წნევა და ბავშვები
გააზიარე:
ბევრს ჰგონია, ჰიპერტენზია მხოლოდ ზრდასრულთა ან ასაკოვანთა პრობლემაა. სინამდვილეში მაღალი წნევა შესაძლოა მცირეწლოვან ბავშვებსაც ჰქონდეთ. ბავშვს ჰიპერტენზიის დიაგნოზი ესმება, როდესაც მისი არტერიული წნევა აღემატება იმავე სქესის, ასაკისა და სიმაღლის მქონე ბავშვთა 95%-ის მაჩვენებელს.
რაც უფრო პატარაა ბავშვი, წნევაც მით უფრო დაბალი აქვს. მაგალითად, ექვსი თვის ჩვილისთვის სისტოლური წნევის ნორმალური დიაპაზონი 87-105 მმ ვწყ სვ-ია, ხოლო დიასტოლურისა – 53-66 მმ; ორი წლის ასაკში სისტოლურისა – 95-105 მმ, დიასტოლურისა – 53-66 მმ; შვიდი წლისთვის, შესაბამისად, 97-112 მმ და 57-71 მმ, ხოლო 15 წლისთვის – 112-128 მმ და 66-88 მმ.
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო სავარაუდოა, მაღალი წნევა კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობით იყოს გამოწვეული, უფროსი ასაკის ბავშვებთან კი არტერიული წნევის მომატებაში შესაძლოა იმავე მიზეზებს მიუძღოდეთ ბრალი, რასაც ზრდასრულებთან: ჭარბ წონას, არასწორ კვებას და ნაკლებ მოძრაობას.
სიმპტომები
მაღალი წნევა არც ბავშვებთან იწვევს სიმპტომებს, თუმცა მის ძლიერ მომატებაზე, ჰიპერტენზიულ კრიზზე, შესაძლოა მიგვანიშნოს თავის ტკივილმა, კრუნჩხვამ, ღებინებამ, გულმკერდის ტკივილმა, სწრაფმა, მკვეთრმა გულისცემამ ან გულის ფრიალმა, ჰაერის უკმარისობამ. თუ თქვენს შვილს მსგავი მოვლენები განუვითარდა და წნევაც მაღალი აქვს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
როდის მივმართოთ ექიმს
ბავშვს არტერიული წნევა უნდა გაეზომოს ექიმთან ყოველი რუტინული ვიზიტის დროს სამი წლიდან. თუ მაღალი წნევა აღმოაჩნდა – უფრო ხშირადაც. თუ ბავშვს მომატებული აქვს ჰიპერტენზიის რისკი (ნაადრევად არის დაბადებული, აქვს მცირე წონა, თანდაყოლილი გულის დაავადება და თირკმლის პრობლემები), არტერიული წნევის მონიტორინგი დაბადებიდან მალევე იწყება.
მიზეზები და რისკფაქტორები
მცირეწლოვან ბავშვებთან მაღალი არტერიული წნევა, წესისამებრ, მეორეულია და გულის მანკებს, თირკმლის დაავადებებს, გენეტიკურ ცვლილებებს, ჰორმონულ დარღვევებს უკავშირდება, ხოლო მოზრდილ (ექვსი წლისა და ამაზე უფროსი ასაკის) ბავშვებს, განსაკუთრებით – ჭარბწონიანებს, უფრო ხშირად აქვთ პირველადი, ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან დაუკავშირებელი წნევის მომატება.
პირველადი (ესენციური) ჰიპერტენზიის რისკფაქტორებია ჭარბი წონა და სიმსუქნე, მაღალი წნევის ოჯახური ისტორია, დიაბეტი ტიპი 2, უზმოზე შაქრის ნორმაზე მაღალი დონე, მაღალი ქოლესტეროლი, მარილის ჭარბი მოხმარება, მამრობით სქესი, აქტიური ან პასიური მწეველობა, უმოძრაობა.
მეორეულ ჰიპერტენზიას იწვევს თირკმელების ქრონიკული დაავადება, თირკმელების პოლიცისტოზი, აორტის შევიწროება (კოარქტაცია), თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობა (ჰიპერთირეოზი), თირკმლის არტერიის შევიწროება (თირკმლის არტერიის სტენოზი), ძილის დარღვევა, განსაკუთრებით – ძილის ობსტრუქციული აპნოე, ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის – სურდოს დროს გამოსაყენებელიც (დეკონგესტანტები), კოფეინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სტეროიდები, კოკაინი, მეტამფეტამინი და მსგავსი ნარკოტიკები.
გართულებები
ბავშვებს, რომლებსაც მაღალი წნევა აქვთ, თუ არ იმკურნალეს, სავარაუდოდ, მაღალი წნევა ექნებათ ზრდასრულ ასაკშიც, რაც გაზრდის მომავალში გართულებების (ინსულტის, ინფარქტის, გულის უკმარისობის, თირკმელების დაავადების) რისკს.
პრევენცია
ბავშვებში მაღალი არტერიული წნევის თავიდან აცილება შესაძლებელია ცხოვრების წესის იმავე ცვლილებებით, რომლებიც ხელს უწყობს მკურნალობას – წონის კონტროლით, მარილის შეზღუდვით, ჯანსაღი დიეტით. სხვა მდგომარეობით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა შეიძლება დარეგულირდეს ან თავიდან იქნეს აცილებული მისი გამომწვევი მდგომარეობის მართვით.
დიაგნოზი
დიაგნოზი ეფუძნება გასინჯვით მიღებულ მონაცემებს, სამედიცინო ისტორიას, არტერიული წნევის ოჯახურ ისტორიას, კვებისა და აქტივობის დონის შესახებ ინფორმაციას, არტერიული წნევის მაჩვენებლებს. ზუსტი მონაცემების მისაღებად საჭიროა მისი სწორად გაზომვა სათანადო ტექნიკით, მშვიდ გარემოში. მაღალი არტერიული წნევის დიაგნოზი რომ დაისვას, არტერიული წნევა ნორმაზე მაღალი უნდა იყოს ექიმთან, სულ მცირე, სამი ვიზიტის დროს გაზომვისას. ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს, პირველადია ჰიპერტენზია თუ მეორეული, ჩატარდეს სისხლის ანალიზები თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტების, ქოლესტეროლის, ტრიგლიცერიდების დონის შესამოწმებლად, შარდის ანალიზი, ექოკარდიოგრამა, თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ამბულატორიული მონიტორინგი გულისხმობს ბავშვისთვის სპეციალური მოწყობილობის მიმაგრებას, რომელიც არტერიულ წნევას ზომავს მთელი დღე-ღამის განმავლობაში, ძილისა და აქტივობის პერიოდების ჩათვლით. ამ გზით გამოირიცხება არტერიული წნევის ემოციურ ფონზე მატება (თეთრი ხალათის ჰიპერტენზია).
მკურნალობა
თუ ბავშვს წნევა ოდნავ აქვს მომატებული, მკურნალობა იწყება ცხოვრების წესის შეცვლით, ჯანსაღი დიეტით და ფიზიკური აქტივობის გაზრდით. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რეკომენდებულია წამლების დამატება. თუ წნევა საკმაოდაა მომატებული, წამლები თავიდანვე ინიშნება. წესისამებრ, ესენია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, შარდმდენები.
თუ მაღალი წნევა სიმსუქნით არის გამოწვეული, წონის დაკლების შემდეგ მედიკამენტები შესაძლოა მოიხსნას. საზოგადოდ, როდესაც ჰიპერტენზია სხვა სამედიცინო პრობლემის ფონზეა განვითარებული, ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ წნევაც რეგულირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე წნევის წამლების გრძელვადიანი გავლენის შესახებ ცოტა რამ ვიცით, ამ მედიკამენტების უმრავლესობა ბავშვებისთვის უსაფრთხოდ ითვლება.
წნევის კონტროლისთვის
რეკომენდაციები ბავშვებისთვისაც ისეთივეა, როგორიც მოზრდილებისთვის. ისინი მაშინაც კი უნდა შესრულდეს, როდესაც ბავშვი წნევის დამწევს იღებს.
* უპირველეს ყოვლისა, აკონტროლეთ ბავშვის წონა.
* წაახალისეთ, ჭამოს ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, უცხიმო რძის ნაწარმი, უცხიმო ცილოვანი საკვები (თევზი, ლობიო), შეუზღუდეთ ცხიმი, შაქარი, მარილი.
* წაახალისეთ ფიზიკური აქტივობისკენ. ბავშვმა დღეში 60 წუთი მაინც უნდა დაუთმოს ზომიერ ან ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას.
* შეუზღუდეთ ტელევიზორთან, კომპიუტერთან თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან გასატარებელი დრო.
* ცხოვრების წესის შეცვლაში მთელი ოჯახი ჩაერთეთ. ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, თუ ოჯახის სხვა წევრები სწორად არ იკვებებიან და არ ვარჯიშობენ. მიეცით მაგალითი. ერთად ითამაშეთ აქტიური თამაშები, ირბინეთ, ველოსიპედებით იარეთ.
მარი აშუღაშვილი