მკურნალი ძაღლები

გააზიარე:

 

მცირე ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი სკოლის დიდ დარბაზში ვაქცინაციის ცენტრი მოაწყვეს.

საკვირველი ის იყო, რომ ამ სივრცეში... ძაღლებსაც შეამჩნევდით.

რა უნდა ძაღლს იქ, სადაც სამედიცინო მანიპულაციები ტარდება?

კვლევების თანახმად, ბავშვებსა და მოზარდებში სტრესის დონე იკლებს, როცა ისინი შინაურ ცხოველს ეფერებიან.

განვითარებული ქვეყნების ჰოსპისებში, ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრებში, კლინიკებსა და საავადმყოფოებში, სკოლებსა და ბიბლიოთეკებში საგანგებოდ გაწვრთნილ ძაღლებს მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოეფეროს ცხოველს, "წაუკითხოს" წიგნი, ეთამაშოს. მკურნალი ექიმების დაკვირვებით, პაციენტებს, რომლებსაც აქტიური ურთიერთობა აქვთ ცუგებთან, სტრესი და ტკივილი უმსუბუქდებათ, გულისცემა და წნევა ურეგულირდებათ, მოტორული და კოგნიტიური უნარები უუმჯობესდებათ.

ისტორიული ექსკურსი

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ინგლისელმა მედდამ ფლორენს ნაიტინგეილმა (მას თანამედროვე საექთანო საქმიანობის ფუძემდებლად მიიჩნევენ) შეამჩნია, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ ნაკლებად შფოთავდნენ. თავის ჩანაწერებში ის მიუთითებს:  “პატარა შინაური ცხოველი... შესანიშნავი კომპანიონია ავადმყოფისთვის, განსაკუთრებით – ქრონიკულისთვის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის, რომელიც წლობით ვერ გადის შინიდან, ერთადერთი ნუგეში ხშირად მოშინაურებული ფრინველია. თუ ადამიანს შეუძლია, დამოუკიდებლად მოუაროს შინაურ ცხოველს, ის ამისკენ უნდა წავახალისოთ”.

ცნობილია, რომ ზიგმუნდ ფროიდი თავის ჩაუ-ჩაუს, სახელად ჟოფის, ხშირად რთავდა ნებას, დასწრებოდა ფსიქოანალიზის სეანსებს. ფროიდი ირწმუნებოდა, რომ ძაღლი დამამშვიდებლად მოქმედებდა პაციენტებზე და ისინიც მეტად "იხსნებოდნენ" მასთან. თუ პაციენტი აღელვებული იყო, ჟოფი მოშორებით წვებოდა, ხოლო თუ მშვიდად გრძნობდა თავს, მის ახლოს მოიკალათებდა ხოლმე. ჟოფის ეს "დაზვერვითი სამუშაო" საშუალებას აძლევდა ფროიდს, იმთავითვე პაციენტთან ურთიერთობის სწორი სტრატეგია აერჩია.

დღესდღეობით დადგენილია, რომ სტრესის მოხსნა ძაღლთან საუბარსაც შეუძლია. მარტოხელა მოხუცებს ხშირად ურჩევენ შინაური ცხოველის ყოლას ან თავშესაფარში მოხალისეობრივი საქმიანობის შეთავსებას.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი მეთიუ კასელი სტრესულ პირობებში ბავშვების სოციალური და ემოციური განვითარებით დაინტერესდა. მან აღმოაჩინა, რომ ბავშვებს, რომლებმაც მშობლების დაშორება, ძალადობა, ავადმყოფობა თუ სხვა სტრესორები შედარებით მსუბუქად გადაიტანეს, თავიანთ შინაურ ცხოველებთან ძლიერი ემოციური კავშირი ჰქონდათ. ზოგიერთი მათ განცდებსაც კი უზიარებდა. ცხოველებს არ ესმით ადამიანის ენა, ამიტომ მათთვის ყველაფრის მოყოლა თამამად შეიძლება.

ძაღლები საუკეთესო კომპანიონები არიან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ხშირად ურჩევენ პაციენტების მშობლებსა და მეურვეებს თერაპიაში ცხოველებთან ურთიერთობის ჩართვას. მათთვის, ვისაც უჭირს სოციალიზაცია, ურთიერთობა, ამ აქტივობას ზოგჯერ უბადლო მაკურნებელი ძალა აქვს.

დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, არ გვყავს კინოლოგები, რომლებიც სამკურნალო მიზნებისთვის გაწვრთნიდნენ ცხოველებს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დარგი ჩვენშიც განვითარდება და სპეციალისტებიც მეტად დაინტერესდებიან მკურნალი ძაღლებით.

ნინო ლომიძე

გააზიარე: