აბორტიდან კონტრაცეფციამდე

გააზიარე:

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: მაშინ, როდესაც უამრავი წყვილი შვილის ნატვრაში ბერდება, ბევრი უკვე ჩასახულ ბავშვზე საკუთარი ნებით ამბობს უარს.

არასასურველი ორსულობის შეწყვეტის გზებს საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ. ბარბაროსულ ჩარევას ჩანასახთან ერთად ხშირად დედაც ეწირებოდა. ადვილი მისახვედრია, რა შვებად იქცა ქალებისთვის (და არამხოლოდ მათთვის) კონტრაცეფცია. თუმცა, რა დაუჯერებელიც უნდა იყოს, მთელ მსოფლიოში ორსულობათა ლამის 30% ჯერ კიდევ ინდუცირებული ანუ ხელოვნური აბორტით სრულდება.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? რა გზა გაიარა აქ აბორტის კონტრაცეფციით ჩანაცვლებამ? მართებულია თუ არა აბორტის აკრძალვა? ამ და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, ახალი დარგის, რეპროდუქტოლოგიის, ფუძემდებელი, ქართულ მედიცინაში არაერთი პროგრესული წამოწყების ინიციატორი, მათ შორის – კონტრაცეფციის, ლაპაროსკოპიული ოპერაციების, ინ ვიტრო განაყოფიერების დამნერგავი, წლების განმავლობაში იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, მრავალი საერთაშორისო პროგრამის კოორდინატორი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, რეპროდუქტოლოგი, პროფესორი არჩილ ხომასურიძე გვესაუბრა.

– თუ დავითვლით, რამდენი სიცოცხლე შეეწირა აბორტს, ამ ავად სახსენებელ მანიპულაციას, შესაძლოა, ამის ფონზე კოვიდის დროს გადარჩენილთა რაოდენობა არაფრად მოგვეჩვენოს. ეს შედარება იმიტომ მოვიყვანე, რომ უდიდესი ძალისხმევა დაიხარჯა კოვიდთან საბრძოლველად, აბორტის წინააღმდეგ კი ჟორდანიას ინსტიტუტი ფაქტობრივად საკუთარი ძალებით იბრძოდა, მაგრამ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია.

ცოტა რამ ისტორიიდან

– 1987 წელს საქართველოში ასი ათასი მშობიარობა და ამდენივე აბორტი იყო რეგისტრირებული. ამას ემატებოდა ექიმებისა თუ არაექიმების მიერ ჩატარებული ორასი ათასი არალეგალური აბორტი. ანუ წელიწადში სამასი ათასი აბორტი კეთდებოდა. აბორტების სიხშირით მსოფლიოში საბჭოთა კავშირი ლიდერობდა, თავად საბჭოთა კავშირში კი ერთ-ერთი მოწინავე იყო საქართველო. კონტრაცეფცია არ არსებობდა და აბორტი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის რეგულაციის ერთადერთი საშუალება გახლდათ. საქართველოში მოქმედებდა აბორტმახერების ძლევამოსილი მაფია. როდესაც აბორტის წინააღმდეგ დავიწყე ბრძოლა, მემუქრებოდნენ, ჩემს მოხუც დედას ურეკავდნენ და აშინებდნენ, თუმცა თანდათანობით ყველა წინააღმდეგობა დავძლიეთ და მეც გადავრჩი.

ამჟამად საქართველოში წელიწადში ათი ათასამდე აბორტი კეთდება. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ოფიციალური სტატისტიკური კვლევა 2010 წელს ჩატარდა და იმ დროისთვის აბორტების წლიური რაოდენობა 21 ათასი იყო. ამრიგად, 23 წლის განმავლობაში მაჩვენებელი სამასი ათასიდან ოცდაერთ ათასამდე შემცირდა (უკვე აღმოფხვრილი იყო არალეგალური აბორტები). მსოფლიო ისტორიაში ეს აბორტების აღმოფხვრის ყველაზე სწრაფ პროცესად მიიჩნევა.

– როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს?

– სწორი პოლიტიკით. აბორტი ნამდვილი მკვლელობაა, მაგრამ პირდაპირ ვერ ავკრძალეთ. ჯერ დიდი აბორტი ჩავანაცვლეთ მინიაბორტით – უფრო დამზოგველი და ნაკლები გართულების მქონე მანიპულაციით, რომელიც ორსულობის მეშვიდე-მერვე კვირამდე ტარდებოდა. მოვახერხეთ აბორტმახერების დარწმუნება, რომ ეს მეთოდი ჯობდა – კრიმინალური აბორტის გამო ქალის სიკვდილის შემთხვევაში ციხე ემუქრებოდათ, გართულებების დროს კი მისი ჰოსპიტალიზაცია მაინც უწევდათ. ამის შემდეგ დავნერგეთ მედიკამენტური აბორტი: ქალი იღებს 1-3 აბ ორი ტიპის წამალს და მუცელი ეშლება, ნაყოფი გამოძევდება გაძლიერებული მენსტრუაციის სახით. რა თქმა უნდა, ყოველგვარი აბორტი ცუდია, მათ შორის – მედიკამენტურიც, მაგრამ ის ნაკლებად მავნეა, არ არის მტკივნეული, გამოფხეკას არ მოითხოვს, სისხლძარღვებს არ აზიანებს.

თუმცა მხოლოდ იმის ძახილი, რომ აბორტი ცუდია, მას ვერ აღმოფხვრიდა, საჭირო იყო ქალებისთვის ალტერნატივის შეთავაზება, ამიტომ ამ ყველაფრის პარალელურად დავიწყეთ კონტრაცეფციის დანერგვა. ვითვალისწინებდით ნაციონალური ხასიათის თავისებურებებს, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საპატრიარქოსთან, ვმართავდით საგანმანათლებლო შეხვედრებს, უფასოდ ვარიგებდით კონტრაცეპტივებს. მოსახლეობის განათლების საქმეში ძალიან დაგვეხმარა მასმედია... სწორედ ასეთი სტრატეგიით მოვახერხეთ აბორტების დამარცხება.

აბორტის გართულებები

– გარდა იმისა, რომ აბორტი მკვლელობაა, ქალისთვის რა ზიანის მიყენება შეუძლია მას?

– ორსულობა ბუნებრივი პროცესია. ამ პროცესში ქალის ორგანიზმში ყველაფერი იცვლება. ორსულობის ბარბაროსული მეთოდით შეწყვეტა მთელ ორგანიზმზე აისახება. აბორტი შეიძლება გართულდეს ძლიერი სისხლდენით, ინფექცით, იქცეს უშვილობის მიზეზად. გარდა ამისა, აბორტგადატანილ ქალებში რამდენჯერმე იმატებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი.

ლეგალური თუ არალეგალური

– როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა აზრი აბორტის აკრძალვას?

– ჯერ ერთი, არცერთ ნორმალურ ექიმს არ უყვარს აბორტი, მეორე – მეცნიერებამ დაადასტურა, რომ სიცოცხლე ჩასახვის მომენტიდან იწყება, ამიტომ ორსულობის შეწყვეტის ეთიკურ მხარეზე უკვე აღარავინ დავობს, თუმცა რეალობას ვერ გავექცევით: მრავალი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ აბორტის აკრძალვას კარგი არაფერი მოაქვს, მხოლოდ არალეგალური მანიპულაციების რიცხვს ზრდის, – ამიტომ აბორტი კი არ უნდა აიკრძალოს, უნდა აღმოიფხვრას. აღმოიფხვრას განათლებით, ახსნა-განმარტებით და არასასურველი ორსულობის პროფილაქტიკის საშუალებების დანერგვით.

– როგორ მოხდა, რომ ისეთ თავისუფალ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, უზენაესმა სასამართლომ აბორტი აკრძალა?

– ამერიკელებს სჩვევიათ პოლიტიკური, პარადოქსული და უსარგებლო გადაწყვეტილებების მიღება. მოგეხსენებათ, მოსმართლეები სამუდამოდ ინიშნებიან, ტრამპის ძალისხმევით კი დღეს უმაღლესი სასამრთლოს შემადგენლობის უდიდესი ნაწილი კონსერვატორია. ახალი კანონი უფლებას აძლევს შტატების უმრავლესობას, ინდივიდუალურად გადაწყვიტოს აბორტის საკითხი, თუმცა ქალების 90% ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია.

კონტრაცეფცია

– კონტრაცეფციის დანერგვა რომ დავიწყეთ, ჩვენი ინსტიტუტი იყო მოთავე – მოსკოვი ჩვენი რეკომენდაციით იღებდა გადაწყვეტილებას. ჩვენი ინსტიტუტი ძალიან პოპულარული გახდა, ჩვენთან დაიწყეს თანამშრომლობა კონტრაცეპტივების მწარმოებელმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მათ შორის ლიდერი იყო UNFPA – გაეროს მოსახლეობის ფონდი. შედეგად, 1995 წლიდან მოყოლებული, ცამეტი წლის განმავლობაში საქართველო იღებდა კონტრაცეპტივებს და მთელ ქვეყანაში უფასოდ ურიგებდა ოჯახებს. ესენი გახლდათ საშვილოსნოსშიგა საშუალებები (სპირალები), ჰორმონული პრეპარატები, პროლონგირებული კონტრაცეპტივები, ტარდებოდა ქირურგიული მკურნალობაც. ყველას რომ უკვირს ასეთი ნახტომი აბორტების რიცხვის შემცირებაში, კონტრაცეფციის დიდი დამსახურებაა. მისი გამოყენება 2010 წლისთვისის ნულიდან 65%-მდე გაიზარდა, რაც კონტრაცეფციის მსოფლიო ისტორიაში რეკორდია. ახლა ალბათ ბევრად მეტი იქნება. ნებისმიერი ქალი გეტყვით, რომ აბორტს კონტრაცეფცია სჯობია. თანამედროვე მიდგომით, ყველა ბავშვი ოჯახისთვის სასურველი უნდა იყოს. სწორედ ამას გულისხმობს ოჯახის დაგეგმვის პრინციპი.

– როგორ უნდა შეირჩეს კონტრაცეფციის ყველაზე მისაღები ვარიანტი და რომელი კონტრაცეპტივია საქართველოში პოპულარული ყველაზე მეტად?

– არ არსებობს კარგი და ცუდი, პოპულარული და არაპოპულარული კონტრაცეფცია – არსებობს მხოლოდ შესაფერისი და შეუფერებელი. კონტრაცეპტივი ყველა ქალს ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოს რეპროდუქტოლოგმა ან გინეკოლოგმა. დღეს მრავალნაირი კონტრაცეპტივი არსებობს, რომლებიც ორგანიზმს, ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ ცხოვრების წესს ისე შეიძლება მიუსადაგო, რომ გართულებები და უკუჩვენებები მინიმალური იყოს.

შობადობის კონტროლის მეთოდი შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების განმავლობაში ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რეპროდუქციული მიზნების მიხედვით.

საქართველოში ყველაზე პოპულარულია კონდომი, იგივე პრეზერვატივი. მისი ნაკლი შედარებით დაბალი ეფექტიანობა და ნაკლები კომფორტულობაა, მაგრამ დიდი უპირატესობაც აქვს: ორსულობასთან ერთად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც იცავს. მეორე ადგილზეა საშვილოსოსშიგა საშუალებები (სპირალი და სხვა), მესამეზე – ჰორმონული საშუალებები.

კონტრაცეპტივის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მაღალი ეფექტურობაა. სწორად გამოყენების შემთხვევაში ჰორმონული კონტრაცეფცია 100%-იან შედეგს იძლევა. ლიტერატურაში მოყვანილი შედარებით დაბალი პროცენტები მისი არასწორი გამოყენების შედეგია. მაგალითად, კონტრაცეპტივი არ იმოქმედებს, თუ ქალმა გამოტოვა მიღება ან ფაღარათი აქვს და სხვა. სხვათა შორის, ჰორმონული კონტრაცეპტივები არა მხოლოდ შობადობის კონტროლისთვის გამოიყენება, არამედ ბევრი გინეკოლოგიური დაავადების სამკურნალო საშუალებაცაა.

ცოტა რამ კონტრაცეპტივების შესახებ

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებს. მათი დახმარებით შესაძლებელია სპერმის კვერცხუჯრედში მოხვედრის თავიდან აცილება, სპერმის ინაქტივაცია ან დაზიანება, კვერცხუჯრედის ყოველთვიური წარმოქმნის შეფერხება, საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე ზემოქმედებით განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისთვის ხელის შეშლა, საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელებით სპერმის მოძრაობის შეფერხება.

კონტრაცეფციის თანამედროვე არსენალი მოიცავს:

* ბარიერულ მეთოდებს – მამაკაცისა და ქალის კონდომს, დიაფრაგმას, საშვილოსნოს ყელის სარქველს და ჩასახვის საწინააღმდეგო ღრუბელს;

* ხანმოკლე მოქმედების ჰორმონულ საშუალებებს – ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, ვაგინალურ რგოლს, კანის პლასტირს, კონტრაცეპტივის ინექციას. მათ ქალი იყენებს ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად;

* ხანგრძლივი მოქმედების ჰორმონულ საშუალებებს – საშვილოსნოსშიგა საშუალებებს (სპირალს), სპილენძის ან ჰორმონის გამომყოფ კანქვეშა იმპლანტს. მათი მოქმედება  სამიდან ათ წლამდე გრძელდება;

* სტერილიზაციას – ესეც  შობადობის კონტროლის მუდმივი მეთოდია. ქალებისთვის ეს გულისხმობს კვერცხსავალი მილების გადაკვანძვას, მამაკაცებისთვის – ვაზექტომიას, თესლგამომტანი სადინრის ამოკვეთას;

* სპერმიციდს ან ვაგინალურ გელს – ესენი შობადობის კონტროლის არაჰორმონული საშუალებებია. სპერმიციდი კლავს სპერმას ან აჩერებს მის მოძრაობას, ვაგინალური პH-ის მარეგულირებელი გელი კი აჩერებს სპერმატოზოიდების მოძრაობას, ამიტომ ისინი კვერცხუჯრედს ვეღარ აღწევენ. ეს საშუალებები უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ გამოიყენება.

* კალენდარულ მეთოდებს – ქალი ადგენს, თვის რომელ დღეებშია შესაძლებელი დაორსულება, რისთვისაც იზომავს სხეულის ბაზალურ ტემპერატურას, აკვირდება ლორწოს, ნაყოფიერ დღეებში კი ჩასახვის საწინააღმდეგო ბარიერულ საშუალებებს იყენებს;

* გადაუდებელ კონტრაცეპტივებს – ესენია ტაბლეტები,  რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორსულობის თავიდან ასაცილებლად დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ.

იმისთვის, რომ კონტრაცეფცია ეფექტური იყოს, ნებისმიერი მეთოდი თანმიმდევრულად და სწორად უნდა იქნეს გამოყენებული. სპირალი, კონტრაცეფციული იმპლანტები და სტერილიზაცია ყველაზე მაღალეფექტური მეთოდებია, უმთავრესად იმიტომ, რომ ქალის ყურადღებასა და ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული. ხოლო მეთოდები, რომლებიც მოითხოვს ნაყოფიერების მონიტორინგს ან პერიოდულ თავშეკავებას, ორსულობის უფრო მაღალ მაჩვენებლებთან ასოცირდება.

კონტრაცეფციის მეთოდი ქალის რეპროდუქციული მიზნების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. თუ ის უახლოეს მომავალში გეგმავს დაორსულებას, ისეთი მეთოდი უნდა შეარჩიოს, რომლის გამოყენებაც ადვილად შეწყდება და ეფექტი სწრაფად შექცევადი იქნება. ასეთია, მაგალითად, ბარიერული და ხანმოკლე მოქმედების ჰორმონული საშუალებები. თუ ქალს უფრო დიდი ხნით სურს ორსულობის თავიდან აცილება, შეუძლია, იფიქროს ხანგრძლივი მოქმედების მეთოდზე  (სპირალი) ან, თუ დარწმუნებულია, რომ დაორსულება აღარასოდეს მოუნდება –სტერილიზაციაზე.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: