თეიმურაზ პეტრიაშვილი – ექიმი ისტორიკოსის სულისკვეთებით
გააზიარე:
თანამედროვე ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა მრავალმხრივ ნიჭიერმა ექიმმა და პუბლიცისტმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა. სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის პროფესორზე, სტუდენტების საყვარელ ლექტორზე სასაუბროდ მის მეუღლეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ მაია კაკაურიძეს ვესტუმრეთ.
ფესვები
– თეიმურაზ პეტრიაშვილი 1949 წლის 24 ივლისს თბილისში, ჯულიეტა ანთაძისა და გივი პეტრიაშვილის ოჯახში დაიბადა. დედის მშობლების – შალვა ანთაძისა და ანა ჯაფარიძის სახლში იზრდებოდა, რომელიც ახლაც დგას მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე, მამადავითისკენ მიმავალ გზაზე. მას ერისთავების სახლს ეძახდნენ. ანთაძეებს და მწერალ სანდრო შანშიაშვილის ოჯახს საერთო კედელი ჰქონდათ. თემურის ბებია და გალაკტიონ ტაბიძის მეორე მეუღლე, ნინო კვირიკაძე, ახალგაზრდობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და მეგობრობდნენ. მეზობლობამ მათი ოჯახები უფრო მეტად დააახლოვა (დაქვრივებული ნინო კვირიკაძე თავისი ორი შვილით ერისთავების სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. გალაკტიონს ძალიან უყვარდა მთაწმინდა და ხშირად დადიოდა ამ ბინაში). თემურის ბებია განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდა რეპრესირებული ოჯახების წევრებს.
ანა ჯაფარიძე კარგად იცნობდა ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, მსოფლიო ისტორიას, უყვარდა პოეზია და აღმერთებდა გალაკტიონს. ასე რომ, თემური ბებიასთან ერთად პატარაობიდანვე ხშირად ხვდებოდა ბუმბერაზ პოეტს, ხან – მეზობლად, ხან -მარჯანიშვილის ქუჩაზე, ხანაც – წყნეთში, მის აგარაკზე.
შალვა ანთაძეს ბაქოს უმაღლესი კომერციული სასწავლებელი დაუმთავრებია მეფის დროს. მერე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განათლება მიუღია. მის მამას, ვლადიმერ ანთაძეს, კავშირგაბმულობის სპეციალისტს, რუსეთსა და ირანს შორის პირველი სატელეფონო ხაზის გაყვანაში მიუღია მონაწილეობა და დიდხანს საპატიო მოქალაქის სტატუსით უცხოვრია ირანში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ თემურის დედა ამბროლაურის რაიონში გაანაწილეს ექიმად. სწორედ იქ გაიცნო მთელ რაჭაში ცნობილი ექიმი თერაპევტი გივი პეტრიაშვილი. წყვილი სიცოცხლის ბოლომდე ამბროლაურში დარჩა.
თემურის ბაბუა მამის მხრიდან,. ამბროლაურის მკვიდრი, წარმოშობით სხვაველი აფრასიონ პეტრიაშვილი, დიდი დამსახურების მქონე ფერშალი იყო. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ყვავილის აცრის შემოღება. ამბროლაურის ახალაშენებული საავადმყოფო სწორედ აფრასიონ პეტრიაშვილის სახელობისაა.
აფრასიონის სახლის კარი ღია ყველასთვის იყო. იქ უამრავი ადამიანი პოულობდა თავშესაფარს. ეს თვისება გამოჰყვათ მის შთამომავლებსაც.
გარემოცვა
– ბებიისა და ბაბუის მეგობრების წრე ცნობილი ხელოვანებისა და საზოგადო მოღვაწეებისგან შედგებოდა. მათთან ყოველდღიური ურთიერთობაც კი მრავლის მომცემი იყო. ამ ძირძველ თბილისურ წრეში შორის გაიზარდა თემურ პეტრიაშვილი.
ბაბუამ ოპერის დიდი სიყვარული შთაუნერგა. ძნელად იპოვიდით ოპერას, რომლის ლიბრეტო თემურს ზეპირად არ სცოდნოდეს... ძალიან უყვარდა ლიტერატურა, პოეზია. თავადაც წერდა და თარგმნიდა ლექსებს. სიამოვნებით კითხულობდა ფართო აუდიტორიის წინაშე. დეკლამირების არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა. ალბათ ამიტომ, თანაბრად კარგად გამოსდიოდა ლექციების კითხვაც და თამადობაც.
1966 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით. მიუხედავად ხელოვნებისადმი დიდი ინტერესისა, სამედიცინო დინასტიას არ უღალატა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენის ფაკულტეტზე ჩააბარა. მეექვსე კურსიდან თბილისის ცენტრალურ სასწრაფო სამედიცინო სადგურში მუშაობდა გამოძახებაზე გამსვლელ ფერშლად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1972 წელს, ამბროლაურის რაიონის სეს-ის სანიტარულ ექიმად და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტის ექიმ-თერაპევტად გაანაწილეს, სადაც 1974 წლამდე დარჩა.
1975 წლიდან მუშაობა დაიწყო თსსი-ის პათოფიზიოლოგიის კათედრაზე. შეთავსებით რამდენიმე წელი ექიმად მუშაობდა ფრენბურთის ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში.
მედეა ჯაფარიძე თემურის ახლო ნათესავი იყო მამის მხრიდან. მისი მეუღლე, რეზო თაბუკაშვილი, თემურს ახლობლად, საყრდენად მიიჩნევდა და ხშირად დაჰყავდა თან. როდესაც ტიციან ტაბიძის შვილს ნიტას პასტერნაკის ქალიშვილი ესტუმრა, მასთან შესახვედრადაც ერთად მივიდნენ, სადაც თემურმა, ჩვეულებისამებრ, არაერთი ლექსი წაიკითხა.
გარდაცვალებამდე რეზომ თემურს დიპლომატი ჩააბარა, ჩემი სიმდიდრეა და მიმიხედეო. იქ მისი ხელნაწერები და ფილმების ფირები ეწყო. თემურს ბავშვივით უხაროდა, რომ დიდი რეჟისორისგან ასეთი პატივი ხვდა წილად.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ მედეა ხშირად უხმობდა თემურს. ფაქტობრივად, თემური მათი ოჯახის მესაიდუმლე იყო.
ისტორიკოსი და მკვლევარი
– საქართველოს ისტორიის სიყვარული თემურს ოჯახიდან მოჰყვებოდა. ისტორიულ თემას მიუძღვნა სამი წიგნი. "მთაწმინდაზე ერთი პატარა ბაღია" – ასე დაასათაურა თავისი მემუარები, სადაც მოწიწებით მოიხსენია ყველა ღვაწლმოსილი ადამიანი, ვინც კი მის მის მშობლიურ უბანში ცხოვრობდა: ილია ჭავჭავაძის ქვრივი ოლღა გურამიშვილი, ანანიაშვილები, ოჩიაურები... წიგნში გამოყენებულია ჯულიეტა ანთაძის მოგონებებიც, რომლებიც თავისი ეპოქის მთაწმინდასა და მთაწმინდელებს საინტერესოდ აღწერს. შემდგომ თემურმა ბესიკის ბაღში მთაწმინდელთა საზეიმო შეხვედრაც მოაწყო, რომელიც ტელევიზიამ გააშუქა.
ანეტა ბებია თურმე ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას მეფე ერეკლეს მიმართ, რომელმაც "საქართველო რუსეთს ჩააბარა". თანდათან თემურს ამ საკითხის კვლევის სურვილი გაუჩნდა. საფუძვლიანად შეისწავლა ერეკლე მეორის ცხოვრება, მოღვაწეობა და გარდაცვალების დეტალები სამედიცინო თუ ისტორიული კუთხით. ისტორიკოსებმა მის ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს. პროფესორმა ვახტანგ გურულმა თემურს ბევრ ისტორიკოსზე აღმატებული ისტორიკოსი უწოდა.
2006 წელს დაიბეჭდა მისი მეორე ისტორიული ნარკვევი – “კრწანისის ბრძოლა” (“კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა”). ეს არის წყაროებსა და მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული ობიექტური მონათხრობი ყველა ქართველისთვის მწარედ მოსაგონარ ისტორიულ ფაქტზე – 1795 წლის ტრაგედიაზე – და მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღვოდა ამ ამბავს.
ორი წლის შემდეგ თემურმა კიდევ ერთი წიგნი გამოსცა: “ყვარლის ბრძოლა ანუ მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა საქართველო”, – რომელშიც მოკლედ გაგვაცნო საქართველოს ისტორიის საკმაოდ მძიმე, დიდი პატრიოტიზმით და ვაჟკაცური შემართებით აღსავსე უაღრესად საინტერესო პერიოდი. ეს წიგნი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასმა ყვარლის რაიონში ჩაიტანა და სკოლის მოსწავლეებს დაურიგა, რომლებმაც თვე-ნახევარში წიგნის მიხედვით სპექტაკლი დადგეს და წიგნის ავტორს და ჩასულ სტუმრებს წარუდგინეს.
ოჯახური ბედნიერება
– ჩვენი ცხოვრების გზები დიდი ხნის განმავლობაში პარალელურად მიდიოდა: თემურის ბებიამ ანეტამ და ბებიაჩემმა წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია დაამთავრეს ქუთაისში; მამაჩემი, თემურის დედა და ბიძა, რომელიც ბავშვობაში ტრაგიგულად დაიღუპა, სკოლელები იყვნენ. დედაჩემი კარდიოლოგი გახლდათ, თემურის უმცროსმა ძმამ, შალვამ, მასთან გაიარა ორდინატურა. დედა მუდამ აქებდა და ახსენებდა მის სახელს. მაშინ არ ვიცოდი, თემურის ძმა რომ იყო...
მე და თემური ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით. მე 29 წლის ქვრივი და ორი შვილის დედა ვიყავი, თემური – უცოლო. შვიდი წელი ვმეგობრობდით, ბოლოს კი შევუღლდით. ოცდაორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. თემურმა შესაშური მამობა გაუწია ჩემს შვილებს. ჩვენი ქორწინების მომდევნო წელს ჩემი უმცროსი შვილი გათხოვდა და სამი შვილიშვილი დაგვხვია თავს. შუათანას ბაბუის პატივსაცემად თეიმურაზი დაარქვეს.
ძალიან უყვარდა მშობლიური რაჭა. ხშირად სტუმრობდა იქაურობას. თუ ვინმეს რაჭის დათვალიერება სურდა, სიამოვნებით წაიყვანდა და ექსკურსიასაც მოუწყობდა. უყვებოდა ყველა შემხვედრი ტაძრისა და შენობის შესახებ. შესწავლილი ჰქონდა ლამის ყოველი ბუჩქი. შვილიშვილებიც არაერთხელ წაუყვანია მსგავს კულტურულ- საგანმანათლებლო ლაშქრობაში. დაუსრულებლად შეეძლო საინტერესო ამბების მოყოლა და ამით თავად იღებდა ყველაზე დიდ სიამოვნებას. საოჯახო ფოტოალბომში უხვად გვაქვს მისი გადაღებული პეიზაჟები და თვალწარმტაცი ხედები. ბუნების სილამაზით ტკბობა უყვარდა და ბავშვებსაც იმავეს ასწავლიდა.
გატაცებული იყო ნადირობით და ცეცხლსასროლი იარაღით. მართალია, თავად არასდროს მოუნადირებია ცოცხალი არსება, მაგრამ ხშირად გაჰყოლია მეგობრებს სანადიროდ მხოლოდ იმისთვის, რომ მათი ნადირობისთვის თვალი ედევნებინა. რაც შეეხება იარაღს, ნებისმიერ საკოლექციო მოდელს დაგისახელებდათ. ამ თემაზე არაერთი სტატიაც აქვს დაწერილი.
მძიმე ავადმყოფობის პირისპირ
– არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ახსოვდა არა მარტო ისტორიული თარიღები – ახლობლების, ნათესავების, თანამშრომლების ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებიც. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით იმართებოდა საიუბილეო ღონისძიებები სამედიცინო უნივერსიტეტში თუ მის გარეთ, პეტრიაშვილების საგვარეულო შეხვედრები...
ვახტანგ ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ თემური დეპარტამენტის ხელმძღვანელად აირჩიეს. მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ორი წელი უძღვებოდა პათოფიზიოლოგიის კათედრას. ბოლოს სიარული უჭირდა, მაგრამ მაინც მოახერხა თეიმურაზ ნათაძისა და ვახტანგ ყიფიანის ხსოვნის საღამოების გამართვა. ათი წელი ორი უმძიმესი დიაგნოზით იცხოვრა, თუმცა იმედი არასდროს დაუკარგავს. სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მონაწილეობდა ტელე– და რადიოგადაცემებში. მისი და სტუდენტების ურთიერთობა ცალკე სასაუბრო თემაა. თემურის გაზრდილი ექიმები მუშაობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სიამოვნებით ეხმარებოდა ბეჯით და ნიჭიერ ახალგაზრდებს კარიერულ ზრდაში.
ცნობილმა ნეიროქირურგმა გოგა გეგიამ მითხრა: ბატონი თემურის სტუდენტი ვიყავი და მისი ლექციების შემდეგ თავს უფლებას ვერ ვაძლევ, ლექტორი გავხდეო. მისგან ვისწავლე, რომ საგნის ცოდნა საკმარისი არ არის; მისი ლექციები მედიცინის, პოეზიისა და ადამიანობის სინთეზი იყოო.
გონება ბოლომდე უჭრიდა, უკანასკნელ დღეებშიც კი იჯდა და მუშაობდა. 2019 წელს გარდაიცვალა. მისი შემწეობით აგებულ ტაძარში ესვენა, სადაც სამძიმარზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი.
სამეცნიერო მემკვიდრეობა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, ათეულობით წლის განმავლობაში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი. 2015-2016 წლებში პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ავტორი ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სისხლის მიკროცირკულაციის თავისებურებებს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის დროს. სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ფუნქციური და მორფოლოგიური ცვლილებები მიკროჰემოცირკულაციის სისტემაში ექსპერიმენტული სიმსივნური ზრდის დროს” დაიცვა 1995 წელს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს ოცდაათზე მეტი პუბლიცისტური წერილი, მათ შორის – ჟურნალებში “ისტორიანი”, “მნათობი”, “ცისკარი”, “ანეული”.
1995-2000 წლებში იყო თსსუ-ის კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასაწავლო დარგში, 2000-დან 2005 წლამდე – სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
არის პატენტის მფლობელი ორი სამკურნალწამლო პრეპარატის გამოგონებისათვის. სააფთიაქო ქსელში გაყიდვაში იყო მის მიერ შექმნილი პრეპარატი პეტაქოლი.
თანაავტორია სახელმძღვანელოსი “პათოლოგია”. ერთ-ერთი უკანასკნელი ნაშრომი, “პათოფიზიოლოგიის ლექსიკონი” (მარინა შაქარაშვილისა და დევი ტაბიძის თანაავტორობით), მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.
წვლილი აქვს შეტანილი ქართულ ვიკიპედიაზე ოცზე მეტი სამეცნიერო სტატიის შექმნაში.
2004 წელს ნიუ-იორკის რადიოსადგურის (“ახალი რუსული ტალღა”) ღია ეთერში ჰქონდა ორსაათიანი რადიოინტერვიუ აშშ-ში საქართველოს კულტურული წარსულისა და მევენახეობისა და კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციის შესახებ. მისი გვარი შეტანილია აშშ-ის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ბიოგრაფიულ ცნობარში.
მარი მარღანია