მაკიაჟის შეცდომები - რა არ გვეპატიება 40 წლიდან

გააზიარე:

კარგი მაკიაჟი ჯადოსნური ჯოხივით აქრობს დაბერების ნიშნებს, თუმცა სულ პატარა შეცდომამაც კი შეიძლება ასაკი შეგვმატოს. შეცდომა განსაკუთრებით სახიფათოა, თუ უკვე გადავაბიჯეთ 40 წელს.

ასაკთან ერთად კანი ელასტიკურობას კარგავს, ეშვება და თხელდება, ჩნდება ნაოჭები, კონტურის ძვლები უფრო შესამჩნევი ხდება, ამიტომ მაკიაჟის ის ტექნიკა, რომელიც მანამდე ავითვისეთ, აღარ გამოგვადგება.

* ასაკთან ერთად ფორებიც ფართოვდება, ამიტომ ტონალური კრემის ან კორექტორის გამოყენება პრაიმერის გარეშე დიდი შეცდომაა. ისინი უფრო მეტად გაუსვამენ ხაზს კანის ხარვეზებს. პრაიმერი კი მას გაათანაბრებს, გაასხივოსნებს და ახალგაზრდულ იერს შესძენს.

* მოწიფული კანი ზოგჯერ ფერსაც იცვლის, ასე რომ, რუჟის შეცვლაც მოგიხდებათ, რადგან ფერმა, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდით, შესაძლოა საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს. იდეალურ შემთხვევაში, ფერი კანთან ერთად წარბებსაც უნდა ეხამებოდეს.

გარდა ამისა, რუჟს ბევრი ღაწვებზე ისვამს. სახის კონტურს სიმკვეთრე რომ შევმატოთ, ის ყვრიმალის ძვლებზე უნდა წავისვათ. ამასთან, უპირატესობა კრემისებურს მივანიჭოთ.

* სავსე წარბები სახის კონტურს და ნაკვთებს გამოკვეთს, ღერები კი ასაკთან ერთად მეჩხერდება, ამიტომ წარბების უგულებელყოფაც შეცდომაა. ნუ დაივიწყებთ მათ შევსებას სპეციალური საშუალებებით, მაგალითად, წარბის ფანქრით ან პუდრით. წარბები მოკლე რომ არ გამოჩნდეს, ყურადღება მიაქციეთ ბოლოებს.

* მქრქალი ტუჩსაცხი, თუნდაც მოდური, არ არის საუკეთესო არჩევანი 40 წელს გადაცილებული ქალისთვის. გაცილებით ეფექტურია მბზინავი ფერადი საშუალებები. ისინი სისავსის ეფექტს ახდენენ, სახეს აცოცხლებენ და აახალგაზრდავებენ.

* ტუჩსაცხზე რამდენიმე ტონით მუქი ტუჩის ფანქარი ხაზს გაუსვამს თქვენს ასაკს. ეცადეთ, ფანქრის ფერი ტუჩსაცხისგან მკვეთრად არ განსხვავდებოდეს.

* თუ 20 წლისას მუქი ჩრდილები მოგწონდათ, 40 წლიდან სტილი უნდა შეიცვალოთ. თვალების გარშემო კანი ისედაც მოდუნებულია, ამიტომ თვალები დიდი რომ გამოჩნდეს, უფრო მსუბუქი, ნათელი ტონები გამოიყენეთ.

* მოწიფულ ასაკში ბევრი უარს ამბობს ტუშსა და ლაინერზე. ასეთი მსხვერპლი საჭირო არ არის, მთავარია, ლაინერი სწორად წაისვათ – მხოლოდ ზედა ქუთუთოებზე და არამც და არამც ქვედაზე, ხოლო თუ წამწამებს სიგრძესა და მოცულობასაც შემატებთ, თვალები უფრო ფართო გამოჩნდება, ხოლო მზერა – უფრო მეტყველი.

* ასაკთან ერთად კანი შრება, ამიტომ წინათ თუ პუდრისებრ ტონალურს იყენებდით, ამიერიდან კრემისებრზე უნდა გადახვიდეთ. ის ნაოჭებში არ ჩაჯდება და თანაბარ ელფერს მისცემს კანს.

ახალგაზრდული ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ მოციმციმე საშუალებები, მაგალითად, ჰაილაითერი და მბზინავი ჩრდილები.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: