წარბების მაკიაჟი
გააზიარე:
წარბები არა მარტო თვალებს გამოკვეთს, არამედ ინდივიდუალურ გამომეტყველებას და ჰარმონიულ სიმეტრიასაც ანიჭებს სახეს, ამიტომ წარბების მაკიაჟი ბევრისთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილია, თუმცა თავად პროცესი არც ისე მარტივია, რადგან წარბები ძალიან ადვილად კარგავს ბუნებრიობას.
მაკიაჟის პროცესის გასაადვილებლად თავი მოვუყარეთ ვიზაჟისტთა რჩევებს, რომლებსაც ქვემოთ გაგიზიარებთ.
წარბების გასასქელებლად, დასაგრძელებლად და ფორმის მისაცემად უამრავი საშუალება არსებობს. სილამაზის ინდუსტრია ჟელესთან, ფანქარსა და პუდრთან ერთად მიკრობლეიდინგსაც სთავაზობს მომხმარებელს.
მაინც რა გვჭირდება წარბების მაკიაჟისთვის? რა და რა ტექნიკა არსებობს და რომელი მათგანი შეგვეფერება?
ფანქარი
წარბის ფანქარი ერთ-ერთი ფავორიტია წარბების მაკიაჟისთვის განკუთვნილ პროდუქტებს შორის. მისი საშუალებით შესაძლებელია ძალიან წვრილი შტრიხების გავლება, რაც თმის ღერის იმიტაციას ქმნის. ასე რომ, თუ მეჩხერი წარბების გახშირება გინდათ, ფანქარს გირჩევთ.
თუ ცოტა დრო გაქვთ მაკიაჟის გასაკეთებლად ან გზაში ხართ, – მაგალითად, ავტობუსში, – ფანქარი ძალიან მოხერხებულია, რადგან მის გადასმას ბევრი დრო არ სჭირდება, თანაც ძალიან მსუბუქია, არც დიდ ადგილს იკავებს ჩანთაში და მალეც არ შრება.
ბუნებრივი იერისთვის რაც შეიძლება წვრილი ხაზები უნდა გაავლოთ და თმის ღერებს მიამსგავსოთ, ამისთვის კი საჭიროა, ფანქარი კარგად იყოს წაწვეტებული.
კონსისტენციის მიხედვით ფანქრების არჩევანი ასეთია: მყარი, კრემისებური, თხევადი. ეს უკანასკნელი შესანიშნავია ცალკეული ღერების დასახატავად, ოღონდ არა დამწყებთათვის. გირჩევთ, ჯერ ხელი კარგად გაივარჯიშოთ. ამისთვის მყარი ფანქრით დაიწყეთ. მას შედარებით სუსტი პიგმენტი აქვს და პიგმენტაციისთვის დრო სჭირდება. ნურც ის შეგაშინებთ, თუ ცოტა ზედმეტი მოგივიდათ – დაივარცხნით და ყველაფერი მოგვარდება. თხევად და ცვილისებრ ფანქრებს კი, პირიქით, ძლიერი პიგმენტი აქვთ, ამიტომ შესაძლოა, თქვენი წარბები ადვილად დაემსგავსონ მორებს.
პუდრი
პუდრი ძალიან ჰგავს ფანქარს: აქვს ბუნებრივი ფაქტურა, ავსებს ხარვეზებს, მისი მეშვეობით შესაძლებელია წარბის ფორმის გამოკვეთა ან შეცვლა, ფერის გამყარება, მაგრამ თუ მეტისმეტად მეჩხერი წარბები გაქვთ, შესაძლოა ჩამოცვივდეს, განსაკუთრებით – თუ ზედმეტი მოგივიდათ, ამიტომ ვიზაჟისტები გვირჩევენ, თავიდან ოდნავ ნაკლები წავისვათ – დამატება ყოველთვის შეიძლება. თუ თქვენი წარბისთვის შესაფერისს ვერ იპოვით, რადგან პალიტრაში უმეტესად ორი ან სამი ფერი შედის, სასურველი ფერის მისაღებად შეგიძლიათ თვალის ჩრდილი შეურიოთ.
პუდრი საუკეთესოა თხელი და ნაზი ღერებისთვის. მის წასასმელად, რა თქმა უნდა, ფუნჯი დაგჭირდებათ. თუ ის პალიტრაში ვერ აღმოაჩინეთ, ცალკე შეძენა მოგიწევთ.
წარბებისთვის იდეალურია თხელი, წაკვეთილი ფუნჯი ოდნავ უხეში ბეწვით. პუდრით თმის ცალკეულ ღერებს ვერ დაიხატავთ, თუმცა თმის ქვეშ კანის პუდრით დამუშავებაც ბუნებრივ ელფერს სძენს წარბებს.
ფერის სწორად შესარჩევად თავდაპირველად ცოტაოდენი პუდრი დაიტანეთ. თუ ის კარგად შეეხამა თქვენი კანისა და თმის ფერს, ნელ-ნელა გაამუქეთ.
მართალია, პუდრი არც ისე მოხერხებულია გზაში მაკიაჟის გასაკეთებლად, მაგრამ შესანიშნავია, თუ ამ საქმისთვის სახლში ორ-სამ წუთს მოიტოვებთ. მისი ღირსება კიდევ ის არის, რომ ფხვნილი მეტხანს გაგიძლებთ, ვიდრე კრემი ან თხევადი პროდუქტი.
ტუში
ტუში მცენარეული ბოჭკოებით ახშირებს წარბებს. ის შეგიძლიათ რამდენიმე ფენადაც წაისვათ – არ შეწებდება და არ აიქერცლება. ტუში ერთი მხრივ ღებავს და ავსებს წარბს, მეორე მხრივ კი კარგად აფიქსირებს ღერებს, რაც იმის საწინდარია, რომ მაკიაჟს დიდხანს შეინარჩუნებთ.
პომადა
წარბების მაკიაჟისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტია პომადა. მასში უფრო მეტი პიგმენტია, ვიდრე პუდრსა და ფანქარში და საუკეთესოდ ფარავს მეჩხერ ადგილებს, თუმცა შესაძლოა, წარბები ნაკლებად ბუნებრივი გამოჩნდეს. ვერც მაკიაჟის დროს დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებთ ისე ადვილად, როგორც პუდრის ან ფანქრის შემთხვევაში, ამიტომ თავიდანვე პომადით ნუ დაიწყებთ.
პომადა უმეტესად წყალგამძლეა. ამასთან, როგორც ყველა თხევადი ან კრემისებრი პროდუქტი, სწრაფად შრება, ამიტომ შენახვამდე ყოველთვის შეამოწმეთ, თავსახური მჭიდროდ ახურავს თუ არა.
ჟელე
დამწყებთათვის საუკეთესოა წარბების ჟელე. ის ადვილი გამოსაყენებელია, სწრაფი და არც საბაზისო ცოდნას მოითხოვს. საკმარისია, ფუნჯით გადაისვათ წარბებზე, თმის ზრდის მიმართულებით, და ზემოთ აივარცხნოთ.
ჟელე სხვადასხვა ფერისაა, მაგალითად, ქერა, შავგვრემანი და მოწითალო წარბებისთვის, მაგრამ გვხვდება უფეროც. გამჭვირვალე ჟელე საუკეთესოა, თუ ბუნებრივი გარეგნობა გიყვართ, გაქვთ სქელი და დაუმორჩილებელი წარბები და გსურთ, მათ მთელი დღით შეუნარჩუნოთ ფორმა.
ჟელე ღერებს ასწორებს, სასურველ მიმართულებას აძლევს და კარგად აფიქსირებს. განსაკუთრებული ოსტატობა არც მის თანაბარ განაწილებას სჭირდება, უბრალოდ დაივარცხნით და წარბები მთელი დღე ფორმაშია.
შეფერილი ჟელე იდეალურია მათთვის, ვისაც თხელი ან ოდნავ მეჩხერი წარბები აქვს. ოდნავ შეფერილი გელით შესაძლებელია წარბის ის შევსება და გადიდება, რომ ბუნებრივი იერი არ დაკარგოს.
საღებავი
თუ წარბის ფერის შეცვლა გინდათ (მაგალითად, ჭაღარის გამო), სპეციალური წარბის საღებავით ისარგებლეთ. მისი გამოყენება ძალიან ადვილია: უკვე შეზავებული პასტა წარბებზე გადაისვით, გაიჩერეთ ინსტრუქციაზე მითითებული დროის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. ძლებს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე.
პერმანენტული მაკიაჟი
თუ გსურთ, წარბები ყოველთვის მოწესრიგებული გქონდეთ, მაგრამ ყოველდღიური მაკიაჟისთვის არც დრო გაქვთ და არც განწყობა, საუკეთესო არჩევანია წარბების ღეროვანი ტატუირება, იგივე მიკრობლეიდინგი.
მიკრობლეიდინგი პერმანენტული მაკიაჟის ალტერნატიული მეთოდია. ის უმთავრესად წარბებზე თმის ღერების დასახატავად გამოიყენება. მინერალური ან მცენარეული პიგმენტი პატარა შტრიხებად შეჰყავთ ეპიდერმისის ზედა შრეში , რაც ახშირებს და ასქელებს წარბებს, შესაძლებელს ხდის მათთვის ფორმის რადიკალურად შეცვლას, ასიმეტრიის გასწორებას, ამ ზონაში არსებული ნაწიბურებისა და დეფექტების დაფარვას. შედეგი იმდენად ბუნებრივია, რომ დახატულ ღერს ნამდვილისგან ვერც კი გაარჩევთ. პროცედურის ხანგრძლივობა საკორექციო წარბის სირთულეზეა დამოკიდებული, საშUალოდ კი 1-2 საათამდეა.
ძნელია, ზუსტად ითქვას, რამდენ ხანს გაძლებს ტატუ, რადგან ყოველი ადამიანის ნივთიერებათა ცვლა ინდივიდუალურია. საშუალოდ 10-18 თვე უნდა ივარაუდოთ.
სასარგებლო რჩევები
* მაკიაჟის გაკეთებამდე წარბები ფორმაში უნდა მოიყვანოთ, საორიენტაციოდ კი სახის ფორმა აიღოთ. მაგალითად, მრგვალ სახეს ყველაზე მეტად უხდება ოდნავ მომრგვალებული წარბები ღრმა კუთხით, კუთხოვანს – მომრგვალებული რკალით, მოგრძოს – სწორი, გულის ფორმისას – ოდნავ აწეული პატარა კუთხით, ოვალური კი თითქმის ყოველგვარი ფორმის წარბს იხდენს.
* ოპტიმალური ფორმის განსაზღვრის შემდეგ დაიწყეთ მაკიაჟის გაკეთება და, უპირველეს ყოვლისა, შეარჩიეთ ფერი. ის თქვენი თმის ბუნებრივ ფერს უნდა უახლოვდებოდეს. ზედმეტად მუქი მკაცრ და ხელოვნურ იერს მოგცემთ, ხოლო ზედმეტად ღია ძნელი შესამჩნევი იქნება. უმჯობესია, თმაზე ერთი ტონით ბაცი ფერი შეარჩოთ, თუმცა ზოგ შემთხვევაში ერთი ტონით მუქსაც მოიხდენთ, მაგალითად, საღამოს მაკიაჟის დროს.
* მნიშვნელოვანია ცივი და თბილი ფერების სწორად შერჩევაც. თუ შავი თმა გაქვთ მოწითალო ან მოოქროსფრო ელფერით, თბილი ტონები გამოიყენეთ: “ესპრესო”, “შოკოლადი”, “თბილი ყავისფერი”; თუ მუქი ყავისფერი ან მუქი შავი – შეარჩიეთ ყავისფერი ნაცრისფერი ელფერით ან მუქი ნაცრისფერი. თუ ბაცი ყავისფერი თმა გაქვთ მოწითალო ელფერის გარეშე, მოსინჯეთ ნაცრისფერი ან ნაცრისფერი ქერა.
* უპირველეს ყოვლისა, წარბები სპეციალური ჯაგრისით ზემოთ აივარცხნეთ. ეს სისავსის ეფექტს შექმნის და უკეთ გამოაჩენს მეჩხერ ადგილებს.
* წარბის შევსება შუა ნაწილიდან დაიწყეთ – წინა მხარე ხშირად უფრო ხშირია, შესაძლოა, ზედმეტად გაგიმუქდეთ და არაბუნებრივი იერი მიიღოს.
* მსუბუქად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გაავლეთ შტრიხები მეჩხერ ადგილებში. შტრიხები უმჯობესია წვრილი და მოკლე იყოს, ვიდრე გრძელი და სქელი.
* დროდადრო ნაზად აივარცხნეთ წარბები ზევით, რათა საღებავი კარგად განაწილდეს და კონტურები გაბაცდეს.
* ბოლოს დასაფიქსირებლად უფერო ჟელე გადაისვით.
* ზაფხულში წყალგამძლე პროდუქტი შეარჩიეთ, ოფლმა და აუზის წყალმა რომ არ ჩამორეცხოს.
ჯილდა გაჩეჩილაძე