როგორ მოვიშოროთ ქერტლი

გააზიარე:

ქერტლი მაშინაც კი შეიძლება გაჩნდეს, როცა თმის მოსავლელად არაფერს იშურებ. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები მის ერთხელ და სამუდამოდ გაქრობას გვპირდებიან, მაგრამ მოლოდინი ყოველთვის არ მართლდება. მაშ, რას ვაკეთებთ არასწორად?

მოდი, გავიგოთ, როგორ ჩნდება ქერტლი, რა საშუალებებით ვებრძოლოთ მას და როდის მივმართოთ ექიმს.

რა არის

ქერტლის წარმოქმნა უწყვეტი პროცესია. ეპიდერმისი, კანის ზედა შრე, რამდენიმე ფენად განლაგებული უჯრედებისგან შედგება. უჯრედები განუწყვეტლივ მიგრირებენ შიგნიდან გარეთ, საბოლოოდ კი იხოცებიან და ცვივიან, მათ ადგილს კი ახლები იკავებენ.

როცა კანის განახლების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ის თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ ზოგჯერ ჩვეულებრივზე მეტი უჯრედი კვდება და ჩამოიფქცვნება ან ჩამოფცქვნილი უჯრედები ერთად გროვდებიან. სწორედ ამ დროს ჩნდება ქერტლი.

მშრალი და ცხიმიანი

ქერტლი ორნაირია: მშრალი და ცხიმიანი.

მშრალი ქერტლი თეთრია. მას ძირითადად თავის კანის სიმშრალე იწვევს, რასაც შესაძლოა ხელი შეუწყოს:

* არახელსაყრელმა კლიმატმა – ცხელმა და მშრალმა ჰაერმა (ზამთარში – გამათბობლის გამო);

* არასწორმა მოვლამ, მაგალითად, აგრესიული შამპუნით ბანამ, ძალიან ცხელი ჰაერით გაშრობამ;

* ჰორმონულმა პრობლემებმა (ხშირად ქერტლი თან ახლავს მენოპაუზას).

გარდა ამისა, ქერტლს აჩენს კანის ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, თავის თმიანი მიდამოს ფსორიაზი ან ატოპიური ეგზემა.

ქერტლი შესაძლოა კონტაქტურმა ალერგიამაც გამოიწვიოს. მაგალითად, თავის მოვლის ან კოსმეტიკური საშუალებების ზოგიერთ ინგრედიენტზე ზოგიერთის ორგანიზმი ქავილით ან ქერტლით რეაგირებს.

ცხიმიანი ქერტლის გაჩენისკენ მიდრეკილება აქვთ ცხიმიანი თავის კანის მქონე ადამიანებს. ამ დროს ქერტლის ელემენტები შედარებით დიდი ზომისაა, ვიდრე მშრალი ქერტლის შემთხვევაში, რადგან ჩამონაფქცვენი წებოვანია და ერთმანეთს ეკვრის.

მოყვითალო ქერტლით და ქავილით ვლინდება კანის გავრცელებული დაავადება – სებორეული ეგზემა.

ცხიმიანი ქერტლი ხშირია ჰორმონული ცვლილებების დროსაც, განსაკუთრებით – სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მაგრამ უმეტესად მას მაინც სოკო Mალასსეზია ფურფურ-ი აჩენს. ეს სოკო კანის ნორმალური ფლორის ნაწილია, მაგრამ თუ გარემო შეიცვალა, მაგალითად, კანის მჟავატუტოვანი ბალანსი დაირღვა და ტუტოვანისკენ გადაიხარა, ის სწრაფად მრავლდება და ცხიმს აგრესიულ ცხიმოვან მჟავებად გარდაქმნის. ეს მჟავები აღიზიანებს თავის კანს, რასაც ორგანიზმი უჯრედების უფრო ინტენსიური განახლებით პასუხობს. სიწითლე, ქავილი და ქერტლი მისი ტიპიური სიმპტომებია, რთულ შემთხვევებში კი დაკაწრულ ადგილებში შესაძლოა ბაქტერიებიც გამრავლდეს.

ცხიმის გამომუშავებას ხელს უწყობს მაღალი ტენიანობაც. მეორე მხრივ, მზისა და მარილიანი ჰაერის კომბინაცია ამ პროცესს აფერხებს. ასე რომ, ზღვის კურორტზე ქერტლის წარმოქმნამ შესაძლოა იკლოს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქერტლისადმი მიდრეკილებას შესაძლოა მემკვიდრეობითი ბუნება ჰქონდეს.

ქერტლის გაჩენას ხელს უწყობს სტრესიც. ის გავლენას ახდენს კანის მეტაბოლიზმზე, ხოლო როცა კანის დამცავი ბარიერი ირღვევა, როგორც გითხარით, მრავლდება სოკო, რამაც შესაძლოა ქერტლი გამოიწვიოს.

ვებრძვით მშრალ ქერტლს

თუ დაადგინეთ, რომ ქერტლი თავის კანის სიმშრალის შედეგია, ნუ გამოიყენებთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს – ის უფრო მეტად გამოაშრობს კანს და შემსუბუქების ნაცვლად დაამძიმებს მდგომარეობას.

სპეციალისტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ რბილი შამპუნი, რომელიც მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის არის განკუთვნილი და არა ჩვეულებრივი, რომელიც ცხიმს აშორებს.

თავის კანი შესაძლოა გააღიზიანოს ხისტმა ონკანის წყალმა, გამოაშროს ალკოჰოლის შემცველმა ნაყენმა. პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს მინოქსიდილიც –ნივთიერება, რომელიც თმის ცვენის საწინააღმდეგო მრავალი შამპუნის შემადგენლობაში შედის.

მშრალი ქერტლის დროს კარგია დამატენიანებელი ნიღბები. სპეციალისტები ღამით ეგრეთ წოდებული “ზეთის ქუდის” გაკეთებას გვირჩევენ: რამდენიმე წვეთი ზეითუნის, მზესუმზირას, სეზამის ან ჟოჟობას ზეთი თავის კანში შეიზილეთ, დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, ეს პროცედურა სამ კვირაში ერთხელ გაიმეოროთ.

თმა უმჯობესია რბილი ბუნებრივი ჯაგრისით დაივარცხნოთ, დაბანისას კი ნაზად შეიზილოთ შამპუნი. ასეთი ბუნებრივი მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას.

ცხიმიანი ქერტლის მოსაშორებლად

ცხიმიანი ქერტლის დროს კარგია ქერტლის საწინააღმდეგო სპეციალური შამპუნი. ის აშორებს ზედმეტ ცხიმს და სოკოს საწინააღმდეგო კომპონენტსაც შეიცავს. თუ ბევრი ქერტლი გაქვთ, შამპუნი კვირაში სამჯერ გამოიყენეთ. ორ-სამ კვირაში ქერტლი უნდა შემცირდეს, ამის შემდეგ მიზანშეწონილია შამპუნის ორ კვირაში ერთხელ, მოგვიანებით კი თვეში ერთხელ გამოყენება, ვიდრე ქერტლი მთლიანად არ გაქრება.

თუ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილ შამპუნს იყენებთ, ყურადღებით იყავით, მანკიერი წრე არ შეიკრას: ასეთმა შამპუნმა შესაძლოა ძლიერ გამოაშროს კანი, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო მეტ გააქტიურებას გამოიწვევს. სპეციალისტები გვირჩევენ, დროდადრო მას ჩვეულებრივი შამპუნი შევუნაცვლოთ.

ცხიმის გამომუშავებას არეგულირებს და მატონიზებელი ეფექტი აქვს მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებულ სავლებს. განსაკუთრებით ეფექტურია ქონდრის, სალბის, თავყვითელას, ჭინჭრის სავლები.

სავლების მომზადების წესი:

მცენარის გამხმარ ფოთლებს ადუღებული წყალი დაასხით და 15 წუთი გააჩერეთ. შეგიძლიათ, გაგრილებისთანავე გადაივლოთ თავზე.

ცხიმის გამომუშავებას ასევე არეგულირებს მატონიზებელი მცენარეული ზეთებით რეგულარული მკურნალობა. საუკეთესოა ქონდრის, ოროვანდის ფესვისა და ჩაის ხის ზეთები. შეიზილეთ 2-3 წვეთი თმის ძირებში და დაიტოვეთ მთელი ღამით, დილით კი რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ცხიმიან ქერტლთან ბრძოლაში დაგეხმარებათ სამკურნალო მიწის პილინგიც. შეურიეთ ის ქონდრის ან ჭინჭრის ნაყენს, წაისვით თმის ძირებში და ნაზად შეიზილეთ კანში. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

ქერტლის დროს კარგია ჰამამელისის ექსტრაქტი და ვარდის წყალიც – ისინიც თმის ძირებში უნდა შეიზილოთ. ეფექტიანია ვაშლის ძმარიც – გადაივლეთ თმაზე ერთი ჭიქა ძმრისა და ერთი ჭიქა წყლის ნარევი.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ქერტლი მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა, მისი შემცირება შეიძლება თმის სათანადო მოვლით (მაგალითად, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით) და ჯანსაღი კვებით. მოვლის რეჟიმისა და დიეტის სათანადო ცვლილების შემდეგ მდგომარეობა 4-6 კვირაში უნდა გაუმჯობესდეს.

დერმატოლოგს უნდა მიმართოთ, როცა:

* ექვს კვირაზე მეტია გაქვთ ქერტლი ან ის ქრება და განსაზღვრული პერიოდის შემდეგ ხელახლა ჩნდება;

* გაწუხებთ ძლიერი ქავილი, სიწითლე, წვის შეგრძნება ან თავის კანის შეშუპება;

* ქერტლს თან ახლავს თმის გაძლიერებული ცვენა;

* გაქვთ გარქოვანებული ადგილები თავის კანზე.

შევაჯამოთ

* სწორად გამოიყენეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი. ამ ტიპის საშუალებები ხელს უშლის ქერტლის ხელახალ წარმოქმნას, თუმცა ხშირად შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო აგენტს, მაგალითად, თუთიის პირითიონს, ამიტომ მათი ყოველდღიური ან ხანგრძლივი მოხმარება, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული.

* ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნმა შედეგი რომ გამოიღოს, მოქმედება უნდა აცადოთ – ერთი-ორი წუთი გაიჩეროთ და მერე ჩამოიბანოთ.

* თუ მშრალი თავის კანი გაქვთ, თავს ყოველდღე ნუ დაიბანთ. შამპუნით დაბანის შემდეგ თმა კარგად ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. ნუ გამოიყენებთ ფენს, უკიდურეს შემთხვევაში, ეცადეთ, ჰაერის მეტისმეტად ცხელი ჭავლით არ გაიშროთ. გამოიყენეთ რბილი შამპუნი, რომელიც განკუთვნილია მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის.

* თავის ყოველდღიური ბანა, ცხელი ჰაერით შრობა და სპეციალური შამპუნის ხანგრძლივი გამოყენება ცხიმიანი თავის კანის შემთხვევაშიც არასასურველია.

* ნუ გამოიყენებთ თმის მოვლის ნაირ-ნაირ საშუალებას – კონდიციონერს, მუსს, ლაქს, თმის გელს, ზეთს და ა.შ., თორემ კანი უფრო მეტად გაღიზიანდება.

* მზის ჭარბი სხივები არა მარტო თმას, არამედ კანსაც აზიანებს, ამიტომ გირჩევთ, მზის აბაზანების მიღებისას თმა თხელი თავსაბურავით დაიფაროთ.

* ყურადღება მიაქციეთ კვებას. ალკოჰოლი, თეთრი ფქვილი, შაქარი და ყავა კანს არ უხდება. ზედმეტად ცხიმიან საკვებსაც ერიდეთ. ნაცვლად ამისა, გაიმდიდრეთ მენიუ A, E და B7 ვიტამინებით მდიდარი საკვებით.

* დაბანისას თავის კანს ძლიერად ნუ გაიხეხავთ – კანი გაღიზიანდება, შესაძლოა, დაიკაწროს კიდეც, ნაკაწრებიდან კი მასში ადვილად შეიჭრება მიკროორგანიზმები.

* დაბანამდე თმა დაივარცხნეთ – ქერტლი უფრო ადვილად ჩამოცვივდება.

* ხშირად რეცხეთ სავარცხელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქერტლი გაქვთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: