პატარა მანიპულატორი
გააზიარე:
ჩვილები სიცოცხლის პირველივე დღეებიდან გაუცნობიერებლად მანიპულირებენ ჩვენით. მას შემდეგ, რაც გააცნობიერებენ, რომ მათ ტირილს – მაშინ, როდესაც შიათ, სცივათ, გაზები აწუხებთ ან უბრალოდ ყურადღება სურთ – მშობლის მეყსეული რეაქცია მოჰყვება, ეს ჩვევა უკვე მათი და, შესაბამისად, მშობლების ყოველდღიურობის განუყრელ ნაწილად იქცევა.
ეს ქვეცნობიერი ცოდნა, რომ თავის შეცოდებით მშობელს თავიანთ ჭკუაზე გაატარებენ, მათ მოზრდილ ასაკშიც უადვილებთ სურვილების ასრულებას, ახალი სათამაშოს შეძენა იქნება ეს, კიდევ ერთი შოკოლადის მირთმევა თუ ერთი საათით გვიან დაძინება. დროთა განმავლობაში ამ ჩვევამ შესაძლოა უფრო სერიოზული სახე მიიღოს და ბავშვისთვის წარმოუდგენელი გახდეს მშობლისგან „არა“-ს მოსმენა. ასეთ დროს ის არა მარტო ტირილს, არამედ სხვა, უფრო სერიოზულ ტაქტიკებსაც მიმართავს. შესაძლოა, მაგალითად მოგიყვანოთ თანაკლასელი, რომელსაც ამ თხოვნაზე არასდროს ეუბნებიან უარს, გითხრათ, რომ თქვენ ის არ გიყვართ, შესაძლოა, უფრო შორსაც შეტოპოს და ავადმყოფობა მოიმიზეზოს, შემოგჩივლოთ, რომ მუცელი სტკივა, თავბრუ ეხვევა ან მოიგონოს სხვა მიზეზი, რომელიც იცის, რომ გაგანერვიულებთ და მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
ამ ყველაფერს მანიპულირება ჰქვია. მშობელს უნდა შეეძლოს მისი ამოცნობა, გაანალიზება და მსგავსი ქცევის მქონე ბავშვთან სწორი ტაქტიკის შემუშავება.
რატომ მანიპულირებს ბავშვი
მანიპულაციას ბავშვმა შესაძლოა ბევრი რამის გამო მიმართოს: როგორც უბრალოდ ყურადღების მიქცევის, ისე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნითაც. უპირველეს ყოვლისა, არავითარ შემთხვევაში არ წაახალისოთ ასეთი საქციელი, რადგან მანიპულაციის ჩვევა მომავალში დიდ საფრთხეს შეუქმნის ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პროცესს.
მანიპულაციის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
. სასურველი სათამაშოს ან სხვა ნივთის მიღების სურვილი;
. სურვილი, მეგობართან გაათიოს ღამე ან კიდევ ცოტა ხანს დარჩეს მასთან სტუმრად;
. ძილის წინ ტკბილეულის მიღების სურვილი.
. მშობლის ყურადღების ნაკლებობა;
. საკუთარი შეცდომის დაფარვის სურვილი;
. შიშის, იმედგაცრუების, მღელვარების შენიღბვის სურვილი.
განსაზღვრულ ასაკში ბავშვები ხვდებიან, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ბედნიერებას მშობლისთვის, ამიტომ ამითაც ხშირად მანიპულირებენ.
მანიპულაციური ქცევა ხშირად იჩენს თავს, როდესაც ოჯახში მეორე ბავშვი ჩნდება – ამ დროს უფროსმა შვილმა შესაძლოა მანიპულაციას მიმართოს მშობლების ყურადღების მისაპყრობად.
როგორ ამოვიცნოთ
ხშირად მანიპულაცია შენიღბულია, ამიტომ მშობლებს ის უბრალო ბავშვურ ახირებაში ეშლებათ, თუმცა მაინც შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ქცევა, რომლებიც პირდაპირ მიგვანიშნებს მანიპულატორობაზე:
1. ემოციური გამოვლინებები
ბავშვი ვერ ეგუება „არა“-ს. განწყობა მეყსეულად ეცვლება, უჭირს ემოციების კონტროლი. შესაძლოა, განრისხდეს, უხეშად მოიქცეს, ატირდეს, აყვირდეს. ასეთ დროს მშობლები, იმისთვის, რომ ბავშვი დაამშვიდონ, სურვილს უსრულებენ ხოლმე, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ამ ქცევაზე მიჯაჭვულობას.
2. ტანტრუმი
ტანტრუმი რომ მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ბევრმა მშობელმა იცის. მას მრავალი სახე აქვს: ბავშვმა შესაძლოა ჭამაზე უარი თქვას, სანამ სურვილს არ შეუსრულებთ, გაგებუტოთ და ხმა აღარ გაგცეთ, ოთახში ჩაიკეტოს. ხალხში კი იგი სხვა ხერხებს მიმართავს: შესაძლოა, მიწაზე გაწვეს, ხმამაღალი ყვირილი მორთოს, მოგახალოთ, რომ ვერ გიტანთ...
არ დანებდეთ და არ წაახალისოთ ამგვარი ქცევა. გამოიყენეთ ყურადღების გადატანის ტაქტიკა ან სხვა ხერხი, რომელიც იცით, რომ თქვენს შვილზე გაჭრის.
3. ტყუილი
ბავშვმა შესაძლოა იცრუოს, რომ სიცხე აქვს, რამე სტკივა. უფრო შორს წასულ შემთხვევებში შესაძლოა გარეშე ადამიანს მოუყვეს, რომ მშობლებს არ უყვართ, რომ ცუდად ექცევიან, რომ უბედურია.
ამ შემთხვევაში შესაძლოა პროფესიონალის დახმარებაც დაგჭირდეთ, რადგან აქ უკვე რამდენიმე ქცევის დარღვევასთან გვაქვს საქმე და ერთი არასწორი ნაბიჯიც კი შესაძლოა ბავშვის ფსიქიკისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
ასწავლეთ კმაყოფილების გადადება
იყავით პირდაპირი და დაუსახეთ ბავშვს იოლად გასაგები, კონკრეტული მიზანი. მაგალითად, უთხარით, რომ სასურველ სათამაშოს ერთ კვირაში მიიღებს. ამ შემთხვევაში ის ისტერიკას ვეღარ განაგრძობს, რადგან ამით საერთოდ გაუშვებს ხელიდან სათამაშოს მიღების შანსს. გარდა ამისა, ისწავლის ლოდინს და კმაყოფილების გადადებას, თუნდაც შვიდი დღით. მერე და მერე შეგიძლიათ გაზარდოთ ეს დრო. თანდათან შეამჩნევთ, რომ ბავშვს ხასიათი ეცვლება, რადგან ვეღარ ხედავს მანიპულირების აუცილებლობას, ამასთანავე, ხვდება, რომ მშობელთან დადებითი დამოკიდებულება ბევრად უფრო სასიამოვნოა.
წაახალისეთ ოჯახური ტრადიციები
საუკეთესო გამოსავალი ბავშვთან მეგობრული ურთიერთობაა, რომლის სასწორზე დადებასაც ის არ მოისურვებს. მის დამყარებს კი ყველაზე უკეთ ოჯახური ტრადიციების მეშვეობით მოახრერხებთ. დაგეგმეთ ოჯახის ყველა წევრისთვის სასურველი, სახალისო აქტივობები და აუცილებლად შეასრულეთ გეგმა, აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენც ერთი სული გაქვთ, მთელი ოჯახი ერთად როდის გაატარებთ დროს. აქციეთ ეს აქტივობები ტრადიციად, რომ ბავშვი მოუთმენლად დაელოდოს მათ. მეტი დრო გაატარეთ ერთად, გულითადად ესაუბრეთ, გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება ამა თუ იმ საკითხზე. გახსოვდეთ, რომ ბავშვთან გულახდილი ურთიერთობა ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვის გასაღებია.
ლიკა ქათამაძე