შემგროვებლობა
გააზიარე:
როდესაც არაჯანსაღ შემგროვებლობაზე ვსაუბრობთ, წარმოგვიდგენია ზრდასრული ადამიანი, რომელსაც სახლი უსარგებლო ნივთებით აქვს გამოტენილი, იმდენად, რომ გავლაც კი შეუძლებელია. ამ თემაზე ბევრი დაწერილა და ბევრი სიუჟეტიც გადაღებულა, მაგრამ იცოდით, რომ არაჯანსაღი შემგროვებლობა ბავშვებშიც გვხვდება? ისეთ მცირე ასაკშიც კი, როგორიც 6-7 წელია. ასეთი ბავშვები საკუთარ ოთახს მანამდე ავსებენ ნივთებით, სანამ ოთახში ფუნქციობა შეუძლებელი არ გახდება.
კოლექციონერობა ბევრ ბავშვს უყვარს და ამაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ როდესაც შემგროვებლობის ჩვევა ჯანსაღ საზღვრებს სცდება, ბავშვს პროფესიონალის დახმარება სჭირდება, რათა გააცნობიეროს თავისი დამოკიდებულება და იმუშაოს ამ მავნე ჩვევისგან თავის დასაღწევად.
ამისთვის მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაინახოს, რომ არაჯანსაღი ჩვევა ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში.
დაუსვით ბავშვს შემდგი კითხვები:
* ჩანს თუ არა მის ოთახში იატაკი?
* შეუძლია კარადიდან სუფთა ტანსაცმლის გამოღება? თუ ოთახი ისეა გადაჭედილი, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია?
* საწოლში კომფორტულად წევს თუ ის საწყობადაა ქცეული?
* საწერ მაგიდაზე კომფორტულად მეცადინეობს თუ ისიც ნივთებითაა სავსე?
ემოციური მიჯაჭვულობა
მთავარი, რაც უბრალოდ მოუწესრიგებელ ბავშვს არაჯანსაღი შემგროვებლისგან განასხვავებს, შეგროვებული ნივთებისადმი ემოციური მიჯაჭვულობაა.
მოუწესრიგებელ ბავშვებს უმეტესად უხარიათ, როდესაც ოთახს სხვა ულაგებს, შემგროვებლებს კი აღიზიანებთ, მათ ნივთებს რომ ეხებიან. ზოგიერთი მათგანისთვის ნივთებთან განშორება ისეთივე ძლიერი ემოციის წყაროა, როგორიც საყვარელი ადამიანის დაკარგვა.
ჯერ აქ იყოს
შემგროვებელი ბავშვები ნივთების დანიშნულებაზე არ ფიქრობენ. მთავარია, აიღონ და თავიანთ ოთახში წაიღონ, სადაც ნივთი დაცული იქნება, მერე კი რამე დანიშნულებას უპოვიან. ან არა.
ნივთებს გრძნობები აქვთ
შემგროვებელი ბავშვები ფიქრობენ, რომ მიერ შეგროვებულ ნივთებს ადამიანური გრძნობები აქვთ. ამიტომაც გამოფენენ ყველაფერს გამოსაჩენ ადგილას. მათ ხომ არ მოეწონებოდათ კარადაში გამოკეტილი ყოფნა? ჰოდა, არც მათ ნაპოვნ ქვას მოეწონება.
ზოგიერთ ნივთს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, პირველ ჯოხს, რომელიც ძაღლმა მოუტანა, ყუთს, რომელშიც ფილმის ყურებისას გამოძახებული პიცა იდო... ეს ნივთები მას სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავს, ამიტომ მათი გადაყრა მისთვის ამ მოგონებასთან განშორებას ნიშნავს. ამ ნივთებთან მისი ემოციური კავშირი ნორმალურზე მეტად მტკიცეა. სწორედ ამ კავშირის შესწავლა და ნელ-ნელა შესუსტებაა ბავშვის ამ აშლილობასთან გამოთხოვების მთავარი პრინციპი.
კოლექციონერობა და შემგროვებლობა
ბავშვები, რომლებიც მანქანებს, რბილ სათამაშოებს, სუპერგმირებს აგროვებენ, ამაყობენ თავიანთი კოლექციებით, სიამოვნებით აჩვენებენ მათ სხვებს და უხარიათ, როდესაც ვინმე მათი კოლექციით აღფრთოვანდება. ასეთი ბავშვები ხშირად ახარისხებენ ნივთებს, ალაგებენ ოთახს, რათა კოლექცია უფრო შთამბეჭდავი გამოჩნდეს.
შემგროვებელი ბავშვები კი ნივთებს არ ახარისხებენ (ეს შეუძლებელია!), არ სიამოვნებთ, როდესაც მათ ვინმე ეხება ან უბრალოდ ათვალიერებს, რადგან მათი ნივთები სხვისთვის სრულიად უსარგებლოა, შესაბამისად, ვერც მოწონებას იმსახურებს. ბავშვს ჰგონია, მის ნივთებს სწყინთ სხვების ასეთი რეაქცია, ამიტომ ურჩევნია, მხოლოდ თვითონ მიუწვდებოდეს მათზე ხელი.
შემგროვებლობა გარკვეულწილად კავშირშია ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასთან, იმ განსხვავებით, რომ ბავშვი არ აგროვებს ნივთებს შფოთვისგან თავის დასაღწევად – უბრალოდ, ასე უნდა. ან მართლა ჰგონია, რომ ეს ნივთი ოდესმე დასჭირდება, ან უბრალოდ სურს, ის მისი საკუთრება გახდეს. შფოთვა მაშინ იჩენს თავს, როდესაც ვინმე უკვე მის საკუთრებაში მყოფი ნივთების გადაადგილებას ან გადაყრას სთხოვს.
როდის ვითარდება
შემგროვებლობა შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი სახეა. ისეთ მცირე ასაკში, როგორიც 6-7 წელია, ის უმეტესად თან ახლავს ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას ან მსგავსს. ცალკე მდგომი შემგროვებლობა უმეტესად თინეიჯერობიდან ან ზრდასრული ასაკიდან იწყება.
შემგროვებელი ბავშვის ოჯახში ხშირად არის მსგავსი აშლილობის მქონე უფროსი. შესაძლია, ეს არ იყოს უშუალოდ მშობელი, მაგრამ ბავშვს ამ ადამიანთან განსაზღვრული სახის შეხება ჰქონდეს.
მკურნალობის მეთოდები
ფსიქოთერაპიის კურსის დროს შემგროვებელ ბავშვს სთხოვენ, მიიტანოს სპეციალისტის ოთახში თავისი შეგროვებული რამდენიმე ნივთი, შემდეგ აფასებინებენ მისთვის ამ ნივთების მნიშვნელობას 0-დან 10-მდე ქულით, ბოლოს კი სამ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან ნივთს მომდევნო სესიამდე სპეციალისტის ოფისში ატოვებინებენ. თავდაპირველად ბავშვებს ჰგონიათ, რომ ამ ნივთების გარეშე ვერ გაძლებენ, მაგრამ უმეტესობას მომდევნო ვიზიტამდე აღარც კი ახსოვს ხოლმე ისინი.
ასე გრძელდება, სანამ ბავშვი არ მიხვდება, რომ ამ ნივთების გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.
აუცილებელია მისი დასაჩუქრებაც, საუკეთესო შემთხვევაში – იმით, რაც მას უყვარს და ახალისებს, რათა დაინახოს, რომ სიცოცხლე ამ ნივთების გარეშეც მშვენიერია.
ამის შემდეგ ბავშვი ნელ-ნელა იწყებს თავისი ნივთების დახარისხებას და ყოველდღიურად რამდენიმე მათგანის შენახვას, საბოლოოდ კი სრულიად თავისუფლდება მათგან.
როდესაც ქუჩაში რაიმე ნივთის აღებისას ან მაღაზიაში შეძენისას ბავშვი საკუთარ თავს დაუსვამს კითხვას: “მჭირდება?”, “დაეტევა ჩემს ოთახში?” – ესე იგი პრობლემისადმი რაციონალური მიდგომა დაიწყო.
პრობლემის ბავშვობაშივე აღმოფხვრა მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აიცილოთ ასაკთან ერთად აშლილობის დამძიმება და ქრონიკულ ფორმაში გადასვლა.
ლიკა ქათამაძე