რა წავიღოთ თან ბავშვთან ერთად მანქანით მოგზაურობისას

გააზიარე:

მოგზაურობა სიამოვნებაა. მით უმეტეს – მანქანით მოგზაურობა: შეგიძლიათ, ისაუბროთ, იმხიარულოთ, უსმინოთ სასურველ მუსიკას, შეჩერდეთ, როცა გინდათ და სადაც გინდათ, მანქანაშივე მიირთვათ სასუსნავი და სხვა.

ბავშვებთან ერთად მოგზაურობას დიდი წვლილი შეაქვს ოჯახური კავშირების განმტკიცებაში. ის დრო, რომელსაც ერთად გაატარებთ გზაში, დადებითად აისახება ბავშვის გონებრივ განვითარებაზე. თვალწინ გადაშლილი უცხო პეიზაჟები და მშობლებთან ერთად განცდილი შთაბეჭდილებები ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება.

მაგრამ ბავშვებთან (განსაკუთრებით – სკოლამდელი ასაკის პატარებთან) ერთად მანქანით მგზავრობას არცთუ სახარბიელო მომენტებიც ახლავს თან: გაუთავებელი წუწუნი, რომ მობეზრდათ ერთ ადგილას ჯდომა, შიათ, სწყურიათ, ტუალეტში უნდათ... იმისთვის, რომ მანქანით ოჯახური გასეირნება უსიამოვნო მოგონებად არ გექცეთ, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებითაც მოგზაურობა გაცილებით სასიამოვნო გახდება.

საბავშვო სავარძელი

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. საქართველოს კანონმდებლობით, თუ 12 წლამდე ასაკისა და 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვი მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაგყავთ, უნდა გამოიყენოთ სპეციალური საბავშვო სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

ორ წლამდე სავარძელი ისე უნდა დამაგროთ, რომ ბავშვი მოძრაობის მიმართულებით არ იყურებოდეს – ავარიის შემთხვევაში ასე უფრო მეტად იქნება დაცული.

ორიდან ხუთ წლამდე კი სავარძელი უნდა დამაგრდეს ისე, რომ ბავშვს სახე მოძრაობის მიმართულებით ჰქონდეს მიქცეული.

ხუთი წლიდან შეიძლება სპეციალური ასამაღლებელი ბუსტერის გამოყენება.

სასურველია, ბავშვი ადრევე იყოს მიჩვეული საკუთარი სავარძლით მგზავრობას – თუ უშუალოდ გამგზავრების წინ ჩასვით, შესაძლოა გააპროტესტოს და მისი დამშვიდება ძალიან გაგიჭირდეთ.

მოხერხებული სათამაშოები

გართობა ბავშვისთვის პირველადი მნიშვნელობის საქმიანობაა. მაშინ, როდესაც თინეიჯერი ყურსასმენებს იკეთებს და შესაძლოა, მთელი გზა ფიქრში გაატაროს, პატარას მანქანაშიც გართობა სჭირდება. ცოტა ხანს შეგიძლიათ გონებრივი თამაშებით შეიქციოთ თავი. მაგალითად, ჩაიფიქროთ ასო და შეეჯიბროთ, ამ ასოზე ვინ მეტ სიტყვას მოიფიქრებს ან აღწეროთ ცხოველი, ხოლო სხვებმა ის აღწერილობის მიხედვით გამოიცნონ, თუმცა ასეთი თამაშები პატარებს მალე ბეზრდებათ. ამიტომ გამგზავრებამდე ჩაულაგეთ მისი ასაკის შესაფერისი და მგზავრობისას გამოსადეგი გასართობები. მაგალითად, სპეციალური სახატავი დაფა, რომელზეც ნახატი  მარტივად იშლება და ახლის დახატვა შეიძლება.

კარგი ხერხია ახალი სათამაშოს გზაში გამოჩენა – უცხო ნივთით ბავშვი კარგა ხანს შეიქცევს თავს.

აუცილებლად წაიყოლეთ მისი საყვარელი თოჯინა – ის დაცულობისა და კომფორტის შეგრძნებას მიანიჭებს.

თუ უკანა სავარძელზე არა ერთი, არამედ ორი ან მეტი ბავშვია, შეგიძლიათ წაიყოლოთ ისეთი სათამაშოები, როგორიცაა, მაგალითად, უნო.

შესაძლოა, ახლა ეს არცთუ მნიშვნელოვანი გეჩვენებათ, მაგრამ შუა გზაში აწუწუნებული ბავშვი აუცილებლად გაგახსენებთ, რომ ჩანთაში მეტი სათამაშო უნდა ჩაგედოთ.

გასართობი გარე აქტივობებისთვის

თუ განსაზღვრულ ადგილას მანქანით გაჩერებას აპირებთ, გასართობი აქაც დაგჭირდებათ: საპნის ბუშტების გასაშვები სითხე (რომელსაც მხოლოდ გარეთ მისცემთ და არა მანქანაში), სახტუნაო, ფრისბი, ბურთი, ბადმინტონი... შეარჩიეთ ბავშვის ასაკის შესაფერისი აქტივობა და ერთად გაერთეთ.

მუსიკა

მუსიკა ბავშვებს ძალიან უყვართ, ამიტომ გამგზავრებამდე ერთად შეადგინეთ მათი საყვარელი სიმღერების სია და მანქანაში ჩართეთ. შეგიძლიათ, სიურპრიზიც მოუწყოთ: არ უთხრათ, რომელი სიმღერები შეარჩიეთ, ჩაურთოთ საყვარელი მულტფილმების საუნდტრეკები და ნახოთ, რამდენ ხანში გამოიცნობს. ეს ნაცადი მეთოდია, რომელიც პატარებს ძალიან ართობთ.

სათლი მათთვის, ვისაც მგზავრობის აუტანლობა აქვს

პატარებს ხშირად აქვთ მგზავრობის აუტანლობა (მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა). შესაძლოა, მოკლე გზებზე ეს ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ დიდ გზაზე იჩინოს თავი, ამიტომ სასურველია, მუდამ გქონდეთ თან პლასტმასის სათლი. (ჩვეულებრივი ქვიშაში სათამაშო სათლიც გამოგადგებათ), რათა მზად იყოთ, თუ პატარა უეცრად თავს შეუძლოდ იგრძნობს, მანქანას კი დაუყოვნებლივ ვერ აჩერებთ.

წყალი და სასუსნავი

მგზავრობისას წყალი ოჯახის ყველა წევრს სჭირდება, მაგრამ პატარებს – ყველაზე მეტად. წყალთან ერთად მოიმარაგეთ მათი საყვარელი წვენებიც, ასევე – კრეკერები, გალეტები, ყველის ჩხირები, ხილი და ნელ-ნელა მიეცით პატარას, რათა რაც შეიძლება მეტხანს შეიქციოს თავი. შეგიძლიათ, წაიყოლოთ რამდენიმე ისეთი ტკბილეულიც, რომელის ჭამის უფლებასაც იშვიათად აძლევთ და ყველაზე რთული სიტუაციებისთვის შემოინახოთ.

ერიდეთ მგზავრობისას ბავშვისთვის რამე ახალი საკვების ან სასმლის შეთავაზებას – თუ ალერგიული რეაქცია განუვითარდა, მოგზაურობა ჩაგშხამდებათ.

პაკეტები ნარჩენებისთვის

პატარებთან ერთად მგზავრობა სალონში მიმოფანტულ ორცხობილას ნამცეცებთან, წვენის პაკეტებთან, ხილის ნაფცქვენებთან ასოცირდება. უწესრიგობა თავიდან რომ აიცილოთ, თან იქონიეთ პაკეტები ნარჩენებისთვის.

პირველადი დახმარების ნივთები

აუცილებლად წაიყოლეთ პირველი დახმარების ჩანთა ანტიჰისტამინებით, მგზავრობის აუტანლობის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით, პლასტირებით, ანტისეპტიკით. ეს ჩანთა ხელთან ახლოს უნდა გქონდეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტისა თუ სამედიცინო ნივთის ძებნაში დრო არ დაკარგოთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: