როგორ დავუბრუნოთ სამკაულს თავდაპირველი ბრწყინვალება
გააზიარე:
სამკაულს – მემკვიდრეობით მიღებულს, ნაჩუქარს თუ შეძენილს – სათანადო მოვლა სჭირდება. ჭუჭყი, მტვერი, კოსმეტიკის ნარჩენები კვალს ტოვებს ძვირფას ლითონზე და ეს უკანასკნელი თანდათან მქრქალდება. სამკაულს ხანგრძლივი შენახვაც უკარგავს პირვანდელ პეწს. როგორ დავუბრუნოთ მას თავდაპირველი ბრწყინვალება? იუველირთან მისვლა და ძვირად ღირებული საწმენდი საშუალებების შეძენა არ არის აუცილებელი, სამკაულის გასუფთავება მარტივი შინაური საშუალებებითაც შეიძლება.
ოქრო, ვერცხლი თუ მათი შენადნობები, ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი ქვები – თითოეული მათგანი თავისებურ მოვლას მოითხოვს.
ოქრო
ოქრო საკმაოდ რბილია და ადვილად იკაწრება, ამიტომ მას ხშირად ამატებენ უფრო მტკიცე ლითონებს, მაგალითად, ვერცხლს. ასეთი შენადნობები უფრო სწრაფად კარგავს სიკაშკაშეს და იცვლის ფერს, ამიტომ უფრო ხშირად სჭირდება წმენდა, სუფთა ოქროს კი გამქრქალება თითქმის არ ემუქრება.
ნუ გამოიყენებთ ოქროს სამკაულის გასაწმენდად აგრესიულ საშუალებებს, მაგალითად, უხეშ ჯაგრისს, უხეშ ქსოვილს, ცხელ წყალს.
თუ სამკაული ძვირფასი ქვებითაა შემკული, უმჯობესია, სპეციალისტთან გაიაროთ კონსულტაცია, რადგან გამწმენდ საშუალებებზე ყველა ქვა სხვადასხვანაირად რეაგირებს.
თუ სამკაულს ძვირფასი ქვები არ აქვს, გაასუფთავეთ ასეთი წესით:
* ჩადეთ ნელთბილი წყლით სავსე თასში, ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი ან ჩაახეხეთ ცოტაოდენი რბილი საპონი და კარგად გახსენით. შეგიძლიათ, ხელით დამზადებული საპონიც გამოიყენოთ. 15 წუთი დატოვეთ წყლის აბაზანაში, ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი კი რბილი ჯაგრისით მოაცილეთ. მერე კარგად გაავლეთ სუფთა წყალში და რბილი (ბამბის ან მიკროფიბრის) ქსოვილით გაამშრალეთ.
* რბილ ქსოვილზე დაყარეთ ცოტაოდენი საჭმელი სოდა და სამკაული ნაზად გაწმინდეთ, ბოლოს წყალში გაავლეთ და რბილი ქსოვილით კარგად გააპრიალეთ.
* ხახვი შუაზე გაჭერით და გადანაჭერით კარგად გაწმინდეთ სამკაული. 2 საათი დატოვეთ, მერე წყალში გაავლეთ და რბილი ქსოვილით გააპრიალეთ.
არ გირჩევთ ოქროს სამკაულის კბილის პასტით გაწმენდას – ის შესაძლოა შეიცავდეს უხეშ ნაწილაკებს, რომლებიც ლითონს დააზიანებს. მის გასაწმენდად ნურც ფოლგას გამოიყენებთ.
ვერცხლი
თუ ვერცხლის სამკაულს ატარებთ, შეამჩნევდით, რომ დროთა განმავლობაში ფერს იცვლის, შავდება. ეს ნადები ვერცხლის სულფიდია, რომელიც ვერცხლის ჟანგბადსა და გოგირდწყალბადთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება.
მის მოსაცილებლად გამოგადგებათ:
ლიმონის წვენი და მარილი
ლიმონის წვენისა და მარილისგან პასტა დაამზადეთ. მეტისმეტად თხელი არ გამოგივიდეთ. პასტა რბილ ქსოვილზე წაუსვით და სამკაული გააპრიალეთ, მერე წყალში გაავლეთ და მშრალი ქსოვილით კიდევ გააპრიალეთ.
ლიმონმჟავა და კბილის პასტა
ვერცხლი ოქროსავით რბილი არ არის, ამიტომ თამამად შეგიძლიათ კბილის პასტით გაწმინდოთ.
ლიმონმჟავასა და კბილის პასტის ნარევი კარგად ასუფთავებს ვერცხლს. უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ დანის წვერით სოდაც დაუმატოთ. ბოლოს მშრალი ქსოვილით გააპრიალეთ.
სოდა
სოდისა და წყლისგან პასტა გააკეთეთ, რბილ კბილის ჯაგრისს წაუსვით და სამკაული კარგად გააპრიალეთ. თუ ძალიან არის გაშავებული, ნახევარი საათით დატოვეთ ამ ნარევში. თუ სოდა არ გაქვთ, შეგიძლიათ, გამაფხვიერებელი გამოიყენოთ.
ალუმინის ფოლგა
თასს ძირზე ალუმინის ფოლგა დააფინეთ, გვერდებიც ფოლგით ამოუფინეთ და ცხელი წყალი ჩაასხით. შიგ ერთი ჩაის კოვზი მარილი გახსენით და ვერცხლის სამკაულები ჩააწყვეთ. მარილი და ალუმინი მაგნიტივით იმოქმედებს და ჭუჭყს მიიზიდავს, სამკაული ახალივით იბრწყინებს, ფოლგა კი გაშავდება. ბოლოს თბილ წყალში გაავლეთ და რბილი ქსოვილით გააპრიალეთ.
ვერცხლის ნაკეთობის გაპრიალება, თუ მეტისმეტად არ არის დაბინძურებული, სპეციალური ვერცხლის საწმენდი ქსოვილითაც შეიძლება.
ტიტანი
ტიტანი საკმაოდ მტკიცე ლითონია და იშვიათად იკაწრება. ტიტანის სამკაულების გაწმენდა ძალიან ადვილია: თბილ წყალში გახსენით საპონი და შიგ სამკაულები ჩააწყვეთ. 5-10 წუთი გააჩერეთ. მერე რბილი ჯაგრისით გაწმინდეთ, კარგად გააშრეთ და რბილი ქსოვილით გააპრიალეთ.
ძვირფასი ქვები
თუ სამკაული ძვირფასი ქვებით არის შემკული, ეცადეთ, მინიმალური შეხება ჰქონდეს პარფიუმსა და კოსმეტიკასთან. ქვებს ოფლი და ტენიც უკარგავს ბრწყინვალებას. ასე რომ, ნუ დაიზარებთ, სამკაული ყოველი ტარების შემდეგ გაწმინდეთ.
თუ ძალიან ჭუჭყიანი არ არის, საკმარისია, მტვერი რბილი ქსოვილით ან ფუნჯით მოაცილოთ ან ცოტა ხნით თბილ გამდინარე წყალს შეუშვიროთ, ბოლოს კარგად გააშროთ და გააპრიალოთ.
ნუ გამოიყენებთ საპონს და სხვა სარეცხ საშუალებებს – ისინი უფრო მეტად გაამქრქალებენ.
მარგალიტი
გირჩევთ, მარგალიტის სამკაული ყოველი ტარების შემდეგ გაასუფთაოთ. ეს ქვა ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ დიდი სიფრთხილით მოეპყარით: ჯერ ნაზად გაწმინდეთ თბილ წყალში დასველებული რბილი ქსოვილით, ბოლოს კარგად გაამშრალეთ.
ნუ გამოიყენებთ აგრესიულ საწმენდ საშუალებებს. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნეიტრალური პH-ის მქონე ჩვილის საპნითა და თბილი წყლით გარეცხოთ, ოღონდ ბოლოს სუფთა წყალში გავლება და გაშრობა არ დაგავიწყდეთ.
როგორ შევინახოთ
* სამკაული სინათლისა და ტენისგან დაცულ, თავდახურულ, ნაჭრით ამოფენილ კოლოფში ან ნაჭრის ჩანთაში შეინახეთ, უმჯობესია, ცალ-ცალკე.
* მარგალიტი რომ არ დაიკაწროს, ხავერდში შეფუთეთ.
* თუ ვერცხლის სამკაულს ჩვეულებრივი სასკოლო ცარცის პატარა ნატეხს ჩააყოლებთ, ზედმეტ ტენს შეიწოვს და ლითონს დაიცავს.
* ნუ დატოვებთ სამკაულს სააბაზანოში, რადგან ტენი მისი მთავარი მტერია.
ჯილდა გაჩეჩილაძე