შუგარინგი და მისი უპირატესობები
გააზიარე:
თმის მოცილება გემოვნების საკითხია – ყველა იმ მეთოდს ირჩევს, რომელიც მისთვის ესთეტიკურად ყველაზე მისაღები და ფინანსურად ყველაზე ხელსაყრელია, მაგრამ, მაგალითად, ორსულობისა და ლაქტაციის დროს არჩევანი არცთუ ისე დიდია. დიოდური ლაზერი, ალექსანდრიტის ლაზერი და ელექტროეპილაცია ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული, ასე რომ, ქალს სულ რამდენიმე ალტერნატივა რჩება: პარსვა, რომელიც ყველაზე მარტივი გამოსავალია, მაგრამ თმა მალე ამოდის და ხშირ შემთხვევაში კანიც ღიზიანდება, ცვილით დეპილაცია, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია და შუგარინგი.
შუგარინგი თმის მოშორების უძველესი მეთოდია. მისთვის იყენებენ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ წებოვან მასას, რომელიც ძირიანად აძრობს თმის ღერს და 4-6 კვირით გლუვ კანს გჩუქნით. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, დროთა განმავლობაში ფოლიკულები დასუსტდება და სხეულზე უფრო და უფრო ნაკლები და თხელი თმა ამოვა.
როგორ ტარდება
წებოვანი მასა, რომელსაც შუგარინგისთვის იყენებენ, ლიმონის, შაქრისა და წყლისგან არის დამზადებული, არავითარ ქიმიურ დანამატს არ შეიცავს და, შესაბამისად, სრულიად უვნებელია.
შუგარინგის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მასა არ ეწებება კანს და არ აშორებს მას ცოცხალ უჯრედებს. შუგარინგის დროს თმა ძირიანად ძვრება, რაც ღერების ჩაბრუნებისგან გვაზღვევს.
სხეულის ის ნაწილი, რომელზეც შუგარინგი უნდა ჩატარდეს, პროცედურის დაწყებამდე კარგად იწმინდება. შემდეგ ამ ადგილას აყრიან პუდრს, რომელიც თხელ ბარიერს ქმნის კანსა და შუგარინგის მასალას შორის. ამის შემდეგ გრძივად, თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით უსვამენ თბილ მასას და როგორც კი ოდნავ შეშრება, თმის ზრდის მიმართულებით აძრობენ.
პროცედურის რეგულარულად ჩატარების შემთხვევაში თმა ნელ-ნელა თხელდება, მცირდება და დროთა განმავლობაში საერთოდ წყვეტს ზრდას.
გაითვალისწინეთ:
* შუგარინგის პროცედურის დროს (ისევე როგორც თმის ცვილით მოშორებისას) ღერები იმსიგრძე უნდა იყოს, რომ წებოვანი მასა კარგად მოეჭიდოს და ძირიანად ამოიღოს. თუ დიოდური ლაზერით ეპილაციის წინ შეგიძლიათ, თმა მოიპარსოთ და პროცედურის დღემდე გლუვი კანით იაროთ, შუგარინგის შემთხვევაში ამ კომფორტზე უარის თქმა მოგიწევთ.
სად ტარდება
შუგარინგი შეგიძლიათ ჩაიტაროთ სხეულის ნებისმიერ ადგილას, ვინაიდან ის არ აზიანებს კანს. აქვე უნდა აღინიშნოს პროცედურის სისწრაფეც: გამოცდილ სპეციალისტს სულ რაღაც ხუთ წუთში შეუძლია იღლიის ზონის გასუფთავება. ორივე ხელის სრული დეპილაცია დაახლოებით 30 წუთს მოითხოვს.
შუგარინგი ტარდება მუცელზე, ბიკინის ზონაში, ფეხებზე და სახეზეც კი, ოღონდ გახსოვდეთ: თუ კანის დაავადება გაქვთ, პროცედურამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია სანდო დერმატოლოგთან.
რამდენად მტკივნეულია
შუგარინგი ცვილით თმის მოცილებაზე გაცილებით ნაკლებმტკივნეულია, რადგან წებოვანი მასა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ ეკვრის და თმის მოშორებისას არ წიწკნის კანს. მაგრამ, რასაკვირველია, 100%-ით უმტკივნეულო პროცედურას არ უნდა ელოდოთ, რადგან თმა მაინც მექანიკურად შორდება სხეულს. მთავარია, რომ ტკივილი ასატანია.
ვინაიდან რეგულარული პროცედურები ნელ-ნელა ასუსტებს თმას, დროთა განმავლობაში პროცედურაც გაცილებით ნაკლებად ან სრულიად უმტკივნეულო ხდება.
როგორ მოვუაროთ კანს პროცედურის შემდეგ
ბიკინის ზონაში შუგარინგის პროცედურის ჩატარების შემდეგ, ერთი დღე მაინც, სასურველია ჩაიცვათ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილის საცვალი და თავისუფალი ქვედაკაბა.
პირველივე დღეს ნუ ჩაიცვამთ ტანგას.
პირველ დღეს მოერიდეთ აუზს, საუნას, სოლარიუმს, აქტიურ ვარჯიშს, აცადეთ კანს, დამშვიდდეს და ნორმაში ჩადგეს.
ბანაობა იმ დღესვე ნებადართულია, მაგრამ პირველი 24 საათის განმავლობაში ერიდეთ კანის ამქერცლავ პროცედურებს (სქრაბს), ღრუბლით, ნეჭით ან ჯაგრისით კანის გახეხვას.
24 საათის შემდეგ კანი ყოველდღე ან დღეგამოშვებით უნდა აიქერცლოთ, ჩაიტაროთ ექსფოლიაციის პროცედურები, რათა თავიდან აიცილოთ თმის ჩაბრუნება და არასწორი მიმართულებით ზრდა. ამისთვის ძალიან კარგია სალიცილის მჟავა: შხაპის მიღებისას კანზე დაიტანთ, მერე კი მსუბუქი მასაჟით დაიმუშავებთ საჭირო ზონებს.
კანის დასატენიანებლად საუკეთესოა E ვიტამინის შემცველი დამატენიანებელი საცხები. დატენიანებული კანი უფრო მალე ჩაცხრება, ნაკლებად გაღიზიანდება და ნაკლები იქნება ინფექციის რისკიც.
რა რისკებს შეიცავს პროცედურა
შუგარინგის პროცედურა სახიფათოა მხოლოდ მაშინ, თუ არასწორად და არაპროფესიონალურად ჩატარდა.
ვინაიდან წებოვანი მასა პროცედურამდე ცხელდება, შესაძლოა დაიწვათ, თუ მას სათანადოდ გაგრილებამდე დაიტანთ სხეულზე.
თუ სპეციალისტმა პროცედურა არასწორად, უხეშად ჩაატარა, შესაძლოა, სხეული დაგილურჯდეთ, ამიტომ წინასწარ შეამოწმეთ, ხომ ნამდვილად გამოცდილ პროფესიონალთან გაქვთ საქმე.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ შუგარინგის პროცედურა იკრძალება, თუ:
* კანზე ისვამთ ჩ ვიტამინის ან რეტინოლის შემცველ საშუალებებს;
* იღებთ სტეროიდებს;
* მკურნალობთ როაკუტანით;
* გაქვთ მზის ან სხვა სახის დამწვრობა;
* გაქვთ ჩალურჯებული ადგილები ან გამონაყარი.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, თუ შუგარინგი თქვენთვის ახალი პროცედურაა, უმჯობესია, მის მოსინჯვამდე კონსულტაცია თქვენს დერმატოლოგთან გაიაროთ.
ლიკა ქათამაძე