სილიკონი სამზარეულოში

გააზიარე:

ბოლო ხანს სილიკონი ფართოდ შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის თითქმის ყველგან არის: სამშენებლო მასალებში, სამედიცინო, კოსმეტიკურ თუ ჰიგიენურ საშუალებებში, საბავშვო თუ სამზარეულო ნივთებში.

პლასტმასა რომ ვნებს ჯანმრთელობას და გარემოსაც აბინძურებს, დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ რა ვიცით სილიკონზე?

ვიდრე მის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ თუ სწორად მოიხმართ, სილიკონი სრულიად უსაფრთხო და არატოქსიკურია.

რას არის სილიკონი

სილიკონები ანუ პოლისილოქსანები (Polysiloxane) სინთეზური პოლიმერებია, რომელთაგანაც შემდგომი დამუშავების შედეგად განსხვავებული მექანიკური და ფიზიკური თვისებების მქონე ნედლეულს იღებენ. ის შესაძლოა იყოს მყარი (ელასტომერები, ელასტიკური პოლიმერები), პასტისებური, გელისებური, თხევადი.

თხევადს უმთავრესად ქაფსაწინააღმდეგო საშუალებების კომპონენტად, საიზოლაციოდ და საპოხად იყენებენ, პასტისებურსა და გელისებურს სხეულის მოვლის საშუალებებს ამატებენ, ყველაზე ფართო გამოყენება კი მყარ სილიკონს აქვს – მისგან ჭურჭელსა და საბავშვო ნივთებს აწარმოებენ.

არსებული კვლევებით, სუფთა სილიკონი არატოქსიკურია და ძალიან იშვიათად იწვევს ალერგიას, უძლებს როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურასაც, ძნელად დეფორმირდება და ზიანდება, რეზისტენტულია ულტრაიისფერი სხივების მიმართ, წყალგაუმტარია, ამიტომ მას ხშირად იყენებენ მედიცინაშიც, მაგალითად, პროთეზებისთვის, იმპლანტებისთვის, კონტაქტური ლინზებისთვის.

მაგრამ რა უპირატესობა აქვს სილიკონს სამზარეულოში და როგორ შევძლოთ მისი უსაფრთხოდ გამოყენება?

პლუსები

* არ იკრავს, შესაბამისად, არ სჭირდება ცხიმის წასმა;

* აქვს ტემპერატურაგამძლეობის ფართო დიაპაზონი (-60°C-დან +230-280 °C-მდე);

* ძლებს დიდხანს და ადვილად არ ზიანდება;

* კომფორტულია – მსუბუქი, რბილი და ადვილად დასაკეცი;

* ადვილად ირეცხება ხელითაც და ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც;

* აქვს ფორმებისა და ფერების ფართო არჩევანი;

* ნეიტრალურია, საკვებს არ აძლევს სუნს და გემოს.

მინუსები

* დრკადობის გამო არსებობს შიგთავსის დაღვრის რისკი;

* მაღალ (დაახლოებით 180-200 გრადუს) ტემპერატურაზე სილიკონი იწყებს დეპოლიმერიზაციას (პოლიმერული ჯაჭვების გაყოფა) და წარმოქმნილი ნივთიერებები შესაძლოა საკვებში მოხვდეს.

ტოქსიკურია თუ უსაფრთხო?

სუფთა სილიკონი, როგორც უკვე ვთქვით, უვნებლად მიიჩნევა, თუმცა მის ნაწარმში ზოგჯერ პოულობენ სილოქსანებისა და სხვა დანამატების არასტაბილურ ნარჩენებს, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაც შეუძლია.

ევროსტანდარტების თანახმად, სილიკონის ნაწარმის დამზადება მხოლოდ ნებადართულ ნივთიერებათა გამოყენებით შეიძლება. ამასთან, სილიკონის ნაწარმიდან საკვებში მიგრირებადი ნივთიერებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ-ს კილოგრამზე და არ უნდა გამოათავისუფლებდეს 0,5%-ზე მეტ აქროლად ნივთიერებას 4 საათის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე.

არასასურველი აქროლადი ნივთიერებების მოსაცილებლად სილიკონის ნაწარმს, როგორც წესი, წარმოების პროცესში რამდენიმე საათის განმავლობაში აცხელებენ. ასეთი დამუშავების შემდეგ მისი გამოყენება უსაფრთხოა. თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი უარს ამბობს ამგვარ წრთობაზე ან პროცესი ბოლომდე არ მიჰყავს, რადგან ის დიდ ენერგიასა და რესურსს მოითხოვს.

რა ახდენს გავლენას სილიკონიდან საკვებში ნივთიერებათა მიგრაციაზე?

ჩატარებული კვლევების მიხედვით, არასასურველი ნივთიერებების მიგრაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

* ტემპერატურა და ცხობის ხანგრძლივობა;

* საკვებში ცხიმისა და წყლის შემცველობა.

ბევრი ცხიმი, მაღალი ტემპერატურა და ხანგრძლივი ცხობა ზრდის საკვებში მავნე ნივთიერებების მიგრაციას, ასე რომ, ნუ გამოიყენებთ სილიკონის ჭურჭელს ძალიან ცხიმიანი კერძების, მაგალითად, ხორცის ღვეზელების ან გრატინების გამოსაცხობად.

რაც შეეხება საკვებში წყლის შემცველობას, ცხობის პროცესში წყლის აორთქლება ხელს უწყობს იმას, რომ სილიკონის ზედაპირზე, რომელსაც კონტაქტი აქვს საკვებთან, ტემპერატურამ 100°ჩ-ს არ გადააჭარბოს, თუნდაც ღუმელში უფრო მაღალი ტემპერატურა იყოს.

სითბოს წყარო, ღუმლის ტიპი და ჭურჭლის ფორმა მიგრაციაზე არავითარ გავლენას არ ახდენს.

ყველანაირ ღუმელში შეიძლება თუ არა სილიკონის ჭურჭლის შედგმა?

სილიკონის ჭურჭელს ნებისმიერი ტიპის საცხობ ღუმელში შედგამთ, თუ სითბოს წყაროსთან მისი პირდაპირი კონტაქტის საშიშროება არ არსებობს.

არ შეიძლება სილიკონის ჭურჭლის გამოყენება გრილის ფუნქციით და მიკროტალღურ ღუმელში.

შევაჯამოთ

* შეიძინეთ ნაწარმი სანდო მაღაზიაში და დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად საკვებისთვისაა განკუთვნილი. ამისთვის შეფუთვაზე უნდა ეწეროს “საკვებისთვის” ან ეხატოს პიქტოგრამა –.

* რეკომენდებულია, სილიკონის ნაწარმი პირველი გამოყენების წინ გარეცხოთ, გაამშრალოთ და ერთი საათით შედგათ ღუმელში, 200 გრადუსზე, ბოლოს კი ისევ კარგად გარეცხოთ. ამ გზით მას დარჩენილი აქროლადი ნივთიერებების უმეტესი ნაწილი მოსცილდება. ეცადეთ, ჭურჭელი ყოველთვის კარგად გააშროთ ჰაერზე, ვიდრე კარადაში დააბინავებთ.

* არ შეიძლება სილიკონის ნაწარმის პირდაპირი კონტაქტი სითბოს წყაროსთან, მაგალითად, გაზქურის ალთან, სპირალთან, ასევე – ელექტროქურაზე დადება.

* ნუ გაათბოთ 200°ჩ-ზე მეტად, თუნდაც მასზე მითითებული იყოს +230°C ან +280 °C.

* ნუ დატოვებთ სილიკონის კოვზს დიდხანს ტაფაზე ან მოთუხთუხე კერძში.

* ეცადეთ, ბასრი საგნით ან უხეში სარეცხი ღრუბლით არ დააზიანოთ.

* თუ შეამჩნიეთ რომ გაცვდა, დაიფხაჭნა ან გაუფერულდა უმჯობესია, მაშინვე გადააგდოთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: