საუკეთესო ჭურჭელი ჩვილისთვის
გააზიარე:
დღეს მაღაზიებში იმდენი და იმდენნაირი საბავშვო ჭურჭელია, რომ არჩევანის გაკეთება ძნელია.
უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ, თქვენ მიერ შერჩეული ნივთი არ შეიცავდეს:
- მავნე ფტალატებს;
- BPA + BPA – ბისფენოლ A-ს;
- PVC – პოლივინილქლორიდს;
- ფორმალდეჰიდს;
- მძიმე მეტალებს.
საბავშვო ჭურჭლისთვის უსაფრთხო მასალად მიიჩნევა:
- სამზარეულოს (ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან თავსებადი) სილიკონი;
- ხე (არატოქსიკური საფარით);
- ეკოლოგიურად სუფთა ბამბუკი;
- უჟანგავი (ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან თავსებადი) ფოლადი;
- მინა ან ფაიფური (ჩვილებისთვის გათვალისწინებულია სილიკონის დამცავი გარსი);
- მაღალი ხარისხის პლასტმასა.
ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო სილიკონისა და ბამბუკის ჭურჭელია. მოდი გავიგოთ, რომელს რა უპირატესობა აქვს.
ბამბუკის უპირატესობები
* ბამბუკი ბიოდეგრადირებადი და მეტად ეკომეგობრულია, ვიდრე სილიკონი.
* ბამბუკი ბუნებრივად ანტიბაქტერიულია და, სილიკონისგან განსხვავებით, არ სჭირდება სპეციალური პროცედურების ჩატარება, რათა საკვებად მისაღები გახდეს.
* არ იკაწრება. პატარები არცთუ ისე ლმობიერად ეპყრობიან ნივთებს, ამიტომ ჭურჭელი, რომელსაც ადვილად ვერ დაკაწრავენ და გააფუჭებენ, მათთვის მისწრებაა.
* ბამბუკის თეფშები ძალიან მსუბუქია, ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში მათი თან წაღებაც არ გაგიჭირდებათ.
* ჭურჭლის დამზადებისას ბამბუკს უმეტესად ბუნებრივ ფერს უტოვებენ, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან მისი გამოყენებისას თითქოს ბუნებასთან სიახლოვეს ვგრძნობთ.
მეორე მხრივ, ბამბუკის ჭურჭელი უფრო ძვირია, უფრო მყიფე და, შესაბამისად, უფრო ნაკლებ ხანს ძლებს, ვიდრე სილიკონისა.
თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქტიურად იყენებთ, რადგან ხელით რეცხვისთვის არ გცალიათ ან გცალიათ, მაგრამ გირჩევნიათ, ეს დრო უფრო სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ, ბამბუკის ჭურჭელი არ გამოგადგებათ – ის მხოლოდ ხელით უნდა გაირეცხოს.
სილიკონის უპირატესობები
* სილიკონის საბავშვო ჭურჭელი თამამად შეგიძლიათ შედოთ მიკროტალღურ ღუმელში. ეს დიდი შვებაა მშობლებისთვის, რადგან აღარ უწევთ საკვებით ნაირ-ნაირი ჭურჭლის დასვრა. სილიკონი ასევე თავსებადია ელექტრო- და ბუნებრივი აირის ღუმლებთან. მისი საყინულეში მოთავსებაც შეიძლება.
* სილიკონის ჭურჭელი ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში (ზედა თაროზე), რაც არც ისე ცოტას ნიშნავს გადაღლილი მშობლებისთვის.
სილიკონის ჭურჭელი ჰიპოალერგენულია, რბილი და ძალიან გამძლე. ბავშვი ძალიან უნდა ეცადოს, რომ მას ზიანი მიაყენოს.
* სილიკონის საბავშვო ჭურჭელი ნაირ-ნაირი ფერისა და ფორმისაა, რიც პატარებს ძალიან მოსწონთ.
ზოგადი რჩევები
მაღალი ხარისხის მინის ან ფაიფურის ჭურჭელი ძალიან ლამაზია – შესაძლოა, ცდუნებას ვერ გაუძლოთ და შეიძინოთ. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ორივე მასალა მყიფე და მსხვრევადია, პატარა ბავშვი კი საშიშროებას ვერ აცნობიერებს, დიდი შანსია, ჭურჭელი გადმოაპირქვავოს, ძირს გადმოაგდოს, გატეხოს. საქმეც მოგემატებათ, ხარჯიც (რადგან ახალი ჭურჭელი გექნებათ საყიდელი) და თავად ბავშვსაც შეუქმნის საფრთხეს მინისა და ფაიფურის ნამსხვრევები.
მათთვის, ვინც ხის ჭურჭელს ამჯობინებს
ბამბუკის მსგავსად, ხეც ძალიან ლამაზია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მას აქვს მიკროსკოპული ფორები, რომლებშიც დროთა განმავლობაში ბაქტერიები იდებენ ბინას. ხის ჭურჭლის გამოცვლა საკმაოდ ხშირად მოგიწევთ, რათა თქვენი პატარას ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.
ზომა
იმ ზომის თეფში შეარჩიეთ, რომ მასზე ზუსტად ეტეოდეს ბავშვის ულუფა. ასე ის თავიდანვე შეეჩვევა, რომ თეფშზე გადაღებული საჭმელი ბოლომდე მიირთვას.
თუ BLW, ანუ ბავშვის თვითკვების მეთოდს მისდევთ, შეარჩიეთ სპეციალური მწებავძირიანი თეფში. წებოვანი ძირის მეშვეობით ის ეკვრის მაგიდას და არ გადმოპირქვავდება. ეს დიდი შვებაა მშობლისთვის, რადგან, მოგეხსენებათ, სანამ პატარა დამოუკიდებლად ჭამას სწავლობს, არეულობა გარდაუვალია.
არსებობს მწებავძირიანი სპეციალური სადგამიც – ის შეგიძლიათ ბამბუკის თეფშსაც მიამაგროთ, ოღონდ მისი დამატებით შეძენა მოგიწევთ. თუ ფინანსები შეზღუდული არ გაქვთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ იმ ბრენდის ჭურჭელი, რომელსაც უკვე მოჰყვება სილიკონის სადგამი, რომელიც მარტივად ეკვრის მაგიდას.
ნურც მაღალი ხარისხის პლასტმასისგან დამზადებულ ჭურჭელს დავივიწყებთ, თუმცა მაშინ, როდესაც არსებობს პლასტმასაზე გაცილებით ეკომეგობრული ბამბუკი ან გაცილებით გამძლე სილიკონი, ერთადერთი ღირსება, რაც პლასტმასას რჩება, მისი დაბალი ფასია. სხვა შემთხვევაში სილიკონი და ბამბუკი უკონკურენტო მასალაა ბავშვის ჭურჭლისთვის.
უჟანგავი ფოლადი
ბავშვისთვის საკვების მოსამზადებლად საუკეთესოა უჟანგავი ფოლადის ქვაბი. მასში ნებისმიერი კერძის მომზადება შეიძლება – არც გემო შეეცვლება და არც ინგრედიენტები დაკარგავს სასარგებლო თვისებებს. გარდა ამისა, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში მომზადებული კერძი დიდხანს არ ფუჭდება. ყველაფერთან ერთად, უჟანგავი ფოლადი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას (ქირურგიული ინსტრუმენტები სწორედ ამ შენადნობისგან მზადდება).
უჟანგავი ფოლადის ქვაბი გარეცხვის შემდეგ კარგად უნდა გაამშრალოთ და ისე შეინახოთ, რომ სპეციფიკური სუნი არ აუვიდეს და ნადები არ გაუჩნდეს. თუ ფსკერზე საკვები აქვს მიმხმარი, თბილ წყალში ჩაალბეთ და რბილი ღრუბლით მოაშორეთ დამბალი მასა. ლითონის ნეჭით არ გახეხოთ. არ ჩადოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, სანამ მიმხმარ ნარჩენებს არ მოაშორებთ.
ლიკა ქათამაძე