ლია მესხიძის მრავალი პროფილი
გააზიარე:
ლია მესხიძე ფარმაცევტია. სამი წელია, რაც "ავერსის" სააფთიაქო ქსელში მუშაობს. უყვარს თავისი პროფესია და ამბობს, რომ ენანება წლები, რომლებიც "ავერსში" არ გაუტარებია, რადგან სხვებზე ზრუნვა მისი მოწოდებაა. ცოტა ხნის წინ ლია საზოგადოებას სრულიად განსხვავებული პროფილით გაეცნო – გამოფენა-გაყიდვაზე ხელნაკეთი თოჯინები წარადგინა. ექსპოზიციას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, თავადაც არ ელოდა – მისი ყველა ნამუშევარი გაიყიდა და მოთხოვნა დღემდე იზრდება.
გორის კაპელიდან ფარმაციამდე
– პროფესიის არჩევამდე გრძელი გზა გამოვიარე. გორში გავიზარდე. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სამუსიკო სასწავლებელში გავაგრძელე სწავლა. პარალელურად გორის ქალთა კამერულ გუნდში ვმღეროდი. იმ დროს მისი ხელმძღვანელი შალვა მოსიძე იყო. ამ გუნდს ჩემი ცხოვრების თხუთმეტი არაჩვეულებრივი წელი უკავშირდება. სიმღერით მოვიარე მსოფლიოს მრავალი ქვეყანა... როცა დავქორწინდი, გუნდიდან წამოვედი და დაბრუნება აღარც მიცდია.
პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე. დაწყებითი კლასების მასწავლებლობა მინდოდა, მაგრამ მძიმე წლები იყო, ღარიბი წლები, და სულ სხვა სფეროში მოვხვდი – მამამ ერგნეთში რესტორანი გახსნა და მთელი ოჯახი იქ ვმუშაობდით. რეგიონში მდგომარეობა რომ დაიძაბა, გორში დავბრუნდით. სოფლის საშუალო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად მიმიღეს, მაგრამ იმ დროს ყველა სტრუქტურაში კრიზისი იყო, ხელფასები საარსებო მინიმუმსაც ვერ აღწევდა, მე კი შვილი მყავდა... სკოლაზეც ავიცრუე გული.
სწორედ იმ დროს გორის ვალერი სუხიშვილის მცირე აკადემიამ ფარმაციის ფაკულტეტზე აბიტურიენტების მიღება გამოაცხადა. ბედი ვცადე. ვინაიდან უმაღლესი განათლება მქონდა, მესამე კურსიდან შევუერთდი ჯგუფს.
ფარმაკოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა. როგორც ჩანს, ამაში ჩემმა ოჯახმაც შეიტანა წვლილი – მამა სამკურნალო მცენარეებს აგროვებდა და ხალხური მეთოდებით წამლებს ვამზადებდით.
მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა "ავერსში" პირველად გავგზავნე რეზიუმე, მაგრამ მაშინ სტუდენტებს არ იღებდნენ და მეც ხელსაქმეში ვცადე ბედი. მისი სიყვარულიც ოჯახიდან გამომყვა – დედა შესანიშნავად ქსოვდა, ქარგავდა და კერავდა, მე და ჩემმა დამაც ბავშვობიდან ავითვისეთ ეს საქმე... ჩემს დას დღემდე აქვს ქუდების სამკერვალო საწარმო. წლების განმავლობაში ამ პატარა ბიზნესში გაყიდვების მენეჯერის მოვალეობას ვასრულებდი. მერე მაღაზია დროებით დაიხურა და საწარმო ონლაინგაყიდვებზე გადავიდა.
ისევ გადმოვალაგე ჩემი წიგნები, გავიარე გადამზადების კურსები და "ავერსს" მივმართე. აქ ბევრი ჩემი ნაცნობი მუშაობს და ვიცოდი, როგორი აწყობილი, გამართული და სტაბილური სტრუქტურა ჰქონდა. ბედმა გამიღიმა – მომიწვიეს. გავიარე ყველა საფეხური, რასაც "ავერსის" თითოეული ფარმაცევტი გადის და დღესაც, როგორც ჩემი ყველა კოლეგა, სულ განვითარებაზე, სწავლასა და წინსვლაზე ვარ ორიენტირებული.
უბნის აფთიაქში ვმუშაობ, ჩემი მუდმივი მომხმარებლები მყავს. არაჩვეულებრივ გუნდში მოვხვდი – უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ვფიქრობ, ამ ატმოსფეროს მომხმარებელიც გრძნობს.
ემოცია, რომელიც ბავშვობაში მაბრუნებს
– თოჯინების შესანიშნავი კოლექცია მქონდა – ყოველი მოგზაურობიდან აუცილებლად ჩამომქონდა თოჯინა. ლამაზად შეფუთულები ოთახის ყველა კუთხესა და კედლებს ამშვენებდნენ. შვილსაც კი არ ვაძლევდი საკოლექციო ექსპონატებით თამაშის ნებას. ახლა იხსენებს, მალულად როგორ შეიპარებოდა ხოლმე ოთახში, თან გული უსკდებოდა, დედამ არ მომისწროსო, მოეფერებოდა გერმანულ დედოფალებს და გამორბოდა.
მერე და მერე თავადაც მომინდა თოჯინების შექმნა. პირველად ჯუჯა მოვქსოვე, მერე – ზანგი თოჯინები. ლამაზი გამომივიდა. ჩემს შვილსაც მოსწონდა რბილი სათამაშოები.
პოლიმერულ თიხას ჯერჯერობით არ ვიყენებ. სახეებიც ქსოვილით გამომყავს. ასეთი თოჯინები უფრო იშვიათია, რადგან მათთვის მიმიკის მინიჭება ძალიან ძნელია. ჩემი თოჯინების სახეებზე ემოცია იკითხება... ცხოველების შექმნა კიდევ უფრო რთულია.
სამუშაოდ შეუღებავ და ბუნებრივ მასალას ვამჯობინებ. მშობელმა ჭუჭყიანი თოჯინის გარეცხვა რომ მოინდომოს, არც ფერი უნდა გადაუვიდეს და არც ქსოვილი დაზიანდეს.
თანდათან ბევრი თოჯინა დამიგროვდა. შარშან, დეკემბერში, შევიტყვე, რომ "თბილისი მოლში" ქართველ მეწარმეთა კავშირის ინიციატივით გამოფენა-გაყიდვა იმართებოდა. ჩემი და ქუდების წარსადგენად მიიწვიეს. წერილი მივწერე, ჩემი თოჯინების გამოფენა შევთავაზე. სიხარულით მიიღეს ჩემი წინადადება.
უამრავი თოჯინა გაიყიდა. საახალწლო თემატიკამ ძალიან გაამართლა. სტაფილოსცხვირიანმა თოვლის კაცუნებმა და თაგუნებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ორი ერთნაირი ნამუშევარი არასოდეს გამომსვლია... მყავს თოჯინები, რომლებსაც ვერ შეველევი. ერთი მათგანი ავერსელი გოგონაა.
არასოდეს მიფიქრია, რომ ეს გატაცება შემოსავალს მომიტანდა. დაღლილი შინ რომ ვბრუნდებოდი, თოჯინების კერვას მაშინ ვიწყებდი და ფიზიკურადაც და სულიერადაც ვისვენებდი. მხოლოდ თოჯინის განწყობაზე, ჩაცმულობაზე, მიმიკაზე ვფიქრობდი და ეს ემოცია ბავშვობაში მაბრუნებდა.
სამკაულებსაც ბავშვობიდან ვაკეთებდი. ახლა ყველანაირი დეტალის ყიდვაა შესაძლებელი, იმ დროს კი მასალები არ იშოვებოდა. ძველი უთოებიდანაც კი ვხსნიდი მეტალის ჭანჭიკებს, მოსკოვიდან კი აბრეშუმის ძაფები ჩამომქონდა და ჩემი შექმნილი ორიგინალური აქსესუარებით ვიწონებდი თავს. ბევრს საჩუქრებად ვარიგებდი. ახლაც ხშირად ვაკეთებ სამკაულებს და სამშვენისებს: ზარდახშებს, ბალიშებს, კალათებს... მათზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა.
ოჯახი
– მშობლები ინჟინრები იყვნენ. დედა კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა წლების განმავლობაში, მამა კი გორის მეორე ავტოსატრანსპორტო გაერთიანების ექსპლუატაციის უფროსი გახლდათ. უამრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ ოჯახისთვის ყოველთვის პოულობდა დროს. უქმეებზე ხან პიკნიკს ვაწყობდით, ხანაც ექსკურსიას. ასე მთელი საქართველო შემოგვატარა. მაღალი თანამდებობის მიუხედავად, შრომა არასოდეს ეთაკილებოდა. ბაღს და ნაკვეთს უვლიდა, ხილი და ბოსტნეული მოჰყავდა... ამ ყველაფერს ჩვენც გვასწავლიდა. მახსოვს, ერთხელ ათასი ძირი მარწყვი დავრგეთ. მამა კვლებს ავლებდა, მე ვრგავდი. ჩვენ გვერდით ყველაფერი ეხალისებოდა. გაჭირვების წლებში გორში ვცხოვრობდით და იქაც კი, პატარა ეზოში, გაიჩინა ძროხები, ღორები, ქათმები... ფუტკარიც კი მოაშენა. მან და ჩემმა ძმამ საკუთარი ხელით გაარემონტეს სახლი, გააკეთეს ავეჯი, კიბე...
ხელოვნებით ჩემი გატაცებაც ალბათ დიდწილად ოჯახის დამსახურებაა – მამა გორის ვაჟთა გუნდსა და საოპერო სტუდიაში მღეროდა, ჩემი ძმა კი ქალაქის მუნიციპალიტეტთან არსებული შვიდკაცას სოლისტი იყო.
ჩემმა მშობლებმა სამი შვილი გაგვზარდეს, თავად მე კი ერთი ქალიშვილი მყავს – ნინო ასანიძე. სოციოლოგია და სადისტრიბუციო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობს. ხუთი წლის არაჩვეულებრივი მარიტას დედაა. ამ ზაფხულს მეორე შვილიშვილს ველოდებით. მარიტამ სახელი უკვე შეურჩია – თუთა. მე კი ორი ახალი თოჯინის – მარიტასა და თუთას შექმნას ვაპირებ.
რაც მეამაყება
– ვგრძნობ, რომ ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ყოველგვარი ანგარების გარეშე ვეიმედები. უსაზღვროდ ვაფასებ ამ სიყვარულს, რადგან ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამ ადამიანური ურთიერთობებია.
თამარ ციბალაშვილი