რამაზ ბლუაშვილის პროექტები, რომლებიც მეცნიერებას, ისტორიასა და ხელოვნებას აერთიანებს

გააზიარე:

პირველ ნოემბერს საქართველოში ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს: ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე და პროექტ “ვოიაჯერის” 45-ე წლისთავი: 1977 წლის შემოდგომაზე კანავერალის კონცხიდან, კენედის სახელობის კოსმოდრომიდან აფრენილმა საპლანეტათაშორისო ზონდმა არამიწიერი ცივილიზაციებისთვის დედამიწის მკვიდრთა გზავნილი წაიღო.

იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტის ფინალური აკორდი გახლდათ “ჩაკრულო” – “ვოიაჯერის” მოოქრულ დისკზე ჩაწერილი სიმღერა, რომელიც უამრავი საინტერესო პროექტის ინსპირაციად იქცა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ “ნოვას” ინიციატივით გაიმართა.

ამ და სხვა პროექტებზე სასაუბროდ ფონდის დამფუძნებელს, რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტ რამაზ ბლუაშვილს ვესტუმრეთ.

ბატონ რამაზს უყვარს ნამდვილი ამბების მოყოლა, ხოლო მის ფილმებში აჟღერებული მუსიკა ყველა ემოციას მეტი სიმძაფრით განგვაცდევინებს.

როგორ დაიწყო

წლების წინ, როდესაც რამაზ ბლუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიეტლის ხელოვნების ინსტიტუტის ტელერეჟისურის ფაკულტეტზე სწავლობდა, ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის ისტორიით დაინტერესდა. არქივებში მოიძია ინფორმაცია, ფოტოები და ეს გენიალური ადამიანი ხელახლა გააცნო ისტორიულ სამშობლოს.

ამერიკიდან დაბრუნებულს, საზოგადოებრივი მაუწყებლის იმდროინდელმა დირექტორმა გია ჭანტურიამ დოკუმენტური ფილმების სტუდიის დაარსება და მისი ხელმძღვანელობა შესთავაზა.

სტუდია 2009 წელს გაიხსნა. ორწელიწად-ნახევარში მისმა შესანიშნავმა გუნდმა სამოცამდე მივიწყებული ისტორია გააცოცხლა და ფილმებად აქცია. ეს ფილმები დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში ინახება.

– რაც უფრო  ჩავეძიებით ამბავს, მით მეტ საინტერესო დეტალს აღმოვაჩენთ. ეს პროცესი ძალიან მომწონს, – ამბობს ბატონი რამაზი.

სერია “პროექტი” საქართველოს ცნობილ შენობებზე, არქიტექტურისა და საინჟინრო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებზე მოგვითხრობს: სტადიონზე, სატელევიზიო ანძაზე, კონსერვატორიაზე, პარლამენტზე, თბილისის მეტროპოლიტენზე...

“მძიმე არქივი” უშიშროების სამსახურის საარქივო წყაროების მიხედვით შეიქმნა. მასში რეპრესირებულთა ისტორიებია მოთხრობილი. შეულამაზებლად არის ასახული ტერორის ეპოქა, საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის პრინციპები.

სერია სახელწოდებით “ოკუპაცია” რუსეთისა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების ტერიტორიულ კონფლიქტებს მიმოიხილავს.

2010 წელს კი სტუდიამ გადაიღო „ნულოვანი ექსპერიმენტი“ – პირველი სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი ქართველ მეცნიერებზე, რომლებიც შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN), მიმდინარე უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობდნენ.

სიმღერა, რომელმაც საბჭოთა კავშირი დაამარცხა

NASA-სთან – ამერიკის შეერთებული შტატების ჰაერნაოსნობისა და კოსმოსის კვლევის ნაციონალურ სამმართველოსთან – მეგობრობის ისტორია ექვსი წლის წინ დაიწყო, როდესაც რამაზ ბლუაშვილმა გადაწყვიტა, გადაეღო ფილმი პროექტ “ვოიაჯერისა” და საპლანეტათაშორისო ზონდის ბორტზე მოთავსებული მოოქრული ფირფიტის შესახებ, რომელზეც მთელი მსოფლიოდან შერჩეულ ოცდაექვს სხვა მუსიკალურ ნაწარმოებთან ერთად ქართული “ჩაკრულოც” არის ჩაწერილი.

– ისტორიული პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ  ლეგენდარული მეცნიერის, ასტრონომ კარლ საგანის მეუღლე – ქალბატონი ენ დრიუენი, რომელიც მოგვიყვა, როგორ მივიდნენ ეთნომუსიკის სპეციალისტ ალან ლომაქსთან და ფოლკლორული ნაწარმოების შერჩევაში დახმარება სთხოვეს. პირველი, რაც მასპინძელმა სტუმრებს მსოფლიო ფოლკლორის უზარმაზარი კოლექციიდან შესთავაზა, გახლდათ “ჩაკრულო”, რომელსაც ასრულებდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ბატონი ანზორ კავსაძის ხელმძღვანელობით. მონუსხულები უსმენდნენ. პირველი ბგერების აჟღერებისთანავე მიხვდნენ, რომ ამ სიმღერას კონკურენტი არ ჰყავდა.

რამდენიმე დღის შემდეგ NASA-მ საბჭოთა კავშირის საელჩოდან ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ამიტომ მოსკოვს უნდა გადაეწყვიტა, რომელი სიმღერა გაიგზავნებოდა კოსმოსში ამ ქვეყნიდან. ალტერნატივად პროექტის ავტორებს “Подмосковные вечера” შესთავაზეს. წერილს “ჩაკრულოს” თარგმანიც ერთვოდა, დასტურად იმისა, რომ “ძალადობის შემცველი ტექსტი” სამშვიდობო პროექტს არ შეეფერებოდა.

მიუხედავად ამისა, არც კარლ საგანმა, არც NASA-მ  გადაწყვეტილება არ შეცვალეს. ასე დამარცხდა საბჭოთა კავშირი ქართულ მრავალხმიანობასთან.

ფილმი, რომელიც ამ ისტორიას ეძღვნება, რამაზ ბლუაშვილის ამერიკის საელჩოსთან მეგობრობის საფუძველი გახდა. დიპლომატიურ კორპუსთან ერთად რეჟისორმა და მისმა გუნდმა არაერთი პროექტი განახორციელეს. 2017 წელს ბატონმა რამაზმა საელჩოს თანადგომით  საქართველოში აღნიშნა “ვოიაჯერის” კოსმოსში გაგზავნის მე-40 წლისთავი. ღონისძიებაზე NASA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი, ლეგენდარული ჯონ კასანი, და NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) მთავარი ინჟინერი რობ მენინგიც იყვნენ მოწვეულნი.

– 2021 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კომპანია “UG ლიმესის” ახალგაზრდა ინჟინრებთან ერთად შევქმენით მარსმავალ “პერსევერანსის” (“Perseverance”) ზუსტი ასლი,  რომელიც დღეს საქართველოს უნივერსიტეტის ეზოში დგას. ამასთან ერთად, ძალიან მინდოდა, შექმნილიყო სკულპტურა “ვოიაჯერისა” და “ჩაკრულოს” უკვდავსაყოფად. მხატვარმა და მოქანდაკემ მურაზ მურვანიძემ  ამ იდეას ხორცი შეასხა და წელს, 10 მაისს, ბატონი მურაზის იუბილეზე, – ამ დიდებულ ხელოვანს 83 წელი შეუსრულდა, – კოჯორში, ველნეს კურორტ “ბიოლში”, შვიდმეტრიანი ქანდაკება გავხსენით.

ქართული სიმღერა ლეგენდარულ აუდიტორიაში

– ჩემმა პროექტებმა NASA-ს ინტერესი გამოიწვია. შემომთავაზეს, ვწვეოდი მათ და ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის უფრო ახლოს გამეცნო ის საქმიანობა, რომლითაც NASA-ს პოპულარიზაციას ვეწეოდი.

ამერიკაში მამასა და ძმასთან ერთად ჩავედი. მამაჩემი ოთარ ბლუაშვილი ანსამბლ “ერისიონის” (ყოფილი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი) გენერალური დირექტორია. როდესაც “ჩაკრულო” კოსმოსში გაუშვეს, უკვე ანსამბლის წევრი იყო. ჩემი ძმა თამაზიც ოცდახუთი წელია “ერისიონის” სოლისტია. JPL-ში, ფონ კარმანის სახელობის ისტორიულ აუდიტორიაში, – დარბაზში, სადაც კოსმოსის შესახებ ყოველგვარი სიახლე პირველად ჟღერდება, – ერთსაათიანი ლექცია წავიკითხე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პატივი იყო ჩემთვის. მერე კი ოქროს ორიგინალური დისკის წინ “ჩაკრულო” ცოცხლად შევასრულეთ.

მასპინძლებს თვალებზე ცრემლები მოადგათ. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობთ და ასე ლამაზად ჩვენი საქმიანობისთვის მადლობა ჯერ არავის გადაუხდიაო. ამის შემდეგ ჯონ კასანის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე აღმოვჩნდით – 90 წელი შეუსრულდა – და კახური “მრავალჟამიერი” ვიმღერეთ.

ბედნიერი ვარ, რომ ვიდექი აუდიტორიაში, სადაც მეცნიერების ლეგენდებს გაუმართავთ ლექციები და ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი. ვიცი, ყველა ქართველს ეამაყება კოსმოსში “ჩაკრულოს” გამგზავრება. მართლაც დაუჯერებელია, რომ  მსოფლიოს მუსიკალური კულტურის ოცდაშვიდ საუკეთესო ნაწარმოებს შორის მოხვდა სიმღერა ქვეყნიდან, რომელიც 1977 წელს რუკაზეც კი არ არსებობდა.

მუსიკა

– მუსიკა ჩემს ცხოვრებაში გამუდმებით ჟღერს. მე და ჩემი ძმა ოთხი-ხუთი წლისანი ვიყავით, მამა მუხლებზე რომ დაგვისვამდა და ხალხურ სიმღერებს ვმღეროდით სამ ხმაში. დღეს თვითონვე ვწერ მუსიკას ჩემი ფილმებისთვის. ჩემ მიერ გადაღებულ ინტერვიუებსაც ფონად მუსიკა გასდევს, – ვფიქრობ, ასე უფრო სასიამოვნო საყურებელია და ემოციაც მძაფრდება.

მჯერა, რომ მუსიკა საერთაშორისო ენაა. ამის მაგალითად “ჩაკრულოც” კმარა. ქართულ სიმღერას, განსაკუთრებით კახურს, რაღაც ფენომენალური ჟღერადობა აქვს. სადაც არ უნდა იყო, წამოიწყებ თუ არა “მრავალჟამიერს”, ყველა მეყსეულად ჩუმდება და მონუსხული გიგდებს ყურს, რადგან მისი თითოეული ბგერა სულში აღწევს...

ოჯახის მუსიკალური ტრადიცია ოთომ, ჩემმა შვილმა დაარღვია – სპორტული მედიცინა აირჩია და ამერიკაში სწავლობს. არ მღერის, რასაც მამაჩემი ძალიან განიცდის. 

ფონდი

ფონდი “ნოვა” რამაზ ბლუაშვილმა 2015 წელს დააარსა. მისი მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციაა. ფონდი ხშირად იწვევს სტუმრად უცხოელ  მეცნიერებს, მათ შორის – სპეციალისტებს NAშA-დან, მართავს ვებინარებს, თუმცა პროექტის ავტორს ყველაზე მნიშვნელოვნად რეგიონების სკოლებში ვიზიტები მიაჩნია – უყვება მოსწავლეებს თავის ისტორიას თბილისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, ბნელი 90-იანი წლებიდან ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქამდე, აჩვენებს ფოტოებს, რომლებზეც მსოფლიოს უდიდეს მეცნიერებთან ერთად არის აღბეჭდილი და თითოეულ მათგანს მომავალი წარმატების რწმენას უსახავს.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: