მაღალი არტერიული წნევა

გააზიარე:

არტერიული წნევა ის ძალაა, რომლითაც სისხლი არტერიების კედლებს აწვება. ამ სისხლძარღვებს სისხლი გულიდან სხეულის სხვა ნაწილებისკენ მიაქვს. დღის განმავლობაში არტერიული წნევა ხან იმატებს, ხან იკლებს. თუ მან ზედმეტად მოიმატა და დიდხანს დარჩა მაღალი, შესაძლოა, ინფარქტი ან ინსულტი გამოიწვიოს. მაღალ წნევას ჰიპერტენზია ეწოდება.

რატომ იმატებს არტერიული წნევა, როგორ შევამციროთ მისი მომატების საფრთხე და როგორ გავუმკლავდეთ ჰიპერტენზიას?

გულის ყოველი შეკუმშვისას არტერიებში სისხლის ახალი ტალღა გადაიტყორცნება. შეკუმშვის მომენტში არტერიული წნევა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევს, – მას სისტოლური წნევა ეწოდება (ე. წ. ზედა წნევა), – მოდუნების მომენტში კი ყველაზე დაბალს – ეს დიასტოლური წნევაა (ე.წ. ქვედა წნევა). მაგალითად, 120`80 მმ ვწყ. სვ. ნიშნავს რომ სისტოლური წნევა 120 მმ-ია,  ხოლო დიასტოლური – 80.

როდის არის მაღალი

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის არტერიული წნევა 120`80 მმ ვწყ სვ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მაღალი წნევის კრიტერიუმები კი ასეთია: 2017 წლის გაიდლაინის მიხედვით, ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმება, თუ არტერიული წნევის ზედა მაჩვენებელი მუდმივად 130 მმ-ზე მაღალია, ხოლო ქვედა – 80 მმ-ზე მაღალი; პრეჰიპერტენზიად, მაღალი არტერიული წნევის წინარე მდგომარეობად, მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 120-129 მმ-ია, ხოლო დიასტოლური – 80 მმ ან ნაკლები.

დაიმახსოვრეთ: 180`120 მმ ვწყ. სვ. და მეტი საშიში მაჩვენებლებია და მყისიერ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

ჰიპერტენზია, წესისამებრ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ვიდრე სერიოზულ პრობლემებს არ გამოიწვევს. არადიაგნოსტირებული ან დაურეგულირებელი მაღალი წნევა შესაძლოა სისხლძარღვთა ანევრიზმის, ინსულტის, ინფარქტის, გულის უკმარისობის, თირკმლის ქრონიკული დაავადების, თვალის დაზიანების, პერიფერიული ან საძილე არტერიის დაავადების, სისხლძარღვოვანი დემენციის მიზეზად იქცეს.

რა უწყობს ხელს

ჰიპერტენზიის მთავარი რისკფაქტორებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრების წესი და ოჯახური ისტორია. ზოგიერთ მათგანს, მაგალითად, ასაკს ან დაავადების ოჯახურ ისტორიას, ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია შევიცვალოთ ცხოვრების წესი. მაგრამ მანამდე გავარკვიოთ, რა უწყობს ხელს წნევის მომატებას.

ჰიპერტენზიის რისკფაქტორებია:

* ასაკი – სისხლძარღვებში მიმდინარე ცვლილებების გამო არტერიული წნევა ასაკთან ერთად იმატებს, თუმცა ჰიპერტენზიის შემთხვევები ბავშვებსა და მოზარდებს შორისაც გახშირდა, სავარაუდოდ, ჭარბი წონისა და სიმსუქნის გამო;

* ოჯახური ისტორია და გენეტიკა – მაღალი წნევა ხშირად ოჯახური პრობლემაა, რაც გენებით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ მარილის მიმართ მომატებულ მგრძნობელობასაც ზოგჯერ ოჯახური ხასიათი აქვს;

* ცხოვრების წესი – არაჯანსაღი საკვების ხშირი მიღება, განსაკუთრებით – ნატრიუმით (სუფრის მარილით) მდიდარი და კალიუმით ღარიბი საკვებისა (მარილის სიჭარბისადმი მეტად მგრძნობიარეები არიან ხანდაზმულები, თირკმელების ქრონიკული დაავადების, დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანები), ალკოჰოლისა და კოფეინის ჭარბი მოხმარება, მოძრაობის დეფიციტი, მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება, არასაკმარისი და არასრულფასოვანი ძილი;

* წამლები – ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გაართულოს არტერიული წნევის კონტროლი. წნევის მომატება შესაძლოა გამოიწვიოს ანტიდეპრესანტებმა, დეკონგესტანტებმა (ცხვირის გაჭედვისას გამოსაყენებელი წამლები), ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულმა აბებმა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა (ასპირინი, იბუპროფენი);

* სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა დროსაც იცვლება სხეულში სითხეების, ნატრიუმისა და ჰორმონების დონე. ასეთია ზოგიერთი სიმსივნე, თირკმელების ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა და სიმსუქნე, ძილის აპნოე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;

* რასა და ეთნოსი – მაღალი არტერიული წნევა უფრო ხშირია აფროამერიკული და რომანული წარმოშობის ხალხში, ვიდრე თეთრკანიანსა და აზიურში;

* სქესი – საშუალო ასაკში მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ მაღალი არტერიული წნევა, ვიდრე ქალებს, მაგრამ ხანდაზმულობაში ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ ჰიპერტენზია. გარდა ამისა, ქალებს, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევა ჰქონდათ ორსულობის დროს, ხანში შესვლისას უფრო ხშირად აღენიშნებათ მაღალი წნევა;

* სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები – ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემოსავალი, განათლება, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაოც ახდენს გავლენას ჰიპერტენზიის განვითარებაზე. მაგალითად, რისკს ზრდის ღამის ცვლაში მუშაობა, ბავშვობაში საფრთხის ან რაიმე ტრავმის გადატანა.

დიაგნოზი

ვინაიდან ჰიპერტენზიას სპეციფიკური სიმპტომები არ აქვს, ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ მაღალ წნევას ატარებს. ამის დადგენის ერთადერთი გზაა წნევის გაზომვა, თუნდაც წელიწადში ერთხელ. ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმება, როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მუდმივად მაღალია. ამ შემთხვევაში ცდილობენ მიაგნონ წნევის მატების მიზეზს. ექიმი გამოიკითხავს კვების რეჟიმს, ფიზიკური აქტივობის დონეს, გაითვალისწინებს ოჯახის ჯანმრთელობის ისტორიას.

ლაბორატორიული გამოკვლევებიდან მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზები, რომლებითაც შეფასდება თირკმელების მდგომარეობა, სისხლში მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის შემცველობა, დიაბეტის მაჩვენებლები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. საჭიროა არტერიული წნევის ყოველდღიური მონიტორინგი შინ.

შესაძლოა, ექიმის მიერ გაზომილი წნევის მაჩვენებელი არ იყოს ზუსტი. საქმე ის არის, რომ არსებობს “თეთრი ხალათის ჰიპერტენზია” – ექიმის კაბინეტში ადამიანი თავისდა უნებურად ნერვიულობს და არტერიული წნევის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე შინ გაზომვისას. სამიდან ერთ ადამიანს სწორედ ასე მოსდის. არსებობს საპირისპირო მდგომარეობაც – შენიღბული წნევა, როდესაც ექიმის კაბინეტში გაზომვისას მაჩვენებლები დაბალია, რეალურად კი  – მაღალი.

წნევის მაღალი მაჩვენებლების მიზეზი შესაძლოა მისი არასწორი გაზომვაც იყოს.

ვიზომავთ სწორად

სამი წლიდან მოყოლებული, ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიზომოს არტერიული წნევა. სასურველია, ის ექიმმა გაზომოს, თუმცა ამის გაკეთება შინაც შეიძლება. ზოგიერთს ყოველდღე სჭირდება წნევის გაზომვა, ხანდახან – დღეში რამდენჯერმეც კი.

სწორი მაჩვენებლები რომ მივიღოთ, წნევის გაზომვისას აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:

* წნევის გაზომვამდე ნახევარი საათის განმავლობაში არ ივარჯიშოთ, არ ჭამოთ, არაფერი დალიოთ, მით უმეტეს – ყავა ან სხვა კოფეინიანი სასმელი, ალკოჰოლური სასმელი, არ მოწიოთ სიგარეტი.

* ეცადეთ, სავსე არ გქონდეთ ნაწლავები და შარდის ბუშტი.

* წნევის გაზომვამდე, სულ ცოტა, ხუთი წუთით ადრე დაჯექით კომფორტულ, მყარზურგიან სკამზე და მოდუნდით.

* ტერფები იატაკზე დადგით, არ გადააჯვარედინოთ.

* არ ილაპარაკოთ ხუთი წუთი წნევის გაზომვამდე, არც უშუალოდ გაზომვის დროს.

* გაითავისუფლეთ მკლავი მანჟეტისთვის – ის შიშველ კანზე უნდა გაიკეთოთ და არა ტანსაცმელზე.

* მანჟეტი კარგად უნდა იყოს შეკრული, არც ზედმეტად მჭიდროდ და არც ხალვათად.

* ხელი დაბლა არ დაუშვათ – მკერდის სიმაღლეზე მაგიდაზე დადეთ ისე, რომ მანჟეტი გულის დონეზე მოხვდეს.

* სასურველია, წნევა ორივე მკლავზე გაიზომოთ, შემდეგისთვის კი ის ამოირჩიოთ, რომელზეც უფრო მაღალი აჩვენა.

* არტერიული წნევა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გაიზომეთ.

* გაიზომეთ მინიმუმ ორჯერ 1-2-წუთიანი ინტერვალით.

ჰიპერტენზიული კრიზი

ჰიპერტენზიული კრიზი არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი მომატებაა, როდესაც სისტოლური წნევა 180 მმ ვწყ. სვ. ან მეტია, ხოლო დიასტოლური – 120 მმ ვწყ. სვ. ან მეტი. კრიზის დროს შესაძლოა სისხლძარღვებიდან სისხლმა ან სითხემ გაჟონოს და განვითარდეს ინსულტი, ინფარქტი, დაზიანდეს თირკმელები, თვალები, განშრევდეს აორტა...

სიმპტომების მიხედვით განასხვავებენ ჰიპერტენზიული კრიზის ორ ვარიანტს: სასწრაფოს და გადაუდებელს. პირველ შემთხვევაში არტერიული წნევა მაღალია, მაგრამ ექიმს არაფერი აფიქრებინებს სამიზნე ორგანოების დაზიანებას. მეორე შემთხვევაში მაღალ წნევას თან ახლავს ორგანოთა დაზიანების ნიშნები.

მოქმედების ტაქტიკა ასეთია: თუ არტერიული წნევა 180`120 მმ ვწყ. სვ. ან ამაზე მაღალია, დაელოდეთ დაახლოებით ხუთი წუთი და კიდევ ერთხელ გაიზომეთ. თუ მაჩვენებელი ამჯერადაც მაღალია, მაგრამ თან არ ახლავს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, ზურგის ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე, მხედველობის ცვლილება ან მეტყველების გაძნელება, ექიმს დაუკავშირდით. ის გირჩევთ, მიიღოთ თუ არა წამალი. შესაძლოა, შეგიცვალოთ ან გაგიზარდოთ ყოველდღიურად მისაღები დოზა. ეს სასწრაფო მდგომარეობაა და იშვიათად მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას.

თუ წნევის მომატებას თან ახლავს გულმკერდის ძლიერი  ტკივილი, თავის ძლიერი ტკივილი, ბუნდოვანი ხედვა, ქოშინი, ზურგის ტკივილი, დაბუჟება ან სისუსტე, მხედველობის ცვლილება, მეტყველების გაძნელება, გულისრევა ან ღებინება, ძლიერი შფოთვა, კრუნჩხვები და სხვა, ნუ დაელოდებით, რომ წნევა თავისით დაიწევს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ეს უკვე გადაუდებელი მდგომარეობაა და შესაძლოა, ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ.

როგორ დავწიოთ

მაღალი წნევის სწრაფად დასაწევად:

* მიიღეთ, სულ მცირე, თხუთმეტწუთიანი თბილი აბაზანა ან შხაპი და ეცადეთ, ისიამოვნოთ თბილი წყლით.

* შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიში – მუცლით ღრმად ჩაისუნთქეთ, დაახლოებით ორი წამით შეიკავეთ სუნთქვა, მერე ნელა ამოისუნთქეთ. ცოტა ხანს გაჩერდით და გაიმეორეთ.

* დამშვიდდით. სტრესი არტერიული წნევის უეცარი მომატების მთავარი ხელშემწყობია, ამიტომ გააკეთეთ ნებისმიერ რამ, რაც დაგამშვიდებთ: რამდენიმე წუთი სიწყნარეში იჯექით, რამდენიმე გაჭიმვითი ვარჯიში შეასრულეთ, მედიტაცია ჩაატარეთ...

ზემოთ ჩამოთვლილი ხერხებით წნევის სწრაფად დაქვეითება შესაძლებელია, მაგრამ ადრე თუ გვიან ის ისევ აიწევს. წნევა ყოველთვის წესრიგში რომ გქონდეთ, გრძელვადიანი გეგმა უნდა დასახოთ და განახორციელოთ. ამ გეგმის პირველი პუნქტი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა.

სწორი კვება

ჯანსაღი კვება არტერიული წნევის ჯანსაღი დიაპაზონის შენარჩუნებასა და მაღალი წნევის გართულებების (ინსულტი, ინფარქტი) თავიდან აცილებაში გვეხმარება. არტერიული წნევის დაქვეითებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს DASH (Dietary Approaches to Stop Hypertension – დიეტური მიდგომები ჰიპერტენზიის შესაჩერებლად) კვების გეგმა, რომელიც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) შეიმუშავა 1990 -იან წლებში და პერიოდულად აახლებს.

DAშH გეგმა სპეციალურ კვებას არ მოითხოვს. ის გულისხმობს:

* ბოსტნეულის, ხილის, მთლიანი მარცვლეულის, ნაკლებცხიმიანი და უცხიმო რძის ნაწარმის, თევზის, ფრინველის ხორცის, ლობიოს, თხილეულის, მცენარეული ზეთების, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ბოჭკოთი და ცილით მდიდარი საკვების მიღებას;

* ნაჯერი ცხიმებით (ცხიმიანი ხორცი, ცხიმიანი რძის ნაწარმი, ქოქოსის, პალმის ზეთი), ტრანსცხიმებით მდიდარი საკვების, შაქრით დამტკბარი სასმელების, ტკბილეულის, ნატრიუმის შეზღუდვას.

DASH კვების რეკომენდაციების თანახმად, დღეში 2000 კკალ-ზე გათვლით

ყოველდღიური რაციონი უნდა მოიცავდეს:

* 6-8 ულუფა მარცვლეულს (ერთი ულუფაა: ერთი ნაჭერი პური; 120 გრამამდე ანუ ნახევარი ჭიქა მოხარშული შვრიის ფაფა, მაკარონი ან ბრინჯი; 30 გრამი კრეკერი);

* 6 ულუფას ან უფრო ნაკლებ ხორცს, ფრინველის ხორცს, თევზს (ერთი ულუფაა: 65 გრამი მოხარშული მჭლე საქონლის, ცხვრის, ხბოს, ღორის ან თხის ხორცი;  80 გრამი მოხარშული მჭლე ფრინველის ხორცი, 100 გრამი თევზი);

*  4-5 ულუფა ბოსტნეულს (ერთი ულუფაა დაახლოებით 75 გ ანუ ნახევარი ჭიქა მოხარშული ბროკოლი, ისპანახი, სტაფილო, გოგრა,  1 ჭიქა მწვანეფოთლოვანი ან უმი ბოსტნეულის სალათა, ნახევარი საშუალო ზომის კარტოფილი ან ერთი საშუალო ზომის პომიდორი);

* 4-5 ულუფა ხილს (ერთი ულუფაა დაახლოებით 150 გ ხილი – ერთი საშუალო ზომის ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, ორი პატარა გარგარი, კივი, ქლიავი, 30 გრამი ჩირი);

* 2-3 ულუფა უცხიმო ან დაბალცხიმიან რძის ნაწარმს (ერთი ულუფაა: 1 ჭიქა (250 მლ) რძე, 40 გრამი მაგარი ყველი, 200 გრამი იოგურტი);

* 2-3 ულუფა ცხიმს (ერთი ულუფაა ერთი სუფრის კოვზი ცხიმი)

* 2,300 მგ ნატრიუმს.

ყოველკვირეული რაციონი უნდა მოიცავდეს:

* 4-5 ულუფა თხილეულს, თესლეულს, ლობიოს, ბარდას (ერთი ულუფაა: 30 გრამი თხილეული ან თესლეული, ნახევარი ჭიქა ლობიო, ოსპი, ბარდა);

* 5 ულუფა ან ნაკლებ ტკბილეულს (ერთი ულუფაა: 1ან 2 ჩაის კოვზი შაქარი);

* კვერცხს – არა უმეტეს ოთხისა. გაითვალისწინეთ, რომ ცილის შემცველობით ორი კვერცხი ერთი ულუფა ხორცის ტოლფასია.

კვების მოწესრიგებასთან ერთად უნდა შეამციროთ ან შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება.

ფიზიკური დატვირთვა

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა წნევასთან ბრძოლის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია. კვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობაც კი აქვეითებს და აწესრიგებს არტერიული წნევის მაჩვენებლებს. ვარჯიშის მოაქვს სხვა სარგებლობაც: წონის დაკლება, გულის დაავადების რისკფაქტორების შემცირება (აქვეითებს “ცუდი” და მაღლა სწევს “კარგი” ქოლესტეროლის დონეს), სტრესის შემცირება, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დიაბეტი ტიპი 2-ის, დეპრესიისა და კიბოს რისკის შემცირება.

განსაკუთრებით კარგია აერობული ვარჯიში – დატვირთვა, რომლის დროსაც გული ჩქარდება. აერობული ვარჯიშია სწრაფი სიარული, სირბილი, ველოსიპედით სიარული, სახტუნაოთი ხტუნვა, ცურვა, ცეკვა, ჩოგბურთი, კალათბურთი...

კვირის განმავლობაში რეკომენდებულია:

* ორსაათ-ნახევრიანი ზომიერი ინტენსივობის აერობული აქტივობა (მაგალითად, 30 წუთი კვირაში 5-ჯერ)

* ან საათი და 15-წუთიანი მაღალი ინტენსივობის აერობული აქტივობა (მაგალითად, 25 წუთი კვირაში 3 დღე)

* ან ზომიერი და მაღალი ინტენსივობის აქტივობათა კომბინაცია.

ამასთან ერთად, ეცადეთ, დიდხანს არ იჯდეთ (მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად წამოდექით), მანქანა დანიშნულების ადგილიდან მოშორებით გააჩეროთ, კიბეზე ფეხით იაროთ და სხვა.

ჯანსაღი წონა

წნევასთან ბრძოლისას მიზნად უნდა დავისახოთ ჯანსაღი წონის მიღწევა. ჯანსაღად მიიჩნევა წონა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი, BMI) 18.5-დან 24.9-მდეა. მისი გამოთვლა ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ ნებისმიერ ინტერნეტგვერდზე შეგიძლიათ სიმაღლისა და წონის მითითებით (მიიღება წონის გაყოფით სიმაღლის კვადრატზე). თუ ჭარბი წონა გაქვთ (სმი – 25-30) ან მსუქანი ხართ (სმი – 30-ზე მეტი), შანსია, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში  წონის 5-10%-ით დაკლებამ მთლიანად გააუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო 3-დან 5%-მდე დაკლებამ – არტერიული წნევის მაჩვენებლები მაინც.

უძილობა და მავნე ჩვევები

თუ მწეველი ხართ, ეს მავნე ჩვევა როგორმე უნდა დაძლიოთ. მართეთ სტრესი, სათანადო დრო დაუთმეთ ძილს. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 7-9 საათი ძილი. შეიმუშავეთ ჯანსაღი ძილის ჩვევები: ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება, ძილის წინ დამამშვიდებელი რუტინის დაცვა, გრილ და ბნელ ოთახში ძილი.

მედიკამენტები

თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი საკმარისი არ აღმოჩნდა წნევის დასარეგულირებლად, წამლებს გამოწერენ. მათი გამოწერისას ექიმი ითვალისწინებს პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, გადატანილ დაავადებებს, გულის, თირკმელების სიჯანსაღეს.

წამლების მიღება ცხოვრების ჯანსაღ წესზე უარის თქმას არ ნიშნავს. მედიკამენტები ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად არა მხოლოდ წნევის მოწესრიგებაში, არამედ გულის პრობლემების თავიდან აცილებაშიც დაგეხმარებათ.

მაღალი წნევის სამართავად ბევრს ორი ან მეტი წამლის მიღება სჭირდება.

წნევის დამწევ მედიკამენტებს მიეკუთვნება:

* ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, რომლებიც ხელს უშლის სისხლძარღვების ძლიერ შევიწროებას;

* ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორები – გამოიყენება სისხლძარღვების შევიწროების თავიდან ასაცილებლად;

* კალციუმის არხის ბლოკატორები – თავიდან გვაცილებს კალციუმის შეღწევას გულისა და სისხლძარღვების კუნთოვან უჯრედებში, რაც სისხლძარღვებს მოდუნების საშუალებას აძლევს;

* დიურეტიკები, შარდმდენები – ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ წყალსა და ნატრიუმს (მარილს), რაც სისხლში სითხის ოდენობას ამცირებს. ხშირად შარდმდენი წნევის დამწევი წამლის ერთ-ერთი კომპონენტია;

* ბეტა-ბლოკერები – ამცირებს გულისცემის სიხშირეს და ძალას. შედეგად გული ნაკლებ სისხლს გადატუმბავს სისხლძარღვებში. ბეტა ბლოკერები, წესისამებრ, გამოიყენება როგორც სარეზერვო ვარიანტი ან ჯანმრთელობის ზოგიერთი სხვა პრობლემის არსებობისას.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: