გულის წასვლა
გააზიარე:
გავრცელებული და იშვიათი სინკოპეები
ადამიანთა დიდ ნაწილს სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაუკარგავს გონება, სხვის გულის წასვლას კი თითქმის ყველა შესწრებია. ასეთი შემთხვევა უმეტესად დიდ ალიაქოთს, ხმაურს და ფორიაქს იწვევს. ზოგი იბნევა, ზოგს შიში იპყრობს, ზოგი გულწასულის დასახმარებლად ათას სასარგებლო თუ უსარგებლო მეთოდს მიმართავს.
საბედნიეროდ, გონების დაკარგვა უმეტესად სინკოპეს ბრალია. ეს გონების დაკარგვის ყველაზე უვნებელი ვარიანტია და ერთადერთი საფრთხე, რომელიც თან ახლავს, დაცემისას დაშავებაა.
სინკოპე, რომელსაც უბრალოდ გულის წასვლასაც უწოდებენ, არის გონების ხანმოკლე დაკარგვა არტერიული წნევის მკვეთრი დაცემისა და ტვინში სისხლის ნაკადის უეცარი დაქვეითების გამო.
აშშ-ში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოხვედრის მიზეზთა 3-5% სწორედ სინკოპეს წილად მოდის, მთელი მოსახლეობის 42%-ს კი სიცოცხლეში ერთხელ მაინც წასვლია გული. სინკოპე შეიძლება დაემერთოს ნებისმიერი ასაკის ჯანმრთელ ადამიანს, თუმცა ხანდაზმულებთან ყველაზე ხშირია.
ნიშნები
გონების დაკარგვამდე მოსალოდნელია:
* თავბრუხვევა, თავის სიმსუბუქე, თითქოს თავი და სხეული უწონოა;
* უეცარი წამოხურება ან შეციება;
* კანის გაცივება, გაფითრება, ოფლით დასველება;
* სისუსტისა და არამდგრადობის შეგრძნება;
* გულისცემის შესუსტება;
* თავის ტკივილი;
* გულისრევის შეგრძნება;
* მხედველობის ველის გათეთრება ან გაშავება, გვირაბული მხედველობა, ლაქების გაჩენა მხედველობის არეში;
* ყურების შუილი;
* მეტყველების არევა;
* დაბუჟება;
* კანკალი.
კუნთებზე კონტროლის დაკარგვის გამო ადამიანი ეცემა და რამდენიმე წამის ან ერთი-ორი წუთის განმავლობაში უგონოდ არის: მძინარეს ჰგავს, არ რეაგირებს სტიმულებზე (ძახილზე, შენჯღრევაზე). მერე გონს მოდის და ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.
რა იწვევს
სინკოპეს მიზეზად შესაძლოა იქცეს:
* დაბალი წნევა, სისხლძარღვების გაფართოება;
* არარეგულარული გულისცემა;
* პოზის მკვეთრი ცვლილება, მაგალითად, სწრაფად ადგომა, რამაც შესაძლოა სისხლის ფეხებში დაგროვება გამოიწვიოს;
* დიდხანს დგომა;
* ძლიერი ტკივილი ან შიში;
* ძლიერი სტრესი;
* ორსულობა;
* გაუწყლოება, გადახურება;
* გამოფიტვა, გადაღლა;
* ზოგიერთი მედიკამენტის მიღება;
* გულის დაავადება.
ზოგს სისხლის დანახვისას მისდის გული. ისიც შესაძლოა, სინკოპე რამდენიმე ფაქტორის კომბინაციის გამო განვითარდეს. მაგალითად, მხოლოდ დეჰიდრატაციამ ან სისხლში შაქრის დონის დაქვეითებამ არ გამოიწვიოს გონების დაკარგვა, მაგრამ ორივემ ერთად უკვე იმოქმედოს.
რეფლექსური სინკოპე
რეფლექსური სინკოპე სინკოპეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისი მიზეზი განსაზღვრული რეფლექსების არასათანადო რეგულაციაა. ეს განაპირობებს გულისცემის შენელებას და არტერიული წნევის დაქვეითებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში.
რეფლექსური სინკოპეს სახეებია:
* ვაზოვაგალური სინკოპე. ამ დროს სხეულს გადაჭარბებული რეაქცია აქვს გამომწვევზე. გამომწვევი კი შესაძლოა იყოს ძლიერი ტკივილი, დისტრესი, დიდხანს დგომა. ვაზოვაგალური სინკოპე სინკოპეთა საერთო რიცხვის ნახევარს შეადგენს.
* სიტუაციური სინკოპე. ამ შემთხვევაში გულის წასვლას იწვევს სხვადასხვა მოქმედება: სიცილი, ხველა, ყლაპვა, შარდვა, დეფეკაცია.
* კაროტიდული ან საძილე სინუსის სინკოპე. ის ვითარდება კისერზე, საძილე არტერიაზე ზეწოლის გამო. მიზეზად შესაძლოა იქცეს თავის მობრუნება, გაპარსვა, მჭიდრო საყელო.
რეფლექსური სინკოპეს დროს გულის წასვლას ხშირად წინ უძღვის თავის შემსუბუქება, გულისრევა, წამოხურება, გვირაბისებრი მხედველობა, თვალების დაბნელება.
კარდიალური სინკოპე
კარდიალური სინკოპე გულთან დაკავშირებული პრობლემით გამოწვეული გულის წასვლაა. გულის არასათანადო მუშაობისას ტვინი ნაკლებ სისხლს იღებს. გულის წასვლთა დაახლოებით 15 პროცენტი სწორედ კარდიალური სინკოპეთია გამოწვეული. მისი მიზეზებია:
* გულის სტრუქტურული პრობლემები, მაგალითად, იშემიური კარდიომიოპათია, დაზიანებული გულის სარქველები, დილატაციური კარდიომიოპათია;
* გულის გამტარობის დარღვევა, რაც სხვადასხვა ფორმის არითმიით ვლინდება;
* სხვა მდგომარეობები, მაგალითად, ფილტვის ემბოლია, აორტის განშრევება.
კარდიალური სინკოპეს დროს გულის წასვლამდე შესაძლოა განვითარდეს ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება (პალპიტაცია). შესაძლოა, ადამიანს გული წაუვიდეს ვარჯიშის დროს, გადაღლის დროს, მწოლიარესაც კი.
კარდიალური სინკოპეს რისკის ფაქტორებია: 60 წელზე უფროსი ასაკი, მამრობითი სქესი, გულის დაავადება, გულის დაავადების ან გულის წასვლის ოჯახური ისტორია.
ორთოსტატიკური სინკოპე
ორთოსტატიკური სინკოპე ვითარდება ფეხზე ადგომის დროს არტერიული წნევის უეცარი დაცემის გამო. მისი მიზეზი გრავიტაციის შედეგად სხეულის ქვედა ნაწილში სისხლის სწრაფი გადანაცვლებაა. სხვა შემთხვევაში ადამიანის ტვინი ახერხებს მდგომარეობის სტაბილიზებას, მაგრამ არა ორთოსტატიკური სინკოპეს დროს. ის შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორის გავლენით განვითარდეს. ასეთებია:
* დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) არასაკმარისი სითხის მიღების, ღებინების ან დიარეის გამო;
* სისხლის დაკარგვა;
* ზოგიერთი მედიკამენტის (ზოგიერთი წნევის დამწევი, ანტიდეპრესანტი, დიაბეტის სამკურნალო საშუალება) მიღება;
* ალკოჰოლის მოხმარება;
* დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი და სხვა დაავადებები.
ზოგჯერ გულის წასვლას წინ უძღვის გამაფრთხილებელი სიმპტომები, ზოგჯერ კი მოულოდნელად, სიმპტომების გარეშე ვითარდება.
ცერებროვასკულური სინკოპე
ამ ტიპის სინკოპე ვითარდება ტვინისა და მის გარშემო არსებული სისხლძარღვების იმ დაავადებების შედეგად, რომელიც ამ უბნებს საკმარისი სისხლის მიღებაში ხელს უშლის. ასეთებია:
* ცერებროვასკულური დაავადებები: ინსულტი, ანევრიზმა, კაროტიდული არტერიის სტენოზი;
* ბაზალური არტერიის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ტვინის ბაზალურ არტერიებში სისხლის მიდენა;
* მოპარვის სინდრომი – სისხლის ნაკადი ბრუნდება ლავიწქვეშა არტერიებში, რომლებიც სისხლით ამარაგებს ხელებს.
ცერებროვასკულური სინკოპეს დროს მოსალონდელია თავბრუხვევის ან თავის სიმსუბუქის შეგრძნება, თავის ტკივილი, არაკოორდინირებული მოძრაობები, სმენის დარღვევა, დაბნეულობა.
ამ ტიპის გულის წასვლის რისკის ფაქტორებია: ხანდაზმული ასაკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ათეროსკლეროზი, მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტეროლი), ცერებროვასკულური დაავადება.
რა თქმა უნდა, სინკოპე არ არის ნევროლოგიური აშლილობის პირველადი ნიშანი, მაგრამ შესაძლოა მიუთითებდეს ნევროლოგიური დარღვევის – მაგალითად, პარკინსონის დაავადების, პოსტურალური ორთოსტატიკური ტაქიკარდიის სინდრომის (POTS), დიაბეტური და სხვა სახის ნეიროპათიის – მომატებულ რისკზე.
როგორ ვიქცევით
თუ გრძნობთ, რომ გონებას კარგავთ, დაწექით ისე, რომ თავი უფრო დაბლა გქონდეთ, ფეხები კი უფრო მაღლა. ეს ტვინში სისხლის ნაკადს გაზრდის. თანაც დაწოლა ამცირებს დაცემით გამოწვეული დაზიანების რისკს.
თუ ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ დაწოლა არ შეგიძლიათ, დაჯექით და თავი მუხლებს შორის ჩაკიდეთ, რომ ტვინში სისხლის მიმოქცევა გაძლიერდეს.
მწოლიარე ან მჯდომარე დარჩით მანამდე, სანამ გულის წასვლის შეგრძნება არ გაგივლით. სწრაფად არ წამოდგეთ – ამან შესაძლოა გულის წასვლა გამოიწვიოს.
თუ სინკოპე ხშირად გემართებათ, უნდა შეგეძლოთ გამომწვევი მიზეზების ამოცნობა და მათი თავიდან აცილება.
* გამაფრთხილებელი ნიშნების – თავბრუხვევის, გულისრევის, კანის ცივი, სველი ოფლით დანამვის – შემთხვევაში უნდა დაწვეთ ან დაჯდეთ. შეგიძლიათ ჩაატაროთ სპეციალური დაჭიმვის მანევრებიც: მუჭში რეზინის ბურთს ან სხვა ელასტიკური საგნის მოქცევა და მთელი ძალით მოჭერა, მკლავების გაჭიმვა შეტყუპებული თითების ერთმანეთზე მოჭიდებით და გაქაჩვით, ფეხების გადაჯვარედინება, რომლის დროსაც უნდა დაჭიმოთ ფეხის, საჯდომი და მუცლის კუნთები, ბარძაყების ერთმანეთთან მიტყუპება და სხვა.
გულის წასვლის შემდეგ
გულის წასვლის შემთხვევათა უმრავლესობა სერიოზული მიზეზით არ არის გამოწვეული, მაგრამ მაინც აჯობებს, ექიმს მიმართოთ. ხოლო თუ
* გაქვთ სინკოპეს განმეორებითი ეპიზოდები,
* გონზე მოსასვლელად რამდენიმე წუთზე მეტი დაგჭირდათ,
* დაშავდით დაცემისას,
* ორსულად ხართ,
* გაქვთ დიაბეტი,
* გაქვთ გულის დაავადება,
* გქონდათ ტკივილი გულმკერდის არეში ან გულის წასვლამდე ან გონს მოსვლის შემდეგ შეამჩნიეთ გულისცემის დარღვევა,
* დაკარგეთ კონტროლი ნაწლავების ან შარდის ბუშტის მოქმედებაზე, -
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ვეხმარებით სხვას
თუ თქვენს სიახლოვეს ვინმეს გული წაუვიდა, უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა და დაშვდა თუ არა. თუ არ დაშავებულა, ზურგზე დააწვინეთ და ფეხები ააწევინეთ ან კომფორტულად დასვით, თავი მუხლებში ჩააკიდებინეთ. გულწასული ადამიანი 10-15 წუთის განმავლობაში უნდა დარჩეს მწოლიარე. სასურველია, გრილ და წყნარ ადგილას.
თუ გულწასული დაშავებულია, გონს არ მოდის ან არ სუნთქავს, სასწრაფოდ დარეკეთ 112-ზე და დახმარების მოსვლამდე არ მიატოვოთ. სუნთქვისა და გულის გაჩერების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს გულის არაპირდაპირი მასაჟი.
ვადგენთ მიზეზს
სინკოპეს მიზეზის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეცნობიან ადამიანის სამედიცინო ისტორიას, გამოჰკითხავენ, გულის წასვლის წინ რა მდგომარებაში იყო, რას აკეთებდა, რას გრძნობდა, იღებს თუ არა რაიმე მედიკამენტს, აქვს თუ არა რაიმე დაავადება. გასინჯვისას მოუსმენენ მის გულს, გაუზომავენ არტერიულ წნევას.
შესაძლოა, საჭირო გახდეს:
* ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) – ამ დროს ფასდება გულის რიტმი და მისი ელექტრული აქტივობა. შესაძლოა, ადამიანს დასჭირდეს პორტატული ეკგ მოწყობილობის ტარება (ჰოლტერის მონიტორინგი) – გულმკერდზე მიმაგრებული ელექტროდების დახმარებით ის უწყვეტად იწერს გულის მუშაობას გარკვეული ხნის განმავლობაში.
* სისხლის ანალიზი – ადგენენ ან გამორიცხავენ დიაბეტისა და ანემიის არსებობას, აფასებენ გულის მარკერებს;
* დახრილი მაგიდის ტესტი – პაციენტს აწვენენ სპეციალურ მაგიდაზე, რომლის პოზიციის ცვლა შესაძლებელია, და ჰორიზონტალურიდან უეცრად ვერტიკალურ მდგომარეობაში გადაჰყავთ. იზომება, როგორ იცვლება გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა პოზიციის შეცვლისას;
* კაროტიდული სინუსის მასაჟი – ექიმი ხუთი წამის განმავლობაში რბილად აწვება პაციენტს კისერზე, საძილე არტერიის პროექციაზე, და აკვირდება, ხომ არ იცვლება გულის რიტმი და წნევა, ხომ არ ვითარდება გულის წასვლის სიმპტომები. ეს პროცედურა ასტიმულირებს ვაგუსის ნერვს, იწვევს გულისცემის შენელებას და წნევის დაქვეითებას;
* დატვირთვის ტესტი – მისი მეშვეობით ფასდება, როგორ რეაგირებს გული ვარჯიშზე. სარბენ ბილიკზე ვარჯიშის დროს ეკგ-ის საშუალებით იწერება გულის ელექტრული აქტივობა;
* ექოკარდიოგრაფია – იკვლევენ გულის სტრუქტურას, აფასებენ, როგორ იკუმშება გულის საკნები, როგორ მუშაობს სარქველები;
* ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა – ვენის გავლით გულში შეჰყავთ სპეციალური დაიგნოსტიკური კათეტერები და არითმიას შეისწავლიან.
* გამოსახვითი გამოკვლევა: კომპუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). ეს გამოკვლევები უმთავრესად ტარდება ნევროლოგიურ პრობლემაზე ეჭვის დროს ტვინის სისხლძარღვების შესწავლის მიზნით.
სინკოპეს პრევენცია
არ გამოტოვოთ კვება. ზოგიერთ შემთხვევაში სასურველია მთელი დღის განმავლობაში ხშირად და მცირე ულუფებით ჭამა.
სვით ბევრი სითხე. ეს ხელს შეუშლის გაუწყლოებით გამოწვეული სინკოპეს განვითარებას.
დააკვირდით, ხომ არ იწვევს გულის წასვლას გარე ფაქტორები, მაგალითად, სისხლის დანახვა, ნემსის გაკეთება, ძლიერი ტკივილი. თუ შესაძლებელია, ასეთ ფაქტორებს თავი არიდეთ.
ფეხზე ნელა წამოდექით. სწრაფად წამოდგომამ შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება და ტვინში სისხლის ნაკადის შემცირება გამოიწვიოს.
ნუ ატარებთ მოჭერილ საყელოს. ეს კაროტიდული სინუსური სინკოპეს თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
***
გავრცელებული და იშვიათი სინკოპეები
ვაზოვაგალური სინკოპე
ვაზოვაგალურია სინკოპე, როდესაც ადამიანის სხეული გადაჭარბებით რეაგირებს ამა თუ იმ ფაქტორზე, მაგალითად, სისხლის დანახვაზე, ნემსის დანახვაზე, ემოციაზე (შიშზე). ვაზოვაგალურ სინკოპეს ნეიროკარდიოგენულ ან რეფლექსურ სინკოპესაც უწოდებენ. ეს სინკოპეს ყველაზე გავრცელებული სახეა.
ვაზოვაგალური სინკოპე ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ უმეტესად ბავშვებსა და მოზარდებთან აღირიცხება. სქესის მიხედვით სხვაობა შემჩნეული არ არის.
გულის წასვლამდე ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს ფერი, იგრძნოს თავის სიმსუბუქე, დაუვიწროვდეს მხედველობის ველი (მხოლოდ წინ მდებარე ობიექტები დაინახოს), განუვითარდეს გულისრევა, წამოახუროს, კანი ცივი ოფლით დაენამოს, მხედველობა დაებინდოს.
სანამ ადამიანს გული წაუვა, გვერდით მყოფებმა შესაძლოა შეამჩნიონ მისი მკვეთრი, არანორმალური მოძრაობები, ნელი, სუსტი პულსი, გაფართოებული გუგები.
ვაზოვაგალური სინკოპეს შემთხვევაში ადამიანს გონზე მოსასვლელად ერთ წუთზე ნაკლები ხანი სჭირდება, მაგრამ თუ მეტისმეტად მალე ადგა (დაახლოებით 15-30 წუთში) ფეხზე, გონების დაკარგვა ისევ დაემუქრება.
მიზეზები
ვაზოვაგალური სინკოპე ვითარდება მაშინ, როდესაც ნერვული სისტემის ის ნაწილი, რომელიც გულისცემასა და არტერიულ წნევას არეგულირებს, ამა თუ იმ მიზეზზე რეაგირებს. გულისცემა ნელდება, ფეხების სისხლძარღვები მკვეთრად ფართოვდება, რის გამოც სისხლი ფეხებში გროვდება. ეს დაბლა სწევს არტერიულ წნევას. არტერიული წნევის დაქვეითება და იმავდროულად გულისცემის შენელება სწრაფად აქვეითებს თავის ტვინში სისხლის ნაკადს და ადამიანს გული მისდის.
ვაზოვაგალური სინკოპეს მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს:
* დიდხანს ფეხზე დგომა;
* გადახურება;
* სისხლის დანახვა;
* სისხლის აღება;
* სხეულის დაზიანების შიში;
* დაძაბვა, დაჭიმვა, მაგალითად გაჭინთვა ნაწლავების მოქმედებისას;
* ძლიერი ფიზიკური დატვირთვა;
* ძლიერი ტკივილი;
* ინტენსიური ხველა.
მკურნალობა
ვაზოვაგალურ სინკოპეს მკურნალობა უმეტესად არ სჭირდება. ექიმი პაციენტს გულის წასვლის მიზეზების იდენტიფიცირებაში ეხმარება და მათი თავიდან აცილების გზებს ასწავლის. მაგრამ თუ ადამიანს ვაზოვაგალური სინკოპე ისე ხშირად ემართება, რომ ეს მისი ცხოვრების ხარისხზე აისახება, შეიძლება მედიკამენტების გამოყენებაც. ასეთი წამლებია:
* ფლუდროკორტიზონის აცეტატი და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის რეაქციის რეგულირებას;
* ალფა-1-ადრენერგული აგონისტები, რომლებიც მაღლა სწევს არტერიულ წნევას;
* კორტიკოსტეროიდები, რომლებიც ხელს უწყობს ნატრიუმისა და სითხის შეკავებას;
ასევე შეიძლება სპეციალური ვარჯიშების შესრულება ფეხებში სისხლის დაგროვების შემცირების მიზნით, კომპრესიული წინდების ტარება, ფეხის კუნთების დაჭიმვა ფეხზე დგომისას. თუ პაციენტს არ აქვს მაღალი წნევა, შესაძლოა რაციონში მარილის დამატება დასჭირდეს. გარდა ამისა, უნდა ერიდოს ფეხზე დიდხანს დგომას, განსაკუთრებით – ცხელ, ხალხმრავალ ადგილებში, და სვას ბევრი სითხე.
თუ მდგომარეობა მძიმეა, ვაზოვაგალური სინკოპეს მოხსნა შესაძლებელია ელექტრული კარდიოსტიმულატორის ჩადგმით გულისცემის დასარეგულირებლად.
თუ ადამიანმა ვაზოვაგალური სინკოპეს მომასწავებელი ნიშნები იგრძნო, სასწრაფოდ უნდა დაწვეს ან დაჯდეს.
გულის წასვლა აცრის შემდეგ
გულის წასვლა შესაძლოა სამედიცინო პროცედურამაც გამოიწვიოს, თუნდაც ვაქცინაციამ. გულის წასვლის შემთხვევები ყველაზე ხშირად პაპილომავირუსის, მენინგოკოკისა და დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას აცრის შემდეგ აღირიცხება. ვინაიდან ამ სამი ვაქცინის შემადგენლობა სხვადასხვაა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გულის წასვლა გამოწვეულია ვაქცინაციის პროცესით და არა თავად ვაქცინებით.
ასიდან დაახლოებით სამ მამაკაცს და სამ-ოთხ ქალს აცრის დროს სიცოცხლეში ერთხელ მაინც წასვლია გული. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ვაქცინაციის დროს განვითარებული სინკოპეს 62% 11-18 წლის მოზარდების წილად მოდის.
გულის წასვლა თავისთავად არ არის საშიში, მაგრამ საყურადღებოა, რომ ადამიანი დაცემისას არ დაშავდეს. მთავარი პრობლემა თავის ტრავმაა. გულის წასვლას ზოგჯერ კუნთების უნებლიე სწრაფი შეკუმშვაც ახლავს, რომელიც შესაძლოა კრუნჩხვაში აერიოთ, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი კრუნჩხვა.
იმუნიზაციის შემდეგ გულის წასვლის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგალითად,цსასმლის ან საჭმლის მიღებით, პროცედურის შესახებ სანდო ინფორმაციის გაცნობით. დაცემისგან თავის დასაზღვევად უმჯობესია ვაქცინაციის დროს პაციენტი იჯდეს ან იწვეს, ვაქცინაციის შემდეგ კი 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ.
გულის წასვლის შემთხვევაში პაციენტს გონზე მოსვლამდე სამედიცინო პერსონალი უნდა დააკვირდეს, რათა შემდგომი მკურნალობის საჭიროება განსაზღვროს. წესისამებრ, ადამიანი რამდენიმე წუთში კარგად ხდება.
შარდვის სინკოპე
შარდვის სინკოპე არის გულის წასვლა შარდვის დროს ან მოშარდვისთანავე. მას არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა განაპირობებს და ყველაზე ხშირად ხანდაზმულ მამაკაცებს ემართებათ, წესისამებრ, ღამით, ღრმა ძილის შემდეგ.
შარდვის სინკოპეს ზუსტი მიზეზი არ არის დადგენილი. ვარაუდობენ, რომ ის უკავშირდება სისხლძარღვების გაფართოებას, რომელიც მოჰყვება ადგომას, ტუალეტში ფეხზე დგომას ან სავსე შარდის ბუშტის სწრაფ დაცლას. ითვლება, რომ ეს არტერიული წნევის უეცარ ვარდნას იწვევს.
შარდვის სინკოპეს განვითარებას ხელს უწყობს:
*ალკოჰოლი;
*შიმშილი;
*დაღლილობა;
*გაუწყლოება;
*ზოგიერთი დაავადება და სამედიცინო მდგომარეობა, მაგალითად, რესპირატორული ინფექცია;
* ალფა-ბლოკატორების გამოყენება პროსტატის პრობლემების დროს შარდვის გასაუმჯობესებლად.
შარდვის სინკოპე იშვიათი მდგომარეობაა. ის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ, რათა სხვა ფონური მიზეზი გამოირიცხოს. შარდვის სინკოპეს პრევენცია გულისხმობს მისი ხელშემწყობი ფაქტორების ამოცნობას და თავიდან აცილებას.
შარდვის სინკოპესა და მისით გამოწვეული დაზიანების თავიდან ასაცილებლად:
* ერიდეთ ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებას.
* მკვეთრად არ ადგეთ საწოლიდან – ჯერ საწოლის კიდეზე დაჯექით, ფეხები ჩამოუშვით და აამოძრავეთ, დარწმუნდით, რომ თავბრუხვევას ან თავის სიმსუბუქეს არ გრძნობთ.
* მოშარდეთ მჯდომარემ.
* ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ხომ არ შეიძლება, თქვენ მიერ მიღებული რომელიმე მედიკამენტი იწვევდეს შარდვის სინკოპეს.
* იატაკზე საწოლიდან აბაზანამდე რბილი ხალიჩა დააგეთ.
***
ოთხიდან ერთ ბავშვს ერთხელ მაინც წასვლია გული. ეს, როგორც წესი, არ არის სერიოზული დაავადების მანიშნებელი და ბავშვი წუთზე ნაკლებ ხანში მომჯობინდება.
ჯანმრთელ ბავშვებს გული ყველაზე ხშირად მისდით არტერიული წნევის დაცემის გამო, რაც ტვინში ჟანგბადით მდიდარი სისხლის ნაკადის დროებით შემცირებას იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
* არასაკმარისი სითხის მიღება, განსაკუთრებით – ცხელ ამინდში ან ცხელ ადგილას. დეჰიდრატაცია ბავშვებში გონების დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამ დროს მცირდება სისხლის მოცულობა და ეცემა არტერიული წნევა.
* მკვეთრად ადგომა ან ერთ ადგილზე დიდხანს დგომა. გრავიტაციის გამო ამ დროს სისხლი შესაძლოა ფეხებში დაგროვდეს და მოაკლდეს დანარჩენ სხეულს;
* გადახურება, განსაკუთრებით – ხალხმრავალ ადგილებში;
* ტკივილით, სისხლის ან რამე საშიშის დაანახვით გამოწვეული ძლიერი ემოცია. მას ტვინის ის ნაწილი იწვევს, რომელიც აკონტროლებს არტერიულ წნევას, სუნთქვისა და გულისცემის სიხშირეს;
* ჰიპერვენტილაცია – ძალიან სწრაფი სუნთქვა შფოთვის ან შიშის გამო. ამ დროს ტვინის სისხლით მომარაგება სწრაფად იცვლება;
* სუნთქვის შეკავება ტანტრუმის (ჩაბჟირების) ან ტკივილის გამო;
* ზოგიერთი აქტივობა – ხველა, ყლაპვა, სიმძიმის აწევა, კუჭის მოქმედება, თმის მოვლაც კი.
სახიფათო ინტერნეტგამოწვევები
ონლაინ სივრცეში არის თამაშები, რომლებიც მოთამაშეებს სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ აყენებს. ერთი მათგანია გონების განზრახ დაკარგვა ტვინისთვის სისხლისა და ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტით, რისთვისაც კისერზე ქამარს ან ღვედს იჭერენ. საუბედუროდ, ასეთი “თამაშების” შედეგად მთელ მსოფლიოში ასლობით მოზარდი დაიღუპა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ამ თამაშით დაინტერესების რისკი მაღალია სკოლის იმ მოსწავლეებს შორის, რომლებსაც დეპრესიის სიმპტომები ან ქცევითი დარღვევები აქვთ.
მშობელმა უნდა იეჭვოს ბავშვის ასეთი თამაშით გატაცება, თუ ამჩნევს, რომ ბავშვს თვალები აქვს ჩასისხლიანებული ან ხშირად უჩივის თავის ტკივილს და ესაუბროს იმის შესახებ, როგორ შეიძლება, თითქოსდა უწყინარმა გართობამ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ამოაყოფინოს თავი.
გამაფრთხილებელი ნიშნები
გულის წასვლამდე 5-10 წამით ადრე ბავშვმა შესაძლოა იგრძნოს თავბრუხვევა, თავის შემსუბუქება, გულისრევა, სითბოსა და ოფლის მოწოლა ან უეცრად შეაცივოს, მხედველობა დაებინდოს ან თვალწინ წერტილები გაუჩნდეს, დაეწყოს ყურების შუილი, გაფითრდეს, გული აუჩქარდეს.
თუ ბავშვს ჰქონია სინკოპეს ეპიზოდი, უმჯობესია, მშობელმა მასწავლებლები და მწვრთნელები ამის შესახებ გააფრთხილოს. ისინი ყურადღებით იქნებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დაეხმარონ ბავშვს და აღვეთონ ისეთი სარისკო ქცევა, როგორიცაა, მაგალითად, ხალხმრავალ ადგილას დიდხანს დგომა.
როგორ ვიქცევით
თუ ბავშვი თქვენ თვალწინ ეცემა:
* შეეცადეთ დაიჭიროთ, დააწვინეთ იატაკზე.
* ათი წუთით ზემოთ აუწიეთ ფეხები.
* თუ პირში საჭმელი აქვს, დააწვინეთ გვერდულად, იატაკისკენ სახემიბრუნებული.
დარეკეთ 112-ზე ან მიმართეთ უახლოეს კლინიკას, თუ:
* ბავშვი ცოტა ხანში არ მოვიდა გონს;
* დაცემის შედეგად დაშავდა და დაეწყო ძლიერი სისხლდენა;
* გული წაუვიდა წამლის მიღების, მწერის კბენის ან ისეთი რამის ჭამის შემდეგ, რაზეც შესაძლოა ალერგიული იყოს;
* ვარჯიშობდა, როცა გონება დაკარგა;
* უჭირს სუნთქვა, ლაპარაკი, მოძრაობა.
სერიოზული მიზეზები
ზოგიერთ შემთხვევაში გულის წასვლა ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანია. ასეთი პრობლემებია:
* რკინის დეფიციტი და მისით გამოწვეული ანემია – როდესაც სისხლში არ არის საკმარისი რკინა, რომლითაც ჰემოგლობინი ჟანგბადს იერთებს და ტვინის უჯრედებს აწვდის, შესაძლოა, ამან გონების დაკარგვა გამოიწვიოს მოზარდებში, განსაკუთრებით – გოგონებში, რომლებსაც ძლიერი მენსტრუაციული სისხლდენა აქვთ.
* შინაგანი სისხლდენა, დარტყმა თავის ან მუცლის არეში;
* შაქრიანი დიაბეტი, სისხლში გლუკოზის უეცარი ვარდნა. ტვინს გლუკოზა აუცილებლად სჭირდება ენერგიისთვის. გარდა ამისა, შაქრიანმა დიაბეტმა შესაძლოა გაზარდოს გამოყოფილი შარდის რაოდენობა და დეჰიდრატაცია გამოიწვიოს;
* კვებითი დარღვევები – ანორექსიამ და ბულიმიამ შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოება, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება და არტერიული წნევის ან სისხლის მიმოქცევის ცვლილებები, რაც შიმშილით, ღებინებით და გადაჭარბებული ვარჯიშით არის ხოლმე განპირობებული;
* გულის დაავადებები. გულის წასვლა შესაძლოა გამოიწვიოს არითმიამ ან გულის სტრუქტურულმა ცვლილებამ. ვარჯიშის დროს გულის წასვლის შემთხვევაში სამედიცინო დაკვირვება აუცილებელია;
* შაკიკი – გონების დაკარგვა ზოგჯერ შაკიკის სიმპტომია;
* ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება – ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს, რამაც შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება და გულის წასვლა გამოიწვიოს. გულის ფუნქციაზე ზემოქმედებით ზოგიერთმა არალეგალურმა ნარკოტიკმაც (მაგალითად, მეტამფეტამინებმა) შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა;
* ორსულობა – ამ პერიოდში სისხლის მიმოქცევის ცვლილებებმა შესაძლოა შეცვალოს არტერიული წნევა და გაზარდოს ორგანიზმის მოთხოვნა სითხეებზე;
* პოსტურალური ორთოსტატიური ტაქიკარდიის სინდრომი (POთშ) – ეს მდგომარეობა გვხვდება 100-დან 1 მოზარდთან, რომლებსაც აღენიშნებათ აჩქარებული გულისცემა და თავის სიმსუბუქე ან გულის წასვლა ფეხზე დგომისას, უფრო კი – ჰორიზონტალური მდგომარეობიდან წამოდგომისას. ასეთი ეპიზოდები ხშირად იწყება ვირუსული დაავადების, ტრავმის, მძიმე ოპერაციის შემდეგ;
* ადისონის დაავადება, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა – ამ დროს ბავშვის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის კორტიზოლს – ჰორმონს, რომელიც სტრესზე ორგანიზმის პასუხს, არტერიულ წნევას და სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს.
თუ ბავშვს რამდენჯერმე წაუვიდა გული, შესაძლოა საჭირო გახდეს კარდიოლოგის კონსულტაცია და სათანადო გამოკვლევების ჩატარება. მნიშვნელოვანია ანამნეზიც, თუ მასში აღრიცხულია გულის წასვლა ვარჯიშის დროს, გულის წასვლამდე გულისცემის ძლიერი გახშირება, გულისმიერი მიზეზის გამო უეცარი სიკვდილის ოჯახური ისტორია.
როგორ დავიცვათ
თუ ბავშვს ჰქონდა გულის წასვლის ეპიზოდი, რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება მომავალში მას ასეთი უსიამოვნებისგან დააზღვევს:
* დარწმუნდით, რომ ყოველდღიურად სვამს საკმარის წყალს ან სხვა ჯანსაღ სასმელს და კარგად იკვებება. შეუზღუდეთ კოფეინის მიღება და თვალი ადევნეთ, რომ არ გამოტოვოს კვება.
* უკონტროლეთ არტერიული წნევა. თუ ის დაბალი ან ნორმალურია, შესაძლოა, პედიატრმა დიეტაში ცვლილებების შეტანა შემოგთავაზოთ.
* ასწავლეთ, რომ თუ დიდხანს მოუწია ფეხზე დგომა, დროდადრო მოხაროს ფეხები, აამუშაოს კუნთები, შეიცვალოს პოზიცია, ხანდახან წელშიც მოიხაროს, რათა სისხლის მიმოქცევა და ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდება გაუმჯობესდეს.
* მოერიდოს სიცხეში, მზეზე ან ხალხმრავალ ადგილას დიდხანს დგომას. დიდხანს ნუ დარჩება ცხელ საშხაპეში, საუნაში, აბაზანასა და ჯაკუზში.
* ასწავლეთ გულის წასვლის წინამორბედი ნიშნების ამოცნობა; ასწავლეთ, რომ როდესაც ეს სიმპტომები აღმოცენდება, დაჯდეს და თავი მუხლებს შორის ჩაკიდოს ან დაწვეს.
გახსოვდეთ:
ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობა გულის წასვლის შემდეგ მალევე მომჯობინდება ყოველგვარი ზიანის გარეშე, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ბავშვს გული წაუვიდა, აუცილებლად აცნობეთ პედიატრს.
თმის მოვლის სინკოპე
იცოდით, რომ თმის მოვლასაც შეუძლია, გულის წასვლა გამოიწვიოს? - ვარცხნას, შეჭრას, გაშრობას, დახვევას, დაწვნას, უთოთი გასწორებას, შეღებვას, დაბანას... თმის მოვლის სინკოპე ყველაზე ხშირად 11-12 წლის მოზარდებთან, უფრო გოგონებთან აღირიცხება. ის რეფლექსურ სინკოპედ მიიჩნევა, თუმცა მისი განვითარების ზუსტი მექანიზმი უცნობია.
წესისამებრ, თმის მოვლის სინკოპესაც უძღვის წინ გულის წასვლის წინამორბედი სიმპტომები, რომლებიც ნებისმიერი სხვა სახის სინკოპესთვის არის დამახასიათებელი. თმის მოვლის სინკოპეს ეპიზოდი უმეტესად ფეხზე დგომისას იწყება, თუმცა შესაძლოა ჯდომის დროსაც დაიწყოს. ზოგჯერ ვითარდება უნებლიე კრუნჩხვისმაგვარი მოძრაობებიც.
ამ სინკოპეს დროსაც ბავშვი თავისთავად მომჯობინდება.
როგორ ავიცილოთ თავიდან
რა თქმა უნდა, თმის მოვლაზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრა შესაძლებელია რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება, რაც შეამცირებს თმის მოვლის სინკოპეს განვითარების რისკს:
* თმაზე ნებისმიერი პროცედურის ჩატარებისას ბავშვი დასვით - დგომა ზრდის გულის წასვლის რისკს, გულის წასვლის შემთხვევაში კი – დაშავების რისკსაც.
* ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება გულის წასვლამდე აღმოცენდეს.
* თუ ბავშვმა იგრძნო, რომ გული მისდის, შეწყვიტეთ პროცედურა, დამჯდარს მუხლებს შორის თავი ჩააკიდებინეთ ან დაწოლილს ფეხები ზევით ააწევინეთ. ასე გააჩერეთ იქმდე, სანამ გულის წასვლის შეგრძნება საბოლოოდ არ გაუვლის.
* შეეცადეთ, თმის მოვლის დაწყებამდე ბავშვის ორგანიზმი კარგად იყოს გაჯერებული წყლით, რადგან ზოგჯერ გულის წასვლა დეჰიდრატაციას ან ელექტროლიტების დაბალ შემცველობას უკავშირდება.
***
როგორ დავეხმაროთ უგონოდ მყოფს
არის შემთხვევები, როდესაც გონდაკარგულ ადამიანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მის გვერდით მყოფს ასეთი დახმარების გაწევა შეეძლოს.
მიზეზები
გონების დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
* ავტოსაგზაო შემთხვევა;
* ბევრი სისხლის დაკარგვა;
* თავის ან გულმკერდის ტრავმა;
* ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღება;
* ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.
* სისხლში შაქარის შემცველობის დაცემა;
* არტერიული წნევის დაცემა;
* ტვინში სისხლის არასათანადო მიწოდება;
* კრუნჩხვა, ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა;
* გაუწყლოება;
* გულის რიტმის დარღვევა;
* სხეულის დაძაბვა (მაგალითად, გაჭინთვა, ძლიერი ხველა);
* ჰიპერვენტილაცია.
აღდგენითი პოზა
უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაკვირდეთ, სუნთქავს თუ არა გონდაკარგული. თუ არ სუნთქავს, დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება, მერე კი გულ-ფილტვის რეანიმაცია დავიწყოთ. თუ სუნთქავს, უსაფრთხოებისთვის უნდა მივაღებინოთ აღდგენითი პოზა, რომელიც მას სასუნთქი გზების გამტარობას შეუნარჩუნებს და შეამცირებს გაგუდვის რისკს.
ამისთვის:
* ჩაიმუხლეთ მის გვერდით.
* თქვენს მხარეს მდებარე მკლავი ისე გააშლევინეთ, რომ ტანთან სწორ კუთხეს ქმნიდეს (შეიძლება, იდაყვში მოხრილიც იყოს), ხოლო ხელისგული ზემოთ ჰქონდეს მოქცეული.
* მეორე ხელის ზურგი მიადებინეთ საპირისპირო (თქვენს მხარეს მდებარე) ლოყაზე და ასე დააფიქსირეთ.
* საპირისპირო მხარეს მდებარე ფეხი მოახრევინეთ მუხლში ისე, რომ ტერფით იატაკს (მიწას) ეყრდნობიდეს.
* მოხრილი მუხლით თქვენკენ გადმოატრიალეთ და იატაკზე გვერდულად დააწვინეთ ისე, რომ ხელი ლოყის ქვეშ დარჩეს ამოდებული.
* თავი უკან გადააწევინეთ, რომ სასუნთქი გზები გაეხსნას.
* შეუმოწმეთ სუნთქვა
* დარჩით მასთან და თვალყური ადევნეთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.
ჭრილობა და სისხლდენა
თუ ადამიანს ძლიერი სისხლდენა აქვს, იპოვეთ ჭრილობა და დააწექით, სანამ სისხლდენა არ შენელდება და ექიმები არ მოვლენ. თუ სისხლი კიდურიდან დის, შეგიძლიათ, სისხლდენის ადგილის ზემოთ დაადოთ ტურნიკეტი – იმპროვიზებული ლახტი (თოკი, ქსოვილი), რომელსაც ჯოხით გადაგრეხთ.
დიდი ან ღრმა ჭრილობის არსებობისას სხეულის დაზიანებული ნაწილი ზემოთ ააწევინეთ (გამონაკლისია თავი). ჭრილობას ზომიერად დააწექით (ოღონდ არა თვალის ჭრილობას). დაშავებული დააწვინეთ, რათა გულის წასვლის შემთხვევაში დაცემისას უფრო მეტად არ დაშავდეს.
გულ-ფილტვის რეანიმაცია
თუ მოგეჩვენათ, რომ ადამიანმა სუნთქვა შეწყვიტა ან გული გაუჩერდა, მხარზე შეეხეთ ან შეანჯღრიეთ და ხმამაღლა ჰკითხეთ: “როგორ ხარ?” თუ არ გიპასუხათ, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ (ან სხვას გამოაძახებინეთ) სასწრაფო დახმარება და დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია (CPR). ის ორი ნაწილისგან შდგება: გულმკერდზე ზეწოლისა (გულის არაპირდაპირი მასაჟი) და ხელოვნური სუნთქვისგან.
გულის არაპირდაპირი მასაჟი
თუ გულის არაპირდაპირი მასაჟი არასოდეს გისწავლიათ, მისი ჩატარება გაგიჭირდებათ, მაგრამ ვინაიდან სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს, აუცილებლად უნდა სცადოთ. გონდაკარგული ზურგზე დააწვინეთ მყარ ზედაპირზე. ჩაიმუხლეთ მის მხართან. თუ ზრდასრულია, დაადეთ ხელისგულის ფუძე გულმკერდის ცენტრში, მეორე ხელი დაადეთ პირველს და თითები ერთმანეთს გადააჭდეთ. მკლავები გამართეთ და წინ გადაიხარეთ.
ბავშვს მასაჟი ცალი ხელით ჩუტარეთ, ჩვილს კი – მხოლოდ ორი თითით, დვრილების შემაერთებელი ხაზის ოდნავ ქვემოთ.
ზედატანის სიმძიმით დააწექით გულმკერდზე ისე, რომ გულის ფიცარი ჩაიზნიქოს (თუ მასაჟს ჩვილს უტარებთ – დაახლოებით 3.5 სმ-ზე, თუ მოზრდილ ბავშვს ან ზრდასრულს – 5-6 სმზე) და აუშვით. წუთში შეასრულეთ 100-120 ზეწოლა. ამერიკის გულის ასოციაცია გვთავაზობს, რიტმის შესანარჩუნებლად გულში ვიღიღინოთ შტაყინ' Aლივე. ყოველი ბიძგის შემდეგ გულმკერდს უკან ამოზნექის საშუალება მიეცით. ასე გააგრძელეთ, სანამ დახმარება არ მოვა ან სუნთქვა არ აღდგება.
თუ გადაუდებელი დახმარების კურსი გავლილი გაქვთ, უნდა გაუხსნათ სასუნთქი გზები და დაიწყოთ ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. თუ საამისო ცოდნა და გამოცდილება არ გაგაჩნიათ, უმჯობესია, გულის არაპირდაპირ მასაჟს დასჯერდეთ.
სასუნთქი გზების გახსნა
გულმკერდზე 30 ზეწოლის შემდეგ გონდაკარგულს ცალი ხელით ნიკაპი ზემოთ აუწიეთ, მეორით ფრთხილად დააწექით შუბლზე და თავი უკან გადააწევინეთ.
ხელოვნური სუნთქვა
ხელოვნური სუნთქვა შეიძლება ჩატარდეს პირით პირში, ხოლო თუ პირი დაზიანებულია ან მისი გახსნა შეუძლებელია – პირით ცხვირში.
სასუნთქი გზების გახსნის შემდეგ გონდაკარგულს ნესტოებზე ხელი მოუჭირეთ. სასურველია, პირზე სპეციალური მაღალეფექტური ფილტრის (HEPA) მქონე ტომარა-ნიღაბი დააფაროთ. მისი უქონლობის შემთხვევაში სუფთა ნაჭრის (ცხვირსახოცის, ტანსაცმლის კიდის) გამოყენებაც შეიძლება. ტუჩები ჰერმეტულად შემოაჭდეთ ტუჩებზე და ერთი წამის განმავლობაში ჩაბერეთ. პარალელურად დააკვირდით – ჩაბერვისას გულმკერდმა ზემოთ უნდა აიწიოს. თუ აიწია, მეორედაც ჩაბერეთ. თუ არა – გაიმეორეთ სასუნთქი გზების გახსნის მანევრი და ხელახლა ჩაბერეთ. ამის შემდეგ ტუჩები მოაშორეთ და საშუალება მიეცით, პასიურად ამოისუნთქოს.
გულმკერდზე ოცდაათი ზეწოლა, რასაც ორი ჩაბერვა მოჰყვება, ითვლება გულ-ფილტვის რეანიმაციის ერთ ციკლად.
განაგრძეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, სანამ სუნთქვის ნიშნები არ გაჩნდება ან სამედიცინო პერსონალი არ მოვა.
გართულებები
თუ ადამიანი დიდხანს დარჩა უგონო მდგომარეობაში, კომა და ტვინის დაზიანებაც კია მოსალოდნელი.
გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს შესაძლოა უნებლიეთ ნეკნების მოტეხილობა განვითარდეს. მის გამოსარიცხად რენტგენოგრაფია ტარდება.
გონდაკარგულ ადამიანს შესაძლოა სასუნთქი გზები საკვებმა ან სითხემ დაუბლოკოს და გაგუდოს. სწორედ ამიტომ უნდა მოვათავსოთ ის აღდგენით პოზაში.
კომა
კომა გახანგრძლივებული უგონო მდგომარეობაა. ბერძნულად ეს სიტყვა ღრმა ძილს ნიშნავს. კომა ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინის ფუნქციის დროებითი ან მუდმივი დარღვევა ცნობიერებაზე ზემოქმედებს. ის ვლინდება:
* უგონო მდგომარეობით;
* გაღვიძების უუნარობით;
* სტიმულებზე (ტკივილი, ხმა, სინათლე) რეაქციის უქონლობით.
კომაში მყოფი ადამიანი ცოცხალია, მაგრამ სურვილისამებრ არ შეუძლია მოძრაობა, უმეტესად – არც აზროვნება, ლაპარაკი და გარემოზე რეაგირება. ამ დროს ძირითადად დარღვეულია სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ფუნქციები. კომა მოითხოვს მედიკამენტურ ან სხვა სახის სამედიცინო ჩარევას (მაგალითად, ფილტვების მექანიკურ ვენტილაციას).
ზოგი რამდენიმე კვირაში გამოდის კომიდან, ზოგი კი წლობით და ათწლეულებითაც კი რჩება ამ მდგომარეობაში. ასეთ პაციენტებს სიცოცხლეს უნარჩუნებენ საკვები დანამატებით, სუნთქვისა და გულის მუშაობის რეგულირებით.
რა იწვევს
კომას იწვევს თავის ტვინის, განსაკუთრებით – ქერქისა და ღეროს, დაზიანება. დაზიანების მიზეზად შეიძლება იქცეს:
* ტვინის ტრავმა, ინსულტი, სიმსივნე;
* ტვინში ჟანგბადის ნაკლებობა (წყალში ჩაძირვა, გაგუდვა, გულის შეტევა);
* არასწორად მართული დიაბეტი, სისხლში შაქრის დონის ზედმეტად მომატება (ჰიპერგლიკემია) ან დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რაც თავის ტვინის შეშუპებას იწვევს;
* ნარკოტიკების ან ალკოჰოლის დოზის გადაჭარბება;
* ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა;
* ორგანიზმში ამიაკის, შარდოვანას ან ნახშირორჟანგის დაგროვება;
* მძიმე ლითონით, მაგალითად, ტყვიით მოწამვლა;
* მენინგიტი, ენცეფალიტი;
* განმეორებითი კრუნჩხვები;
* ელექტროლიტური დისბალანსი.
როგორ ამოვიცნოთ
კომის ნიშნებია დახუჭული თვალები, ტვინის ღეროს რეფლექსების დათრგუნვა (მაგალითად, გუგები სინათლეზე არ რეაგირებს, კიდურები მხოლოდ რეფლექსების გამოწვევისას მოძრაობს, ადამიანი არ პასუხობს მტკივნეულ სტიმულებს, აქვს არარეგულარული სუნთქვა).
როგორ მკურნალობენ
თუ კომის მიზეზი ცნობილია, ამ მიზეზის სამკურნალო მედიკამენტები დაინიშნება. ზოგჯერ საჭიროა ოპერაცია თავის ტვინის შეშუპების შესამცირებლად. როგორც კი კომაში მყოფის მდგომარეობა დასტაბილურდება, იწყება ინფექციების, ნაწოლებისა და კუნთების კონტრაქტურების (უნებლიე შეკუმშვების) თავიდან აცილებაზე ზრუნვა. კომაში მყოფი ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაბალანსებული კვებით.
გამოღვიძება
ხშირად ადამიანი კომიდან რამდენიმე კვირაში გამოდის და თანდათანობით გამოჯანმრთელდება. პირველ ხანებში შესაძლოა აგზნებული ან დაბნეული იყოს. ზოგს არავითარი დარღვევა არ რჩება, ზოგს კი ტვინის დაზიანების გამო შესაძლოა ფიზიოთერაპია ან ოკუპაციური თერაპია დასჭირდეს. ძნელია პროგნოზირება, რამდენად კარგად აღდგება კომიდან გამოსული ადამიანის ჯანმრთელობა. ეს დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, ტვინის დაზიანების სიმძიმესა და მიზეზზე, უგონო მდგომარეობის ხანგრძლივობაზე.
ნაკლებსავარაუდოა, ერთ წელზე მეტხანს კომაში მყოფი ადამიანი მდგომარეობიდან გამოვიდეს, თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება.
მარი აშუღაშვილი