შინაური ცხოველები და ალერგია
გააზიარე:
ოთხფეხა მეგობრის შეძენა ბევრისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება, რადგან მათ ან მათი ოჯახის წევრებს ცხოველებზე ალერგია აქვთ.
ცხოველებზე ალერგიით მსოფლიოს მოსახლეობის 10-20% იტანჯება. მისი გამოვლენა უფრო სავარაუდოა, თუ ადამიანი გენეტიკურად არის განწყობილი ალერგიის ან ასთმის მიმართ.
ალერგიის წყაროდ შეიძლება იქცეს კატა, ძაღლი, კურდღელი, ზაზუნა, თუთიყუში. საინტერესოა, რომ კატებზე ალერგია ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ძაღლებზე.
ალერგია არის გაუკუღმართებული მგრძნობელობა განსაზღვრული ნივთიერებების მიმართ. ჩვენი იმუნური სისტემა განუწყვეტლივ ეძებს ჩვენი ორგანიზმისთვის უცხო, პოტენციურად მავნე მოლეკულებს – ანტიგენებს – და როგორც კი იპოვის, იწყებს დამცავი ცილების – ანტისხეულების, იმავე იმუნოგლობულინების წარმოქმნას.
სამწუხაროდ, ზოგჯერ იმუნური სისტემაც ცდება და ისეთ ნივთიერებებს ებრძვის, რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვთ. სწორედ ამას ვუწოდებთ ალერგიულ რეაქციას.
ალერგიული რეაქციის დროს გამომუშავებული ანტისხეულები, E იმუნოგლობულინები (IgE), მიემართებიან უჯრედებისკენ, საიდანაც ალერგიის სიმპტომების გამომწვევი ნივთიერებები გამოთავისუფლდება.
IgE-ს თითოეულ ტიპს სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს სხვადასხვა ალერგენის მიმართ, ამიტომ ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია მხოლოდ კატაზე (მათ მხოლოდ კატის ალერგენებისადმი სპეციფიკური IგE ანტისხეულები აქვთ), ზოგიერთს კი რამდენიმე ალერგენზე უვითარდება ალერგიული რეაქცია, რადგან მათ ორგანიზმში რამდენიმე ტიპის IgE წარმოიქმნება.
რა იწვევს
ბევრს ჰგონია, ალერგიას ცხოველის ბეწვი იწვევს. სინამდვილეში რა უწევს პროვოცირებას ალერგიულ რეაქციას?
ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს ცილებზე, რომლებიც ცხოველების ღვიძლსა და ეგზოკრინულ (საოფლე, სანერწყვე და სხვ.) ჯირკვლებში წარმოიქმნება. ეს ცილები დიდ და რთულ ჯგუფს მიეკუთვნება. მათი უმეტესობა ლიპოკალინების ოჯახში შედის. გამონაკლისია კატების მთავარი ალერგენი – Fel d 1, სეკრეტგლობინი, რომელსაც ყველა კატა აპროდუცირებს. ძაღლების მთავარი ალერგენია Can f 1. ის ლიპოკალინების ჯგუფის წარმომადგენელია და ძაღლების უმრავლესობას აქვს.
აღნიშნული ცილები არის ცხოველის კანში, შარდში, ნერწყვში, სისხლში, რძესა და ოფლში.
ცხოველის ალერგენები ყველაზე დიდი რაოდენობით გროვდება ხალიჩებზე, რბილ ავეჯზე, ტანსაცმელზე, ლეიბებზე, ფარდებზე. ადამიანის თვალებში, ცხვირის ღრუში, პირის ღრუში, კანზე მოხვედრისას ეს ნივთიერებები ალერგიის სიმპტომებს იწვევს.
პატრონის ტანსაცმლის საშუალებით ალერგენები შესაძლოა მოხვდეს ისეთ გარემოშიც, სადაც ცხოველი არ ყოფილა. ამ შემთხვევაში ალერგენების კონცენტრაცია, მართალია, დაბალია, მაგრამ ხშირად საკმარისი იმისთვის, რომ მგრძნობიარე პირებში ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
როგორ ვლინდება
ადამიანებს ალერგენების მიმართ სხვადასხვა დონის მგრძნობელობა აქვთ. ზოგთან ალერგიული რეაქცია მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, ზოგთან კი – უფრო მძიმედ. მნიშვნელოვანია ალერგენების ულუფაც. თუ ის პატარაა, სიმპტომები შეიძლება ცხოველთან კონტაქტიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს.
ალერგიის სიმპტომებია: ცემინება, სურდო, ხველა, თვალებისა და ცხვირის შეშუპება და ქავილი, თვალების სიწითლე. ასთმის მქონე პირებთან ამ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ტკივილი და შებოჭილობა გულმკერდის არეში. ცხოველების მიმართ ზემგრძნობიარე ზოგიერთ ადამიანს კანის ცვლილებებიც აღენიშნება, რასაც მედიცინაში ალერგიურ დერმატიტს ვუწოდებთ. ამ ტიპის დერმატიტი გამოიხატება კანის ანთებით, წითელი ლაქებით (ჭინჭრის ციება), ეგზემით, ქავილით.
უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები ბევრი სხვა ალერგენით (მაგალითად, მცენარის მტვრით, საყოფაცხოვრებო მტვრით) გამოწვეული რეაქციებისთვისაც არის დამახასიათებელი, ამიტომ ალერგიის ნიშნების გამოვლენისას არ შეიძლება სხვა ალეგენების ზემოქმედების გამორიცხვა. სურდო და ხველა კი ვირუსული ინფექციის ტიპური ნიშნებია, ამიტომ ზოგჯერ ძნელი გასარკვევია, სასუნთქი გზების ინფექცია აქვს ადამიანს თუ ალერგია, მაგრამ თუ სიმპტომები ორ კვირაზე მეტია გრძელდება, უფრო მეტად სავარაუდოა ალერგია.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ალერგიის დიაგნოსტირებისთვის ექიმი ეყრდნობა კანის პრიკ-ტესტის შედეგს. კანის სინჯი ტარდება ასე: კანზე (როგორც წესი, წინამხარზე, უფრო იშვიათად – ზურგზე) აწვეთებენ ცხოველის ალერგენის ხსნარს, მერე კი წვეთის ქვეშ კანს ოდნავ ჩხვლეტენ. პასუხის მისაღებად საჭიროა 15 წუთი. თუ ალერგიული ხართ, ალერგენთან კონტაქტის ადგილი გაწითლდება და აგექავებათ (ესე იგი ტესტი დადებითია). სიწითლე და ქავილი, ჩვეულებრივ, 30 წუთში ქრება.
თუ რაიმე მიზეზით, მაგალითად, კანის დაავადების გამო, ამ ტესტის ჩატარება ვერ მოხერხდა, კეთდება სისხლის ანალიზი, რომლითაც მოწმდება სისხლში ალერგენსპეციფიკური ანტისხეულების რაოდენობა.
“ჰიპოალერგენული” ცხოველები
სფინქსი, კატის უბეწვო ჯიში, ბოლო ხანს საქართველოშიც მომრავლდა. ამასთან ერთად, გავრცელდა მითი, თითქოს ის ალერგიულ რეაქციას არ იწვევს.
მართლა ასეა? საზოგადოდ, არსებობს “ჰიპოალერგენული” ცხოველები?
გავიხსენოთ ალერგიული რეაქციის მექანიზმი: კატა ბეწვს ენით ისუფთავებს; ამ დროს ნერწყვი და კანის ცხიმი ბეწვს ეკვრის. ალერგიას სწორედ ასეთი ბეწვი იწვევს. ვინაიდან სფინქსს ბეწვი არ სცვივა, ბუნებრივია, მისი ალერგენებიც ნაკლებად ხვდება გარემოში.
მიუხედავად ამისა, სფინქსს ჰიპოალერგენულ ჯიშს ვერ ვუწოდებთ, რადგან ალერგენები ამ ჯიშის კატების ნერწყვსა და კანის ჩამოფქცვნილ უჯრედებშიც მოიპოვება.
ნებისმიერი ჯიშის კატა შეიძლება აღმოჩნდეს ალერგიის მაპროვოცირებელი. ჰიპოალერგენული შინაური ცხოველი არ არსებობს.
როგორ მოვიქცეთ
თუ იცით, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია გაქვთ ცხოველებზე, მაგრამ ოთხფეხა მეგობრის შეძენა მაინც გადაწყვიტეთ, მის შინ მიყვანამდე გაესაუბრეთ ალერგოლოგს. ის გასწავლით, როგორ მოიქცეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოთ სხვას თუ საკუთარ თავს.
რა ვქნათ, თუ სახლში ცხოველი უკვე გვყავს და ჩვენ ან ჩვენი ოჯახის წევრს მოულოდნელად ალერგია დაგვიდგინეს?
შინაური ცხოველი ბევრს ოჯახის წევრად მიაჩნია და მის გაჩუქებაზე ფიქრიც არ უნდა.
არსებობს თუ არა სხვა გზა?
თუ არ შეგიძლიათ ან არ გსურთ, ცხოველთან კონტაქტს თავი აარიდოთ, არსებობს მედიკამენტები ალერგიის სამართავად და სიმპტომების შესამსუბუქებლად: ანტიჰისტამინები, კორტიკოსტეროიდები, დეკონგესტანტები, ლეიკოტრიენების რეცეპტორის ანტაგონისტები და სხვა.
ბევრისთვის მკურნალობის ყველაზე მისაღები მეთოდია იმუნოთერაპია, რადგან ის გრძელვადიან ეფექტს იძლევა. იმუნოთერაპია გულისხმობს ალერგენის ინექციას სხეულში. აცრები ერთ-ორ კვირაში ერთხელ ტარდება. 4-6 თვის შემდეგ მკურნალი ექიმი შესაყვანი ალერგენის ულუფას ზრდის. შემანარჩუნებელი დოზა კეთდება ოთხ კვირაში ერთხელ. მთელი ეს პროცესი 3-5 წლამდე გრძელდება. ალერგენთან მუდმივი კონტაქტი ერთგვარად ავარჯიშებს იმუნურ სისტემას და უფრო მედეგს ხდის ალერგენის მიმართ, რომელსაც შეიძლება ყოფით გარემოში შეხვდეს.
იმუნოთერაპია ინიშნება, თუ მკურნალობის სხვა მეთოდებმა არ გაამართლა.
პრაქტიკული რჩევები
ვიდრე ალერგოლოგთან კონსულტაციას გაივლიდეთ და ალერგიის მკურნალობის გზებზე შეთანხმდებოდეთ, შეასრულეთ შემდეგი რჩევები:
* მოარიდეთ შინაური ცხოველი თქვენს საწოლ ოთახს. ოთახის კარი ყოველთვის დახურული გქონდეთ.
* თავი შეიკავეთ ცხოველების ჩახუტებისგან, მოფერებისგან, კოცნისგან.
* მოუსვით მტვერსასრუტი მიკროფილტრით, დაამონტაჟეთ ჰაერის ფილტრები, რათა სახლი რაც შეიძლება მეტი ალერგენისგან გაწმინდოთ.
* აიღეთ ხალიჩები, ვინაიდან ისინი ადვილად იჭერენ და ინახავენ ცხოველთა ალერგენებს.
* სთხოვეთ ვინმეს, ვისაც არ აქვს ალერგია, ყოველდღე დავარცხნოს თქვენი ცხოველი ღია სივრცეში (ეზოში ან აივანზე).
* ცხოველთან კონტაქტის შემდეგ მიიღეთ შხაპი და გამოიცვალეთ ტანსაცმელი.
არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ალერგია თავისთავად ალაგდება. მეტიც – დროთა განმავლობაში ის შესაძლოა უფრო მეტად დამძიმდეს. ასე რომ, ნუ უგულებელყოფთ შინაურ ცხოველზე ალერგიის ნიშნებს. ეწვიეთ ექიმს და დროულად იპოვეთ გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად.
მერი ხვედელიძე