არავერბალური კომუნიკაციის დიდოსტატები

გააზიარე:

თუ ძაღლი გყავთ ან ოდესმე გყოლიათ, გამორიცხულია, ერთხელ მაინც არ წამოგებოდით ჩვენი ოთხფეხა მეგობრების საყვარელ ხრიკს – "მეტყველი მზერით განგმირვას".

ყველა ცუგამ იცის, როგორ მიიღოს სასურველი.

როგორ და – დაჟინებული მზერით.

ამ დროს საქმეში ერთვება მიმიკური კუნთები და დრუნჩს საჭირო გამომეტყველებას ანიჭებს. პატრონის მოსიყვარულე გული ვეღარ უძლებს ძაღლის მავედრებელ გამომეტყველებას და ცუგა იღებს სასუსნავს, გასართობს, ალერსს.

ძაღლები სხვა შინაურ ცხოველებზე მეტად მიილტვიან ადამიანთან თვალებით კონტაქტისკენ. ლეკვი, რომელიც სახლში იზრდება, უკვე ოთხი კვირის ასაკიდან იწყებს ადამიანთან კონტაქტის დამყარებას და ზრდა-განვითარების პარალელურად ხვეწს მასთან ურთიერთობის თანდაყოლილ უნარს. მზრუნველის ყურადღების მიპყრობა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელიცაა და მომგებიანიც. იშვიათია ადამიანი, ლეკვის მავედრებელ მზერას რომ გაუძლოს.

თავის დროზე ძაღლის მოშინაურება უდიდესი წარმატება იყო ადამიანისთვის. ავსტრიელი ზოოფსიქოლოგი კონრად ლორენცი წიგნის "ადამიანი პოულობს ძაღლს" ერთ-ერთ თავს მთლიანად ამ მოვლენის განხილვას უთმობს. ავტორმა თავს "შეთანხმება" დაარქვა. მასში აღწერილია, როგორ "შეთანხმდნენ" ადამიანი და მგელი (შემდგომში ძაღლი), რომ ერთად გაეგრძელებინათ ცხოვრება.

გავრცელებული მოსაზრებით, ადამიანმა ძაღლი 15 000 წლის წინ მოიშინაურა. მისი გამიზნული სელექცია დაახლოებით XVIII საუკუნიდან იწყება. მანამდე ცვლილებები, დიდი ალბათობით, ბუნებრივად ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანზე დაკვირვების, გარემოსთან ადაპტირებისა და ევოლუციის გზით მოშინაურებულმა ძაღლმა ახალი თვისებები შეიძინა.

საინტერესოა, რომ თვალების გარშემო მდებარე ორი წყვილი მიმიკური კუნთი ძაღლს ისეთი გამომეტყველების მიღების საშუალებას აძლევს, როგორის მიღებაც მგლებს არ შეუძლიათ. ეს პირველი ბიოლოგიური მტკიცებულებაა იმისა, რომ ხსენებული კუნთები ძაღლებს მოშინაურების პროცესში ერთი კონკრეტული მიზნით – ადამიანებთან კომუნიკაციისთვის ჩამოუყალიბდათ. წარბისა კუნთების მოძრაობა თვალებს უფრო დიდსა და მეტყველს აჩენს. მეცნიერებმა ეს კუნთები ოთხი ჯიშის მგლებთან ეძებეს, მაგრამ უშედეგოდ, ძაღლების შერჩეული ექვსი ჯიშიდან კი ხუთს აღმოაჩნდა. ამ კუთხით აღსანიშნავია ციმბირული ჰასკი – ერთ-ერთი ყველაზე გვიან მოშინაურებული სახეობა, რომელიც საკვლევ ჯგუფში ყველაზე ძველ ჯიშს წარმოადგენდა.

კვლევა პორტსმუთის უნივერსიტეტის ძაღლთა კოგნიტიური ცენტრის მკვლევრებმა ჩაატარეს. მეცნიერებმა ზედმიწევნით შეისწავლეს, როგორ ამყარებენ ძაღლები ადამიანებთან თვალებით კონტაქტს და როგორ იყენებენ ამისთვის წარბებს.

კვლევის ხელმძღვანელის ჯულიან კამინსკის თქმით, ძაღლები წარბებს უმეტესად მაშინ ამოძრავებენ, როდესაც მათ ყურადღებას ვაქცევთ და იშვიათად, როდესაც უგულებელვყოფთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ წარბების მოძრაობა გარკვეულწილად მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

ცნობილია, რომ თავშესაფრებიდან უფრო ხშირად ის ძაღლები მოჰყავთ, რომლებსაც განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთები.

ნინო ლომიძე

გააზიარე: