გვანცა ზადიშვილი: დასახულ მიზნებს არასოდეს ვღალატობ

გააზიარე:

საქართველოს პარამოფარიკავეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. გვანცა ზადიშვილს, ნაკრების წევრს, ამ წარმატებაში არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის, ხოლო როგორც ინდივიდუალური მოასპარეზე, ის 2020-2021 წლის მსოფლიო თასის ვერცხლის მედლის მფლობელია.

ალბათ შეხვედრიხართ ადამიანს, რომელიც ხასიათის სიმტკიცით და აუხსნელი შინაგანი ძალით თავისდა უნებურად გაოცებთ. სწორედ ასეთია გვანცა – მიზანდასახული, მებრძოლი, მაქსიმალისტი... საკუთარი წარმატებით არასოდეს არის კმაყოფილი – უფრო დიდი სიმაღლეებისკენ მიიწევს დაუღალავად.

– წლების წინ, როცა პირველად ვუყურე ნაკრების გოგონების ფარიკაობას, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იმავეს შევძლებდი, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, მთელ ჩემს ძალას, ენერგიას, გონებას მიზნისკენ მივმართავ ხოლმე. ეს თვისება ბავშვობიდან მომყვება.

გამოგვიტყდა, რომ ბავშვობიდან კიდევ ბევრი თვისება გამოიყოლა: გამორჩეულად ჯიუტია, უფროსი ასაკის ადამიანებთან მეგობრობა მოსწონს, დღესაც ისევე გიჟდება ფეხბურთსა და კალათბურთზე, როგორც წლების წინ (ამის გამო მეზობლის გოგონები “ბუნების შეცდომასაც” კი ეძახდნენ, თუმცა “მასწავლებლობანას” თამაშიც უყვარდა, ასე რომ, გოგონებთანაც პოულობდა საერთო ენას).

მოსწონს, როდესაც თავად იღებს გადაწყვეტილებას – ეს თვისებაც მცირე ასაკიდან მოჰყვება. ერთხელ თურმე საბავშვო ბაღიდან გაიპარა და შინ მარტო დაბრუნდა. დედას გული გაუსკდა, ბაღში მასწავლებლებისთვის მიბარებული თითისტოლა გოგო ზღურბლზე რომ დაინახა... დღეს ამ ამბავს გვანცა სიცილით იხსენებს.

პროფესიაც დამოუკიდებლად აირჩია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე უნდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ზოგჯერ არჩევანს ბედისწერა ცვლის...

თავად ინტერნეტი არ ჰქონდა, ამიტომ საუნივერსიტეტო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდები მის მაგივრად მეგობარმა შეიყვანა და – დღემდე არ იცის, როგორ – ტექნიკურ უნივერსიტეტში, გეოლოგიის ფაკულტეტზე აღმოჩნდა. გადაირია, შეიცხადა, თუმცა ლექციებმა თანდათან დააინტერესა, ხოლო როდესაც სემესტრის ბოლოს სასწავლო-გაცნობით ტურზე წაიყვანეს ბათუმში, საბოლოოდ მოიხიბლა, მიხვდა, რომ შეცდომამ ნამდვილი მისწრაფება აპოვნინა. მაგისტრატურაშიც ჩააბარა და სადოქტორო ნაშრომისთვის მასალების შეგროვებას შეუდგა, მაგრამ ცხოვრებამ ისევ თავად უცვალა გეზი.

გვანცა მამიდასთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. უეცრად ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა და ერთი მათგანი ინერციით დიდი სიჩქარით წავიდა მათკენ...

მამიდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ოცდაორი წლის გოგონა კი სხეულზე უამრავი დაზიანებით სიკვდილს ებრძოდა. ათი დღე უგონოდ იყო – აპარატი ასულდგმულებდა. ორი კვირა რეანიმაციის განყოფილებაში იწვა, მერე კი რამდენიმე თვე შინ, საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა. ორივე ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული და სპეციალურ პლატფორმაზე დამაგრებული. ოთხი თვის შემდეგ, როგორც იქნა, დადგა ნანატრი დღე და ტრავმატოლოგმა წამოდგომის ნება დართო. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ მენჯ-ბარძაყისა და კოჭის არეში მძიმე ტრავმების შედეგად მარჯვენა ფეხი დამოკლებოდა:

– ასეთი ამბის მიღება იოლი არ არის. მეც მძაფრად განვიცადე – ტირილით, ისტერიკით... თუმცა მალევე მივხვდი, ახალი ცხოვრება ახლებურად უნდა გამეგრძელებინა, იმ გზას უნდა გავყოლოდი, რომელზეც აღმოვჩნდი.

ადამიანი ძლიერი არ იბადება, ცხოვრებისეული გამოცდები აკაჟებს. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ავარიამდე ერთი წლით ადრე მამა გარდამეცვალა და მგონია, რომ იმ ტკივილის გამოვლამ მორიგ დარტყმასთან გამკლავება გამიადვილა.

მაშველი რგოლი

– ვცდილობდი, ძლიერი ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც ვიძირებოდი. პარასპორტის განვითარების ცენტრი ჩემთვის მაშველ რგოლად იქცა. ფარიკაობამ შესაძლებლობა მომცა, თავი ამაყად ამეწია, რადგან, მიუხედავად დეფექტისა, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მომწონს, ვასახელებ ჩემს ქვეყანას. ამ ყველაფერმა თავდაჯერება შემმატა.

– როგორ მოხვდი სპორტში?

– ექიმთან ვიყავი ჩაწერილი და ადრე მოივიდა მისვლა. უეცრად დერეფნიდან ჯახაჯუხი შემომესმა. დავინტერესდი, მივყევი ხმას და მოფარიკავეები დავინახე. მწვრთნელმა, მალხაზ მესხმა, ეტლში მჯდომი რომ დამინახა, მომიახლოვდა და მკითხა, რა დაზიანება გაქვსო. შეიძლება ითქვას, რომ იმ დღიდან პარამოფარიკავე ვარ. ისე მომნუსხა სანახაობამ, სხვაგვარი მომავალი ვეღარც კი წარმომედგინა.

– ჰიდროგეოლოგობაზე საბოლოოდ თქვი უარი?

– ვარჯიში და სწავლა ერთმანეთს ვერ შევუთავსე, ამიტომ პრიორიტეტების განაწილება მომიხდა. მაგრამ, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ისევ დავუბრუნდები პროფესიას, რომელმაც ერთ დროს ასე ამანთო, ამიტაცა, მომხიბლა. საქმე ის არის, რომ დასახულ მიზნებს არასოდეს ვღალატობ. თანაც მახსოვს ავარიის შემდეგ ჩემი უნივერსიტეტის, ლექტორების, თანაკურსელების წარმოუდგენელი მხარდაჭერა.

შეგნებული არჩევანი

– უკვე შემიძლია, ხელოვნური სახსრის იმპლანტაცია ჩავიტარო, მაგრამ ამ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსს დავკარგავ. დავფიქრდი და პარასპორტი ავირჩიე. იმას, რაც დღეს ფარიკაობის წყალობით მაქვს, ვერაფერი გადამიწონის. ვერ შეველევი ჩემს ხმალს და რაპირას, გუნდს და გოგონებს, ბრძოლის ჟინს და გამარჯვების სიხარულს...

იღბალი მხოლოდ შესაძლებლობებს გვთავაზობს, საკუთარ ისტორიას კი ყველა თავად წერს, თავისივე არჩევანით, გადაწყვეტილებებით, მიზნებით.

ჩემი მწვრთნელი ამბობს, რომ გამარჯვებისთვის მთავარი განწყობაა, მცირე წილი კი ფიზიკურ მომზადებაზე მოდის. მე თავდაჯერებას ჩემივე შრომისუნარიანობა მაძლევს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ მწვერველისკენ და მჯერა, რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევ.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: