმამაღალ მუსიკას ან უყურებთ ფეიერვერკს.
ყურსასმენებით მუსიკის მოსმენისას არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სიხშირეს, რომელზეც მრავალი მოწყობილობა თვითონვე მიგითითებთ. ნუ გამოიყენებთ ყურსასმენებს დღეში ერთ საათზე მეტხანს. ეცადეთ, ხმის სიმძლავრე 60%-ს არ აღემატებოდეს.
თუ ხმაურიან გარემოში მოგიწიათ ყოფნა, ყურები აუცილებლად დაასვენეთ. ერთი ხმაურიანი ღამის შემდეგ ყურებს აღსადგენად დაახლოებით თექვსმეტსაათიანი სიჩუმე სჭირდება.
მარი აშუღაშვილი