ნინო ბარნაბიშვილი – სახელოვანი ოჯახის ღირსეული შთამომავალი
გააზიარე:
ქართული მედიცინის ისტორიაში მრავალი დაუვიწყარი სახელია ჩაწერილი. ჩვენი რუბრიკის დიდი გულშემატკივრის, მედიცინის ისტორიის მოამაგის, გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიას არქივიდან კიდევ ერთი ასეთი ადამიანის შესახებ ამოვკრიბეთ ინფორმაცია. ნინო ბარნაბიშვილის საექიმო და პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ დამატებითი ცნობების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მის ქალიშვილს, ქალბატონ თამარ ხუნდაძეს, და ძმისშვილს, გინეკოლოგ კირილე ბარნაბიშვილს.
ნინო ბარნაბიშვილი 1920 წლის 16 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მისი პაპა საქართველოში პირველი მუსიკალური სკოლის დამაარსებელი ხარლამპ სავანელი იყო. დედამ, თამარ ჩიკოიძემ, გორის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შვილების აღზრდას მიუძღვნა თავი. მამა, კირილე (კიაზო) ბარნაბიშვილი, კასპის რაიონის სოფელ ბარნაბაანთკარში დაიბადა, დაწყებითი განათლება გორში მიიღო, ხოლო თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ოდესაში, ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა ქირურგიის განხრით. ოდესაშივე დაიბადა ბარნაბიშვილების ორი უფროსი შვილი, ელისაბედი (ლიზიკო) და გიორგი (ბიჭიკო), ნინო კი თბილისში დაბრუნების შემდეგ მოევლინა ამ ქვეყანას. კირილე ერთხანს თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა, მერე კი არამიანცის (ამჟამად – ქალაქის პირველი საავადმყოფოს) ქირურგიულ განყოფილებაში გადავიდა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
ხუტა პაჭკორია:
– ბარნაბიშვილების ოჯახი ქართული ინტელიგენციის იმ შტოს ეკუთვნოდა, რომელსაც ერის განვითარებისთვის უმთავრესად მიაჩნდა განათლება, ამიტომ დიდ ყურადღებას უთმობდნენ შვილებისა და, საერთოდ, მომავალი თაობის აღზრდას. ოჯახის ყველა წევრი, განურჩევლად ასაკისა, საერთო ინტერესებით ცხოვრობდა. მათი ბინის სამ პატარა ოთახში (კეცხოველის 2 ნომერში, სადაც ამჟამად ცეკავშირის მაღლივი შენობაა) თავს იყრიდნენ მედიცინის, ლიტერატურისა და ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლები: გრიგოლ მუხაძე, გიორგი და სერგო ხუნდაძეები, დავით შოთაძე, მიხეილ გიგოლოვი, ნიკოლოზ ვესელავზაროვი, ლადო გუდიაშვილი, გიორგი ლეონიძე, გერონტი ქიქოძე, იოსებ გრიშაშვილი, მარიჯანი, შალვა ნუცუბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ქუჩიშვილი, შალვა და გიორგი თაქთაქიშვილები, დოდო ალექსიძე და სხვები. აქ იშლებოდა ზღვარი ასაკს, პროფესიასა და თანამდებობას შორის, სუფევდა ურთიერთგაგება და სიყვარული. ასეთ თბილ ატმოსფეროში იზრდებოდა ნინო.
დები კარგად უკრავდნენ ფორტეპიანოზე, მომაჯადოებლად მღეროდნენ რომანსებსა და ხალხურ სიმღერებს. ლიზიკო ერთხანს “სუხიშვილების” აკომპანიატორიც იყო. სწავლობდა კონსერვატორიაში, თუმცა პირადმა ტრაგედიამ მის მუსიკალურ კარიერას ხელი შეუშალა. ამის შემდეგ თბილისის ტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა და ინჟინერ-კონსტრუქტორის პროფესიას დაეუფლა. მათ ძმას, გამოჩენილ ვიოლონჩელისტ გიორგი ბარნაბიშვილს, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სავიოლონჩელო სკოლისა და საკვარტეტო ჟანრის განვითარებაში. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა შესანიშნავი ანსამბლი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის ახალ თაობად მოიხსენიება. მუსიკასთან ერთად გატაცებული იყო სპორტით. ფეხბურთის მოყვარულს მრავალი სპორტსმენი მეგობარი ჰყავდა: კოკა თაყაიშვილი, შურა ჯორჯაძე, ბორის პაიჭაძე, ალექსანდრე დოროხოვი და გიორგი ვაჩნაძე (მეტსახელად ფსიშკა), რომელმაც შემდეგ ლიზიკოზე იქორწინა. გიორგის მეგობრები ხშირად სტუმრობდნენ ბარნაბიშვილების ოჯახს. სწორედ ასე გაიცნო ლიზიკომ თავისი მომავალი მეუღლე.
გოგი ვაჩნაძე არც საბჭოთა, არც შემდგომი პერიოდის ფეხბურთისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში თითქმის არ იხსენიება. საქმე ის არის, რომ 1941 წელს ის ტყვედ ჩავარდა და საბოლოოდ უცხოეთში დარჩა. მის სხვა დამსახურებებზე რომ არაფერი ვთქვათ, სწორედ გოგი ვაჩნაძემ აღმოაჩინა ბრწყინვალე ბორის პაიჭაძე და ჯერ კიდევ უცნობი ფეხბურთელი თავის გუნდში მიიწვია, სადაც ახალგაზრდა ფორვარდმა ღირსეულად შეცვალა 30-იანი წლების ქართული ფეხბურთის ყველაზე გამოჩენილი ფიგურა.
გზა წარმატებისკენ
მედიცინისადმი მისწრაფება და ინტერესი პატარა ნინოს, როგორც ჩანს, მამისგან ერგო. მე-8 შრომის სკოლის წარჩინებით დამთავრებისას ექიმობა უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე რომ მოინდომა სწავლის გაგრძელება. ნინომ ნიჭითა და შრომისმოყვარეობით მალე გამოიჩინა თავი. მას იცნობდნენ არა მხოლოდ სტუდენტები და პედაგოგები, არამედ მთელი თბილისის ექიმთა საზოგადოება. 1944 წელს ნინო ბარნაბიშვილმა წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე, რომელსაც იმხანად შიო გუგეშაშვილი ხელმძღვანელობდა.
ახალგაზრდა ექიმი ომიდან დაბრუნებულ, ასაკით მასზე უფროს სტუდენტებს ასწავლიდა და ახალგაზრდა ქალისთვის უჩვეულო შეუპოვრობით მიუყვებოდა სახელოვანი პედაგოგის გაკვალულ გზას.
ხუტა პაჭკორია:
– ქალბატონმა ნინომ თავისი პროფესიული ცხოვრების უდიდესი ნაწილი ძველ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაატარა. XIX საუკუნეში მიხეილის პროსპექტზე (ახლანდელ აღმაშენებლის გამზირზე) მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობათაგან გამორჩეული იყო მიხეილის საავადმყოფოს კომპლექსი. მშენებლობა 1865 წელს მედიკოს ა. ლიბაუს თაოსნობით და თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის პროექტით დაიწყო. ზალცმანის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოს მშენებლობას სათავეში ჩაუდგა მეორე გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილდელდი. ერთი ვერსიით, საავადმყოფოს სახელი კავკასიის მეფისნაცვლისა და მთავარსარდლის, მიხეილ რომანოვის პატივსაცემად დაერქვა, თუმცა მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ კლინიკის გახსნა მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს დაემთხვა და სწორედ ამიტომ ეწოდა სამკურნალო კომპლექსს ეს სახელი.
სტუდენტებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა შენობის თვალუწვდენელი ჭერი და უზარმაზარი პალატები, რომლებიც ოცდაათამდე ავადმყოფს იტევდა. აქვე ტარდებოდა პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებსაც გულისყურით უსმენდნენ არა მხოლოდ მომავალი ექიმები, არამედ პაციენტებიც. ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას საქართველოში მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ფუძემდებელი კონსტანტინე ვირსალაძე ხელმძღვანელობდა. საყოველთაოდ ცნობილია, რა პირდაპირი და, ცოტა არ იყოს, მძიმე ხასიათი ჰქონდა სახელგანთქმულ მეცნიერს. ტაქტიანი და თავდაჭერილი ქალბატონი ნინო, ბრწყინვალე დიპლომატი, ყოველგვარი კონფლიქტის უბადლო მომგვარებელი, თავისი გულისხმიერებითა და მეგობრული დამოკიდებულებით მუდამ მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდა კოლეგებს და პროფესორთან ეშუამდგომლა. ამის გამოც უყვარდა გამორჩეულად თითოეულ სტუდენტსა თუ თანამშრომელს.
ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა: ერთ ახალგაზრდა ექიმს, რომლემაც ის-ის იყო დაასრულა სავალდებულო ორწლიანი კლინიკური ორდინატურა, უეცრად გარდაეცვალა მშობლები. მის ტრაგედიას ისიც დაემატა, რომ მისთვის დაპირებულ ადგილზე პროტექციით სხვა მიიღეს. ქალბატონმა ნინომ ასეთი უსამართლობა ვერ აიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ბარძაყის ძვლის ყელი ჰქონდა მოტეხილი და ჯერ კიდევ ყავარჯნებით დადიოდა, გაჰყვა თავის სტუდენტს ჯანმრთელობის მაშინდელ მინისტრთან, გიორგი ზედგენიძესთან, და პირადად აუხსნა მას ვითარება. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ბედის ანაბარა დარჩენილი ახალბედა სპეცილისტი მინისტრის პირადი ბრძანებით მიხეილის საავადმყოფოში მიიღეს.
ნინო ბარნაბიშვილი 1951 წელს დაქორწინდა. მისი მეუღლე ოთარ ხუნდაძეც ექიმი იყო. ერთმანეთი ქალაქის პირველ საავადმყოფოში გაიცნეს, სადაც ოთარი წამყვან რენტგენოლოგად ითვლებოდა. მოგვიანებით ის ქალაქის მთავარი რენტგენოლოგი გახდა. მათმა ერთადერთმა ქალიშვილმა, თამარმა, ოჯახური ტრადიციის გაგრძელება არ ისურვა – ბიოლოგობა არჩია.
გინეკოლოგი კირილე ბარნაბიშვილი ასე იგონებს საამაყო მამიდას:
– როგორც ექიმი და პედაგოგი, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სტუდენტებსა და კოლეგებს შორის. იმ დროს მიხეილის საავადმყოფოში შინაგანი მედიცინის გამოჩენილი წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ – სპირიდონ ვირსალაძე, ბაადურ რაჭველიშვილი და ოქროპირ გოგიბერიძე. კათედრაზე ხშირად ახსენებდნენ “ორი დიდი ნინოს” ტანდემს: ერთი მათგანი იყო ნინო პეტრიაშვილი, მეორე – მამიდაჩემი. ჰუმანური და იმავდროულად საოცრად პრინციპული, ადვილად უმეგობრდებოდა სხვადასხვა თაობის, ეროვნებისა და სპეციალობის ადამიანებს. მე სხვებზე მეტად გამიმართლა – ნინო, მამიდასა და მასწავლებელთან ერთად, ჩემი უფროსი მეგობარი და ცოდნის უანგარო გამზიარებელიც გახლდათ.
ნინო ბარნაბიშვილი 1981 წელს 27 ივნისს, 61 წლისა გარდაიცვალა. დატოვა მისი ხსოვნის პატივისმცემელი მოწაფეები, მადლიერი პაციენტები და მოსიყვარულე ახლობლები.
მარი მარღანია