ამიოდარონი და ფარისებრი ჯირკვალი

გააზიარე:

არითმია, გულის რიტმის დარღვევა, ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში თუ უმნიშვნელო და უწყინარია, ზოგჯერ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.

არითმიის მკურნალობა მის ტიპსა და პოტენციურ გართულებებზეა დამოკიდებული.

მაღალეფექტური სამკურნალო საშუალებაა ამიოდარონი, რომელსაც სიცოცხლისთვის საშიში არითმიების დროს იყენებენ. მასაც, სხვა მედიკამენტების მსგავსად, ახასიათებს გვერდითი მოვლენები. პრეპარატის სამიზნედ შესაძლოა იქცეს ფარისებრი ჯირკვალი, ამიტომ ამიოდარონით მკურნალობის პარალელურად ფარისებრ ჯირკვლის მდგომარეობასაც აქცევენ ყურადღებას.

რა მოსდის ფარისებრ ჯირკვალს

ფარისებრ ჯირკვალზე ამიოდარონის გავლენა შესაძლოა განპირობებული იყოს მასში იოდის მაღალი შემცველობით ან ფარისებრ ჯირკვალზე მედიკამენტის პირდაპირი ტოქსიკური ზემოქმედებით.

ამიოდარონი იოდის ორ ატომს შეიცავს. დადგენილია, რომ 200 მგ-იანი ტაბლეტის მიღების შედეგად სისტემურ სისხლის მიმოქცევაში დაახლოებით 6 მგ არაორგანული იოდი ხვდება, რაც მკვეთრად აღემატება ამ ელემენტის დღიურად მისაღებ ოდენობას. პრეპარატს ახასიათებს დაგროვება ცხიმოვან ქსოვილში, კუნთებში, ღვიძლში, ფილტვებსა და ფარისებრ ჯირკვალში. ორგანიზმში მისი რაოდენობის განახევრებას დაახლოებით 100 დღე სჭირდება, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამიოდარონით გამოწვეული ტოქსიკურობა შეიძლება მედიკამენტის მოხსნის შემდეგაც განვითარდეს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელად აუცილებელია იოდი. თუ ჯანმრთელი ადამიანის ფარისებრ ჯირკვალში ამ ელემენტის კონცენტრაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ჰორმონების სინთეზი დროებით ითრგუნება, სანამ ჯირკვალში იოდის მარაგი ნორმალურ დონეს არ დაუბრუნდება. როცა ფარისებრი ჯირკვალი დაავადებულია, ავტორეგულაციის ეს მექანიზმი იშლება.

ამიოდარონით თერაპია შესაძლოა გართულდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის როგორც პათოლოგიური დაქვეითებით (ჰიპოთირეოზით), ისე მატებითაც (ჰიპერთირეოზით). მედიკამენტის გავლენა კი ჯირკვლის საწყის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან თერაპიის პირველ თვეს შეინიშნება ჰორმონების კონცენტრაციის ცვლილება, 3-6 თვეში კი უმეტესად მიიღწევა სტაბილურობა, თუმცა ჯირკვლის დაზიანება დაავადების მანამდე არმქონე პირებთანაც მოსალოდნელია.

მნიშვნელოვანია საკვებით მიღებული იოდის ოდენობაც. იოდით უზრუნველყოფილ რეგიონებში უფრო ხშირია ამიოდარონით ინდუცირებული ჰიპოთირეოზი, ხოლო ჰიპერთირეოზი უფრო იოდდეფიციტურ რეგიონებშია გავრცელებული.

ჰიპოთირეოზი

ამიოდარონთან დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური დაქვეითება უმეტესად ქრონიკული ავტოიმუნური თირეოიდიტის დროს ვითარდება, გარდამავალი ჰიპოთირეოზი კი შესაძლოა განუვითარდეთ იმ ქალების ახალშობილებს, რომლებიც ორსულობის დროს ამიოდარონით მკურნალობდნენ. სიმპტომები სხვა მიზეზებით გამოწვეული ჰიპოთირეოზის მსგავსია და ამიოდარონით მკურნალობის დაწყებიდან ყველაზე ადრე – ორ კვირაში, ყველაზე გვიან კი სამ წელიწადში ვლინდება, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ფასდება ამიოდარონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მერე კი – რამდენიმე თვეში ერთხელ, განსაკუთრებით მათთან, ვისაც  ავტოიმუნური თირეოიდიტი აქვს.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას ლევოთიროქსინის პრეპარატით აღადგენენ ამიოდარონით მკურნალობის პარალელურად.

ჰიპერთირეოზი

ამიოდარონთან დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური მატება ორგვარად ვლინდება. პირველი ტიპის დროს ჭარბად წარმოიქმნება ჰორმონები, მაშინ როდესაც მეორის დროს ჰორმონების გამოყოფა ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების გამო იმატებს. ამ ტიპებს განასხვავებს დაავადების მიმდინარეობა, მართვა და გამოსავალიც. პირველი ტიპი ხშირია მრავალკვანძოვანი ჩიყვისა და ფარული გრეივსის დაავადების მქონე პირებთან. ამ დროს ამიოდარონში შემავალ ჭარბ იოდს, ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონების გაძლიერებული წარმოქმნისთვის იყენებს. ფარული გრეივსის დაავადება ხშირად აშკარა ფორმაში გადადის.

მეორე ტიპი უფრო ხშირია წინამორბედი დაავადების არმქონეებთან და ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებზე მედიკამენტის პირდაპირი ტოქსიკური ზემოქმედებით არის განპირობებული. ჰორმონების სიჭარბის ფაზას, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება, დაქვეითების ფაზა ენაცვლება, ბოლოს კი პაციენტთა უმრავლესობასთან თანდათანობითი გამოჯანმრთელებით სრულდება.

ამიოდარონის გულსისხლძარღვოვანი ეფექტების გამო ჰიპერთირეოზი ხშირად შენიღბულია. ზოგჯერ თავს იჩენს არითმია, გულის იშემიური დაავადება და გულის უკმარისობა მძიმდება, იწყებს წონის აუხსნელი კლება, ვითარდება მოუსვენრობა, სუბფებრილური ტემპერატურა, სამჯერ იმატებს პარკუჭოვანი არითმიების სიხშირე.

სწორი სამკურნალო ტაქტიკის შესამუშავებლად აუცილებელია პირველი და მეორე ტიპების გარჩევა, რაც მექანიზმების შერევის გამო ზოგჯერ გართულებულია. პირველი ტიპი ამიოდარონით მკურნალობის დაწყებიდან შედარებით მცირე ხნის – საშუალოდ სამი თვის – შემდეგ იწყება, მაშინ როდესაც მეორე ტიპის გამოვლენამდე ზოგჯერ ორი-სამი წელი გადის. გრეივსის დაავადების გამოსარიცხავად იკვლევენ თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის ანტისხეულებს. შესაძლებლობის შემთხვევაში ტარდება რადიოაქტიური იოდით სცინტიგრაფია.

მკურნალობა

სიცოცხლისთვის საშიში არითმიის დროს ამიოდარონის შეწყვეტა არ არის ნებადართული. ამან შესაძლოა დაამძიმოს კიდეც ჰიპერთირეოზის ნიშნები.

პირველი ტიპის ჰიპერთირეოზის მკურნალობა ამიოდარონით მკურნალობის პარალელურად თიონამიდური პრეპარატების გამოყენებას ეფუძნება. გრძელდება 6-დან 18 თვემდე. უეფექტობის შემთხვევაში არჩევის მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთაა.

მეორე ტიპის ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებს ამიოდარონით მკურნალობის პარალელურად მკურნალობენ კოტრიკოსტეროიდებით (მაგალითად, პრედნიზოლონით) 1-დან 3 თვემდე. უკეთესობა პირველივე კვირას შეინიშნება. მოხსნის შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს გარდამავალი ჰიპოთირეოზიც.

უცნობი მექანიზმის მქონე ან შერეული ჰიპერთირეოზის დროს იყენებენ სტეროიდებისა და თიონამიდების კომბინაციას. სწრაფი უკეთესობა მეორე ტიპის ჰიპერთირეოზზე მიანიშნებს. ამ შემთხვევაში თიონამიდებს წყვეტენ და პირიქით.

ამიოდარონით თერაპიის დაწყებამდე ყველა პაციენტს უმოწმდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, მერე კი გადამოწმება სამ-ოთხ თვეში ერთხელ ხდება. თუ კარდიოლოგის რეკომენდაციით ამიოდარონი შეწყდა, კონტროლი მოხსნიდან ერთი წლის განმავლობაში მაინცაა აუცილებელი.

ამიოდარონის იმ პაციენტებისთვის გამოწერისას, რომლებიც ვარფარინსაც იღებენ, გასათვალისწინებელია, რომ თირეოტოქსიკოზი აძლიერებს ვარფარინის ეფექტს, ჰიპოთირეოზი კი აქვეითებს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: