როგორ ვესაუბროთ ბავშვს, რომელმაც ლაპარაკი ჯერ არ იცის

გააზიარე:

მშობელმა შვილთან ურთიერთობა დაბადების დღიდანვე უნდა დაიწყოს. გარდა იმისა, რომ დედის ხმა პატარას ამშვიდებს და უსაფრთხოების შეგრძნებას ჰგვრის, ბავშვთან მუდმივი კომუნიკაცია დედისთვისაც საჭიროა, რათა მათი კავშირი უფრო მეტად განმტკიცდეს.

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო სახალისო ხდება მასთან საუბარი. არაფერია უფრო სასიამოვნო, ვიდრე ის, რომ თქვენს სიტყვებს პატარა საყვარელი ტიტინით პასუხობს.

მშობელთან კომუნიკაცია, მაშინაც კი, როდესაც ბავშვს სიტყვების ნახევარზე მეტი არ ესმის, ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის.

საუბრისას მიეცით მკაფიო მითითებები

როგორ, რა მანერით და ინტონაციით ესაუბრებით ბავშვს, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რას ეუბნებით. მაგალითად, ეზოდან დაბრუნებულს თუ უბრალოდ ეტყვით, მოდი, ახლა შენი ფეხსაცმელები კარადაში შეაწყვეო, დიდი ალბათობით, პატარა ამას ვერ გაიგებს, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ აუხსენით, რის გაკეთებას სთხოვთ. თავად აიღეთ თქვენი ფეხსაცმელები და შეაწყვეთ კარადაში, თან ყოველი ნაბიჯი გაახმოვანეთ, მერე კი მას მიაწოდეთ თავისი ფეხსაცმელები და სთხოვეთ, გაჩვენოთ, როგორ გააკეთებს იმავეს.

თუ ფეხსაცმლის თასმებმა მოხიბლა და მათი თვალიერებით გაერთო, აუხსენით, რომ ეს არის თასმა, ამით ვიკრავთ ფეხსაცმელს, მერე კი შეახსენეთ, რას აკეთებდა, სანამ თასმებს აღმოაჩენდა.

თუ გსურთ, თამაშის შემდეგ სათამაშოების ალაგებას მიაჩვიოთ, "მოდი, ახლა სათამაშოები ავალაგოთ" არ არის საკმარისი იმის მისახვედრად, რის გაკეთებას სთხოვთ. ამ შემთხვევაშიც მკაფიო ინსტრუქციაა საჭირო. როდესაც კუბებით თამაშს დაასრულებს, აიღეთ ყუთი და უთხარით: "მოდი, ახლა კუბები თავის ყუთში დავაბრუნოთ", – და მოქმედებითაც აჩვენეთ, როგორ ჩადებთ კუბს თავის ყუთში. ასევე მოიქეცით წიგნებზეც – უთხარით: "მოდი, ახლა ეს მწვანე წიგნი თაროზე დავდოთ", – და აჩვენეთ, რას ნიშნავს წიგნის თაროზე დადება.

თუ სისტემატურად მოიქცევით ასე, დაინახავთ, რომ ბავშვი უფრო უფრო ადვილად მიხვდება, რას მოითხოვთ მისგან და საჭირო ჩვევები გამოუმუშავდება.

იგივე მეთოდი დაგეხმარებათ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამოუშავებაშიც, როგორიცაა ქუჩიდან შემოსვლის შემდეგ ხელების დაბანა, დილა-საღამოს კბილების გახეხვა, ტანსაცმლის გამოცვლა.

პატივი ეცით ბავშვის გრძნობებს და ეცადეთ, მეტისმეტად არ შეზღუდოთ

პატარები თავიანთ ყოველდღიურობას ვერ აკონტროლებენ, ამისთვის ჰყავხართ თქვენ, მშობლები. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ეზრდება თავისუფლების მოთხოვნილებაც და აპროტესტებს კონტროლს, მაგრამ არის ბევრი ისეთი რამ, რის უფლებასაც ვერ მისცემთ. რასაკვირველია, მისივე უსაფრთხოებისთვის.

აკრძალვის გამო პატარა შესაძლოა გაგინაწყენდეთ, იტიროს, იყვიროს. აჩვენეთ, რომ პატივს სცემთ მის გრძნობებს. მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და უთხარით, რომ ხვდებით, როგორ აინტერესებს, რა მოხდება, თუ დენის წყაროში თითს შეყოფს, მაგრამ ამის უფლებას ვერ მისცემთ. თავდაპირველად მძაფრი რეაქცია ექნება, მაგრამ თუ ყოველ ჯერზე გაუმეორებთ, რომ გესმით მისი, მაგრამ ეს ნამდვილად აკრძალულია, დაინახავთ, რომ თანდათან ისე მძაფრად აღარ განიცდის აკრძალვას და საბოლოოდ მიივიწყებს კიდეც ამ სურვილს.

მიეცით არჩევანი

იმისთვის, რომ პატარას კიდევ უფრო თავისუფლად და ლაღად იგრძნოს თავი, შესთავაზეთ არჩევანი. მაგალითად, როცა დენის წყაროში თითის შეყოფას აუკრძალავთ, უთხარით: "ამის უფლებას ვერ მოგცემ, მაგრამ შეგიძლია აირჩიო, კუბებით ვითამაშოთ თუ მანქანებით", – და აჩვენეთ კიდეც ის სათამაშოები, რომლებზეც ესაუბრებით.

თუ უფროსებისთვის განკუთვნილი ტკბილეული არ აჭამეთ და ამან გაანაწყენა, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ეს ტკბილეული მისთვის არ შეიძლება, მაგრამ შეუძლია, ხილი აირჩიოს: ავოკადო ურჩევნია თუ მოცვი? ჟოლო თუ ბანანი? აჩვენეთ ყველა ის ხილი, რომლის არჩევის საშუალებაც აქვს.

რუტინა მნიშვნელოვანია

პატარებს უყვართ ერთისა და იმავეს ბევრჯერ გამეორება, საყვარელი წიგნის მეათედ დათვალიერება იქნება ეს თუ მულტფილმის სასაცილო ეპიზოდის დაუსრულებლად ყურება. სწავლითაც გამეორებით სწავლობენ ყველაზე კარგად, ამიტომ თუ ერთხელ ელექტროსადენით თამაშზე უარი უთხარით, შემდგომშიც ასე უნდა გაგრძელდეს. თანმიმდევრულობა აღზრდის პროცესში აუცილებელია, რათა ბავშვმა კარგად დაიმახსოვროს, რა ეკრძალება და რა – არა. არ შეიძლება, ერთ დღეს რამე აუკრძალოთ, ხოლო მეორე დღეს იმავეს გაკეთების ნება დართოთ.

თუ ბავშვს საყვარელი ზღაპრის მეხუთედ წაკითხვის შემდეგ ეუბნებით, რომ ეს ბოლოა და ამის შემდეგ წიგნს ხურავთ და იძინებთ, აუცილებლად უნდა შეასრულოთ დანაპირები. შესაძლოა, გაბრაზდეს, მაგრამ სამომავლოდ ეცოდინება: როდესაც მშობელი ამბობს, რომ ეს ბოლოა, ესე იგი ნამდვილად ასეა და გულიც აღარ დასწყდება. ეს მომავალშიც გაგიმარტივებთ საქმეს, რადგან ბავშვს ეცოდინება, რომ თქვენს სიტყვას ფასი აქვს და აღარ ექნება ამაო მოლოდინი, რომ წუწუნით და ტირილით თავისას მიაღწევს.

მკაფიო "არა"

მართალია, ბავშვის მეტისმეტად შეზღუდვა ცუდია, მაგრამ არის რაღაცები, რაც უბრალოდ არ შეიძლება. სიტყვა "არა" კიდევ უფრო ადვილი დასამახსოვრებელია, როცა მას თავის ან თითის გაქნევაც ახლავს თან. პატარა უკეთესად დაინახავს, რაოდენ მნიშვნელოვანია, დაგიჯეროთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: